„დღეს ამერიკის პრეზიდენტი რეიგანი რომ ყოფილიყო, პუტინი დიდი ხნის შემძვრალი იქნებოდა ბუჩქებში“

„დღეს ამერიკის პრეზიდენტი რეიგანი რომ ყოფილიყო, პუტინი დიდი ხნის შემძვრალი იქნებოდა ბუჩქებში“

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები კვლავინდებურად უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს. მარიუპოლი დანებებას არ აპირებს, კიევიდან რუსს მომხდურებს დიდი მანძილით უკან დაახევინეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის გარკვეულ უბნებზე კონტრშეტევითი მოქმედებები წამოიწყეს.

უცხოელი სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, ომი უკრაინაში სამიდან ექვს თვემდე გაგრძელდება. რასაკვირველია, არის იმედი, რომ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, მაგრამ თუ მხედველობაში პუტინის გაუწონასწორებულ ამბიციებს მივიღებთ, ამისი დიდი იმედი არ არსებობს. ფაქტი ერთია, რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიმდინარე წლის შვიდი მაისისათვის ომის ძლევამოსილებით დასრულების იმედს, ალბათ, ასრულება არ უწერია.

მსოფლიოში არაერთი ცნობილი სამხედრო ექსპერტი ძველ დროს მისტირის, დროს როდესაც საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე რონალდ რეიგანი, მარგარეტ ტეტჩერი და მათი გაქანებისა და შეძლების პოლიტიკოსები მოღვაწეობდნენ.

აშშ-ის ჯარების ყოფილმა ხელმძღვანელმა ევროპაში გენერალმა კლარკმა თავისი ქვეყნის მთავრობისაგან უკრაინაში მყოფი რუსული არმიის სარაკეტო და საავიაციო დაბომბვა ოფიციალურად მოითხოვა: - „ევროპა უძლურია შეაჩეროს რუსული აგრესია. რატომ? - ჩერჩილის, დე გოლის, რეიგანისა და მარგარეტ ტეტჩერის ეპოქა წარსულს ჩაბარდა. დღეს ევროპულ სახელმწიფოებს ხელმძღვანელობენ პიროვნებები, რომლებიც თვრამეტ წლამდე წყვეტდნენ გოგოების ტუალეტში ევლოთ, თუ - ბიჭებისაში. დღეს ამერიკის პრეზიდენტი რეიგანი რომ ყოფილიყო, პუტინი დიდი ხნის შემძვრალი იქნებოდა ბუჩქებში. ჩვენი დევიზი უნდა იყოს -„თუ ჩხუბი გარდაუვალია, დაარტყი პირველმა, დაარტყი ძლიერად და ურტყი განუწყვეტლივ“.

რთულია არ დაეთანხმო კლარკის ამ მოსაზრებას. აგერ, რამდენიმე დღის წინ, პოლონეთში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრისას, თვალაცრემლებულმა ჯო ბაიდენმა პუტინს „ყასაბი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ პუტინი რუსეთის მმართველობას მალე ჩამოსცილდება. ატყდა ერთი ამბავი! თავდაპირველად დმიტრი პესკოვმა აშშ-ის პრეზიდენტს „ხურდა დაუბრუნა“ – „თავად ხარ „ყასაბი“. შემდეგ აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებმა ბაიდენის გამონათქვამების გამო რუსეთს ლამისაა ბოდიშები მოუხადეს, - „ბაიდენი საპატიო ასაკში იმყოფება, ლტოლვილებთან შეხვედრისას თავს კონტროლი ვერ გაუწია და ოფიციალურ პროტოკოლს თვითნებურად გადაუხვიაო“. წარმოგიდგენიათ ახლა მსგავსი მდგომარეობა იგივე რონალდ რეიგანის მმართველობის დროს? - მეეჭვება.

