დღეს, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ბათუმში უნდა აირჩიონ საკრებულოს დეპუტატი. შავი ზღვისპირეთში კენჭისყრას პრინციპული დატვირთვა აქვს, რადგან დღევანდელი არჩევნები გადაწყვეტს ბათუმში „ქართულ ოცნებას“ ექნება თუ არა საკრებულოს უმრავლესობა.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, როგორც მმართველ გუნდში ასევე ოპოზიციაში განცხადებები გააკეთდა.
ოპოზიციაში მოქალაქეებს განსაკუთრებული აქტივობისკენ მოუწოდებენ და მმართველი გუნდის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ჩვენმა კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ, რომელიც არის ოპოზიციური ერთობის კანდიდატი მე-4 სამაჟორიტარო ოლქში თავის გუნდთან ერთად შეძლო და მივიდა ყველა ოჯახში, გააცნო თავისი გეგმები. რას აკეთებდა ამ დროს „ქართული ოცნება“? - დაშინების, შანტაჟის, მოსყიდვის პარალელურად სიახლეები შემოგვთავაზა, როცა მიხვდა, რომ ნუგზარ ფუტკარაძის ოლქში ვერ შეძლებდა ამომრჩევლის მოსყიდვას ადგა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან გადმოწერა ამ ოლქში ადამიანები. ამის მიუხედავად, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ოლქში ღირსება გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს მათე ფუტკარაძე“, - აცხადებს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე.
თავის მხრივ ბათუმში მოსალოდნელ პროვოკაციებზე მმართველ გუნდშიც საუბრობენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ამომრჩველი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ არეულობის შესახებ გააფრთხილა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატების უპირატესობის შესახებ ინფორმაცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც“, სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ოპოზიციური პარტია ბათუმში პროვოკაციებს გეგმავს.
„მათაც იციან, რომ არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება, როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო მათ გადაწყვიტეს ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან. ამაზე მიანიშნებს გასული დღეების განმავლობაში სიებთან დაკავშირებით შექმნილი ყალბი აჟიოტაჟი და თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც სავარაუდოდ, ხვალ ტელეეკრანებიდან ვიხილავთ. მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას და ამომრჩეველს მისცენ არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა სამართალდარღვევას, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის წინააღმდეგ იქნება მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით გასცენ პასუხი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შუალედური არჩევნები დღეს რუსთავშიც იმართება. რუსთავი უნდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში, რადგან მაჟორიტარობისთვის მანდატშეწყვეტილ ბადრი ჯაფარიძეს უნდა ეყარა კენჭი. თუმცა, „ლელოს“ ლიდერმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო თქვა.
„ლელოს“ მთელი რესურსი კონსოლიდირებულია იმაზე, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. იმის შემდგომ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შევაჩერე რუსთავში საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ქართული ოცნების“ რუსთავის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი კი იმედოვნებს, რომ თითოეული ამომრჩეველი მოქალაქეობრივ ვალს მოიხდის.
„ამ ორი თვის განმავლობაში მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი რუსთავის და გარდაბნის ათი თემის სოფლების საზოგადოების წარმომადგენლებს, რამაც მომცა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო კარგად და ნათლად დამენახა ყველა ის საჭიროება, რაც ჩვენს, რუსთაველების რეალობაში დგას. შუალედური არჩევნები მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა, როგორც წესი, მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი, რომ თითოეული ამომრჩეველი თავის მოქალაქეობრივ ვალს მოიხდის და მივა არჩევნებზე“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
ანალიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება და პროვოკაციები არ იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში დაძაბულია სიტუაცია, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და იმ წესების დაცვით, რომელიც საყოველთაოდ მიღებულია დემოკრატიული საზოგადოებისათვს. ჩემი ღრმა რწმენით, ორივე ოლქში, როგორც რუსთავში, ისევე ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ“, - განუცხადა for.ge-ს ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ.
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ბათუმში „ქართული ოცნებისთვის“ გადამწყვეტი არჩევნებია, რადგან სწორედ ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული მმართველ გუნდს შავი ზღვისპირეთის საკრებულოში უმრავლესობა ეყოლება თუ არა.
„ეს შუალედური არჩევნები ნაკლები დაძაბულობით იქნება გამორჩეული. რუსთავში საინტერესო იქნებოდა არჩევნები, თუკი ბადრი ჯაფარიძე იყრიდა კენჭს. თუმცა, მოგეხსენებათ მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან უკრაინის მოვლენების გამო ის კენჭს არ იყრის, იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე, ოპოზიციამ ჯაფარიძე საერთო კანდიდატად წარადგინა. აქედან გამომდინარე, რუსთავში ნაკლები დაძაბულობა იქნება.
რაც შეეხება ბათუმს, კი ბატონო, დაძაბულობა, როგორც ასეთი, იქნება, რადგან დიდი მნიშვნელობა იქნება საკრებულოში ადგილს ვინ დაიკავებს - ოპოზიციისა თუ მმართველი გუნდის წარმოამდგენელი. თუმცა, მგონია, რომ ისეთი დაძაბულობა არ იქნება, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო. ამ შემთხვევაში მაინც მთელი საქართველოს ყურადღება უკრაინის მოვლენებზეა გადატანილი“, - განაცხადა ჩიტაძემ for.ge-თან საუბრისას.
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, შუალედურმა არჩევნებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა.
„რასაც ვუყურებდი, წინასაარჩევნო კამპანია ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა. ამ წუთას რასაც ვხედავთ, მომზადებისა და განწყობის კუთხით, ყველგან „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და თან საკმაოდ დამაჯერებელი პროცენტებით.
რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღეს გლობალური პრობლემაა და ყველა გადართულია უკრაინაზე. ამიტომ, აღნიშნული არჩევნები მეორე პლანზეა გადასული, თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიები საკმაოდ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. კარგი იქნება, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე დისონანს არ შეიტანს არჩევნების მიმდინარეობის დროს და რაიმე საშინელებას არ ჩაიდენს“, - გვითხრა ირაკლი ლატარიამ.
არჩევნებამდე ერთ დღით ადრე ცესკოში კი ყურადღებას ტექნოლოგიურ სიახლეებზე ამახვილებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ განუცხადა.
„საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნას აცხადებს იმის თაობაზე, რომ ჩვენ, მსგავსად გასული არჩევნებისა, ასევე მაღალ პროფესიულ დონეზე უზრუნველვყოთ არჩევნების ადმინისტრირებას, რაც გამოხატული არის შესაბამისი კომისიის წევრების გადამზადებით, მასშტაბური ლოჯისტიკური სამუშაოების განხორციელებით“, - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური 2 დეკემბერს მას შემდეგ გახდა, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს რუსთავის მერად არჩევის შემდეგ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს. რუსთავში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ირაკლი შატაკიშვილს დაუპირისპირდებიან მამუკა ტუსკაძე, პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისათვის“ და კამალ მურადხანოვი, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიიდან“.
ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, რამაზ ჯინჭარაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მათე ფუტკარაძე დაუპირისპირდება. საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს არჩეული ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. მათე ფუტკარაძე სწორედ მისი შვილია.