შეიძლება თუ არა რუსების ნდობა და რელურად, კიევის მისადგომებიდან ჯარის გაყვანა რატომ გადაწყვიტეს?

შეიძლება თუ არა რუსების ნდობა და რელურად, კიევის მისადგომებიდან ჯარის გაყვანა რატომ გადაწყვიტეს?

შეიძლება თუ არა რუსეთის ნდობა და რას ნიშნავს მათი გადაწყვეტილება კიევის დებლოკირების შესახებ? უკან დახევა თუ სამხედრო ტაქტიკური მანევრი? ახლა ანალიტიკოსები იმაზე მსჯელობენ, რატომ გადაწყვიტა მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან ჯარის გაყვანა. მათი აზრით, რუსები მიხვდნენ, რომ კიევის არათუ აღება, ალყის დარტყმაც კი გაუჭირდათ, ამიტომ ადამიანური რესურსის ასე ტყუილად გაფლანგვას, სჯობს ამ ძალების იქ მობილიზება, სადაც უფრო მეტი შანსი აქვთ. მათი აზრით, რუსები მიიჩნევენ, რომ ეს შანსი აღმოსავლეთ უკრაინაში უფრო აქვთ, ამიტომ ბოლომდე რაღაცა ხელჩასაჭიდის მიღებას ცდილობენ. ისინი ამას უკან დახევად არ აფესებენ და მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა პუტინის „ბ“ გეგმაც იყოს.

უკრაინული მშვიდობის კონტურები თურქეთში 28 მარტს უკვე გამოიკვეთა. რუსულმა ტანკებმა სამხედრო მოქმედებების 34-ე დღეს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქების დატოვება დაიწყეს და ბელარუსის მიმართულებით გაემგზავრნენ. დელეგაციების წარმომადგენლებს სამშვიდობო მაგიდა ხელცარიელებს არ დაუტოვებიათ, თუმცა ხელი ჯერ არც ერთ დოკუმენტზე არ მოუწერიათ. დოლმაბაჰჩეს ისტორიული სასახლის ეზოში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შეხვედრის დეტალებზე პირველმა დავით არახამიამ მიაწოდა მედიას ინფორმაცია.

უკრაინული დელეგაციის წევრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის საბოლოდ თქვას უარი NATO-ს წევრობაზე, თუკი სანაცვლოდ მიღებენ ალიანსის მეხუთე მუხლის ტოლფას მექანიზმს. უსაფრთხოების გარანტორ სახელმწიფოებად კიევმა გაეროს უშიშროების წევრი და არაწევრი ქვეყნები დაასახელა. მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარის ინიციატივა იყო, რომ ცალკე პუნქტად განხილულიყო ყირიმისა და დონბასის სტატუსი 15-წლიან პერსპექტივაში. ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს უკრაინელები ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის თემად განიხილავენ.

გზავნილებს რუსული დელეგაციის წევრები მალე ანკარიდან მოსკოვში პუტინს ჩაუტანენ, თუმცა იქამდე ღიად განაცხადეს, რომ არ ეწინააღმდეგებიან უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში და, რომ უცვლელია კრემლის მოთხოვნა უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. მოსკოვმა კიევს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრაც შესთავაზა, რომელსაც თან უნდა ახლდეს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა. უკრაინელებმა სწორედ მოლაპარაკებებიდან გამოსული რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილისგან შეიტყვეს, რომ რუსული არმიის ნაწილი მათ ტერიტორიებს დატოვებდა.

უცვლელი პირობებით, შეცვლილ ლოკაციაზე შეხვედრა 28 მარტს დილიდან დაიწყო, დაპირისპირებული მხარეების შეხვედრის ადგილად ამჯერად სტამბოლი შეირჩა, სადაც უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იყო მიღებული. სანამ დახურულ კარს მიღმა დასხდებოდნენ, დელეგაციის წევრებს შუამავალი ქვეყნის პრეზიდენტმა მიმართა.

მოლაპარაკებები თურქეთშიც სწორედ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. სტამბოლამდე იყო 5 უშედეგო შეხვედრა. ისტორიული მოლაპარაკებები კი, თურქეთის ისტორიულ სასახლეში დილიდან დაიწყო და 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სამშვიდობო მაგიდა ხვალ ისევ შეკრებს მხარეებს, ორ კვირაში კი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა უნდა გაიმართოს, სადაც, სავარაუდოდ, უკვე სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ რუსების ნდობა არ შეიძლება, რადგანაც მსგავსი არაერთი ხელშეკრულება თუ პირობა დაურღვევიათ. ამიტომ ანალიტიკოსი for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ ეს ერთგვარი ტაქტიკური მანევრი იყოს, რომლის შემდეგაც რუსული ჯარი სულს მოითქვამს და უკრაინას ახალი ძალებით შეუტევს. თუმცა მაისაიას მიაჩნია, რომ კიევის აღება ასე მარტივი არ არის და ჭკუათმყოფელ ადამაინს უნდა გაეთვალა, რომ 3 მილიონიან ქალაქს როცა ალყაში აქცევ, თუნდაც დაიკავო, მისი გაკონტროლება შეუძლებელი იქნება.

