„უსამართლო გადაწყვეტილება“, - ასე აფასებენ მმართველ გუნდში უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას. „ქართული ოცნების“ წევრების განმარტებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ყველა საერთაშორისო პლათფორმაზე უკრაინის მიმართ ღია მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა, ვოლოდიმერ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია.
დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უკრაინის შიდა პოლიტიკური საქმეა და ელჩის გაწვევას უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„თავის დროზე, ელჩის კონსულტაციებზე გაწვევა და ახლა მოხსნა, ჩვენ სამართლიან გადაწყვეტილებად არ მიგვაჩნდა, ჩვენთვის მთლად ახსნადი არაა. თუმცა, მეორე მხრივ ვამბობთ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ შეფასებებზე. დღეს, ჩვენ სრულად სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მთავარია, ვკონცენტრირდეთ ამ მთავარზე, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს. ეს საკითხები უმნიშვნელოა იმ საერთო მიზანთან, რასაც ჰქვია ადამიანური ტრაგედიების დასრულება“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ფორმალურად საქმე გვაქვს იმასთან, რომ თავად უკრაინის პრეზიდენტი თავისი ელჩის მუშაობით იყო უკმაყოფილო. აქედან გამომდინარე, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი საქმეა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეფასებები ოპოზიციაშიც გაკეთდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოსგან მეტ თანადგომას ელოდა და სწორედ ამას უკავშირდება ელჩის გაწვევა.
„უახლოესი მეგობრისგან გაჭირვების დროს სრულ თანადგომას ელოდები და არა პოლიტიკურ კინკლაობას, არა კრიტიკას. სამწუხაროდ, ერთი თვე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა იმისთვის, რომ უკრაინელ ძმებთან ურთიერთობა გამოესწორებინა, არ გამოიყენა და ამის შედეგი არის ელჩის საბოლოოდ გაწვევა“, - აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
„არგუმენტი არის ასეთი - ასეთი გაჭირვების დროს ან სანქციების ფორმით, ან იარაღის ფორმით, ან ფინანსური ტრანზაქციების შეზღუდვების ფორმით მხარს არ მიჭერ, მე ამ ომის პერიოდში შენთან არ ვმეგობრობ. კაცი, რომელიც ომობს ასეთი პოზიცია ეპატიება. შეიძლება ამ ყველაფერს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო მეტის გაკეთებაც გვევალებოდა“, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
უკრაინის ყოფილი ელჩი ლატვიაში, პოეტი და მწერალი რაულ ჩილაჩავა, ვოლოდომერ ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევას დემარშად მიიჩნევს.
„პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საკუთარი ელჩის გაწვევა აშკარა დემარშია არა მარტო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, არამედ მთელი ქართველი ერის მიმართაც, რომელიც უდიდეს სოლიდარობას იჩენს რუს ოკუპანტებთან მამაცურად მებრძოლი უკრაინელებისადმი. მე, როგორც უკრაინის მოქალაქეს და მის ყოფილ ელჩს ლატვიაში, მწყინს, რომ ეს ფაქტი შავ ლაქად დააჩნდება მართლაც მოძმე ორი ერის მრავალსაუკუნოვან და შეუბღალავ ურთიერთობათა ისტორიას!“ - წერს სოციალურ ქსელში ჩილაჩავა.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის გაწვევასთან დაკავშირებით, ორმაგი დამოკიდებულება უჩნდება. მისივე თქმით, იგორ დოლგოვი თავის დროზე, საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პეტრე ცისკარიშვილისა და დავით არახამიას რეკომენდაციით დაინიშნა. ქართველიშვილს ასევე უკრაინის პრეზიდენტის მიმართ კითხვა უჩნდება, რატომ არ გაიწვია იმ ქვეყნებიდან ელჩები, რომლებიც უკრაინას არც სანქციებით და არც სხვა სახით არ ეხმარებიან?
„ფორმულირებებში კორექტულები ვიყოთ. უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი 1 მარტს გაიწვია. სხვა საკითხია ამ გაწვევის შემდეგ ელჩი სად იმყოფებოდა - ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა! ჰქონდა, არ ჰქონდა მცდელობა საკუთარ სამშობლოში დაბრუნების? რატომ არ ჰქონდა ეს მცდელობა? - ეს უკვე სხვა ტიპის საკითხებია. მაგრამ, ის რაც გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა გაახმოვანა, ეს არის ელჩის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი. მან ანალოგიური გადაწყვეილება მიიღო მოროკოს ქვეყანასთან მიმართებაშიც. იქაც თავის ქვეყნის ელჩს შეუწყვიტა უფლებამოსილება და თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამ შემთხვევაში მე ორმაგი დამოკიდებულება მიჩნდება, პირველი - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მე დავით ქართველიშვილი, რომ იგორ დოლგოვი არის კადრი, რომელიც საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დავით არახამიასა და პეტრე ცისკარიშვილის რეკომენდაციით მოხვდა. საინტერესოა, რა დააშავა ასეთი იგორ დოგლოვმა, როგორც „ნაცების“ კანდიდატმა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ?
