საქართველოს შანსი აქვს, რომ ქვეყნის სატრანზიტო დერეფანმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინოს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, საქართველოზე გამავალი აბრეშუმის გზა ნამდვილ და სრულ ფუნქციას შეიძენს.
ყაზახეთის მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, რომ ტვირთების ტრანზიტი საქართველოს გავლით მოახდინოს. კასპიისპირა ქვეყანამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავა, რაც მას საშუალებას მისცემს, არ დაარღვიოს რუსეთისადმი წაყენებული სანქციების მოთხოვნები.
„ჩვენ შევიმუშავეთ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების გატარების ალტერნატიული მარშრუტები და დერეფნები. სამინისტრომ ოპერატიული ზომები მიიღო იმისთვის, რომ არ დაუშვას ტვირთების მიწოდების ლოგისტიკური ჯაჭვების რღვევა“, - განაცხადა ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, კაირბეკ უსკენბაევმა და დასძინა, რომ საექსპორტო ტვირთები გადამისამართდა ლატვიის პორტებსა და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე.
„აზერბაიჯანთან, საქართველოსა და თურქეთთან მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ერთობლივი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების განვითარების მიზნით, აკტაუს საზღვაო პორტში, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში, საკონტეინერო ჰაბი შეიქმნება“, - განაცხადა უსკენბაევმა.
აქამდე ყაზახეთი სარკინიგზო ტვირთებს, ძირითადად, რუსეთის რკინიგზის გავლით ეზიდებოდა, თუმცა ოკუპანტების აგრესიამ ქვეყნები ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. საქართველოსთვის ეს უდიდესი შანსია, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოს.
გარდა ამისა, აღსანიშნვია, რომ ავღანეთიდან ხელისუფლებაში დაბრუნებულმა „თალიბანმა“ საქონლის ექსპორტი ევროპაში პირველად დაიწყო და ისიც საქართველოს გავლით ხორციელდება.
დასავლეთ ავღანეთის პროვინცია ჰერათის სავაჭრო და საინვესტიციო პალატის ხელმძღვანელის, იუნუს კაზიზადას თქმით, დაახლოებით 30 სატვირთო ავტომობილისგან შემდგარი კოლონა დატოვა რეგიონი ლაპის ლაზულის სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ, რომელიც აკავშირებს ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს.
ტრანსპორტირებული საქონლის ჯამური ღირებულება, რომელიც მოიცავს ფისტას, სეზამს, ხალიჩებს, ნუშს და სხვა პროდუქციას, 5 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.
ამ ქვეყნების გარდა, ტვირთების მოზიდვა რამდენიმე სხვა მიმართულებითაც შესაძლებელია. სწორედ ამ შესაძლებლობასა და საქართველოს მხრიდან მზადყოფნაზე საუბრობს სატრანსპორტო დარგის სპეციალისტი, „ეკო-ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.
„რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ დავიბრუნოთ ისტორიული ფუნქცია და აბეშუმის გზა, რომელიც არის ევრაზიის კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარტყელი. ეს არის პოტენციალი იმისა, რომ საქართველო რეალურად გახდეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ხელისუფლების მზდყოფნა და სამუშაოს წარმართვა, რათა საქართველომ უპასუხოს გლობალურ გამოწვევას.
არის ძალიან ბევრი წინააღმდეგობა და პრობლემა, რომლებმაც შესაძლოა, შეაფერხოს ეს პროცესი. პირველ რიგში, ეს არის ინფრასტრუქტურა, საქართველოს პორტები, საგადასახადო და საბანკო სისტემა და უსაფრთხოება, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის ლიმიტირებული: გამტარუნარიანობა საქართველოს პორტებში, რკინიგზის გამტარუნარიანობა, მილსადენებში ნავთობპროდუქტების გამტარუნარიანობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვერ უზრუნველვყოფთ იმ ნაკადების გატარებას, რომლებიც წამოვა ცენტრალური აზიიდან, ევროპის მიმართულებით.
საჭიროა დღესვე ფიქრი იმაზე, რომ დაჩქარებული წესით დავიწყოთ მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, როგორებიცაა ანაკლიის პორტი, რკინიგზის მოდერნიზაცია და ა.შ.“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.