უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება და მისი შეჩერების არანაირი ვარაუდი ჯერ არ არსებობს. თურქეთში გამართულმა სამშვიდობო მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო. რუსეთმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან მძიმე ტექნიკის ნაწილი კი გაიყვანა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მტკიცებით, ამ შეიარაღების დონეცკისა და ლუგანსკის სამხედრო ფრონტებზე გადაყვანას აპირებს. აკი განაცხადა იტალიის პრემიერმინისტრმა მარიო დრაგამ, პუტინთან სატელეფონო საუბარი მქონდა და ომის დასრულებას სრული გამარჯვების მიღწევამდე არ აპირებსო.
სრულმასშტაბიანი ომი ცოცხალი საბრძოლო ძალის ამოუწურავ რესურს გულისხმობს, რომლის დეფიციტიც რუსეთს უკვე წარმოეშვა. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები რომ „ვაგნერის“ კერძო კომპანია მებრძოლების დამატებითი ჯგუფების აყვანას აწარმოებდა.
30 მარტს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში საზაფხულო გაწვევის დაჩქარებულად ჩატარების ბრძანებულებას ხელი მოაწერა. რუსული მასმედიის ცნობით, ამის შემდეგ ამ ქვეყნის სამხედრო-შეიარაღებული ძალები 134.5 ათასი წვევამდელით შეივსება. მართალია, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ყველაფერი დაიფიცა, „ომში არ გავაგზავნითო“, მაგრამ უკრაინაში, ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების ახალგაზრდული ასაკი მინისტრის სიტყვების საწინააღმდეგოდ მეტყველებს.
ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეზე საბრძოლველად სამასი სირიელი მეომარი უკვე ჩასულია, რამდენიმე ათასი კი ბრძოლებში უახლოეს დღეებში ჩაებმება. ცნობილი გახდა თანხაც, რომელსაც დაქირავებულები მიიღებენ - ფრონტის ხაზზე მყოფები თვეში შვიდი ათას დოლარს, ზურგში დარჩენილები კი - 3.5 ათასს.
„რუსეთი ეძებს ღარიბ სირიელებს, რომლებსაც საჭმლის ფული არ აქვთ და ომში მიჰყავს. ჩემს ოჯახს არ უნდა, რომ წავიდე, მაგრამ მე ფული მჭირდება. ალბათ 90% იმ ხალხის, ვინც წავა, ცოცხალი ვერ დაბრუნდება“, - ამბობს ერთ-ერთი სირიელი „მოხალისე“.
გაცილებით „იაფი“ ჯდება მსოფლიოში ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ მეომრების დაქირავება. რუსეთში დროებით შეჩერებული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, ლიბანის ეს შიიტ ჯიდაჰისტთა დაჯგუფება უკრაინაში 800-მდე მებრძოლს გააგზავნის. თითოეული მეომრის ხელფასი თვეში ათასხუთასი დოლარი იქნება. უკრაინაში მათ გაგზავნაზე მოლაპარაკებებს „ვაგნერის“ წარმომადგენლები აწარმოებენ და „ჰეზბოლამ“ რეკრუტირების ცენტრები სირიის ქალაქ კუსეირში, ალეპოში, იაბრუდსა და საიიდა-ზეინაბში, ასევე ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში გახსნა, რომელსაც ეს ტერორისტული დაჯგუფება აკონტროლებს.
რამდენიმე დღის წინ კი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ომში არასრულწლოვანთა ჩასართავად. საუბარია ახალგაზრდული ორგანიზაციის „Юнармия“-ს წევრებზე. უკრაინის დაზვერვამ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გამოაქვეყნა. ბრძანებას ხელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აწერდა.
ბრძანების ტექსტში ვკითხულობთ: - „უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში რუსული არმიის დანაკარგების შესავსებად შეირჩეს იდეურად მყარი, სულიერად ძლიერი პიროვნებები - ისეთები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ გარემოში შეასრულონ დავალება“. საინტერესოა, რომ საუბარია 17-18 წლის არასრულწლოვანებზე.
ცოტა ხნის წინ რუსეთი ახალ შარში გაეხვია. აღმოჩნდა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობა საშიში გამხდარა. თავდაპირველად განგაშის ზარები თურქეთმა შემოკრა - ბოსფორის გასასვლელში საზღვაო მინები შენიშნეს! თუ დადასტურდა, რომ საზღვაო ტერიტორია რუსულმა გემებმა დანაღმეს, თურქეთს პუტინის ქვეყნისათვის ომის გამოცხადება ოფიციალურად შეეძლება. თურქეთის შემდეგ წყლის ნაღმები უკვე რუმინეთის საზღვაო აკვატორიაშიც გამოჩნდა... ოფიციალური ბუქარესტის პოზიციას ამ დღეებში ელიან. ჯერჯერობით ცნობილია, რომ განაღმვითი სამუშაოები რუმინეთშიც დაწყებულია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა ვლადიმირ პუტინი დუელში გამოიწვია. მაშინ „ვლადიმიროვიჩმა“ მასკის გამოწვევა პასუხის გარეშე დატოვა, თუმცა „მოძალადე“ ამერიკელს რამზან კადიროვი გამოეპასუხა და სრულიად რუსი ერის სახელით ღირსეული „მოკითხვაც“ შეუთვალა.
