„აფხაზებმაც და ოსებმაც ეს სიგნალი კრემლიდან ერთდროულად მიიღეს, მაგრამ აფხაზებმა ძალიან მტკივნეულად აღიქვეს, თუ ცხინვალში ეს პროცესები განხორციელდა, ანალოგიური აფხაზეთშიც მოხდება“

„აფხაზებმაც და ოსებმაც ეს სიგნალი კრემლიდან ერთდროულად მიიღეს, მაგრამ აფხაზებმა ძალიან მტკივნეულად აღიქვეს, თუ ცხინვალში ეს პროცესები განხორციელდა, ანალოგიური აფხაზეთშიც მოხდება“

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან შეერთებაზე ისევ ალაპარაკდა - რას უკავშირდება ეს? უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, თუ დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს? კონფლიქტოლოგები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა, როგორც არჩევნებს, ასევე უკრაინის ომს უკავშირდებოდეს. მეორე მხრივ, შსაძლოა, რუსეთს ამით საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟება სურდეს. პუტინი ეცდება, ასევე სამხრეთ ოსეთის შემოერთების საკითხი საკუთარ მოსახლეობაში წარმატებად გაასაღოს და უკრაინის წარუმატებელი ომის ფონზე გარკვეულ სატყუარადაც აქციოს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით კი ცხინვალი მოსკოვთან ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე კონსულტაციებს მართავს.

„რაც მთავარია, რუს კოლეგებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. სამართლებრივი ქმედებები უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო კანონმდებლობაზე, ამის საფუძველი არსებობს. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან „როსია 24“-ის ეთერში.

ბიბილოვის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ნაბიჯი ეფუძნება „ხალხის დიდ სურვილს, დაბრუნდეს რუსეთში“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ხალხის აზრის მოსმენა, მაგრამ ის „ისედაც ცნობილია“.

კითხვაზე, რა ფორმით აპირებს ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას და იგეგმება თუ არა ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, ბიბილოვმა თქვა, რომ რუსეთში არსებობს პროცედურები, რომლებიც სუბიექტების გაერთიანებასთან არის დაკავშირებული.

„მე ვფიქრობ, რომ ორი ოსეთის გაერთიანება მაინც აუცილებელია“, – დასძინა მან.

რაც შეეხება „გაერთიანებული ოსეთის მართვის“ საკითხებს, ბიბილოვმა თქვა, რომ ეს უკვე ტექნიკური საკითხებია.

მორიგი არაკანონიერი გამოკითხვა, რეგიონში ე.წ. არჩევნების ანუ 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება. ანატოლი ბიბილოვის განცხადება გუშინ საღამოსვე რუსეთის მმართველი პარტიის, „ეძინაია რასიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, პუტინი პრესსპიკერი დღეს ამტკიცებდა, რომ კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს, თუმცა დიმიტრი პესკოვმა მედიას უთხრა, რომ რეფერენდუმს პატივისცემით ეპყრობიან.

ე.წ. რეფერენდუმის ინიციატივას მალევე მოჰყვა ოფიციალური თბილისის რეაქცია. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისოდ აღიარებული ოკუპაციის პირობებში რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა. დავით ზალკალიანის თქმით, იკვეთება მცდელობა, საქართველო ჩართული იყოს პროვოკაციაში.

დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. ინიციატივა უკრაინაში ომის ფონზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის გაკვირვებია. პარტიები თანხმდებიან, რომ ბიბილოვმა კრემლის გზავნილი გაახმოვანა. ამის საპასუხოდ ოპოზიცია ხელისუფლებისგან მეტად მკაფიო და აქტიურ პოლიტიკურ ნაბიჯებს ითხოვს.

დე ფაქტო რეჟიმის ინიციატივას, ოკუპირებულ რეგიონში ჩანიშნულ ე.წ არჩევნებს უკავშირებს მმართველი გუნდი. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ დე ფაქტო რეჟიმის ასეთ ინიციატივებს, ლეგიტიმაცია არ აქვს.

