„ნეგატიური განწყობა დასავლეთში უფრო რუსი ოლიგარქების მიმართ აქვთ, თორემ „რუსკი ვანია“ ძალიან კარგად დადიოდა ეგვიპტეში, ტაილანდში, თურქეთში“

„ნეგატიური განწყობა დასავლეთში უფრო რუსი ოლიგარქების მიმართ აქვთ, თორემ „რუსკი ვანია“ ძალიან კარგად დადიოდა ეგვიპტეში, ტაილანდში, თურქეთში“

ჯერ კიდევ მაშინ, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, კრემლი აღშფოთებას ვერ ფარავდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ანტირუსულ გამონათქვამებში შეიმჩნეოდნენ.

ერთ-ერთი მათგანი პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა იყო. ანდჟეი დუდას მხრიდან გამოხატული არასასურველი რიტორიკა საქართველოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან დააფიქსირეს რუსებმა, როცა სასაზღვრო ხაზთან ვიზიტის დროს დუდას აღმოხდა, რომ „რუსეთი არ არის ნორმალური სახელმწიფო, რუსეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც ნორმალურად იქცევა, რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა და ამის დანახვა სწორედ ასეთ ადგილებში (ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე) შეიძლება“.

ანდჟეი დუდას ნათქვამით გაღიზიანებულმა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მაშინ თქვა, რომ რუსებს ასეთი რიტორიკის მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ, არ მოსწონთ და არც იღებენ ამგვარ ნათქვამს, რადგან რუსეთი მეგობრული, ძლიერი და თავდაჯერებული სახელმწიფოა.

დღეს, როცა უკრაინაში შეჭრის გამო ყველას სამიზნე პუტინი და რუსეთია, რუსეთი ამ ყველაფერს ისევ არამეგობრულ ჟესტად აღიქვამს. თუმცა პუტინი ნაკლებად აცნობიერებს, რომ აგრესია არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ ჩვეულებრივი რუსების მიმართაც იმატებს, რადგან მათ თავიანთ ლიდერს ოკუპანტის მადა არ დაუკარგეს.

საქართველოში რუსი ხალხის და რუსული ენის მიმართ ბოლო დროს მომრავლებული ანტიპათიის გამო ისმის ცალკეული ადამიანების მოწოდებები, რომ რუს ხალხს უნდა ვაპატიოთ ის, რომ სისხლისმსმელი პრეზიდენტი ჰყავთ და ვერაფერი გააკეთეს მის მოსაშორებლად. თუმცა ეს კიდევ მეორე საკითხია, ხომ არ აწყობთ რუსებს, რომ მათი არაადეკვატური ლიდერი ბირთვული იარაღის ჟღარუნით მთელ მსოფლიოს აზანზარებს? იქნებ მხოლოდ პუტინი არ უნდა გახდეს განტევების ვაცი და პრობლემა რუს ხალხშიცაა?

უკვე კეთდება პროგნოზი, რომ როცა პუტინი ამ ავანტიურას დაამთავრებს უკრაინაში, რუსები აღმოჩნდებიან იმ ნადირის პოზიციაში, რომელთა მონადირებაც ნებისმიერ კუთხეში იქნება შესაძლებელი. ეს კი ნიშნავს, რომ თუ აქამდეც რუსები არ ითვლებოდნენ სასურველ სტუმრებად, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ისინი მთელ მსოფლიოში ყველაზე არასასურველი ადამიანები გახდებიან და საყოველთაო ანტირუსულ განწყობას დაიმსახურებენ. სხვათა შორის, ასეთი განწყობა იყო გერმანელების მიმართაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რადგან მათ ვერ შეაჩერეს ჰიტლერი.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, რუსეთის მოსახლეობას რა არჩევანი აქვს და როგორი ხელისუფლება სურს. რაც შეეხება ანტირუსულ განწყობას, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბევრი ძლიერი ქვეყანა სანქციების დაწესებასაც ვერ ბედავს რუსეთისთვის.