ამჟამად 69 წლის რუსეთის პრეზიდენტს მოკრივე ჟიზელ არიანი დაუპირისპირდა, რომელიც მზადაა ტაეკვანდოში შავი ქამრის მფლობელ პუტინს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეებრძოლოს. ბრძოლის ფორმატი შერეული ორთაბრძოლების წესებით იქნება. სამწუხაროდ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი საპატიო პრეზიდენტი კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება რამზან კადიროვს, გავრცელებული ცნობით, ის ამ დღეებში უშუალოდ ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება და „აშარი ბოქსიორი დედაკაცისათვის“ პასუხის გასაცემად არ სცალია.
რუსეთი უმადური ქვეყანაც ყოფილა. ცნობილი რუსი სოპრანო ანა ნეტრებკო პუტინის ფავორიტთა ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებდა. „სიყვარული“ ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, ნეტრებკოს პუტინზე აუგი ვერავინ ათქმევინა. პოპულარულ სოპრანოს ეს გმირობა ლამისაა უმუშევრად დარჩენის ფასად დაუჯდა, რადგან მსოფლიოს წამყვანმა ოპერებმა თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს და ყველა სპექტაკლს ჩამოაცილეს. ბოლოს და ბოლოს, ქალბატონ ანას თვალები აეხილა და 27 მარტს, რუსეთის უკრაინაში შეჭრა ოფიციალურად დაგმო. აი, ამის შემდეგ პრობლემები უკვე ისტორიულ სამშობლოშიც შეექმნა. ცნობილი გახდა, რომ ნეტრებკოს რუსეთში პროფესიული მოღვაწეობა აეკრძალა.
პუტინის ქვეყანას „სადამსჯელო ზომების“ მიღება ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიეს მიმართ ჯერ არ განუხორციელებია, მაგრამ ეს, ალბათ, მხოლოდ დროის ამბავია.
რამდენიმე დღის წინ პუტინისა და კადიროვის ახლო მეგობარმა რუსეთის სახელმწიფო მეთაურის „გიჟური და მიუღებელი ექსცესები“ დაგმო. – „რუსეთის მოსახლეობა არ არის პასუხისმგებელი კრემლის მეთაურის საქციელზე“ - განაცხადა დეპარდიემ 29 მარტს. მსახიობმა შესაბამისი ნაბიჯიც გადადგა და პარიზში, მისი სამი სპექტაკლის შემოსავალი უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხა.
ანა ნეტრებკო დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა, ჟერარ დეპარდიემ რთული, მაგრამ სამართლიანი არჩევანი გააკეთა. ამ დროს ცნობილი კინოვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი უკრაინის გვერდში დგომას წყნარად და ყოველგვარი ვნებათაღელვის გარეშე აგრძელებს.
რამდენიმე დღის წინ ბრედ პიტის ყოფილი მეუღლე და მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი უკრაინელ ბავშვებს რომის „Bambino Gesu“-ის ჰოსპიტალში ეწვია. ინფორმაცია იტალიურმა საინფორმაციო სააგენტომ „ANSA“ გაავრცელა.
„მე ვლოცულობ ომის დასასრულისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, რომ შეჩერდეს ტანჯვა. საშინელებაა იმის ხილვა, რომ ბავშვები იხდიან ფასს, დაკარგულ სიცოცხლის, დაზიანებული ჯანმრთელობისა და ტრავმის სახით“, - განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.
რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. მისი ფინალური შედეგი, ასევე სისხლიანი დაპირისპირების დასრულების სავარაუდო თარიღი კვლავინდებურად უცნობია... წერილს ცნობილი რუსი მწერლისა და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩის სიტყვებით დავასრულებთ: - „რუსეთი უკვე დამარცხდა, წააგო ომი, მომავალი, ყველაფერი... რუსეთის სახელმწიფო აღარ არსებობს - რასაც ვუყურებთ, ეს არის აალებული დრაკონი, რომელიც თათებსა და კუდს ურტყამს ყველაფერს, რასაც მოხვდება. ამ დრაკონს ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლია და საქმე სწორედ ამ ზიანის მოცულობას ეხება. კიდევ რამდენი მსხვერპლი, კიდევ რამდენი გადამწვარი ქალაქით დასრულდება ეს ყველაფერი უკრაინისთვის, მაგრამ სტრატეგოსობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ პუტინი ომში უკვე დამარცხდა“.