ოკუპირებულ ცხინვალისგან განსხვავებით, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას არ განიხილავენ აფხაზეთში. რეგიონის დე ფაქტო რეჟიმი რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად აღიარებს, თუმცა ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას არ სურთ. ამის შესახებ რუსულ მედიას ე.წ. პარლამენტის სპიკერმა განუცხადა, რომელმაც თქვა, რომ მათ კონსტიტუციაში მკაფიოდაა გაწერილი აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხი. ამ თემაზე განმარტება გააკეთა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმაც. სერგეი შამბა ამბობს, რომ აფხაზეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და რუსეთში შესვლა არ განიხილება.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ბიბილოვი მსგავს განცახდებას ადრეც აკეთებდა და ეს თემა პიარისთვის არაერთხელ გამოიყენა. თუმცა კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ახლა სრულიად სხვა სიტუაციაა და ეს მხოლოდ პიარისთვის გაკეთებული არ ყოფილა. მისი აზრით, ბიბილოვმა სიგნალი რუსეთისგან მიიღო და, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი ამ თემას საქართველოს ხელისუფლებასთან სავაჭროდ გამოიყენებს. ეს მხოლოდ ჰაერში წამოცდენილი სიტყვები აღარ არის და ამის უკან კარგად გათვლილი სცენარი ჩანს.

„ამ განცახდებაში შინაარსი დევს და ეს წინა ნათქვამებისგან ბევრად განსხვავდება. ბიბილოვმა ლოზუნგით, რომ რუსეთს უნდა შევუერთდეთ, 2 არჩევნები მოიგო. თუმცა ახლა ამის უკან ძალიან კარგად გათვლილი ტაქტიკა ჩანს. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიბილოვის ამ განცხადებაში რეგიონალური კონტექსტია გათვლილი და, როგორც ჩანს, პუტინი ამ თემით საქართველოსთან ვაჭრობას დაიწყებს. რუსეთი იწყებს გარკვეულ პორცესს, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული და კარგად ჩანს, რომ ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს. გამოდის, რომ ომის გარეშე რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები უნდა გადაიფორმოს. რუსეთთან არანაირი პოლიტიკა არ ჭრის და მას როცა რა მოუნდება, იმას გააკეთებს.

რეალურად სხვა არც არაფერი ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ხელი შევუშალოთ. ეს თემა საქართველოზე ზეწოლისთვის იქნება გამოყენებული. რუსების ჩანაფიქრი ახლა ისაა, რომ ისინი სანქციების ზეწოლის ქვეშ არიან. ამიტომ ფიქრობენ, რომ ამ თემით საქართველოსთან ვაჭრობა შეუძლიათ. გამოინახოს რაღაცა გამოსაძრომი ხვრელები ან გზები, რომლის მეშვეობითაც რუსეთი საქართველოს დახმარებით საკუთარ მიზნებს განახორციელებს. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთია ახლა კარგი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონალურ კონტექსტში გამოყენებული იქნას“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.

მისივე თქმით, ახლა რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიები უმტკივნეულოდ მიითვისოს. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია მოახდინოს. თუმცა აფხაზების მხრიდან კონფლიქტოლოგი გარკვეულ წინააღმდეგობას ელის, მაგრამ დიდს ვერაფერს გახდებიან.

