ყველა ჯოხი ელჩებზე ტყდება. უმუშევარმა ელჩებმა სხვა სამსახური უნდა იშოვონ და ელჩისთვის დაწესებულ პრივილეგიებს აღარ ჩაებღაუჭონ. გაგანია ომში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსთვის და მაროკოსთვის მოიცალა და ელჩები გაიწვია. ცხადია, ომის პირობებში მყოფი ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შეფასება იოლი არ არის, მაგრამ არც იმის ამოცნობაა რთული, რა იმალება ზელენსკის ამ გადაწყვეტილების უკან. ელჩების გაწვევის მოტივი ბანალურია, მათ ვერ მოახერხეს შეიარაღების მოპოვება უკრაინისთვის და რუსეთისთვის სანქციების დაწესების უზრუნველყოფა.
თუმცა, რეალურად რა სახის მსხვერპლშეწირვა სურდა უკრაინას საქართველოსგან? თუკი საომარი ფრონტის გაშლაზეა საუბარი, 3,5-მილიონნახევრიანი საქართველო 45-მილიონიან უკრაინას ვერც მსხვერპლის გაღებაში შეეხიდებოდა და ვერც საკუთარ მიწა-წყალზე ომს ვერ წამოიწყებდა. რაც შეეხება იარაღის მიწოდებას, თავად უიარაღო ქვეყანა ვერც იარაღით დაეხმარებოდა უკრაინას და ვერც სანქციებით დააკლებდა რუსეთს რამეს.
უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის გაწვევას ქართველების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მათი ნაწილი თვლის, რომ ზელენსკი უმადურად მოიქცა, რადგან ქვეყანა, რომლის დედაქალაქიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას, ბევრს ვერაფერს გააკეთებდა უკრაინის დასახმარებლად, ვერც სანქციებს შეუერთდებოდა, ვერც ანტიპუტინისტურ კოალიციას და ვერც რუსეთს გააღიზიანებდა ხმამაღალი განცხადებებით. ამ შეზღუდულ პირობებში საქართველომ კიდევ იმაზე მეტი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად, ვიდრე ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, უკრაინას დავეხმარეთ მებრძოლი მოხალისეებითაც. ამდენად, ჩვენი მოსახლეობის უმეტესობისთვის გაუგებარია ზელენსკის დემარში.
სამაგიეროდ, ზელენსკის ეს საქციელი გასაგებია საქართველოს ხელისუფლებისთვის. მმართველ გუნდში კარგად იციან, ვინ იყენებს უკრაინისთვის ცხელ პერიოდს, ვინ სარგებლობს ზელენსკის დაბნეულობით და ვინ არწმუნებს მას საქართველოსთვის არამეგობრული გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს კი არამეგობრული ჟესტია არა მარტო საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის მიმართაც.
რაც შეეხება უკრაინის ყოფილ ელჩს, იგორ დოლგოვს, უკრაინაში კონსულტაციებისთვის გაწვევის შემდეგ იგი თბილისში იმყოფებოდა, თუმცა მედიას თავს არიდებდა. სამაგიეროდ, აქტიურობდა მისი მეუღლე, უკრაინაში ომის დაწყების დღეებში ის რუსთაველის გამზირზეც მივიდა, უკრაინის მხარდამჭერებს მადლობაც გადაუხადა და ისიც აცნობა, რომ იმ დროს, როცა თავად რუსთაველზე იდგა, მისი ქალიშვილი ბომბების ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც უზომოდ სძულდა მის ქვეყანაში შეჭრილი რუსეთი.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ელჩის გაწვევა, ალბათ, განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილს იკავებენ უკრაინაში და, ფაქტობრივად, არიან „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი. ვოლსკის თქმით, არც ისე გულუბრყვილოები ვართ, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ იმიტომ გაიწვიეს ელჩი, რომ თურმე იარაღი და სამხედრო მხარდაჭერა ვერ მიიღეს საქართველოსა და მაროკოსგან, როცა უამრავი ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი პრეტენზია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ თბილისმა გამოიწვია, 2021 წლის აპრილში უკრაინაში დაბრუნდა და თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობა მაშინ დათბა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ ელჩები კი არა გაიწვია, არამედ თანამდებობიდან გადააყენა, რაც ნიშნავს, რომ ის ახალ ელჩს გამოუგზავნის საქართველოს, მაგრამ იმ ახალ ელჩს რისი გაკეთება შეეძლება?!
პოლიტოლოგის აზრით, ზელენსკის ეს ნაბიჯი არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ის ითხოვს მაქსიმალურს, მაგრამ საქართველოს შეეძლო თუ არა მაქსიმალურის გაკეთება, ეს ეკონომისტების და ფინანსისტების შესაფასებელია. ღვინოს აღარ მიაწვდიდა რუსეთს, თუ ატამს აღარ გაუგზავნიდა?