მეორე, რაც მაინტერესებს ამ დადაწყვეტილებაში - იმ უამრავ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებმაც უკრაინას რუსეთთან საომარი მოქმედებების დროს, პირდაპირ ზიანი მიაყენეს - ზოგიერთმა ქვეყანამ მის ხელთ არსებული შესაძლებლობები არ გამოიყენა, არ შეუაერთდა მსოფლიოს თანამეგობრობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო სანქციებს, შეიარაღება არ გაუგზავნა, მაგალითად - ისრაელი, რით არის უფრო ნდობით აღჭურვილი სახელმწიფო უკრაინისთვის, რომ იქიდან ელჩი არ გამოიწვია? რითი არის უნგრეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უფრო ნდობით აღჭურვილი ობიექტი უკრანისთვის, რომლის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა ბოლო 48 საათის განმავლობაში უარი უთხრა თურქეთიდან შეიარაღების მიწოდებაზე - თურქეთს საკუთარი სივრცე დაუხურა და მათ მოუწიათ შემოვლითი გზით, რუმინეთში ჩაფრენა და იქიდან მიწოდება შეიარაღების? ანუ, რატომ არის მაროკო და საქართველო შერჩეული იმ დიპლომატიური სასჯელის თვალსაზრისით უკრაინის თვალში დღეს? ეს ჩემში მართლაც გაუგებრობას იწვევს. თუ ამ ორი ელჩის გათავისუფლება ხვალიდან დაეხმარება უკრაინის ხელისუფლებას რუსეთზე გამარჯვების მოპოვებაში, მაშინ ამ ყველაფერს მივესალმები. თუ ზელენსკიმ ჩათვალა, რომ ამ კანდიდატმა ვერ გაამართლა თავისი მოვალეობა, მაშინ მისი გადასაწყვეტია“, - განახცადა დავით ქართველშვილმა for.ge-თან საუბრისას.
ანალიტიკოსი მომხრეა, რომ ქართულმა მხარემ უკრაინიდან გამოიწვიოს საქართველოს ელჩი და ამას ასე ხსნის:
„იმ ვითარებაში, როდესაც საქართველო თავისი მწირი, მაგრამ რეალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომლის მთლიანი ქვეყნის მოსახლეობა კიევის მოსახლეობის ნაწილს წარმოადგენს და ამის მიუხედავად, ჰუმანიტარულ, ფინანსურ, მორალურ, დიპლომატიურ თანადგომას უცხადებს უკრაინას; არ დარჩა არც ერთი საერთაშორისო მოედანი, სადაც საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგოდ და უკრაინის სასარგებლოდ არ დაეფიქსირებინა თავისი დამოკიდებულება, საქართველო მაინც ჰყავს უკრაინის ხელისუფლებას სამიზნეში აყვანილი, ეს შეიძლება ჩაითვალოს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური ომის განხორციელებად.
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, თქვენი კითხვა ძალიან მართებულია. რატომ უნდა ახორციელებდეს, აგრძელებდეს თავის დიპოლმატიურ მისიას უკრაინაში, კიევსა და ლვოვში?! თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა ამ მიმართულებით, რა მიმართულებასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ხომ არსებობს იმის თეორიული საფრთხე, რომ იგივე საქართველოს დიპმისიის წარმომადგენელი უკრაინის ხელისუფლებამ პირდაპირ დაადანაშაულოს ჯაშუშობაში რუსეთთან მიმართებაში? ახლა ვამბობ ძალიან ფანტასტიკურ შესაძლებლობას, მაგრამ თეორიულად შესაძლებელად განვიხილავ - მაგალითად, საქართველოს დიპმისიის რომელიმე წარმომადგენელი კორექტირებას უკეთებდეს იმ საარტილერიო დარტყმებს რუსეთის მხრიდან უკრაინის მისამართით. ღმერთმა არ ქნას და იმედია ვცდები, რომ ჩვენი დიპლომატების დაჭერით არ დამთავრდეს ეს ყველაფერი. ამიტომ, ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი პოლიტიკური ომის გამოცხადებასთან გვაქვს საქმე უკრაინის მხრიდან, უპრიანი იქნებოდა, ქართულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უკრაინაში შეწყვიტოს თავისი საქმიანობა და საქართველომ ელჩი გამოიწვიოს. გამოიწვიოს საელჩოს წარმომადგენლები, რათა უბრალოდ არ მოხვდნენ ეს ადამიანები პროვოკაციის ქარცეცხლში, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ადგილი ჰქონდეს“, - განაცხადა დავით ქართველშვილმა for.ge-თან საუბრისას.
ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან და საქართველოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა. ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.
„არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, მაროკოდან ელჩის გამოწვევას.
ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემით - არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური“, - აღნიშნა ზელენსკიმ.