მოხერხდება თუ არა კრიზისისა და ეკონომიკური სტაგნაციის თავიდან აცილება?

მოხერხდება თუ არა კრიზისისა და ეკონომიკური სტაგნაციის თავიდან აცილება?

პირველი ორი თვის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ რა იქნება მარტ-აპრილში, ეს ახლა ძნელი სავარაუდოა. რუსეთ-უკრაინის ომის გამო, შემდეგი 2-3 თვე შოკური იქნება, თუმცა მთავარია, რამდენ ხანს გაგრძელდება იგი და საბოლოოდ როგორ იმოქმედებს ეკონომიკის ზრიდის წლიურ მაჩვენებელზე.

2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 14.6%შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 16.3%-ია. წინა თვეში მატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ე.წ. „საბაზო ეფექტი“ იყო, რადგანაც 2022 წლის თებერვლის ზრდა 2021 წლის თებერვალს დარდება, აღნიშნულ პერიოდში კი ქვეყანაში მკაცრი პანდემიური რეგულაციები და 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო.

ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 3-4%-ით გაიზრდება. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე სებ-ი საქართველოში 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

რადგანაც რუსეთ-უკარინის ომი თებერვლის ბოლოსკენ (24 თებერვალს) დაიწყო, აღნიშნული პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებში ოკუპანტი ქვეყნის აგრესიის გავლენა არ იგრძნობა, მაგრამ უკვე მარტში ასახვა მოხდება. სავარაუდოდ, შემდეგი 2-3 თვე ეკონომიკისთვის შოკური იქნება, თუმცა შემდეგ იგი თანდათან ძველ რიტმს დაუბრუნდება.

„გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსები წელს საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 3.0%-ით ზრდას ვარაუდობენ: „მაღალი გაურკვევლობის ფონზე, სავარაუდოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი წელს მშპ-ის ზრდის დონეს 3.0%-მდე შეამცირებს, თუმცა სამომავლოდ ასევე ვხედავთ პროგნოზის გაუმჯობესების პოტენციალს. 28 მარტიდან კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები სრულად მოიხსნა, რაც მოსალოდნელია, რომ ხელს შეუწყობს რესტორნების კაფეების და ზოგადად, სტუმარმასპინძლობის სფეროს ზრდას, რომელიც მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული რეგულაციებით“.

„გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით, საქართველოში მიგრანტების შემოდინება რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან, შესაძლოა, წლის ბოლოს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელზე 0.3-0.5 პროცენტული პუნქტით დადებითად აისახოს. ასევე, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ტვირთბრუნვის საქართველოში გადმომისამართება მმშპ-ის დონე 0.7%-ით გაზარდოს. გასათვალისწინებელია საერთაშორისო კომპანიების საქართველოში გადმოსვლის ფაქტორიც.

აღნიშნული მოცემულობების გათვალისწინებით, საინვესტიციო ბანკი არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა არა 3.0%-ით, არამედ 4.0-4.5%-ით კი გაიზარდოს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი გიორგი პაპავა ამჟამიენდელ ვითარებას აფასებს და მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ეკონომიკაც და საფინანსო სექტორიც უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს.

„მიუხედავად ძალიან დიდი შოკისა საქართველოსთვის, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება, ვთვლი, რომ ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები თუნდაც საბანკო სექტორში საკმაოდ სტაბილური აღმოჩნდა. ვხედავთ, რომ ლარი დასტაბილურდა, ამას ემატება საბანკო სექტორის მდგრადობა და ეკონომიკის ზრდის დადებითი მოლოდინი, ამიტომ ჯერ განგაშის სურათი არ გვაქვს.

მთავარი გამოწვევა ინფლაციაა, რომლის გამოც ეროვნულ ბანკს უწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. მნიშვნელოვანია თუ როგორ შევძლებთ ინფლაციასთან გამკლავებას. თუმცა, არც მთავრობას და არც სებ-ს ინფლაციის დონეზე დიდი გავლენა არ აქვს, მათზე არ არის დამოკიდებული ინფლაციის ფაქტორები, უბრალოდ დარტყმის მასშტაბის შემცირება შეუძლიათ“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.