როგორ აისახება მერაბიშვილის დაკავება „ნაციონალურ მოძრაობაზე“, შეკრავს და გააერთიანებს ყოფილ ხელისუფლებას, თუ ერთმანეთისგან გამიჯვნის, დაპირისპირებისა და მხილებების დრო დადგება, ამ კუთხით ძალზე საინტერესო გახლდათ გიგა ბოკერიას მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო პოზიცია, რომ ის სააკაშვილის მომხრეთა რიგებს დატოვებს, თუ სააკაშვილი პოზიციას არ შეიცვლის ლგბტ აქციასთან დაკავშირებით და ჩერგოლეიშვილი პრეზიდენტს საკმაოდ ფამილარულადაც მოიხსენიებს. ცოტა ხნით ადრე, თეა თუთბერიძის ეჭვები მოვისმინეთ იმის თაობაზე, რატომ არ აკავებდნენ ვანო მერაბიშვილს. მოკლედ რომ ვთქვათ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ წყალი დიდი ხანია ამღვრეულია, თუმცა ბოლომდე ცდილობენ, ერთიანი, მონოლითური გუნდის იმიჯი საზოგადოების თვალში მაინც შეინარჩუნონ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო დღეების მოვლენებს გადაყვება თუ გადარჩება და რა ძალები ხდება პოპულარული საქართველოში, ამ თემებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ქალბატონო ხათუნა, თქვენი შეფასებით, ბოლოდროინდელი პროცესები არის თუ არა მიმანიშნებელი, რომ ყოფილ ხელისუფლებაში საკმაოდ მწვავე პროცესები იწყება და დაჯგუფებებს შორის კონფლიქტები მწვავდება? როგორი შთაბეჭდილება რჩება, ვინ ვის ემიჯნება, სააკაშვილს, მერაბიშვილს თუ ყველა ერთმანეთს?
- „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ რამდენიმე გუნდის ინტერესი იკვეთებოდა, ამაზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე ლაპარაკობდნენ. საუბარი იყო იმაზე, რომ ამ არჩევნებს გადააგორებდნენ და მერე დამოუკიდებლად დაიწყებდნენ საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ზრუნვას. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათი ერთიანობა შენარჩუნდა იყო ის, რომ ფიქრობდნენ, ერთად დგომით უფრო ადვილად გადარჩებოდნენ და ამიტომ გაძლეს დღემდე.
რაც უფრო შორს წავა ნაციონალური ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი, რაც უფრო მეტი ადამიანის პასუხისმგებლობის თემა დადგება, მით უფრო მეტად დეზორგანიზებული გახდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ზედაპირზე ამოვა ის პროცესები, რაც ისედაც მიმდინარეობდა პარტიაში.
თუმცა გაცილებით უფრო სიღრმისეული პროცესი მგონია, რომ დასავლეთი სულ უფრო კარგავს ინტერესს საქართველოს მიმართ, რაც შეიძლება ითქვას, ორმხრივია და ქართული საზოგადოების მხარიდანაც სულ უფრო ნაკლები ინტერესი იკვეთება დასავლეთის მიმართულებით. ამ პროცესს მომავლიდან თუ გადმოვხედავთ, შესაძლოა, ამოსავალ წერტილი 17 მაისიც კი აღმოჩნდეს.
ნაციონალების როლი აქ როგორია?
- ნაციონალების თემას იმიტომ მივაბი, რომ ბოლო დღეებში ძალიან თვალსაჩინოა, საინფორმაციო პოლიტიკით (არ ვგულისხმობ სახელისუფლებო საინფორმაციო პოლიტიკას) დასავლეთის გაიგივება ხდება სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვასთან.
17 მაისის მოვლენებზე დასავლეთის ქვეყნების რეაქცია საქართველოს საზოგადოების ერთმა ნაწილმაც განიხილა იმ კონტექსტში, რომ თანამედროვე ევროპული კულტურა და ცივილიზაციები საკუთარ თავს აიგივებენ სწორედ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვასთან, რომ ეს არის ის ცივილიზაცია, სადაც ხდება ერთსქესიანთა ქორწინებები. ამაზე რამდენიმე დღის წინ ილაპარაკა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „მაესტროს“ ეთერში.
