პოლიტპატიმრების ინიციატივით შექმნილი სახალხო მოძრაობის ფარგლებში სპეციალური საზოგადოებრივი კომისია შეიქმნა, რომელმაც საკუთარი რეკომენდაციები პარლამენტს გადაუგზავნა. მოძრაობაში 12 000 ადამიანი გაწევრიანდა და თითოეულ მათგანს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ. აღდგეს ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა და პარლამენტმა უნდა მოახერხოს „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მართველობის პერიოდის შეფასება. ყოფილი პოლიტპატიმარი, თორნიკე მოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღსდგეს.
ყველა პოლიტპატიმარს გააჩნია პრეტენზია გამოძიებასთან, რომ არ მიმდინარეობს საქმეების გამოძიება. როგორ ფიქრობთ, შექმნილი სახალხო მოძრაობის ფარგლებში შეძლებთ სამართლიანობის აღდგენას?
თორნიკე მოლაშვილი: დღევანდელი მთავრობა უნდა იყოს ამით დაინტერესებული. პრეტენზიებს უყენებთ პოლიტპატიმრები გამოძიებას, რომ არ მიმდინარეობს ამ საქმეების გამოძიება. თუ ხელისუფლებას თვითონ არ უნდა გამოიძიოს ეს საქმეები, კი ბატონო, გამოყონ რამოდენიმე კაცი საპატრიარქოდან, იურისტები, ძველი ექსპერტები, ჟურნალისტები და მათთან ერთად განვიხილოთ თითოეული ადამიანის საქმე. სტუდენტებიც დავასწროთ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. განცხადება, განცხადებაზე მაქვს დაწერილი. სიმართლის დადგენა მინდა და ვერ ვადგენ.
თქვენ პირადად შეხვდით გენერალურ პროკურორს?
- შევხვდი არჩილ კბილაშვილს და დამპირდა, რომ გამოძიებული იქნება ჩემი საქმე. აქ მარტო ჩემს საქმეზე არაა საუბარი, ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის საქმის გამოძიება უნდა მოხდეს. სამართალი უნდა აღსდგეს ამ ქვეყანაზე. რატომღაც მგონია, რომ ვიღაც-ვიღაცეები ბლოკავენ ამ საქმეს. რაღაცა გარიგებები და შიდა დინებებია, ჩემი აზრით. არა მგონია, რომ მარტო პროკურატურა ბლოკავდეს ამ საქმეების გამოძიებას. 1 ოქტომბერს გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა და ქართველმა ხალხმა. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
არ შეიძლება ასე გაგრძელება. მარტო პოლიტპატიმრების მოთხოვნა არაა სამართალის აღდეგნა. ამას ყველა ითხოვს. პოლიტპატიმრებმა ორგანიზება გაუკეთეს ამას ყველაფერს და ორგანიზება გაუკეთეთ ამ შეხვედრას. ის რაც ფრანგულ რესტორანში მოხდა, მე ამისგან დაზღვეული არ ვარ. არ მინდა ციხეში წასვლა, 4 შვილი მყავს, მე სიმართლის აღდგენა მინდა.
პატიმრების ცემის ფაქტზე 12 პირია მხოლოდ დაკავებული. თქვენ იცით რამდენი კაცი აწამებდა პატიმრებს? მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში დავბერდი, ის რაც გლდანის ციხეში ხდებოდა, ასეთი არც კი გამიგონია. აბაზანაში, სადაც ხალხს აწამებდნენ, მეტალის სუნი მეცა და რომ მოვტრიალდი სისხლის გუბე ვნახე.სისხლს ასდიოდა რკინის სუნი. წარმოიდგინეთ, როგორ იქნებოდა ის პატიმარი ნაცემი მაშინ. პატიმრის მომაკვდინებელი წივილ-კივილის ხმა ისმოდა ყოველ წუთას. ხალხს აუბედურებდნენ. ნახევარი სიცოცხლე წაართვეს, სულში ჩააფურთხეს, ეს საშინელებაა.
