„ზოგიერთი ცხელთავიანი მოგვიწოდებს, აფხაზეთში შესვლის დრო მოვიდაო, შესვლა არ შეიძლება, ჩამტვრეული ხიდის აღდგენა გაცილებით ძნელია, ვიდრე მისი ჩამტვრევა“

„ზოგიერთი ცხელთავიანი მოგვიწოდებს, აფხაზეთში შესვლის დრო მოვიდაო, შესვლა არ შეიძლება, ჩამტვრეული ხიდის აღდგენა გაცილებით ძნელია, ვიდრე მისი ჩამტვრევა“

„პუტინის გეგმები არასტრატეგიულია, რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაკარგავს - აფხაზეთსაც“, - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ გააკეთა, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ წამოიწყო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ომი უკრაინაში.

ბოლო პერიოდში, აქტიურად მიდის მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ამასთან, გვესმის გარკვეული მოწოდებებიც, რომ ახლა დრო მოვიდა, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, საქართველომ მისი ტერიტორიები დაიბრუნოს, რაც გულისხმობს ხელში იარაღის აღებას და აგრესიული მეთოდით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას.

ამის საპირისპიროდ, გონიერი ნაწილი აცხადებს, რომ მსგავსი რიტორიკა მიუღებელია და სამხედრო ესკალაციით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების დაანონსება პროვოკაციულია. ყველაფერი უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით და არა კონფლიქტის დაწყებით. აუცილებელია პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და დარწმუნება, რომ ისინი უფრო დაცულები იქნებიან საქართველოს ფრთის ქვეშ და არა კრემლის კლანჭებქვეშ.

თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები ეფექტურად მუშაობს, ხალხი ქვეყნიდან გარბის და აღნიშნული მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შეეხება, შესაბამისად, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს. ამის ფონზე, არც ის არის გამორიცხული, რომ აფხაზებმა და ოსებმა პოზიცია შეიცვლონ.

აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი, ლევან კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი ნაბიჯები სწორია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არ ავყვეთ რაიმე პროვოკაციულ რიტორიკას და აუცილებელია აფხაზებთან მშვიდობიანი პოლიტიკის წარმოება.

„როგორ დაამთავრებს პუტინი ამ ომს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია, ვიფიქროთ რა, როგორ იქნება. ყველა შემთხვევაში გამორიცხულია, როგორც ზოგიერთი ცხელთავიანი მოგვიწოდებს, აფხაზეთში შესვლის დრო მოვიდაო, შესვლა არ შეიძლება. იმ ჩამტვრეული ხიდის აღდგენა გაცილებით ძნელია, ვიდრე მისი ჩამტვრევა. სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვეწევით, უნდა გაგრძელდეს.

როდესაც ქვეყანაში ერთმანეთს ვექიშპებით, აფხაზებისთვის მიმზიდველი ვერ გავხდებით. უარესი ის იქნება, რომ ჩვენ რიტორიკას ავყვეთ. ამ საომარ პირობებში, ასეთ დროს, როდესაც მსოფლიო გადანაწილება იწყება, საქართველოს ხელისუფლება სწორად ფიქრობს და სწორ გზას ადგას.

რომ ამბობ, რუსეთი მარცხდებაო, აცადე, დამარცხდეს ბოლომდე, არ მოგიქნიოს კუდი. კარგი იქნება, თუკი აფხაზები მიხვდებიან, რომ მათთვის უსაფრთხო ადგილი ისევ ქართულ არეალში დაბრუნებაა. გარანტიები, რომ მიეცემა უკრაინას, მათ შორის ჩვენი გარანტიებიც უნდა იყოს, რომ არ ვიყოთ სულ იმის შიშში, თავს არ დაგვესხას, რაიმე პროვოკაციაზე არ წამოგვაგოს. მთავარი ის არის, რომ ჩვენ აფხაზებთან ვერ მოვძებნეთ საერთო ენა“, - განაცხადა ლევან კიკნაძემ For.ge-სთან.