„რუსეთს ასეთი შეთანხმებებისთვის ხელი არაერთხელ მოუწერია და მერე ისევ თავადვე დააურღვევია. გვაქვს ბევრი გამოცდილება, როცა სამხედრო კონტიგენტი არა თუ შეუმცირებია და გაუყვანია, არამედ პირიქით, გაუზრდია. როგორც ჩანს, რუსები მიხვდნენ, რომ კიევის დებლოკირება სჯობს, რადგანაც დედაქალაქის აღება თავიდანვე სიგიჟედ მეჩვენებოდა. მისი აღება რომც მოახერხონ, კონტროლი შეუძლებელი იქნება. ქალაქში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ამდენი სამხედრო ძალა რუსეთს არ ჰყავს. მით უმეტეს უკვე ერთი თვეა საკმაოდ მძიმე ბრძოლებში არიან ჩართულები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსები სხვა ტერიტორიებზე უარს იტყვიან, ან ამით ომი სრულდება. როგორც ჩანს, პუტინს გაუჩნდა სურვილი, რომ სამხრეთ უკრაინა სრულიად ხელში ჩაიგდოს. მისთვის პრიორიტეტი შესაძლოა, დნეპრი გახდეს. უკრაინელებმა თავისი წინაპრების სამხედრო ტაქტიკა გამოიყენეს, რომლითაც რუსების შეკავება კარგად მოახერხეს. ოპერატიული ტაქტიკური ინიციატივა უკვე უკრაინელების მხარეს გადავიდა“, - ამბობს მაისაია.

რა შეიძლება ახლა პუტინის „ბ“ გეგმა იყოს და ამ ერთვიანი ომის ფონზე მიაღწია თუ არა მან დასახულ მიზანს? - მაისაია ამბობს, რომ პუტინის გეგმა იყო უკრაინას ნატოზე უარი ეთქვა და ნეიტრალიტეტის სტატუსი გააქტიურებულიყო. მეორე მხრივ კი პუტინი დემილიტარიზაციას მოითხოვს. ხოლო აქ გარანტორები გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები და პლუს რეგიონალური ჰეგემონი ქვეყნები იქნებიან.

„თუ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა კიდევ მოინდომა, მაშინ ეს ქვეყნები: თურქეთი, ისრაელი, კანადა, პოლონეთი იძულებულები იქნებიან, რომ სამხედრო მოქმედებებში ჩაერთონ. ამიტომ უკრაინა იძულებული იქნება, რომ მუდმივ ნეიტრალიტეტს დასთანხმდეს. ხოლო რუსეთი ამ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, თუკი ეს შეთანხმება საბოლოოდ შედგება და ხელმოწერითაც გამყარდება, უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა ვეღარ გაბედოს. უკრაინას შვედეთის მსგავსი ნეიტრალიტეტი ექნება. პუტინი დემილიტარიზაციასაც მოითხოვს და ასევე იმას, რომ რუსული უკრაინაში მეორე სახელმწიფო ენა იყოს. როგორც ჩანს, მოლაპარაკებები ყირიმის და დონბასის ირგვლივ სადღაც 15 წელი გაიყინება. ამ რეგიონების ბედს უკვე პუტნის და ზელენსკის პირდაპირი შეხვედრა გადაწყვეტს“, - ამბობს მაისაია.

„რონდელის“ ფონდის მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა ძალიან კარგად იცის რუსები როგორი სიტყვის შემსრულებლები არიან და მათი ნდობა რამდენად არის შესაძლებელი. ბატიაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ რუსები ამ მიმართულებით ქართველებს არაერთხელ გვყავს გამოცდილი, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალში. მათ მიერ ჩვენთვის დადებული არც ერთი პირობა არ შესრულებულა. ასევე კარგად გვახსოვს 15 თებერვალს გაკეთებული განცხადება, რომ ისინი უკრაინაში შეჭრას და ომს არ აპირებდნენ. თუმცა 24 თებერვალს უკრაინას თავს დაესხნენ.

„ახლა როდესაც საუბარია იმაზე, რომ რუსები კიევის მიმდებარე ტერიტორიიდან გადიან, ესე ტაქტიკური მანევრი მგონია. დიდი ალბათობით, ისინი ძალების გადაჯგუფებას ახდენენ. კიევში არაფერი გამოუვიდათ, ამიტომ ახლა ამ ძალებს ჯერ რუსეთში გადაიყვანენ, შემდეგ კი ისევ აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით გადაისვრიან. ამას რუსები მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ დედაქალაქის ასაღებად ძალები არ ეყოთ და გადაჯგუფებას აკეთებენ. ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შანსები კიდევ აქვთ და ძალის დაზოგვას ცდილობენ.

 ეს ყველაფერი არ დაიმალება, რადგან განსხვავებით აფხაზეთის ომისა, დღეს ძალზედ ბევრი ტექნიკური საშუალება არსებობს იმის, რომ მათი სამხედრო გადაადგილება გაშიფრული იქნას. არავითარ შემთხვევაში ეს რუსეთის კეთილი ნების გამოხატვას არ ნიშნავს. ეს არის ის, რომ მათ ფიზიკურად კიევის დაკავება კი არა, ალყის შემორტყმაც ვერ შეძლეს. ამიტომ იქ ჯარების გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა. ეს იყო ადამიანური რესურსის უაზრო ხარჯვა და, დიდი ალბათობით, ამას აღმოსავლეთ უკრაინაში გადაანაწილებენ. ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, ხელი არავის არაფერზე მოუწერია. ეს მხოლოდ წინადადებების დონეზე გაკეთებული განაცხადია“, - ამბობს ბატიაშვილი.