„თურქეთს ერთპიროვნული გადაწყვეტლებები აქვს მიღებული და თვლიან, რომ რუსი ოლიგარქები უფრო მეტ სარგებელს მოუტანენ თურქეთის ეკონომიკას“

„თურქეთს ერთპიროვნული გადაწყვეტლებები აქვს მიღებული და თვლიან, რომ რუსი ოლიგარქები უფრო მეტ სარგებელს მოუტანენ თურქეთის ეკონომიკას“

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე რუს ოლიგარქებს ფინანსური, ეკონომიკური თუ სხვა სახის სანქციები შეეხოთ. ფინანსური სანქციების გარდა, ევროკავშირმა რუს ოლიგარქებსა და ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვას ახალი სანქციები დაუწესა - მათ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება შეეზღუდათ და საზღვარგარეთ აქტივები გაუყინეს.

ამ სიაში მოხვდნენ შემდეგი ოლიგარქები: იგორ სეჩინი, ნიკოლაი ტოკარევი, ალიშერ უსმანოვი, პიოტრ ავენი, მიხაილ ფრიდმანი, სერგეი როლდუგინი და რომან აბრამოვიჩი.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრის დროს, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისგან თავის შეკავება ურჩია - „აბრამოვიჩმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში“.

ასეც აღმოჩნდა რუსი ოლიგარქი თურქეთში და რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკების მორიგ რაუნდსაც დაესწრო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თურქეთი სანქციებს არ შეუერთდა და მზად არის სანქცირებული რუსი ოლიგარქები მიიღოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და ასევე განმარტა რა ხერხით მიიღებს თურქეთი რუსს ოლიგარქებს.

„ჩვენ განვახორციელეთ გაეროს მიერ დამტკიცებული სანქციები. თუ რუსეთის რომელიმე მოქალაქეს სურს თურქეთში ჩამოსვლა, შეუძლიათ ჩამოვიდნენ. თუ რომელიმე ოლიგარქს უნდა ბიზნესის დაწყება თურქეთში და თუ ეს ბიზნესი ლეგალურია, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაშინ მე ამას განვიხილავ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლების მიმართ რუს ოლიგარქებთან დაკავშირებით შეკითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც თურქეთში რომან აბრამოვიჩის ორი სუპერ იახტა ჩავიდა, რომელთა გაყვანაც მან ევროპის პორტებიდან მოასწრო.

როგორ შეიძლება მოხდეს სანქცირებული რუსი ოლიგარქების ბიზნეს საქმიანობის განხორციელება თურქეთში, იმის ფონზე, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები მათ ყოველდღურად სანქციებს უზრდიან და ქონებას უყადაღებენ? - ამ კითხვით ანალიტიკოსებს მივმართეთ.

ექსპერტები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმით ხსნიან, რომ ეს თურქეთის პოლიტიკაა და ამასთან თურქეთმა სანქციებს მხარი არ დაუჭირეს.

„თურქეთი თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. უფრო მეტსაც გეტყვით, უკრაინა საომარ მოქმედებაშია, თუმცაპრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ისიც მზად არის რუსმა ოლიგარქებმა იქ გააგრძელონ მოღვაწეობა. ასე რომ, ასეთი რაღაცეები არ უნდა გაგვიკვირდეს. ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, აქედან გამომდინარე თურქეთის განცხადება გასაგებიც არის“, - განუცხადა for.ge-ს სამხედრო ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ანალიტიკოს ლადო ბოჟაძეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არ გაჰკვირვებია.

„ცნობილი ფაქტია, რომ თურქეთი სანქციებს არ შეუერთდა, როგორც სხვა ქვეყნები, როგორებიც არიან: ისრაელი, სომხეთი, აზერბაჯანი და მოლდოვა. ამ სანქცირებული ოლიგარქებიდან რომან აბრამოვიჩის ამოღება თავად ვოლოდიმერ ზელენსკიმ მოითხოვა და აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ჩაერთო. ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები იყო სტამბულში და იმედია, ომი მალე დასრულდება.

რაც შეეხება უშუალოდ თურქეთის გადაწყვეტილებას, ის სანქციები, რომელიც კონკრეტულ ოლიგარქებს ადევთ და, თუ მათ გადაადგილების პრობლემა არ ექმნებათ, ან მათ აქტივების გაცოცხლების საშუალება ექნებათ, რომელიც რუსულ ბანკებში აქვთ და ამის საშუალებას საერთაშორისო ვალდებულებები მისცემთ, ამაზე არც თურქეთი და არც სხვა ქვეყნები უარს არ იტყვიან.

ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ყველა რუსული ბანკი SWFT-ის სისტემაში ისედაც არ იყო გაწევრიანებული. შესაბამისად, ეს სანქცია მათზე არ აისახებოდა. ამიტომ, რუსეთში არის ბანკები, რომლებიც ფუნქციონირებას აგრძელებენ. თუმცა, საგადასახადო სისტემები „ვიზა“ და „მასტერქარდი“ მათ არ აქვთ და ამიტომ, რუსეთში არსებულ ნებისმიერ ბანკს უცხოური ვალუტის განაღდების უფლება არ აქვს.

მკითხველისთვის რომ განვმარტოთ, სანქციები არა რუსეთს როგორც სახელმწიფოს, არამედ კონკრეტულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ადევთ, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან სანქცირებულნი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თურქეთსა და რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, ამიტომ ეს უკვე თურქეთის გადასაწყვეტია, რას და როგორ იზამს“, - განაცხადა ბოჟაძემ.

რუსი ოლიგარქების თურქეთში მიწვევას ქვეყნის შიდა პოლიტიკური ქმედებებით ხსნის ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი თავის პოლიტიკას აწარმოებს. ფიქრობს, თუკი მის საზოგადოებასა და სოციუმს გამოადგება რუსი ბიზნმესმენები, რომლებიც შეიძლება იყვნენ სანქცირებულები, მაგრამ საერთაშორისო კანონს არ არღვევდნენ, ამ შემთხვევაში, მათ გამოიყენებს. თურქეთს ასეთი რამ ახასიათებს და მათ გადაწყვეტილებებს რომ გადავხედოთ, თურქეთს ერთპიროვნული გადაწყვეტლებები აქვს მიღებული, რომლებსაც ძირითად ასე ხსნიან - ჩვენ, ჩვენი საზოგადოებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ახლაც, სწორად ასეთი მოცემულება გვაქვს. ისინი თვლიან, რომ რუსი ოლიგარქები უფრო მეტ სარგებელს მოუტანენ თურქეთის ეკონომიკას. ასევე ცნობილია, რომ თურქეთი არასდროს სანქციების მოყვარული არ ყოფილა. ამასაც ხსნის იმით თავიანთი საზოგადოების ინტერესებით“, - განუცხადა ანალიტიკოსმა for.ge-ს.