რატომ კარგავს დასავლეთი ინტერესს საქართველოს მიმართ და ეს ყველაზე უკეთ იცის ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილმა. გამორიცხულია, დღეს ისინი არ გრძნობდნენ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის განწყობას სწორედ ამ სექსუალურ უმცირსობებთან დაკავშირებით.
იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თავს აიგივებენ ამ ჯგუფის დამცველებად, არ მგონია, ვერ ხვდებოდნენ, პოლიტიკურად რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ეს მათთვის. ეს ნიშნავს, რომ უახლოესი წლების განმავლობაში მათი პოლიტიკური პერსპექტივა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ლამის ნულს უტოლდება.
ისინი რასაც აკეთებენ დღეს, დინების საწინააღმდეგოდ სვლას ნიშნავს და თვითონვე იყენებენ თავს საზოგადოების დარტყმის ქვეშ. კიდეც ვიმეორებ, არ მგონია, ვერ ხვდებოდნენ ეს მათი პოლიტიკური მომავლისთვის რამხელა ლახვარია და ძალიან მაინტერესებს, ამას ხვდება თუ არა თავად დასავლეთი, რომლისთვისაც ეს ადამიანები ფაქტობრივად, რუპორის როლს ასრულებდნენ.
თუ დასავლეთი თვლის, რომ მათი ინტერესების წარმომადგენელი და დამცავი სწორედ ეს ჯგუფია, მაშინ ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი იმის დასტურად, რომ დასავლეთმა საქართველოზე ხელი აიღო - თვითონაც ძალიან კარგად უნდა ხვდებოდნენ, რამდენად უპერსპექტივოა ამ ჯგუფის პოლიტიკური მომავალი. თუ დასავლეთი ფსონს ამ ჯგუფზე დებს, ისინი იქნებიან მათი პოლიტიკისა და ინტერესების გამტარებლები იმისათვის, რომ საქართველოს დასავლური კურსი გადაარჩინონ, ეს არის აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენა მათი მხრიდან და ძალიან მწარედ ცდებიან, საერთოდ არ სცოდნიათ ქართული რეალობა, ილუზიებს ებღაუჭებიან, რომ ამ ჯგუფს ხელეწიფება დასავლური კურსის გადარჩენა. თუმცა, მაინც გამოვრიცხავ, რომ ისინი ასე ფიქრობდნენ.
თუ იკვეთება ის პოლიტიკური გუნდი, რომელზეც შესაძლოა, დასავლეთმა დადოს ფსონი?
- თუ ამ გუნდზე იდება ფსონი, ვფიქრობ, ეს იმის გამოძახილია, რომ მათ დღეს ნაკლებად აინტერესებთ საქართველო. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ ამჟამინდელი ინტერესი და გასული 9 წლის განმავლობაში გამოჩენილი ინტერესი სრულიად განსსხვავდება ერთმანეთისაგან.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დღეს დასავლეთი ასეთ დასაყრდენს საქართველოში არც ეძებს. რამდენადაც საზოგადოების ბევრ ფენასა და ჯგუფთან მაქვს შეხება, შემიძლია, ვთქვა, რომ აქტიური პროცესი ახალი პროდასსავლური ძალის ფორმირებისათვის დასავლეთის მხრიდან არ ხდება.
რაც შეეხება ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილს, მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ სააკაშვილთან გამიჯვნა თუ დასავლეთის გულის მოგება? როგორც აღნიშნეთ, ასეთი არამომგებიანი თამაშის წამოწყება რაში შეიძლება აწყობდეთ, რა შეიძლება მიიღონ?
- ვერაფერსაც ვერ მიიღებენ, ეს წყვილი ქართული საზოგადოების მეხსიერებაში დარჩება როგორც სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის აპოლოგეტი. ეს სწორედ ის თემაა, რომელიც მათ საქართველოში პოლიტიკურ მომავალს უკარგავს - მიშასთან ერთადაც და მიშას გარეშეც.
