18-წლიანი დევნის შემდეგ, შესაძლოა, ლევან მამალაძეს ამნისტია შეეხოს

18-წლიანი დევნის შემდეგ, შესაძლოა, ლევან მამალაძეს ამნისტია შეეხოს

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ კანონპროექტი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 82 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო. ამნისტია ორი ბლოკისგან შედგება. პირველი უკავშირდება კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეული სასჯელების შემცირებას, ასევე დამატებით შეღავათია გათვალისწინებული ქალებისთვის, არასრულწლოვნებისთვის და 70 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმული პირებისთვის, შესაბამისად, მათთან მიმართებაში ოდნავ დიდი იქნება ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი.

საკითხების მეორე ბლოკი უკავშირდება 2004 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ გაფართოვდა წრე იმ დანაშაულებისა, რომლისთვისაც არ იქნება გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად, ქმედებები არ დაექვემდებარება ამნისტირებას.

„ამნისტიის შესახებ“ პროექტის მეხუთე მუხლის მიხედვით, პირები, რომელთაც დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდებიან. ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული მუხლი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდის მაღალჩინოსნებს შეეხებათ. ამ კონტექსტში კი ასლან აბაშიძე, იგორ გიორგაძე და ლევან მამალაძე დასახელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ კანონპროექტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული.

„ეს არის უზნეო კანონპროექტი, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია პოლიტიკური სიმპათიებით. არაერთხელ იქნა აქ ნახსენები სიტყვა „საკრალური“. რატომ 2004 და არა 2005? ანუ, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ელიტისთვის დამახასიათებელი დანაშაული 2004 წლამდე თურმე უნდა იყოს ნაპატიები და 2005 წელს რომ ვიღაცამ რაღაც მოიპარა, ის რატომ არა? იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კანონს შეიძლება, ვუწოდოთ სახელი „ვარდების რევოლუციამდე ჩადენილი დანაშაულებების პატიების აქტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ეს არის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ინიციატორებს.

„როდესაც ადამიანი არის ციხეში, სახელმწიფოს აქვს სრული კონტროლი მასზე და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ ის არ დაავადდეს ინფექციური დაავადებით. ამიტომ იმ შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოს ვალდებულება იყო და იმ შეზღუდვების შედეგად დაზიანებული უფლებების კომპენსირებაც დღეს სახელმწიფოს ვალდებულებაა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არგუმენტები არადამაჯერებელია და არსებობს საფუძვლიან ეჭვზე უფრო მეტი, რომ ეს კონკრეტულად გამორჩეული „ისტორიული ფიგურებისთვის“ კეთდება და არა ზოგადად ამნისტიისთვის.

„ეს ადამიანები არიან ისტორიაში გამორჩეულები, ოღონდ არა კარგ, არამედ ბოროტების მხარეს. ჩვენი მტრის, რუსეთის მხარეს, ან უაღრესად კორუმპირებული შევარდნაძის ეპოქის ბოლო ეპოქის სიმბოლოები. დასახელდნენ ისინი: ასლან აბაშიძე, მამალაძე. ეს ფარისევლობა და ეს მოტივებია სწორედ აღსანიშნავი ამაში და ზუსტად ჯდება ივანიშვილის რეჟიმის ბუნებაში. ამიტომ აქვთ ზღვრად აღებული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგი პერიოდი, ამაზეც ხომ რაიმე არგუმენტი უნდა ეთქვათ, რატომ ეს ზღვარი? რატომ იქამდე არა? ამიტომ ეს ძალიან ჰგავს შეფუთვას ამ კონკრეტულ ადამიანებთან გარიგების“ , - აცხადებს გიგა ბოკერია.

უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გამორიცხულია, ამნისტია იგორ გიორგაძესა და ასლან აბაშიძეს შეეხოს, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ შეიძლება შეეხოს ლევან მამალაძეს. სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას გამბედაობა არ ეყო მხარი დაეჭირა ამნისტიისთვის სწორედ კონკრეტული სახელების და გვარების გამო, ვისაც შეიძლება ამნისტია შეეხოს.

„როგორც ჩანს, იმის სიფრთხილით, რომ შემდგომ ვინმემ არ წამოაძახოს ოპოზიციას ცალკეულ პირებთან მიმართებით ამ გადაწყვეტილების ავკარგიანობის თაობაზე, ცალკეული სახელებიდან და გვარებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გამბედაობა არ ეყოთ და ვერ დაუჭირეს მხარი ზოგიერთმა მათგანმა. ჩვენს გუნდს აღმოაჩნდა ასეთი პოლიტიკური გამბედაობა, მიუხედავად იმისა, რომ ვინმეს შეიძლება თვალში არ მოუვიდეს რომელიმე პირი, რომელიც შეიძლება ამნისტირებული იქნას, სწორია გადაწყვეტილება, რომ 18 წლის წინ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულის ამნისტირება განხორციელდეს.

მე გავეცანი მედიაში არსებულ, ღია, ხელმისაწვდომ მასალებს და შემიძლია ვთქვა, რომ იგორ გიორგაძეს, ასლან აბაშიძეს გამორიცხულია ეს ამნისტია შეეხოს, რაც შეეხება ლევან მამალაძეს, მე რა ინფორმაციებსაც გავეცანი, რაც ღია წყაროებით ხელმისავდომია, შეიძლება მას შეეხოს, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, ამას სასამართლო გადაწყვეტს, მაგრამ რომ შეეხოს, ამის მიუხედავად ვერ ვიტყვი, რომ მხარდაჭერას არ იმსახურებდა ეკონომიკური დანაშაულების ამინისტირება, რომლის შემდეგაც გასულია 18 წელი“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.