სამწუხაროდ, დღევანდელი უკრაინის საომარი კრიზისის სამი მთავარი მოქმედი გმირიდან, ერთი „გულთბილი“, მაგრამ მხცოვანი ასაკისა და დემენციის ნიშნებით შეპყრობილი ამერიკელია, მეორე, საღ გონებას აშკარად მოკლებული რუსი და შუაში კი პატრიოტიზმის ადრენალინით დამუხტული უკრაინელი. ზელენსკი მზადაა ისაუბროს ნეიტრალიტეტზე, მაგრამ ამ ნეიტრალიტეტისათვის ისეთ გარანტიებს მოითხოვს, რომ მსოფლიო და მით უმეტეს რუსეთი ამაზე არ წავლენ. უკრაინელები არც იარაღს დათმობენ, არც ტერიტორიას და არც ლოგიკურად მოსალოდნელ გამარჯვებას. თუმცა გმინავენ უდანაშაულო მსხვერპლის გამო და ასევე სამართლიანი დაჟინებით მოითხოვენ უფრო ეფექტურ იარაღსაც და სამხედრო ჩარევასაც. სიტუაციის შემდგომი განვითარების ზუსტი წინასწარმეტყველება პრაქტიკულად შეუძლებელია.

რაც შეეხება „საღ გონებას აშკარად მოკლებული“ რუსის მომავალს. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში მსოფლიოში ცნობილი ნათელმხილველებიც ჩაებნენ.

„პუტინის სიცოცხლის პიკი 2022 წლის აგვისტო-სექტემბრამდე შეინიშნება. ამ პერიოდში მისი სიკვდილის ალბათობა ძალიან დიდია. დიდი ალბათობით, ის მისივე კაბინეტში გარდაიცვლება“. - განაცხადა ცნობილმა რუსმა ნათელმხილველმა ალექსანდრე კანტონისტოვმა.

მისი მტკიცებით, აპრილის შუა რიცხვები გარდამტეხი იქნება. ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანა შესაძლებელია. ზაფხულის ბოლოს აგრესორი პუტინი შეიძლება მოკვდეს. – „ივნისის დასაწყისიდან იწყება პუტინის ცხოვრებაში ყველაზე კრიტიკული პერიოდი - ეს იქნება დიქტატორის მოწამვლისა და ფიზიკური დასჯის მცდელობები. პუტინს სავარაუდოდ, გაუმძაფრდება დევნის მანია, ფსიქიკური აშლილობა გავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებებზე რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. რეპრესიები შეიძლება გაძლიერდეს - მისი ხალხი მას მოღალატეებად მოეჩვენება. ეს გამოიწვევს არაადეკვატურ ქმედებებს, რომლებიც მხოლოდ ზიანს აყენებს მას მომავალში“.

რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მასმედიაში საინტერესო და ამავდროულად ოფიციალური „ნიუსი“ გავრცელდა.

„უკრაინელმა „ჯადოქრებმა“ და მაგებმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ოლექსი არესტოვიჩის მოწოდების შემდეგ, პუტინის წინააღმდეგ მაგიური რიტუალების ჩატარება გადაწყვიტეს. რიტუალი, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება, უკრაინის ერთ-ერთ მთაზე გაიმართება, რისთვისაც მათ სპეციალური ადგილი უკვე გამოუყვეს. „31 მარტს, მთვარის 29-ე დღეს - ჯადოსა და წყევლის დღეს, ჩვენ ჯადოქრები, მეგობარ უცხოელ კოლეგებთან ერთად, უკრაინელი ხალხის მტრის - ვლადიმერ პუტინის დასჯის რიტუალს ჩავატარებთ“, - განაცხადა რიტუალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ასტროლოგია-ნათელმხილველობის თემას ბრიტანული გამოცემაც „The Sun“ გამოეხმაურა. ახლო წარსულში პოპულარულ ბულგარელ ნათელმხილველ ვანგას თავის დროზე უწინასწარმეტყველებია, რომ მსოფლიოს მმართველი, პოლიტიკოსი, სახელად ვლადიმირი გახდებოდა. ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, რუსეთ-უკრაინის ომამდე დარწმუნებულები იყვნენ რომ ვანგას მინიშნება ვლადიმირ პუტინის მისამართით იყო გაკეთებული, ეხლა კი რწმუნდებიან რომ მსოფლიოს გაერთიანებასა და მისი წინამძღოლის ფუნქციის საკუთარ თავზე აღებას ვლადიმირ ზელენსკი შეძლებს.