რაც შეეხება თავად სააკაშვილს, როდესაც განაცხადა, რომ არ შეიძლება ეს აქცია ჩატარებულიყო იქ, სადაც წინა დღეს აფხაზეთში დაღუპულ გმირებს გლოვობდნენ, რაზეა გათვლილი? არ გვახსოვს სააკაშვილს ოდესმე საზოგადოების პოზიცია გაეზიარებინოს, ახლა მოვიდა გონს, თუ გარკვეული ტაქტიკაა მისი მხრიდან?
- ხალხის აზრს მაშინ არ იზიარებდა, როდესაც ხალხის პოზიციას მისი ძალა ანაცვლებდა და ახლა, როდესაც მას სათანადო ძალა არ გააჩნია, მისთვის ჩვეული პოლიტიკური ალღო გამოავლინა, - მიხვდა რომ თუ დღეს რაიმე პოლიტიკური მომავალი გინდა საქართველოში, უნდა იცავდე კიდეც ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ასე პირდაპირ სექსუალური უმცირესობის აპოლოგეტად არ უნდა იქცე.
პირველი ღია განხეთქილება დავინახეთ, ამას დაემთხვა ვანო მერაბიშვილის დაკავებაც, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, ისინი კვლავ ერთიან გუნდად რჩებიან თუ ერთმანეთს უპირიპირდებიან, ამხელენ და ა.შ. ვნახეთ თეა თურბერიძის პროგნოზი, რომ მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილსაც ისევე გაემიჯნებიან ნაციონალები, როგორც თავის დროზე ახალაიასო...
- რა პარტიაზეა ლაპარაკი, „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრდა, როგორც პოლიტიკური ძალა, რას იზამენ მისი ნარჩენები და ცალკეული სეგმენტები, სხვა თემაა, თუმცა გარწმუნებთ, რომ სექსუალური უმცირესობების დაცვით ისინი პოლიტიკურ მომავალს ვერ შეიქმნიან. დღეს საქართველოში სხვა ტიპის პოლიტიკური ძალების დრო და ჟამი დადგა.
უფრო საინტერესოა, რა ტიპის ძალების პერსპექტივა იკვეთება, ვიდრე ის, „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩება თუ ვერა - ვერ გადარჩება.
თუ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აღსასრული მოწმენი ვართ, რომელი პოლიტიკური ძალები დაიკავებენ ახალ ნიშას, იკვეთება თუ არა რომელიმე მათგანის უპირატესობა?
- დავესესხები დავით ზურაბიშვილს, რადგან ძალიან ზუსტი შეფასება გააკეთა საზოგადოების განვითარების იმ ეტაპისა, რომელშიც დღეს გადავდივართ. მან შეაფასა ეს როგორც „რელიგიური ნაციონალიზმი“ და ვფიქრობ, ძალზე ზუსტი შეფასებაა.
ამ ძალების ლიდერად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე უარს ამბობს, დააფიქსიროს პოლიტიკური ინტერესები და დაიწყოს პოლიტიკური აქტივობა, ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა სწორედ ლევან ვასაძეა.
რას იზამს ხვალ, გააქტიურდება პოლიტიკაში თუ არა, დღეს ამაზე საუბარი ძნელია, თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოებაში მის მიმართ ინტერესი მზარდია, მას სერიოზული მხარდაჭერა აქვს და ექნება პოლიტიკურად გააქტიურების შემთხვევაში ეკლესიისგან, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე პოპულარული ძალაა დღეს ქართულ საზოგადოებაში. აღმოჩნდა, საკმაოდ ორგანიზებულიც - 17 მაისს გამოჩნდა, რომ ეკლესია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში გამოდის არა მხოლოდ როგორც პოპულარული ინსტიტუტი, არამედ როგორც პოლიტიკური მოთამაშე - აღმოჩნდა, რომ მას ყველაზე უკეთ შეძლებია ორგანიზება და დარაზმვა საზოგადოების აქტიური ნაწილისა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ვასაძე „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის უახლოესი მეგობარი და ნათესავია - ნათელ-მირონობა აკავშირებთ, ძალთა როგორი კონფიგურაცია შეიძლება გამოიკვეთოს მისი, თუნდაც, პოლიტიკაში არმოსვლის შემთხვევაში?
