„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი საბიუჯეტო თანხების პარტიული მიზნით გამოყენების და სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით არის დაკავებული. ამასთანავე, როგორც მისი დაკავებისას პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, ფაქტობრივად დასრულებულია გამოძიება კიდევ ორ ეპიზოდზე, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე და ამ საქმეებთან დაკავშირებითაც მერაბიშვილს უახლოეს პერიოდში კიდევ დამატებითი ბრალდებები წარედგინება.
როგორც ცნობილია, ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. დაახლოებით ერთი თვის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი შიდა პრაიმერის გზით დადგინდებოდა. ამიტომ მერაბიშვილის დაკავების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ივანიშვილის გუნდმა მერაბიშვილი პოლიტიკას ჩამოაშორა, მისი დაკავებით „ნაცმოძრაობის“ დასუსტებას ცდილობენ და ა.შ.
რეალურად არის თუ არა მერაბიშვილი ის ფიგურა, ვისი პოლიტიკიდან ჩამოშორებაც შესაძლოა მმართველ გუნდს სჭირდებოდეს? „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერში მონაწილეობა ოთხ კანდიდატს, ვანო მერაბიშვილს, გია ბარამიძეს, დავით ბაქრაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს უნდა მიეღოთ. ამ ოთხი ადამიანიდან უნდა გამოვლენილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი. როგორც ცნობილია, ამ ოთხიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი დავით ბაქრაძეს აქვს და „ნაცმოძრაობის“ პრაიმერში გამარჯვებასაც ექსპერტები სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ცალკე საუბრის თემაა, სხვა კანდიდატებთან და მით უმეტეს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებაში რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ბაქრაძე.
ის არგუმენტი, რომ, თითქოს, მერაბიშვილის დაკავება მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად, ცოტა არ იყოს უსუსურად გამოიყურება, რადგან ყოფილი შს მინისტრი არცთუ ისე ძლიერი კონკურენტად აღიქმებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში, იმის მიუხედავად, რომ ასე არ ფიქრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით დარჩიაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს ეს სურვილი და ამას არც მალავს.
„მათ ჩვენი ოპონენტობა არ მოსწონთ, ამაზე პრემიერმაც პირდაპირ ისაუბრა, ხოლო იუსტიციის მინისტრმა თქვა, ეს პარტია უნდა გავანადგუროო. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ისინი სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ, მაგრამ რეალურად ეს ისეთი ბოღმაზე დამყარებული პოლიტიკაა, რომელსაც შეუძლებელია, მათთვის სასურველი შედეგი მოჰყვეს“, - აცხადებს დარჩიაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლება ჯერჯერობით ახერხებს ადამიანთა მცირე ჯგუფების ეგზალტირებას, ემოციების ქუჩაში გადმოფრქვევას და ამით გადიან ფონს, მაგრამ როდესაც ეს პროცესები ჩაწყნარდება ქვეყანაში აღარ დარჩება არაფერი, არც ეკონომიკა, არც უსაფრთხოება და ა.შ.“
როგორც ცნობილია, ვანო მერაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება და არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებაც აქვს. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პირს არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი და საპატიმროში სასჯელს იხდის.
„სანამ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში არ შევა, მას შეუძლია კანდიდატად დასახელდეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა“, - განმარტავს for.ge-სთან საუბარში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე.
ამდენად, დაკავების მიუხედავად, მერაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, თუმცა დავით დარჩიაშვილს უჭირს იმის თქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილი. დეპუტატის განმარტებით, ახლა მთელი პარტიული აქტივი იმით არის დაკავებული, რომ სამართლიანი სასამართლო უზრუნველყოს, რადგან ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ელისო ჩაფიძე კი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილმა საკუთარი თავი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა და აქტიურობდა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ იცოდა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო მისი დაკავება მოხდებოდა.
„რაც შეეხება ფინანსურ დანაშაულს, მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია სწორედ ჩემი სადეპუტატო რაიონიდან, ტყიბულიდან წამოვიდა. შეგიძლიათ ნახოთ გასული წლის ივლისის სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც ასახულია, ტყიბულის „ქართული ოცნების“ ოფისში ჩვენ როგორ წარმოვადგინეთ ეს ხელშეკრულებები. ამ დოკუმენტებში ჩანდა, თუ რა თანხები გაიცემოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე და ამის გამო ჩვენ მაშინ ზურაბ ჭიაბერაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოვითხოვეთ, რადგან სწორედ ის იყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ამ ხელშეკრულებებს აფორმებდა“, - ამბობს ელისო ჩაფიძე.
მისი თქმით, მაშინ არ იცოდა, ამ საქმესთან დაკავშირებით რამე კავშირი ჰქონდა თუ არა მერაბიშვილს. დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეახსენებს მსოფლიოში არსებულ პრეცედენტებს, როდესაც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულმა ადამიანებმა მოახერხეს ქვეყნის პირველი პირები გამხდარიყვნენ. ამის მაგალითად ჩაფიძეს მოჰყავს ვაცლავ ჰაველი (თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მერაბიშვილი ამ ადამიანისგან ძალიან შორს დგას), განდი და ნელსონ მანდელა.
ექსპერტი მამუკა არეშიძე განმარტავს, რომ მთავარი ის არ არის, აპირებს თუ არა მერაბიშვილი საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობის მიღებას. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სათქმელი სხვა არაფერი აქვთ და სწორედ ამიტომ აკეთებენ ამგვარ განცხადებებს. ექსპერტი ამბობს, რომ მოსახლეობაში მერაბიშვილის მიმართ იმდენად ნეგატიური განწყობაა, რომ თავად ნაციონალებსაც უჭირთ მისი უდანაშულობის მტკიცება. ამიტომ ისინი ცდილობენ, ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული მისცენ და ისე წარმოაჩინონ სიტუაცია, თითქოს, მმართველმა გუნდმა მერაბიშვილი პოლიტიკას ჩამოაშორა და ეს იმიტომ გააკეთა, რომ იგი პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო.
„ჯერ ერთი, ვინ თქვა, რომ მერაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ყოფილიყო? ოფიციალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ და ახლა გაახსენდათ, რომ ის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს? მერაბიშვილი რომ საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ყოფილიყო, ალბათ, სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი არ იყო“, - აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში კარგად იციან, რომ მერაბიშვილს დანაშაულები აქვს ჩადენილი და ამას მხოლოდ ხალხი კი არ ამბობს, არამედ თავად „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული პირები, კერძოდ, თეა თუთბერიძე, რომელსაც მერაბიშვილის პატიოსნებაში ეჭვი შეჰქონდა.