„ხომ ხედავთ, საერთო ბლოკადასა და სანქციებზე ბევრმა ქვეყანამ უარი განაცხადა, ჩინეთმა უარი თქვა, ასევე, თურქეთმა, ისრაელმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა. კი ბატონო, რუსი ხალხის მიმართ ნეგატიური განწყობა დასავლეთში იქნება, მაგრამ ეს ნეგატიური განწყობა უფრო რუსი ოლიგარქების მიმართ აქვთ, რომლებიც დადიოდნენ დასავლეთში, თორემ „რუსკი ვანია“ დადიოდა ეგვიპტეში, ტაილანდში, თურქეთში და თავს კარგად გრძნობდა. ციმბირში, ურალსა და ეკატერინბურგში მცხოვრები ვანია თუ არ ჩავიდა პარიზში, ამით არაფერი დაშავდება. აგერ, საქართველოშიც ჩამოდიან რუსები და ამით ახდენენ კომპენსაციას. ბოლოს და ბოლოს, ისევ თურქეთში ჩავლენ, გაერთიანებულ არაბთა ემირატებში, ეგვიპტეში გაისეირნებენ. ვიეტნამმაც გახსნა კურორტები. ცხადია, სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის, რომ ისინი უკრაინის ოკუპაციას ახდენენ, მაგრამ რუსი ხალხი მიჩვეულია ცუდ მდგომარეობაში ცხოვრებას და პრეტენზია არ აქვს უკეთეს მდგომარეობაზე“, - გვითხრა ვახტანგ მაისაიამ.

მანვე განმარტა, რომ შეიძლება, რუს ოლიგარქებს სურდეთ უკეთეს მდგომარეობაში ცხოვრება, მაგრამ ეს ოლიგარქებიც მოიცილა პუტინმა და ეს მისი პლუსია. პუტინს უნდოდა, ოლიგარქები დაემარცხებინა და ესეც გააკეთა.

უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნებისმიერი მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი მტერია ის ხელისუფლება, რომელიც არჩევნების გზით კი არაა მოსული, არამედ მუდმივად ახვევს თავს მოქალაქეებს ძალაუფლებაში საკუთარ ყოფნას. ცხადია, ასეთი რეჟიმების ერთადერთი მოტივაციაა თავისი ხელისუფლების უვადოდ გახანგრძლივება და მათ არ ადარდებთ, საკუთარი ხალხის მიმართ რა განწყობაა მსოფლიოში.

„ბუნებრივია, თვითონ საერთო ატმოსფეროდანაც ჩანს, რომ ტრადიციულად სტუმართმოყვარე ევროპა, სტუმართმოყვარე საქართველო ვერ ხვდება ხელგაშლილი უბრალო რუს ტურისტსაც კი, რადგან არსებობს შიში. ქვეყანა, რომელიც ახორციელებს შენი სახელმწიფოს ნაწილის ოკუპაციას, ამჟამად ყველაფრით გაუმართლებელ, არაფრით განპირობებულ ომს აწარმოებს მოძმე ერის მიმართ, სადაც იღუპებიან ბავშვები, ქალები და პირდაპირი მითითებაა, არაადამიანური მოქმედებები და ზემძლავრი იარაღი გამოიყენონ უბრალო მოსახლეობის მიმართ, როდესაც ასეთი ტერიტორიიდან შენს ტერიტორიაზე ხდება თუნდაც მშვიდობიანი მოტივით ადამიანების გადმოსვლა, ცხადია, ბუნებრივი შიში იღვიძებს და ასეთ დროს წარმოუდგენელია გულღია მასპინძლობა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების. ეს უნდა გააცნობიეროს თავად რუსმა ხალხმა და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება არჩევნების ყუთთან, მაგრამ რადგან რუსეთში არჩევნების ყუთი გაუქმებულია, რუსებმა უნდა შექმნან პირობები, რომ რუსეთი ისევ დაუბრუნდეს არჩევნების რეჟიმს“, - აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.