სოფელ ავრანლოში 70-მდე ეკომიგრანტი ოჯახი მეცხრე დღეა აქციებს მართავს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, 50-მდე გამოსახლებულმა ოჯახმა სოფელი 13 მაისს დატოვა და 16 სამარშრუტო ტაქსით აჭარისკენ დაიძრნენ. ეკომიგრანტები აქციებს ერთი მოთხოვნით “მოგვეცით თავშესაფარი” ორ რეგიონში - აჭარასა და ქვემო ქართლში ერთდროულად მართავენ.
როგორც ავრანლოელი თემურ ანთაძე ამბობს, მიუხედავად იმისა,რომ ამ დროისთვის მათ სოფელში 70 ეკომიგრანტი ოჯახია გამოსახლებული, ხელისუფლება მათთან პრობლემის შესაფასებლად არ მისულა.
სახელმწიფოს რეაქცია ეკომიგრანტთა მოთხოვნაზე იგვიანებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ წალკაში მდგომარეობა არც თუ ისე რთულია.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინფორმაციით, სოფელი ავრანლო ქალაქ წალკიდან 21 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ავრანლოში ამჟამად აჭარიდან გადასახლებული 150 ეკომიგრანტი ოჯახიღა შემორჩა. სტატისტიკური მონაცემებით, წალკის მუნიციპალიტეტში 2500-მდე ეკომიგრანტი ოჯახია ჩასახლებული. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბალანსზე კი 551 სახლი ირიცხება. სოფელ ავრანლოში 150 ეკომიგრანტიდან სახლი მთავრობამ მხოლოდ 37 ოჯახს შეუძინა.
ამჟამად ავრანლოდან გამოსახლებული ოჯახების უმეტესობა აჭარაში აქციებს მართავს, 15-მა გამოსახლებულმა ოჯახმა მეზობლებს შეაფარა თავი, ხოლო 5 ოჯახი სოფელ ავრანლოს სკოლა-ინტერნატის უკარ-ფანჯრო, ძველ შენობაში შევიდა.
აქციის მონაწილე ეკომიგრანტები ამბობენ, რომ ხელისუფლების ყველა ინსტანციას მიმართეს ხან წერილობით, ხანაც ადგილზე მისვლით. ერთი თვის წინათ დახმარებისთვის საპატრიარქოსაც მიმართეს, უარის შემდეგ უკიდურესი ფორმა გამონახეს და აქციები დაიწყეს.
“ყველას ვთხოვთ, ნუ ეცდებიან საკითხი ეთნიკურ ჭრილში გადაიტანონ. არ ვერჩით ჩვენ ამ ხალხს, მათი საკუთრებაა ეს სახლები, ესენიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოსგან, რომ მოგვხედონ და მოგვაქციონ ყურადღება ან შუამავლობა გაგვიწიონ, რომ შევისყიდოთ სახლები, რომლებშიც ვცხოვრობთ”, - ამბობს ავრანლოში მცხოვრები ვარდო დიასამიძე და მას მისი ბერძენი მეზობელი 70 წლის გიორგი ჩაბჩირიდიც ეთანხმება.
ჩაბჩირიდი განმარტავს, რომ ეკომიგრანტებთან ერთად დიდი ხანია ცხოვრობს და მათთან დაპირისპირების მიზეზი არასდროს ჰქონია. სახლები კი ის პრობლემაა, რომელიც სახელმწიფომ მოსახლეობას შორის დაპირისპირების გარეშე, სასწრაფოდ უნდა გადაჭრას.
“ჩემი შვილი 10 წელია საბერძნეთში ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში მის სახლს ეს ხალხი უვლიდა. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და გამონახოს სახსრები, რომ ამ ხალხს თავშესაფარი ჰქონდეს. ჩემს შვილს ჩამოსვლა რომ მოუნდეს, ისინი ქუჩაში, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებიან”, - განუცხადა CENN-ს გიორგი ჩაბჩირიდიმ.
წალკაში ეკომიგრანტებს სხვა კუთხითაც შეექმნათ პრობლემა. მუნიციპალიტეტის სოფელ კარაკურუმში მოსახლეობა საერთო სარგებლობის საძოვრების, გზისა და სასაფლაოს გაყიდვის ფაქტს აპროტესტებს. საძოვრებთან ხელმისაწვდომობის დაკარგვის გამო ეკომიგრანტები საქონელს სათიბებში აბალახებენ. ისედაც მცირე ფართობის სათიბი უკვე დაზიანებულია და ზამთარში სოფელს თივის მომარაგების პრობლემა უჩნდება.
“სახელმწიფო კანცელარიის წინ აქცია გავმართეთ და კანცელარიის წარმომადგენელი დაგვპირდა, რომ საერთო საძოვრებისკენ გზის გახსნაზე რაიონის გამგებელთან დაიწყებდა მოლაპარაკებას. ამ პირობით, იმ დღეს საქონელი საძოვარზე გავიყვანეთ. მიწის მესაკუთრემ ინფორმაცია პოლიციას გადასცა და დახმარება სთხოვა. ახლა მთელი სოფელი ვდგავართ და პოლიციას ველოდებით, ან უნდა დაგვიჭირონ, ან ამ სოფლიდან საერთოდ გადაგვასახლონ, სხვა გამოსავალი არ არის”, - აცხადებს კარაკურუმელი სულიკო შავაძე.
კარაკუმელების განცხადებით, წალკის რაიონის ყველა სოფელი, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ ანალოგიურ მდგომარეობაშია. “ჩვენ დავდექით ფეხზე, თორემ ყველა სოფელი უმიწოდაა დარჩენილი - არც სახნავი აქვთ, არც სათიბი, არც საძოვარი. ნათესაურად და მეგობრულადაა მთელი სოფლების მიწები თითო-თითო პიროვნებაზე. სახლებიც სხვისი საკუთრებაა და ვის როდის გამოასახლებენ არავინ იცის. ჩვენს სოფელს გზაც გადაუკეტეს და სუნთქვის საშუალება არ დაგვიტოვეს“, - ამბობენ ეკომიგრანტები.
პრივატიზებულ ტერიტორიაზე სოფლის სასაფლაოც მოჰყვა, სადაც 14 მიცვალებულია დაკრძალული.