„მე არც ვიცი, საქართველოს რისი გაკეთება შეეძლო უკრაინის დასახმარებლად და რა არ გააკეთა? სანქციებთან მიერთება ეს უბრალოდ, სიმბოლური ჟესტი იქნებოდა საქართველოსთვის, ანუ სიმბოლურად მივუერთდებოდით სანქციებს და ამით არაფერი შეიცვლებოდა. მაგალითად, გერმანია მიუერთდა სანქციებს და ვნახეთ, რაც შეიცვალა. ამერიკამ თვითონვე წამოიწყო ეს სანქციები და ვნახეთ შედეგი. საქართველოსთან მიმართებით კი ემოციურ ფონზე სწრაფი რეაგირების წინააღმდეგი ვარ. დრო უნდა ამის გაგებას, სწორად მოვიქეცით თუ არა. ალბათ, დადგება დრო, როცა სპეციალისტები იტყვიან, საქართველოს კონკრეტულად რისი გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა. თუმცა ასეთი მკვეთრი განცხადების გაკეთება საქართველოდან, რომ „ჩვენ სანქციებს არ მივუერთდებით“, მაინც არადიპლომატიური იყო“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ for.ge-სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ელჩმა საქართველოში არაფერი გააკეთა. ასე საქართველომაც შეიძლება თქვას, ჩვენი ელჩები რას აკეთებენ ევროპაში მაშინ, როცა საქართველოს განაცხადი აქვს შეტანილი ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით?! სოსო ცინცაძის აზრით, ბევრად უფრო საინტერესოა, საქართველოს ელჩები რას აკეთებენ პარიზში, ბერლინში, რომში, ოსლოში, რადგან როდესაც დადგება საკითხი საქართველოს ყოფნა-არყოფნის თაობაზე ევროკავშირში, ჩვენი ელჩების მუშაობის შედეგი უნდა დავინახოთ.
პოლიტოლოგის თქმით, დიპლომატიის ისტორიას ელჩების მუშაობის წარმატებული პერიოდი ახსოვს. მე-19 საუკუნეში ალექსანდრე მეორის დროს რუსეთს ჰყავდა ელჩი ლონდონში და ეს იყო ჟანდარმერიის ყოფილი შეფი - გრაფი შუვალოვი, რომელიც ალექსანდრე მეორეს გაუბრაზდა, რადგან ალექსანდრეს საყვარელი ჰყავდა. შუვალოვმა გაუბედა ალექსანდრეს და უთხრა, თქვენი საყვარლის ყოლა ცუდად მოქმედებს იმპერიის რეიტინგზეო, ალექსანდრე მეორემ შუვალოვის მოშორება მოითხოვა და შუვალოვი გააგდეს ლონდონში, მაგრამ გრაფი ისეთი ეფექტური ელჩი გამოდგა, რომ პეტერბურგში ზეპირად იცოდნენ ლონდონის კაბინეტი რა გადაწყვეტილებებს ღებულობდა.
„ამიტომ თუ ზელენსკიმ დაიწუნა თბილისსა და მაროკოში ელჩები, ალბათ, ზელენსკის მეტი ინფორმაცია აქვს მათ შესახებ, მაგრამ ჩვენი ელჩები რას აკეთებენ? ჩვენი 27 ელჩი ევროკავშირში, ან ცოტა უფრო ნაკლები, რადგან ზოგან ერთი ელჩი ორ ქვეყანას წარმოადგენს, რას აკეთებს? ხომ არ დადგა დრო, ზელენსკის მაგალითით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰკითხოს ჩვენს ელჩებს, რას აკეთებენ ახლა, როცა ჩვენთვის გადამწყვეტია, გავხდებით თუ არ კანდიდატი წევრი? ომი დამთავრდება და საქართველო ევროპაში რა რეპუტაციით იქნება წარმოდგენილი?“ - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ
მიზეზი, რომელიც ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით დასახელდა, ირიბად ნიშნავს, რომ უკრაინა კმაყოფილი არ არის საქართველოს მთავრობის მოქმედებით, მაგრამ უკრაინამ ეს გადააბრალა საკუთარ ელჩს.
„როგორც ჩანს, ზელენსკიმ არ მოინდომა საქართველოს მიმართ კიდევ რაიმე კრიტიკული განცხადების გაკეთება ან კრიტიკული მოქმედების განხორციელება, რომელიც დააზიანებდა ჩვენს ურთიერთობებს, ამიტომაც თქვა, რომ ელჩმა ვერ უზრუნველყო ჩვენი მთავრობის მხრიდან უფრო აქტიური მხარდაჭერა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელები სხვა ელჩს აუცილებლად გამოგვიგზავნიან. თუმცა როცა ელჩს ასე ხსნიან თანამდებობიდან, ყოველთვის არ არის ვალდებული ქვეყანა, რომ იმ წუთასვე დანიშნოს ახალი ელჩი, მოვალეობის შემსრულებელი რჩება. მაგალითად, საქართველოში მთელი წელიწადის განმავლობაში ამერიკის ელჩი არ გვყავდა, შეიძლება საქართველოშიც არ იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინის ელჩი“, - გვითხრა კახა გოგოლაშვილმა.