პატიმრები ამბობენ, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მათ ოჯახის წევრების გაუპატიურებით ემუქრებოდნენ...
- მე გიდასტურებთ ამას. პირადად მე მითხრეს ასეთი რაღაცა - ვიცით, რომ შენი მეუღლე საჭესთან არის და იცოდე გვამს მივუდგებთ მანქანასთანო. საკანში ხარ და რა უნდა ქნა?! 3-4 დღის განმავლობაში გადამიკეტავდნენ წყალს. ყველა საკანში იყო წყალი, ჩემთან არ იყო. გარედან მიკეტავდნენ წყალს.
ხათუნა კალმახელიძე შემოდიოდა საკნებში?
- მე რაც იქ ვიყავი 2-ჯერ იყო შემოსული. საკნებს რკინის ფანჯრები აქვს. ერთ დღეს ყველა გაგვაფრთხილეს, რომ ფანჯარას მეტრა-მეტრანახევარზე ახლოს არ გავკარებოდით. ყველას დაგვაკეტინეს ფანჯრები ზაფხულში. ფანჯარასთან არ მიხვიდეთო, კალმახელიძე არის სტუმრადო. არ შეიძლებოდა, რომ ხათუნას პატიმარი ენახა.
თქვენი დაკავება პირდაპირ კავშირში იყო, თქვენი ძმის სულხან მოლაშვილის სარჩელთან, რომელიც მას გაგზავნილი ჰქონდა სტრასბურგის სასამართლოში. იყო მოთხოვნა, რომ თვენს ძმას გამოეტანა სარჩელი?
- 2011 წლის 21 ივლისს, სანამ სახლიდან გამოვიდოდი მეუღლეს ვუთხარი, რომ დღეს დამაკავებენ და იცოდე-თქო. ვიცოდი, რომ დამაკავებდნენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 2-3 მანქანით დამყვებოდნენ. იმ დღეს, სანამ დამაკავებდნენ, მანქანა გავაჩერე და მოვედი ამ ბიჭებთან, ხინკალზე დავპატიჟე. ვკითხე, რატომ დამდევთ, რა გინდა-თქო. პასუხი არ ჰქონდათ. ბრძანება გვაქვსო და, ამის შემდეგ დამაკავეს.
დაკავების შემდეგ, მანქანაში აღმოჩნდა ნარკოტიკები და მაკაროვის ტყვიები სახლში. მე ვარ პოლიციის პოლკოვნიკი და სტეჩკინის ტარების უფლება მქონდა. მაგრამ, ეს მოსამართლემ არ გაითვალისწინა. გამოძიება და სასამართლო ისე ჩატარდა, რომ მაგრძნობინეს, რომ ჩვენ ვართ კანონი და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთო.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, ასე იყო ნამდვილად. შემომთავაზეს, რომ სკაიპის მეშვეობით უნდა დავლაპარაკებოდი სულხანს და პროკურატურის თანამშრომელი უნდა დასწრებოდა ამ საუბარს.
ვინ გთავაზობათ ამას?
- ადვოკატის მეშვეობით შემომითვალეს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ. მე თუ დაველაპარაკებოდი სკაიპით სულხანს და დავითანხმებდი, რომ სარჩელი უკან გამოეტანა, დილის 11 საათზე პროცესი გაიმართებოდა, საპროცესო გაფორმდებოდა 1200 ლარად და გამათავისუფლებდნენ. მე სულხანს ვერ ვეტყოდი, რომ სარჩელი გამოიტანე-თქო. თქვენ პირადად იცით, მისი წამების დეტალები. გაბედეთ მაშინ და თქვენ პირველმა გაახმაურეთ სულხან მოლაშვილის წამების ფაქტი.
