ლგბტ პირების ჩაგვრის შესახებ უტყუარი მონაცემები არ არსებობს

ლგბტ პირების ჩაგვრის შესახებ უტყუარი მონაცემები არ არსებობს

17 მაისს თეა სიჭინავას გადაცემაში „არგუმენტები“ For.ge-ს დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორ _ გია იაკობაშვილსა და უფლებადამცველ ნინა ხატისკაცს შორის დებატებმა ინტერნეტმომხმარებლების რეაქცია გამოიწვია. გია იაკობაშვილი ნინა ხატისკაცისგან კონკრეტული ფაქტებისა და კონკრეტული პირების დასახელებას მოითხოვდა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებები ილახებოდა. კერძოდ, გია იაკობაშვილს აინტერესებდა, ვინ დაიჩაგრა, ვინ სცემეს, ვის მიუვარდნენ და რომელმა “სანდო” კვლევებმა დაადასტურა ლგბტ ადამიანებზე ზეწოლის შესახებ?! თუმცა ნინა ხატისკაცმა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება ვერ შეძლო.

ასევე, ხატისკაცი აცხადებდა, რომ ლგბტ საზოგადოების უფლებები თუნდაც იმითაც ილახებოდა, რომ ამ ადამიანებს სხვანაირად უყურებდნენ. თუმცა გია იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ გამოხედვასა და გამომეტყველებაზე ჯერჯერობით სისხლის სამართლის კოდექსში არანაირი მუხლი არ არის შეტანილი, რეალურად კი ლგბტ პრობლემის არსი ბუკოვსკის სიტყვების მიღმა იმალება _ რაც უფრო ცუდად იქნებიან სექსუალური უმცირესობები, მატერიალურად მით უფრო კარგად იქნებიან მათი უფლებების დამცველები. ამდენად, გია იაკობაშვილის თქმით, 17 მაისს ლგბტ ადამიანები კი არ აქტიურობდნენ, არამედ _ მათი უფლებების დამცველები. 

აღნიშნული გადაცემის შემდეგ ჩვენ დავინტერესდით, კონკრეტული ფაქტების შესახებ მოიპოვა თუ არა მასალები ნინა ხატისკაცმა. თუმცა მან აღნიშნა, რომ ეს მონაცემები ამ ეტაპზე არ აქვს. 

„ამ წუთას თან არ მაქვს ეს კვლევა, შემდგომში შემიძლია მოგაწოდოთ, არც ორგანიზაცია მახსოვს, მაგრამ ამ კვლევის მიხედვით, ზეწოლა არც ისე დიდი რაოდენობის ლგბტ ადამიანზე განხორციელდა. მე მგონი, ას ადამიანს ეკითხებოდნენ, ხორციელდებოდა თუ არა მათზე ძალადობა, ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ადამიანების 30 %-მდე ამბობდა, რომ მათზე განხორციებულა ფიზიკური ზეწოლა, ხოლო 50 %-ზე მეტი ამბობდა, რომ მათზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, გინება, დაცინვა. ასევე, მიუმართავთ პოლიციისთვის და ამით არ იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილნი, რადგან მათ მიმართ დამოკიდებულება არაადეკვატური და ცინიკური იყო პოლიციის მხრიდან, თუმცა მათი ნაწილი ამბობდა, რომ საკმაოდ კონსტრუქციული დამოკიდებულება გამოავლინეს პოლიციელებმა“,_აცხადებს ნინა ხატისკაცი.

ჩვენ დავინტერესდით, იქნებ, ლგბტ ადამიანები შეგნებულად ავრცელებენ, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა და, სინამდვილეში, ეს გრანტის მოზიდვის წყაროა?! ამის შესახებ უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, თითქოს ასობით ადამიანმა  პირი შეკრა კონკრეტული გრანტისთვის. შესაძლოა, გრანტისთვის რომელიღაც ორგანიზაცია ზრუნავდეს და მისი კონკრეტული თანამშრომლები ცდილობდნენ კონკრეტული გარემოს შექმნას, მაგრამ ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ჩვეულებრივი ადამიანები შეკრავდნენ პირს კონკრეტული გრანტისთვის. 

ხატისკაცის თქმით, თუკი ეს მოტივაცია დევს რომელიმე ორგანიზაციის ქმედებაში,  მოწინააღმდეგე მხარემ ამას თავისი ქმედებით არ უნდა შეუწყოს ხელი.

საინტერესოა, გამორიცხავდა თუ არა ნინა ხატისკაცი, რომ ეს ადამიანები საზღვარგარეთ მოხვედრის მიზნით ტყუილად აპელირებდნენ დევნით?! ამის შესახებ უფლებადამცველი აცხადებს, რომ, თუკი პოლიციისადმი მიმართვა არსებობს, კონკრეტული ფაქტებიც უნდა გადამოწმდეს; ასევე, ომბუდსმენის ოფისს აქვს გარკვეული პირების შესახებ მონაცემები. თუმცა, როგორც წესი, ძალიან ხშირად კონკრეტული თემები იმდენად სპეციფიკურია, რომ პოლიციისთვის მიმართვა იშვიათად ხდება.

„ვერ წარმომიდგენია, ადამიანები სრულიად შეთხზული მითებით მიდიოდნენ სამართალდამცავ ორგანოებთან და ტყუილად აპელირებდნენ, თითქოს ისინი სცემეს. ამას დიდი ვაჟკაცობა უნდა და არა მგონია, ამას მასშტაბური ხასიათი ჰქონდეს. 17 მაისის შემდგომ დღეებში მიმდინარე მოვლენებს თუ დავაკვირდებით, მსგავსი ზეწოლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა კონკრეტული ნიშნით_გრძელი თმის,  განსხვავებული ფერის თმის, ჩაცმულობის გამო და ა.შ.“_აცხადებს ხატისკაცი.

