კრემლთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა მარგარიტა სიმონიანმა ახლახანს აფხაზეთი დალაშქრა, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან ისაუბრა და აფხაზებთან სასაზღვრო პუნქტის არსებობა გააპროტესტა, რადგან ეს პუნქტი თურმე ნერვებს უშლის რუსებს, ღირსებას ულახავს მილიონობით რუსს, რომლებიც ყოველწლიურად კვეთენ ამ საზღვარს მაშინ, როცა მარგარიტა სიმონიანის აზრით, აფხაზეთი ეს არის ლამაზი მიწა და „ჩვენი ხალხი“, ანუ რუსების ხალხი, რომლებთან მისვლა-მოსვლაშიც დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს.
თუკი გავითვალისწინებთ მარგარიტა სიმონიანის სენტიმენტებს პუტინის მიმართ და აგვისტოს ომის დროს მის ტენდენციურობას, რისთვისაც სიმონიანმა „მოვლენების ობიექტური გაშუქებისთვის“ კრემლისგან ჯილდოც მიიღო, გამორიცხული არ არის, სიმონიანი ასლან ბჟანიასთან რუსეთისთვის აფხაზეთის მიერთებაზეც ალაპარაკდებოდა, მაგრამ აფხაზებმა კრემლს მტკიცე უარი სტკიცეს იმ მოტივით, რომ ისინი „დამოუკიდებლები“ არიან. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შაბმამ პირდაპირ თქვა კიდეც, რომ აფხაზებმა მძიმე ფასი გადაიხადეს „დამოუკიდებლობისთვის“ და რუსეთთან შეერთების სურვილი არც აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზ ხალხში არ არის.
სამაგიეროდ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გადაწყვიტა რუსეთის დავალების გახმოვანება და რუსეთის ფედერაციაში შესვლის სურვილი დააანონსა. ცხადია, არავის სჯერა, რომ ბიბილოვმა დამოუკიდებლად მოიწადინა ცხინვალის რეგიონის შეყვანა რუსეთის ფედერაციაში, ბიბილოვს ამ აზრის გახმოვანება კრემლში უკარნახეს. მანაც არ დააყოვნა და ყველას ამცნო, რომ ისტორიულ სამშობლო-რუსეთთან გაერთიანება ეს არის ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანი და ოსებმა ეს შანსი ჯერ კიდევ 2014 წელს გაუშვეს ხელიდან, როცა ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდა. შეცდომის გამეორებას კი ოსები მეორედ აღარ აპირებენ და რუსეთთან მიერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმს გამართავენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ყოველგვარ რეფერენდუმზე საუბარი მიუღებელია და ოკუპაციის პირობებში რეფერენდუმს იურიდიული ძალა არ ექნება.
საქართველოში ფიქრობენ, რომ ბიბილოვის განცხადება ქართულ დიპლომატიას აძლევს კიდევ ერთ არგუმენტს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე დააყენოს საკითხი რუსეთისთვის სანქციების დამატების თაობაზე.
ცხინვალში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ეხმიანება. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები ე.წ. სამხრეთ ოსეთის მომავალთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ნაწილია.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ბიბილოვმა გამოაცხადა ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ და საქართველოში ატყდა ერთი ამბავი, ჩვენი მთავრობა რატომ არაფერს აკეთებსო? თუმცა სოსო ცინცაძეს აინტერესებს, რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ? - ვერც ვერაფერს გააკეთებს. უბრალოდ, ჩვენ შეგვიძლია დიპლომატიურად ვიმოქმედოთ. კერძოდ, თუ მოხდა ასეთი რამ და რუსეთმა მიიერთა ცხინვალის რეგიონი, ჩვენ შეგვიძლია, დიპლომატიის გააქტიურების შემთხვევაში, იმ ევროპელებს, ევროპის იმ სტრუქტურებს, რომლებიც მზად არიან, სანქციები შეარბილონ რუსეთის მიმართ, ეს პროცესი გავართულებინოთ და რუსეთის მიმართ სანქციები გავახანგრძლივებინოთ.
„თუკი მოხდა ცხინვალის მიერთება რუსეთთან, ჩვენმა დიპლომატიამ ეს მაინც უნდა შეძლოს, რომ კონტრსაბაბი მისცეს დასავლეთს, რომ, ელემენტარულად, ევროპელებს შერცხვეთ, კაცო, რუსეთი ანექსიას ახდენს, საქართველოს 2008 წელს ტერიტორიების 20% ჩამოაჭრა, ახლა უკვე რუსეთი თვითონ იერთებს ამ ტერიტორიას, ეს ხომ ანექსიაა, ანუ საერთაშორისო სამართლით ყველაზე დიდი დანაშაულია! ევროპელებს უნდა გაუჩნდეთ კითხვა, ყველაფერ ამის ჩამდენ რუსეთს როგორ მოვუხსნათ სანქციები?!“ - გვითხრა სოსო ცინცაძემ.