„აფხაზების მხრიდან წამოსული რეაქცია და განცხადებები უკვე ეჭვს აჩენს იმაზე, რომ ბიბილოვს ეს სიტყვები ასე არ წამოსცდენია და ეს მხოლოდ მის თავში არ მოიხარშა. როგორც ჩანს, აფხაზებმაც და ოსებმაც ეს სიგნალი კრემლიდან ერთდროულად მიიღეს. აფხაზებმა ეს ძალიან მტკივნეულად აღიქვეს და, როგორც ჩანს, უკვე რუსეთის მხრიდან დაწყებული ზეწოლის შედეგია. თუ ცხინვალში ეს პროცესები რეალურად განხორციელდა, ანალოგიური აფხაზეთშიც მოხდება. წინააღმდეგობის გაწევა აფხაზეთისთვის ძალიან რთული იქნება, რადგანაც მათ ქმედითი ბერკეტები არ გააჩნიათ. რუსეთს იქ თავისი ჯარები ჰყავს, დიდი სომხური დიასპორაა, ასევე ფინანსური საკითხები, უშიშრობა კარგად მუშაობს და აფხაზებს რუსების გარდა სხვა საზღვარი არ აქვთ. საქართველოსთან კიდევ კონფლიქტური სიტუცია აქვთ. ამიტომ აფხაზები უკვე მახეში არიან გაბმულები და თანხმობის გარდა სხვა რა გზა დარჩენიათ.

სამწუხაროდ, მეტი ბერკეტი გარდა საერთაშორისო ასპარეზზე ხმაურისა, არც ქართველებს არ გაგვაჩნია. ახლა ნაკლებ სავარაუდოა, რომ უკრაინის ომის ფონზე ამ პრობლემის მოსაგვარებლად საერთაშორისო რესურსი დაიხარჯოს. განცხადებები კი გაკეთდება, მაგრამ რამდენად საკმარისია ეს გვინახავს. ერთადერთი ბერკეტი ის არის, რომ ფიზიკური ძალა გამოვიყენოთ და სამხედრო გზით დავიბრუნოთ, რაც ასევე წარმოუდგენელია. ანუ მაშინ ომი უნდა დავიწყოთ და ჩვენ რა რესურსი გვაქვს და რა სიტუციაში ვართ, ესეც კარგად ვიცით“,-ამბობს კონფლიქტოლოგი.

„რონდელის“ ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ბიბილოვის განცხადება შესაძლოა, საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობის ფანჯარაც კი აღმოჩნდეს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთი ცდილობს საკუთარ მოსახლეობას აჩვენოს, რომ რაღაცა პატარა წარმატებას სადღაც მიაღწია. უკრაინაში წარუმატებელი ომის ფონზე, შესაძლოა, ეს ერთგვარი ბერკეტი იყოს იმისთვის, რომ თითქოს ვიღაცას მათთან ცხოვრება ნებით უნდა.

„ყოველი საფრთხე და გამოწვევა შესაძლებლობების რაღაცა ფანჯარას ხსნის, ხოლო საქართველოს ტერიტორიების ანექსიისთვის რუსეთს სანქციები უნდა დაემატოს. თუმცა ნაკლებად ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს. ეს არის მცდელობა, იმის კომპენსაცია მოახდინონ, რაც უკრაინაში ხდება. რა თქმა უნდა, ცხინვალის რეგიონი უკრაინის საპირწონე არ არის, მაგრამ ცდილობენ ხავსს მოეჭიდონ, რომ რაღაც წარმატება სადღაც მაინც აქვთ. თუმცა რუსების მხრიდან ეს არასწორი გათვლაა, რადგან კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ არანაირი დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი და აფხაზთი არ არსებობს.

ჩვენთვის კარგი ისაა, რომ ქართულ დიპლომატიასაც უხსნის გზას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე დააყენოს საკითხი, რომ ამ ნაბიჯებთან მიმართებაში სანქციები დაემატოს რუსეთს. ეს სანქციები უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისთვის და არა სხვა რაღაცისთვის. არ უნდა მოიხსნას ეს სანქცია, სანამ ოკუპაცია არის. ცხინვალის რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში არ ყოფილა. საქართველო ამას არ უნდა შეეგუოს. საქართველო აქტიური უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის, უნდა მოითხოვოს თავდაცვითი შეიარაღების მიღება და მცირე ალიანსებში ჩართვა, რომელშიც შედის ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა. ჩვენი გზა არის დასავლეთის გზა. ჩვენი გზა არის ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ყოფნა. ამ გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ. საკუთარი ქვეყნის და ინტერესების ერთგულები უნდა ვიყოთ“, - აცხადებს ბატიაშვილი.