შეკითხვაზე, 17 მაისს ლგბტ საზოგადოების წევრებმა ძალით ხომ არ მოახდინეს საზოგადოების პროვოცირება, როცა ჩვენს ტრადიციულ ქვეყანაში აქციის ჩატარება გადაწყვიტეს, ნინა ხატისკაცმა აღნიშნა, რომ პროვოცირების მოხდენაზე მაშინ უნდა  გვესაუბრა, თუკი აქცია ჩატარდებოდა. აქცია საერთოდ არ ჩატარებულა და ჩვენ არ ვიცით, ეს ადამიანები რას ითხოვდნენ.

და ბოლოს, ჩვენ დავინტერესდით, ეთანხმებოდა თუ არა ნინა ხატისკაცი იმ აზრს, რომ ამ აქციაზე რეალურად ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები კი არ გამოვიდნენ, არამედ მათი უფლებადამცველები. ამაზე პასუხის გაცემა ნინა ხატისკაცს ამ ეტაპზე უჭირს, თუმცა არ უკვირს, რომ ასეთ აქციებში ყოველთვის მონაწილეობენ სულ სხვა ორგანიზაციები.

მისი თქმით, ეს ბუნებრივიცაა, ასე ხდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებითაც, როცა მათ თანადგომას უცხადებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ, ასევე, ხდება პატიმრების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების შემთხვევაშიც.

მეტიც, ნინა ხატისკაცის თქმით, არასამთავრობოების მიმართ ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ისინი გრანტებზე არიან ორიენტირებულნი, თუმცა რეალურად ეს ორგანიზაციები რომ არ იყვნენ, ბევრად უფრო დაუცველნი იქნებოდნენ კონკრეტული ჯგუფები. ამიტომ ხელაღებით იმის თქმა, რომ რაღაც კეთდება გრანტისთვის, უსამართლობა იქნება.

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის მეუღლე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც 17 მაისის აქციის დროს ლგბტ საზოგადოებას თანადგომა დაუფიქსირა.

ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა, რომ კვლევის მონაცემები არ აქვს და კონკრეტულად ვერ დაადასტურებს, რა პრობლემები შეექმნათ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს. მით უფრო, რომ ეს მისი სფერო არ არის. თუმცა აცხადებს, რომ პირადად მან 17 მაისის აქციაზე სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება გადაწყვიტა, რადგან ვიღაცას მაინც უნდა ამოეღო ხმა.

„ჩვენ წარმოვადგენთ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრს და ასეთი ტიპის ქეისებზე მუშაობის გამოცდილება არ გვაქვს. ამ ადამიანების მიმართ ძალადობა თუ ხდება, ამის შესახებ მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებით მომისმენია. ვნახე კადრები, სადაც გოგონა ამბობდა, რომ თავს დაესხნენ იმ ღამეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ამას არანაირად არ გამოვრიცხავ, რადგან ასეთი განცდა მაქვს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იპოვა თავისი განტევების ვაცი. იმ დღეს აგრესიის ისეთი მაღალი მუხტი იყო, რაც ასე იოლად არ გაივლის. მით უმეტეს, თუ არ დაისჯებიან დამნაშავეები. პარანოიალური ხედვაა, თითქოს ეს ყველაფერი გრანტის მისაღებად იყო გამიზნული. თუკი სამოქალაქო სექტორის ადამიანები ჭარბობდნენ იმ აქციაზე, ეს მათი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება იყო, რაც მისაღებია“_აღნიშნა მაია ცირამუამ. 

ამასთან, თეორიულად არც ის გამორიცხა, რომ ლგბტ პირების ნაწილი თავს მსხვერპლად წარმოაჩენდეს, თუმცა 17 მაისის კადრების შემდეგ დარწმუნდა, რომ ამ ადამიანების დევნა რეალურია.

მისი თქმით, საზოგადოებაში აგრესიის მუხტი მაღალია და ეს უკავშირდება განვლილ 25 წელს, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. ამას ემატება ისიც, რომ ტაბუსთან მოხდა შეჯახება, რაც პიროვნების ღრმა და სერიოზულ პლასტებს უკავშირდება. მეტიც, საზოგადოება არ არის მზად ამ ტიპის ადამიანების მისაღებად და ასეთი პრობლემები ყველა ქვეყანაშია.

ამდენად, ფსიქოლოგი აცხადებს, რომ მის ორგანიზაციას თუ მიმართავენ ეს პირები, კარგი იქნება. ამასთან, ფიქრობს, რომ ლგბტ პირებს აქამდე მათთვის შესაძლოა იმიტომ არ მიუმართავთ, რომ არ იციან მათ შესახებ.

„ნამდვილად დაზარალდნენ თუ არა ეს ადამიანები, ეს უკვე საკითხის იურიდიული მხარეა. თუმცა მთავარია სამარშრუტო ტაქსში გადაღებული მძიმე კადრები, როცა ლგბტ პირებს და მათ მომხრეებს მოძალადე ადამიანების ალყა აკრავთ. ამდენად, შესაძლოა, მათ ტრავმული რეაქციები განუვითარდეთ“,_აცხადებს მაია ცირამუა.