- გაცილებით საინტერესო კონფიგურაცია შეიძლება მივიღოთ, მისი პოლიტიკაში შემოსვლის შემთხვევაში. განსაკუთრებით მაშინ, თუ ივანიშვილი ვადამდე წავა პოსტიდან. ასეთ შემთხვევაში, თეორიულად, საინტერესოა ერთი რამ - ვასაძე ყოველთვის უარს ამბობს პრეზიდენტის პოსტზე, ხაზს უსვამს, რომ არ სურს პრეზიდენტის პოსტზე მოსვლა და თუ პოლიტიკაში შემოსვლის სურვილი გაუჩნდა, ის ამის შესახებ განაცხადებს. ცხადია, პოლიტიკაში სხვანაირად ვერ შემოხვალ თუ არ განაცხადე და აქტიურობა არ დაიწყე, მაგრამ მისთვის არავის არ დაუსვამს კითხვა (შეიძლება, ძალიან ადრეცაა ამ კითხვის დასმა და უხერხულიც არის), სამომავლოდ გეგმავს თუ არა, იგივე მთავრობის თავმჯდომარედ მოსვლას? საინტერესოა ფიქრობს თუ არა ის ამაზე, 4 წლის შემდეგ, ან იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი შეასრულებს თავის დანაპირებს და ვადის ამოწურვამდე წავა პოლიტიკიდან. ალბათ, ეს ცალკე განხილვის თემაა, მაგრამ ვასაძის ხასიათიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ უარს ამბობს პრეზიდენტის პოსტზე. არა იმიტომ, რომ მარგველაშვილი მისი უახლოესი მეგობარია, და არ სურს, იყოს მისი კონკურენტი, არამედ იმიტომ, რომ მას სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვს და უფლებაშეზღუდული პრეზიდენტის პოსტს ნაკლებად იგუებს. მისთვის, ალბათ, უფრო ახლობელი შეიძლება იყოს უფრო მეტი ძალაუფლებით აღჭურვილი მთავრობის მეთაურის თანამდებობა. თუმცა, ვამბობ, რომ ეს 1%-თაც კი არ ნიშნავს იმას, რომ ან ივანიშვილი განიხილავდეს ვასაძეს კონკურენტად ან ვასაძე ივანიშვილს.
ვასაძე თუ დაიწყებს ამ თანამდებობაზე ფიქრს, მხოლოდ ივანიშვილის შემდგომ ეპოქაში, მაგრამ ფაქტია ის, რომ სრულიად ურეიტინგო პარტიების არსებობის პირობებში (კოალიცია, მხოლოდ ერთი კაცის ავტორიტეტზე დგას, მასში შემავალ პარტიებს პარლამენტში შეღწევაც კი გაუჭირდებათ არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის პირობებში), შეიძლება ითქვას, რომ სწორედ „რელიგიური ნაციონალების“ ძალა ჩანს ყველაზე ორგანიზებული და პერსპექტიული.
ქვეყნისთვის ეს დადებითი როლის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს თუ კითხვის ნიშნებს აქედანვე აჩენს? გარდა ამისა, ვიცით, ვასაძის შესაძლო პრორუსულობაზეც რამდენს ლაპარაკობენ...
- ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, დაველოდოთ როგორ განვითარდება პროცესები. თუ დამაბალანსებელი ძალა იარსებებს, რატომაც არა, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება პოლიტიკური სპექტრი - უკეთესიცაა. თუ დამაბალანსებელი ძალა არ იქნება, მაშინ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ნებისმიერი სიმპათია-ანტიპათიის მატარებელი ძალა შეიძლება იქცეს ისეთსავე უმართავად და ისეთსავე ძალაუფლებაზე ჩამოკიდებულად, როგორადაც იქცა თითქოსდა დემოკრატიული „ნაციონალური მოძრაობა“.