ვოლოდიმერ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა და პუტინს სურს, რომ ეს ყველაფერი დააბრუნოს ძალის გამოყენებით.

„მას მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, რუსეთის ადგილზე მსოფლიოში, რუსეთის ფედრაციის ლიდერობაზე და ყველა იმაზე, ვინც რუსეთსგან წავიდა და ვისაც აქვს უფლება, იყოს არა რუსეთი. მთელი ისტორიაა აქ: კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები — მოლდოველები, უკრიანა კი უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორებია. უკრაინა სახიფათოა ბევრი თვალთახედვით. პირველ რიგში, ეს ეხება რუსული ენის გავლენის დაკარგვას. მან დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა. მას სურს, რომ ეს ყველაფერი დააბრუნოს ძალის გამოყენებით. მეორე საკითხი არის უკრაინის წარმატება - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და მოსახლეობის თვალსაზრისით, ზუსტად იცის, როგორი ხალხიც არის აქ.

ბევრი მიზეზია თუ რატომ იქცევა პუტინი ასე. ამბიცია იმისა, რომ „საბჭოთა კავშირის აღდგენა მინდა“, რამდენხნიანია ეს ამბიცია? რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა? ნებისმიერ ადამიანს რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს. მგონია, რომ მისი გეგმები არასტრატეგიულია. მისი ეს მთელი მრავალვექტორულობა ... აფხაზეთსაც, რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაკარგავს“, - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

ამასთან, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება.

როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში „სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.

 

 

ლაზი "გარანტიები, რომ მიეცემა უკრაინას, მათ შორის ჩვენი გარანტიებიც უნდა იყოს"-ო. აგაშენათ ღმერთმა. ვთქვათ და ჩვენც მოგვცეს, თავდასხმის შემთხვევაში, დახმარების გარანტიები.
ახლა ვნახოთ რაში მდგომარეობს ეს დახმარება.
გარანტორი ქვეყნები რუსეთს როგორ შეაჩერებენ?:
1. იქეთ დაესხმიან თავს და გაანადგურებენ, ჩვენი დაბომბვა მყისიერად რომ შეწყვიტოს;
2. იარაღს მოგვაწვდიან ან აქ ჯარს შემოიყვანენ და ეომებიან.
თუ მეორე ვარიანტია გათვალისწინებული, მაშინ გინდ მგელს შევუჭამივართ და მგლისფერ ძაღლსო, ისე იქნება ჩვენი საქმე, რადგან გარანტორმა, რუსეთს ომი კიდეც რომ მოუგოს საქართველოსგან მაინც აღარაფერი (აღარავინ) დარჩება ცოცხალი. გამოვა რომ ის გარანტორი თავის საქმეს გაიკეთებს, ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი უნებლიედ მოსპობის ხარჯზე.
რუსეთი, ერთი თვეა უკრაინას ეომება და მისი ტერიტორიის მეათედიც ვერ მოიცვა, მაგრამ ის მეათედი, საქართველოს ტერიტორიას, ალბათ, ხუთჯერ მაინც აღემატება.
ძალიან პესიმისტური სურათი გამოვიდა, მაგრამ ვინმემ უკეთესი ვარიანტი თუ იცით, აქ დაწერეთ და დამაიმედეთ.
2 წლის უკან
არაგველი641 რუსეთის წინააღმდეგ არავითარი ხელშეკრულება და გარანტია ეფექტური არ იქნება. ინტრიგა იმაშია, რომ უკრაინასთან ომისა და პუტლერის შემდეგ პერიოდში სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უნდა ჩამოერთვას რუსეთს ის ავადსახსენებელი ქობინები.
2 წლის უკან
DDDzia არაგველი641
მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ იუმორის შესანიშნავი გრძნობა გაქვთ.
2 წლის უკან