საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიარაღებული ძალები გაიყვანა. ომში მონაწილეობის მისაღებად წავიდნენ ე.წ. მოხალისეებიც. დონეცკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში დაიღუპა „სამხრეთ ოსეთის“ დამსახურებული არტისტი რობერტ კულუმბეგოვი. დონეცკში, ჭურვის ფაეთქებას ემსახვერპლა აფხაზეთის სოფელ კუტოლის მკვიდრი, ახრა კირკინაძე. არაოფიციალური ინფორმაციით, ცხინვალიდან დაახლოებით 300-მდე ჯარისკაცი და წვევამდელი გაიწვიეს ომში.
რაც შეეხება აფხაზეთს, აქ ვითარება განსხვავებულია. დღეს რუსეთის სასარგებლოდ 30 ე.წ. მოხალისე აფხაზი ომობს, რომელსაც ახრა ავიცბა ხელმძღვანელობს. აფხაზი მოსახლეობის უმრავლესობა კი უარს ამბობს მონაწილეობა მიიღონ რუსეთ-უკრაინის ომში. წვევამდელებმა და მათ შორის 25-დან 40 წლამდე მამაკაცების გარკვეულმა ჯგუფმა ოკუპირებული აფხაზეთი დატოვეს და თავი საქართველოს შეაფარეს. გარდა ამისა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საკმოდ ბევრმა აფხაზმა აიღო ქართული პასპორტი.
for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოს თავს აფარებენ ის აფხაზები, რომლებსაც არ სურთ მონაწილეობა მიიღონ ომში. მისი თქმით, აფხაზების გარდა, არიან ბელარუსები, რომლებსაც ასევე არ უნდათ ომში მონაწილეობის მიღება და თავი საქართველოს შეაფარეს.
„ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ რამდენიმე ათეული არის. უმრავლესობას მეგრული გვარები აქვთ, მაგრამ აფხაზობენ. ყველაზე ცნობილი აფხაზი მებრძოლი, რომელიც რუსების მხარეზე იბრძოდა, იმერული გვარი ჰქონდა. რამდენიმე სუფთა გვარის აფხაზია, რომლებიც აქ არიან და თავს აფარებენ საქართველოს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი აცხადებს, რომ საკმოდ ბევრი აფხაზი გამოჩნდა, ვინც ქართული პასპორტების აღება მოინდომა, რადგან რუსეთის პასპორტი უკვე პრობლემური გახდა გადაადგილების თვალსაზრისით.
„გალის მოსახლეობის ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას ძირითადად ქართული პასპორტები აქვთ და ჰქონდათ. მე ვსაუბრობ აფხაზეთში მცხოვრებ იმ ხალხზე, ვისაც არ აქვთ ქართული პასპორტები და ესენი ძირითადად არიან ეთნიკურად აფხაზები, რომლებიც დიდ სურვილს არ გამოხატავდნენ ქართული პასპორტების აღების თვალსაზრისით. ახლა ეს პროცესი გარკვეულწილად დაწყებულია.
არ ვსაუბრობ ათასობით ადამიანზე, მაგრამ დიახ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ ქართული პასპორტების აღება. ეს დაკავშირებულია იმ ფონთან, რომელიც შექმნილია რუსეთის გარშემო. ადრე თუ რუსული პასპორტით გადაადგილება არ იყო რთული მსოფლიოს მასშტაბით, ახლა გარკვეული პრობლემები ამასთან დაკავშირებით არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი კანაშვილმა.
მისი თქმით, ცალკეულ ადამიანებს თუ არ ჩავთვლით, აფხაზებს არანაირი სურვილი არ აქვთ მონაწილეობა მიიღონ რუსეთ-უკრაინის ომში.
„ძირითადად, არიან ე.წ. მოხალისეები ახრა ავიცბას ხელმძღვანელობით, რომელიც 2014 წელს წავიდა დონბასში საომრად და რამდენიმე ათეულ კაცთან ერთად ახლაც იქ იმყოფება. თუმცა ამას არანაირი გავლენა არ აქვს აფხაზეთის მოსახლეობაზე. მათ საომარად წასვლის არანაირი სურვილი არ აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარ ომად არ თვლიან ამ პროცესს. ზოგადად, უკრაინაში მიმდინარე ომი იმდენად უსამართლოდ აღიქმება აფხაზეთში, რომ ჩართვის არანაირი სურვილი არ აქვთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი კანაშვილმა.
აფხაზები რომ მორჩილები არ არიან, მათ ეს რამდენჯერმე დაადასტურეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება გამორიცხა. სერგეი შამბას თქმით, „აფხაზურ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში მსგავსი განწყობები არ არსებობს“.
„პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა და საზოგადოებაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განწყობები არ არის. ჩვენ ძვირი ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის. ამიტომაც ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება. აფხაზეთში არ ვიცი ისეთი პოლიტიკური ძალა, პარტია ან საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც უარს იტყოდა დამოუკიდებლობაზე“, - აღნიშნა სერგეი შამბამ და აქვე ამბობს, რომ აფხაზეთის ურთიერთობა მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან უნდა განვითარდეს.
კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, შამბა გარდა იმისა, რომ გონიერია, გამოცდილი პოლიტიკოსია მთელს აფხაზეთში. მისი თქმით, შამბას მსგავსი პიროვნებები ძალიან გაღიზიანებული არიან ახალგაზრდა ჩინოვნიკების პოზიციით, რომლებიც მათი აზრით გამზადებულზე მოვიდნენ და ახლა თავისი თავი წარმოუდგენიათ აფხაზეთის გადამრჩენად.
„ეს ახალგაზრდები, როგორც წესი, რუსულ კლასტერებში არიან აღზრდილები და პოლიტიკურად ორიენტირებული არიან მოსკოვზე. შამბამ საკმაოდ დიდი ენერგია დახარჯა იმისთვის, რომ ქართველებთან ბრძოლაში დამოუკიდებლობა მოეპოვებინა და მისი თანამოაზრეებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია რუსეთთან გაერთიანება. შამბას ძალიან სწორად შეუძლია რეაგირება საზოგადოების განწყობებზე, აფხაზური საზოგადოების განწყობები ძალიან კარგად ჩანს სოციალურ ქსელში, მათ არ უნდათ რუსეთთან შეერთება, არ უნდათ აფხაზური მიწების რუსებისთვის დათმობა, არ უნდათ მათი შვილები იბრძოდნენ რუსულ ჯარში და მით უმეტეს გაწვევით.
ამას ემატება ის ფაქტორი, რომ ძალიან მძიმე დღე დაუდგებათ აფხაზებს, იმიტომ რომ, რუსეთმა პრაქტიკულად უარი თქვა დაფინანსების იმ ფორმაზე, რაც ადრე იყო. შეუზღუდა გადმორიცხვები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ძნელი პერიოდი დგება აფახაზებისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.