ზელენსკი ვახსენეთ და ამერიკულ გამოცემას „Time“-ს თუ დავუჯერებთ, აშშ-ში ახალი ანეკდოტი გავრცელდა: მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელებისა ან დემოკრატების კანდიდატი კი არა ვოლოდიმირ ზელენსკი გაიმარჯვებს.

მსოფლიოში პოპულარული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და ხელოვანები უკრაინის მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმებით აქტიურად განაგრძობენ.

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ქეით პერიმ ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე პუტინი სცენიდან შემდეგნაირად მოიკითხა - „F@CKპუტინი“.

უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას პოპულარული მსახიობი კიანუ რივზიც შეურთდა. ამით უკმაყოფილო რუსულმა მასმედიამ ის ბინძურ ამერიკელ „ნეო-ნაცისტად“ მოიხსენია.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა, სოციალურ ქსელებში უკრაინელების მხარდასაჭერი შემდეგი პოსტი დაწერა: „უკრაინელო ხალხო, თქვენ ჩვენს გულებში ხართ, ჩვენს ლოცვებში ხართ და ძალადობისა და უბედურების წინაშე თქვენი გამბედაობა შთამაგონებელია“. მისი მტკიცებით რამდენიმე დღის განმავლობაში, თითქმის მილიონობით საკვები პაკეტის მიტანა მოახერხა კიევის, ლვოვისა და სუმის მაცხოვრებლებისთვის.

რამდენიმე დღის წინ რუსმა მომღერალმა ზემფირამ გამოაქვეყნა ფოტო რუს რეპერთან ოქსიმირონთან და ბორის გრებენშიკოვთან ერთად. „რუსები ომის წინააღმდეგ“. ასე ერქვა ლონდონში, ოქსიმირონის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტს. კონცერტიდან შემოსული თანხა უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ფონდში გადაირიცხა.

სრულიად რუსეთს კი მართლა უმძიმესი დროება დაუდგა. „რუსეთი ბანანის გარეშე დარჩება“ – „The Wall Street Journal“ -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ბანანის შეტანა ვეღარ მოხერხდება. მიზეზი სანქციებია, რომელიც ქვეყანას უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. - „ამ ხილის უმსხვილესი მიმწოდებლები ეკვადორიდან ვერ უზრუნველყოფენ რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდებას, რადგანაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნებს სანქციები აქვთ დაწესებული“.

Aburjga Tasmanieli დღეს სტალინი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ვაშინგტონში კაპიტოლიუმის ბორცვზე წითელი დროშა იფრიალებდა წარწერით СССР!
2 წლის უკან
ჯარჯი უცნაურია 21- ე საუკუნეში მაგებსა და ჯადოზე სერიოზული საუბარი და მით უმეტეს, მასზე იმედის დამყარება))) ბატონ აბურიგას აზრს კი ვეთანხმები, რადგან დიდი ალბათობით, ასე შეიძლებოდა ყოფილიყო, განსხვავებით სსრკ შემდგომი ცვედანი მმართველებისა
2 წლის უკან
ლაზი რეიგანი კი არა სტალინი რომ ყოფილიყო ცოცხალი, მაშინ ვინ სად იქნებოდა იმაზე თუ გიფიქრიათ?
დღეს რომ მსოფლიოში ავტორიტეტიანი მმართველი არ არსებობს.
სამწუხაროდ, კატების ყეფის დროა დამდგარი, რომლებსაც თავი ლომი ჰგონიათ.
2 წლის უკან
dimpi რა ხდება? for.ge ნაცსექტის ხელში გადავიდა? რა სტატიები(თუ ამას სტატია შეიძლება ეწოდოს) იდება?
2 წლის უკან