რაც შეეხება აფხაზებს, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ, მართალია, აფხაზები ახლა არ აპირებენ რუსეთთან მიერთებას, მაგრამ აფხაზები ისედაც ათქვეფილები არიან რუსეთში და მომავალშიც მაინც აითქვიფებიან. აფხაზები ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ საქართველოსთან ცხოვრებას მათთვის ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც აფხაზებს ცხვირში ძმრად ამოუყვანს პუტინი დამოუკიდებლობის თამაშს. მით უმეტეს, რომ რა დამოუკიდებლებიც არიან აფხაზები, ესეც ყველამ იცის.
პოლიტოლოგის აზრით, თუ რუსეთს სანქციებს შეუნარჩუნებენ, რუსეთს ფული აღარ ექნება, ოსებს დღეს ინახავს, მაგრამ 2- 3-ჯერ ძვირი დაუჯდება მათი, როგორც საკუთარი მოქალაქეების შენახვა. ეს საქართველომ უნდა გააკეთებინოს დასავლეთს და უნდა ატეხონ ხმაური, რომ რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ანექსია თუ მოახდინა, ეს ქიმიურ იარაღზე საშიშია. ამიტომ ის სათადარიგო სანქციები უნდა გამოიყენოს დასავლეთმა, რომელიც გადანახული აქვთ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში.
„რამდენჯერ უნდა გაუვიდეს რუსეთს? მადა ჭამაში მოდის. ბიბილოვი რომ ე.წ. რეფერენდუმს ატარებს, რეფერენდუმი მაშინ იქნება ლეგიტიმური, თუკი თამარაშენიდან, ქურთადან, ქართული სოფლებიდან გამორეკილი საქართველოს მოსახლეობაც მიიღებს მასში მონაწილეობას, მარტო ოსების მონაწილეობით ჩატარებული რეფერენდუმი აღარ არის რეფერენდუმი“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ for.ge-სთან საუბრისას და დასძინა, რომ რუსეთმა თუ გადაწყვიტა სამაჩაბლოს მიერთება, ჩვენი დიპლომატია სულ ყურებზე რომ დადგეს, მთელი ჩვენი მთავრობა რომ რუსთაველზე გამოვიდეს გასაპროტესტებლად, მაინც არაფერი შეიცვლება და რუსეთი სამაჩაბლოს მაინც მიიერთებს.
უბრალოდ, ეს მიერთება ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისე, რომ პუტინმა დაინახოს, თუ ცხინვალის რეგიონს მივიერთებ, მაშინ ევროპა და ამერიკა სანქციებს არ მომიხსნის და ამას ვეღარ გავუძლებ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დე ფაქტო ვითარება რუსეთთან მიერთების შემთხვევაშიც არ შეიცვლება, რადგან ცხინვალის რეგიონი ისედაც ოკუპირებული და ანექსირებულია რუსეთის მიერ, იქ მოქმედებს რუსული კანონები და ცხინვალის რეგიონის ბიუჯეტის 98% ფორმირდება რუსეთიდან გადარიცხული თანხით.
„ამ ეტაპზე საქართველოს მიზანია, ლობირება გავწიოთ საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების წინაშე, რომ სანქციები რუსეთს არ მოეხსნას მანამ, სანამ უკრაინის პრობლემასთან ერთად არ იქნება გადაწყვეტილი საქართველოს და თუნდაც მოლდოვის პრობლემა, რომ მოხდეს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაცია და მოლდოვის რეგიონის დეოკუპაცია - დნესტრისპირეთის, უკრაინის დეოკუპაცია თავისთავად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა არსებობდეს წინაპირობა იმისა, რომ დასავლეთი მოუხსნის სანქციებს რუსეთს. საქართველომ ეს ბერკეტი უნდა გამოიყენოს“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.
მისივე შეფასებით, აფხაზეთი არ იღწვის იმისკენ, გახდეს რუსეთის შემადგენელი ნაწილი, აფხაზეთი აცხადებს, რომ მათი საბოლოო მიზანი დამოუკიდებლობის მიღწევაა. ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმი კი ამბობს, რომ მათი საბოლოო მიზანია, ე.წ. ორი ოსეთის გაერთიანება და ერთიანი „ოსეთის“ შესვლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ამიტომაცაა აფხაზეთისგან განსხვავებული ვითარება ცხინვალის რეგიონში. რაც შეეხება რუსეთის მოტივს, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთს ხელი მოეცარა, ამიტომ ახლა სურს კუდი მოიქნიოს ცხინვალის რეგიონში, შეიერთოს ცხინვალის რეგიონი, ასევე, დაეპატრონოს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებს და გამოაცხადოს, რომ უკრაინის ომში გამარჯვებულია, რადგან შეიერთა ცხინვალის რეგიონი, დონეცკი და ლუგანსკი. ამით პუტინს სურს, მხარდაჭერა მოიპოვოს საკუთარ მოსახლეობაში.