როცა უარი განვაცხადე, გადამიყვანეს სასამართლოზე, მომისაჯეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა და გადამიყვანეს გლდანის ციხეში. შემიყვანეს პირდაპირ კარანტინში, სადაც გული გამიხდა ცუდად. რომ არა ახალგაზრდა ექიმი გოგონა (მხოლოდ სახელი ვიცი მისი - ირმა) დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ამიყვანეს „A“ კორპუსში, 2-კაციან საკანში, იქ იყო ვიღაცა ლევან ხუციშვილი, რომელიც გაიყვანეს და 22 დღე მარტო ვიყავი. მერე „B“ კორპუსში, ანუ თანამშრომლების კორპუსში, 66-ე საკანში ამიყვანეს. სადაც ფარული კამერა იყო დამონტაჟებული.
იცოდით, რომ ფარული კამერა იყო დამონტაჟებული?
- ყოფილი თანამშრომელი ვარ და ამის აღმოჩენა არ გამიჭირდებოდა. 66-ე საკანში გარედან თეთრი სადენი შედის. საკანში დამხვდა 2 პიროვნება - ბაჩო ქვლივიშვილი და ვუგარ ალიევი. მათი ამოცნობა არ გამჭირვებია, თავიდანვე დაინტერესდა ყველაფრით. გასაგები იყო, ვისთან მქონდა საქმე.
როგორ ფიქრობთ, მიზანმიმართულად მოხდა თქვენი მის საკანში გადაყვანა და მითუმეტეს, სადაც დამონტაჟებული იყო ფარული კამერა?
- რა თქმა უნდა. მე ვთხოვე ბიჭებს, ბაჩო ქვლივიშვილი კისერზე შემოაჯდა ალიევს და ამოვავსეთ კამერა. ამის გამო გამიყვანა ადმინისტრაციამ საკნიდან, აპარატურა რატომ დააზიანეო. რაზეც უპასუხე, რომ ნახვრეტიდან ტარაკნები გამოდიოდა-თქო. ჩემს მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
იგივე ალიევი ფიგურირებს თამაზ თამაზაშვილის საქმეში. ძირითადად რითი ინტერესედებოდა ალიევი...
- ალიევი იყო ერთ-ერთი უძლიერესი აგენტი მთელ ციხეში. მას ამუშავებდნენ და მისი მეშვეობით იგებდნენ კონკრეტულ პატიმრებზე ინფორმაციას. ის უმძიმესი ბრალდებითაა დაკავებული, ეს არის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაცია. შემდეგ, რამოდენიმე თაღლითობა დაუმატეს. თუ რამის გაგება უნდოდათ, ალიევის მეშვეობით იგებდნენ. ალიევს მოვლილი ჰქონდა ყველა საკანი. ჩვენს საკანში შემოიყვანეს თამაზ თამაზაშვილი, მე მას უთხარი, რომ ეს ადამიანი იყო აგენტი და, რომ ის მუშაობდა ადმინისტრაციაზე. როგორც გითხარით, ჩემთან პრობლემა არ ჰქონდათ, მთავარი ფაქტორი იყო სულხანი. მას სარჩელი უნდა გამოეტანა.
სხვათა შორის თქვენმა ძმამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის წამებას გიგა ბოკერია ესწრებოდა...
-ასე იყო. გიგა ბოკერიას გარდა, მის წამებას ესწრებოდნენ ზურაბ ადეიშვილი და ვალერი გრიგალაშვილი. ეს ვიცოდი თვითონ სულხანისგან. არაფერი არ შეცვლილა ფაქტიურად. ახლა გავახმაურებ ერთ საქმეს... პატიმრობაში ყოფნის პერიოდში სულხანს შეუკერეს ერთი საქმე, თითქოსდა სულხანმა თავისი თანამშორმლის გამო, ვიღაც ექიმს შეურაცხყოფა მიაყენა. დღესაც სასამართლო განიხილავს ამ საქმეს. ველოდებით რა იქნება.