2010 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში ნიღბიანმა მამაკაცმა მამა-შვილი თეოდორ და ირაკლი ხურციძეები ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ სახლში ჩაცხრილა. დაიჭრა ხურციძეების რძალი, თვენახევრის ფეხმძიმე ქეთი აშუბა და 10 თვის გიორგი ხურციძე.
სამართალდამცავებმა მკვლელობიდან მეორე დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი სოფელ შრომის მკვიდრი დავით ქადეიშვილია, რომელსაც ხურციძეების ოჯახთან ბიძაშვილ-მამიდაშვილობა აკავშირებდა. 16 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქადეიშვილზე ძებნა და ჯილდოდ 10 000 ლარი დააწესა.
ოფიციალური ინფორმაციით დავით ქადეიშვილმა 2010 წლის შობის ღამეს სოფელ შრომის რწმუნებული, ზურაბ მჟავანაძე დააყაჩაღა.
„წამაქციეს, თავზე ფეხი დამაბიჯეს, ფულს და ოქროს მთხოვდნენ. უარის მიღების შემდეგ ჩემი „დასკოჩვა“ დაიწყეს. პარალელურად, ცხვირ-პირში ავტომატს მირტყამდნენ“, – ამბობდა მომხდარიდან მეორე დღეს გაზეთ „გურია ნიუსთან საუბარში მჟავანაძე.
დათა ქადეიშვილს დაუსწრებლად 22 წელი მიუსაჯეს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გამოძიების მასალების მიხედვით დამნაშავე ხურციძეების ოჯახს ხშირად აფარებდა თავს. ასე იყო 15 დეკემბრის საღამოსაც, სადაც ვახშამი მიირთვა. გამოძიების მასალების მიხედვით, იქიდან წამოსულმა პოლიციის მანქანა შენიშნა და დაიმალა. პოლიციის ავტომანქანის წასვლის შემდეგ კი ხურციძეების ოჯახში დაბრუნდა, ირაკლი იკითხა და ესროლა.
„მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა: „რატომ ჩამიშვით ნაბოზვ...“ – ასეთია ერთ-ერთი მოწმის ოფიციალური ჩვენება.
ოთახიდან გამოსულმა ქადეიშვილმა კი ირაკლი ხურციძის მამას, თეოდორს დერეფანში იმ დროს ესროლა, როცა ის 10 თვის შვილიშვილის გადარჩენას ცდილობდა, რომელსაც სიცოცხლე დედის თავგანწირვამ შეუნარჩუნა.
„მამამთილს ხელიდან გამოსტაცა ბავშვი და ეზოსკენ გაქცევა სცადა. ამ დროს მოხვდა მამამთილზე ასხლეტილი ტყვია“, – აღნიშნა პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი მიმდინარე წლის 4 იანვარს, დაახლოებით 11 საათზე ქადეიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ერთ-ერთ ოჯახს თავს დაესხა. თავდასხმის დროს ნათესავის მეუღლე, მიშკანა ირიციანი დაჭრა, რა დროსაც სამართალდამცავებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს.
აღნიშნული ინფორმაცია გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში დაგვიდასტურეს, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს.