„არსებობს მონაცემები, რომ ფსბ-ში იმ მიმართულების ხელმძღვანელობა, რომელსაც მეხუთე კოლონის შექმნა ჩაუვარდა უკრაინაში, შინაპატიმრობაშია გადაყვანილი“

„არსებობს მონაცემები, რომ ფსბ-ში იმ მიმართულების ხელმძღვანელობა, რომელსაც მეხუთე კოლონის შექმნა ჩაუვარდა უკრაინაში, შინაპატიმრობაშია გადაყვანილი“

„არსებობს მონაცემები, რომ ფსბ-ს იმ მიმართულების ხელმძღვანელობა, რომელსაც მეხუთე კოლონის შექმნა ჩაუვარდა უკრაინაში, შინაპატიმრობაშია გადაყვანილი. მოგეხსენებათ, ფსბ პუტინისთვის განსაკუთრებული შინაგანი ორგანოა, რადგან პუტინი მისი დირექტორი იყო პრემიერ-მინისტრობამდე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე.

რუსეთს უნდოდა, დროში მოეგო, უკრაინისთვის სწრაფად დაერტყა და ფაქტის წინაშე დაეყენებინა დასავლეთი, რომ უკრაინის დახმარება უკვე დაგვიანებული იყო. მოვლენები დროში გაიწელა. ნატოში რუსეთის დანაკარგებს ითვლიან და აღმოჩნდა, რომ ოკუპანტის დანაკარგი დაღუპულთა, დაჭრილთა, დაკარგულთა და ტყვედ ჩავარდნილთა ჩათვლით 40 ათასამდე ადამიანს შეადგენს. რამ განაპირობა რუსეთის სამხედრო მანქანის ჩავარდნა?

- უკრაინაში რუსეთის ჩავარდნა ძალიან ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი ფაქტორია რუსული სადაზვერვო სამსახურების სრული სისუსტე, სტრატეგიული დაზვერვის, ასევე, სამხედრო დაზვერვის კუთხით. განსაკუთრებით, უნდა აღვნიშნოთ რუსული ფსბ-ს ოპერაციის ჩავარდნა, რომელსაც უკრაინაში შესაბამისი მეხუთე კოლონის შექმნა და რუსეთის ჯარისთვის მარტივი გასეირნების უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა ადგილობრივი პრორუსული ძალების ხარჯზე. ამასთან, რუსულმა სადაზვერვო სამსახურებმა ვერ გათვალეს უკრაინელი ხალხის განწყობა და მათი საბრძოლო სულისკვეთება ისევე, როგორც უკრაინული შეიარაღებული ძალების საბრძოლო დონე, მაღალი დონის მომზადება. გარდა ამისა, გათვლა არსებობდა ევროპის და ნატოს წევრ ქვეყნებს, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოებაზე, ამის სანაცვლოდ, რუსულმა ჯარმა იხილა დასავლელი მოკავშირეების უპრეცედენტო ერთობა და უპრეცედენტო დახმარება შეიარაღების თვალსაზრისით.

რუსი ჯარისკაცების აუდიოჩანაწერებიდან ჩანს, რომ ისინი უკრაინაში ასეთ ყინვებსაც არ მოელოდნენ. ესეც პრობლემა იყო ბრძოლის თვალსაზრისით?

- რაც შეეხება ყინვებს, ასეთი ომის დროს, ერთი შეხედვით, სითბოც არ არის მომგებიანი, რადგან ტანკები სტეპზე ვერ მოძრაობენ, ტალახში ეფლობიან, ყინვაში კი კარგი ლოჯისტიკური მომზადება, უზრუნველყოფა სჭირდებათ, რაც რუსულ ჯარს არ აღმოაჩნდა. ეს მომზადება თავიდან ბოლომდე ჩავარდა და ამის მაგალითია, რომ რუსული სამხედრო კოლონები უმიზნოდ დაეხეტებოდნენ უკრაინაში და ხშირად ხდებოდნენ უკრაინული შეიარაღებული ძალების სამიზნე.

თქვენ მეხუთე კოლონა ახსენეთ. უკვე წლებია, საქართველოში რუსეთი გამალებით ცდილობდა მეხუთე კოლონის შექმნას, რაც მეტ-ნაკლები წარმატებით გამოსდიოდა. არავინ იცის, სამომავლოდ საქართველოში არსებული მეხუთე კოლონა რა საბედისწერო როლს შეასრულებს, უკრაინაში კი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა გაცილებით მეტია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსები უკრაინელთა მხარეს დადგნენ. რატომ ვერ მოახერხა რუსეთმა უკრაინელი რუსების მობილიზება ისე, რომ როგორც პუტინი ელოდა, რუსულ „განმათავისუფლებელ“ ჯარს ყვავილებით დახვედროდნენ? ეს იმითაც ხომ არ აიხსნება, რომ უკრაინაში მცხოვრებმა რუსებმა დამოუკიდებლობის ფასი იგრძნეს და არ სურთ რუსულ ტყვეობაში ყოფნა?

- უკრაინაში რუსეთმა ვერ მოახერხა საზოგადოების პოლარიზება, ვერ მოახერხა პროპაგანდის თავის სასარგებლოდ ამოქმედება, რის შედეგადაც უკრაინელი ხალხი, მათ შორის, რუსულენოვანი მოსახლეობა, რომლებზეც ფიქრობდა რუსეთი, რომ მართლაც ყვავილებით დახვდებოდნენ, მედგარ წინააღმდეგობას უწევს მას. ამის მაგალითია ხარკოვი, მარიუპოლი, აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონები, აღარაფერს ვამბობ ტრადიციულად ანტისაბჭოთა განწყობების მქონე დასავლეთ უკრაინაზე. ერთი მხრივ, ეს არის რუსული ფსბ-ს ჩავარდნა, რომელსაც ევალებოდა სიტუაციის შემზადება, მეორე მხრივ, ეს არის უკრაინული სპეცსამსახურების სწორი მოქმედება. როგორც ჩანს, უკრაინამ სწორად გააცნობიერა მის წინაშე არსებული საფრთხეები, სწორი კონტრღონისძიებები დაგეგმა რუსული პროპაგანდის და რუსული სადაზვერვო ღონისძიებების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, წარმატებად უნდა ჩავუთვალოთ უკრაინულ სპეცსამსახურს, ალბათ, დასავლური სპეცსამსახურების დახმარებითაც, რომ ადგილზე არ აღმოჩნდა არც ერთი კარგად სტრუქტურირებული, პრორუსული პარტია, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა სიტუაციის მართვას. კიდევ ერთი წარმატების ფორმულა ეს არის უკრაინაში ადგილობრივი არჩევნების შედეგად არჩეული ადმინისტრაციები, რომლებიც ხარკოვში, მელიტოპოლში, მარიუპოლში წინააღმდეგობის მედგარ ფრონტად იქცნენ მოსახლეობასთან ერთად.

ამდენი თანხა იხარჯებოდა რუსული ტექნიკის გაძლიერებაზე, მაგრამ მითი რუსეთის არმიის უძლეველობის შესახებ დაიმსხვრა. აღმოჩნდა, რომ ადამიანური რესურსიდან დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული, რუსული მხარე ძალიან მოწყვლადი ყოფილა. გამოდის, რუსეთი იარაღის ჟღარუნით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე ტექნიკის მოდერნიზებით? ამითაც აიხსნება მათი თავდაცვის მინისტრის გაუჩინარება?

- კორუფცია, რომელიც გაბატონებულია რუსულ სამხედრო იერარქიაში იარაღის მხრივ, ეს არის ერთგვარად რუსეთის მხსნელი, რადგან რუსეთი სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს თავისი ჩემოდნებით გადატანილი აღურიცხავი შავი ფულით. მეორე მხრივ, სწორედ ეს კორუფციაა რუსეთის და ტოტალიტარული სახელმწიფოების ყველაზე უფრო დიდი საფრთხე, სუსტი წერტილი. ის მილიარდები, რომელიც დაიხარჯა რუსული ჯარის მოდერნიზებაზე, უძირო ქვევრში ყოფილა ჩაყრილი, უამრავი თანხაა შეჭმული, სამაგიეროდ, ამ ტოტალური შიშის ფონზე რუსი სამხედრო მეთაურები არწმუნებდნენ ქვეყნის პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს, რომ ყველაფერი რიგზე იყო, რუსულ იარაღს ანალოგი არ ჰქონდა. სინამდვილეში, საკმაოდ მოწყვლადი რუსული ტექნიკა და დაბალი საბრძოლო მოქმედების მქონე, მათ შორის, წვევამდელებით დაკომპლექტებული ჯარი ერთი-მეორის მიყოლებით ნებდებოდა მოხალისეებს და უკრაინის ოფიციალურ სტრუქტურებს. ბუნებრივია, ახლა რუსეთში განტევების ვაცის ძებნა დაიწყება, რადგან ოპერაციის პირველი ეტაპი, რუსებისთვის საუბედუროდ, წარუმატებლად დასრულდა, სავსებით შესაძლებელია, ეს განტევების ვაცი იყოს სწორედ თავდაცვის მინისტრი, ან რომელიმე მაღალჩინოსანი რუსეთში. არსებობს მონაცემები, რომ ფსბ-ში (რომელიც პუტინისთვის განსაკუთრებით შინაური ორგანოა, რადგან ის მისი დირექტორი იყო პრემიერ-მინისტრობამდე) იმ მიმართულების ხელმძღვანელობა, რომელსაც მეხუთე კოლონის შექმნა ჩაუვარდა უკრაინაში, შინაპატიმრობაშია გადაყვანილი. ყოველ შემთხვევაში, სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ ასრულებენ. ეს ჩვეულებრივი პროცესია ავტორიტარულ სახელმწიფოებში, როდესაც ანალიზი კი არ ხდება, რატომ ჩავარდა სამხედრო ოპერაცია, არამედ იწყება განტევების ვაცის ძიება.

ეს განტევების ვაცი რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს თვითონ პუტინი? ცნობილია, რომ პუტინს ეშინია არა რუსი ხალხის, ეშინია არა ოლიგარქების, არამედ ძალოვანების მხრიდან გადატრიალების.

- ბუნებრივია, პუტინს აქვს პანიკური შიში საკუთარი გარემოცვის მიმართ. ზოგადად, პუტინმა კარგად უნდა იცოდეს (რადგან ის ბევრ პოლიტიკურ მკვლელობაშია მხილებული და გარეული), როგორ ასრულებენ დიქტატორები ცხოვრებას. სწორედ ამის გამოძახილია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ეკრანზე, რამდენი მეტრის დაშორებით ხვდება პუტინი საკუთარ გარემოცვას, იქნება ეს საგარეო საქმეთა მინისტრი, უშიშროების საბჭოს სხვა წევრები. არსებობს მონაცემები, რომ გენერალური შტაბის უფროსსაც კი პუტინთან 3-5 მეტრის მანძილზე მიახლოება აკრძალული აქვს, არადა, გენერალური შტაბის უფროსი ომის პირობებში უმაღლესი მთავარსარდლის უახლოეს თანამებრძოლად ითვლება. ეს იმიტომ ხდება, რომ ომის შედეგებით უკმაყოფილო სამხედროების და მაღალჩინოსნების მხრიდან არ განხორციელდეს პუტინზე თავდასხმა. გავრცელებული ინფორმაციით, საევაკუაციოდ მომზადებულია აღმოსავლეთ რუსეთის ტერიტორიაზე მიწისქვეშა საოპერაციო ქალაქები, ინფრასტრუქტურა, რომელიც ბირთვული ომის დროს გამოყენებისთვის იყო გამიზნული საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა ეს უფრო კუნთების ჩვენებას, ბირთვული ომის ზღვარზე ბალანსირებას ჰგავს, ვიდრე ბირთვული იარაღის რეალურად გამოყენების შესაძლებლობას.

უკრაინაში შეჭრის მეორე ეტაპი როგორ დასრულდება პუტინისთვის?

- პირველი ტალღის დროს პუტინი ცდილობდა ე.წ. უკრაინის დენაციფიკაციას, ანუ ზელენსკის მმართველობის ცვლილებას. ეს არ გამოუვიდა, მაგრამ პუტინი ასე სახის შეუნარჩუნებლად უკან დაბრუნებას ვერ მოახერხებს, ასეთ შემთხვევაში, საკუთარი მოსახლეობის მძევალი და დარტყმის ობიექტი გახდება, რადგან მსხვერპლი უკრაინაში ძალიან დიდია. ამიტომ ცდილობს, მეორე ეტაპზე გაუგონარი სისასტიკით გაუსწორდეს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, რომ შიშმა, დიდი რაოდენობით მსხვერპლმა, უზარმაზარმა ზარალმა იქნებ გატეხოს უკრაინელი ხალხის ნება და მათ სცადონ საკუთარი მთავრობის იძულება რუსეთთან წამგებიანი მოლაპარაკების წარმოებისთვის, ან საერთოდ საკუთარი მთავრობის დამხობა.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ხაზს უსვამს საქართველოს მხარდამჭერის აუცილებლობას. ნატოს გადაწყვეტილება აღმოსავლეთით თავდაცვის გაძლიერებაზე რამდენად სახიფათო იქნება საქართველოსთვის რუსეთის აგრესიის გამოვლენის თვალსაზრისით?

- აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება აისახოს საქართველოზე, მით უმეტეს, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაც იმის შესახებ იყო, რომ უკრაინის ომმა ნათლად აჩვენა დასავლეთის არასაკმარისი ზომები რუსეთის შესაკავებლად თუნდაც 2008 წლის რუსული აგრესიის ფონზე. დღეისათვის მსოფლიო შეცვლილია, მსოფლიო თვლის, რომ უფრო მეტად პროაქტიური უნდა იყოს 21-ე საუკუნის ამ უბედურებასთან ბრძოლაში. მე ვფიქრობ, უფრო მეტი დახმარებისთვის იქნება მზად დასავლეთი, რომ ეს დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს, მოლდოვას და სხვა ქვეყნებს. ამისთვის აუცილებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მაქსიმალურად გააქტიურება, რომ ჩვენთვის მომგებიანი სქემები შევთავაზოთ დასავლეთს, რომელსაც საქართველოს გარეშეც ძალიან ბევრი სატკივარი აქვს კრემლის რეჟიმის ხელში.

david.goglichidze@gmail.com გენიოსა! მეორე კლასში ჩარჩა!
2 წლის უკან
ჯარჯი მაინ რამდენი " ექსპერტია" საქართველოში?)))
2 წლის უკან