ტაილანდში ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა, ქართულ საზოგადოებას ამცნო, რომ მნიშვნელოვან დიპლომატურ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, ვანუატუმ ცნობა აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ გააუქმა. გარდა სააკაშვილის ზეპირი განცხადებისა, ამ დრომდე ვანუატუს მთავრობას, მეტიც, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი განცხადება არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ სეპარატისტული ხელისუფლების აღიარებასთან დაკავშირებით, ვანუატუს ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო 2 წელია სხვადასხვა განცხადებებს აკეთებდნენ, სხვადასხვა დონეზე. ახლაც, რომ იგივე გააკეთონ ეს სულაც არ იქნება გასაკვირი.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებას სერიოზულ დიპლომატიურ მიღწევად აფასებს და აცხადებს, რომ ვანუატუ საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს.
„სერიოზული დიპლომატიური შედეგი იქნა მიღწეული. ახლახანს ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა დამიდასტურა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ გადაიფიქრეს აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილების მიღება, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობას საქართველოსთან. ალბათ, ქართველების უმეტესობას ვანუატუს სახელმწიფოს შესახებ არც გაუგია და ამაზე ცოტა რამ იცის, მაგრამ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ რუსეთის მიერ მთელს მსოფლიოში სირბილის, მოსყიდვის შანტაჟის, მთელი დიპლომატიური რესურსების ჩართვის შემდეგ ესაა პირველი პრეცედენტი, როცა ერთ-ერთმა ქვეყანამ, რომელიც რუსეთს დათანხმდა, თავისი აზრი შეიცვალა. ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მცდელობა არ დაგვიკლია, რომ მათ ეს გადაწყვეტილება შეეცვალათ. ესაა პირველი პრეცედენტი, როცა რუსეთმა დიპლომატიურ ფრონტზე განიცადა ძალიან სერიოზული მარცხი. დარწმუნებული ვარ, არა უკანასკნელი,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიღწევა დასავლელი პარტნიორების დამსახურებაა.
„აი, რას ნიშნავს პატარა ქვეყნის მუშაობა თუნდაც შეზღუდული რესურსებით. რას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს სერიოზული დასავლელი მოკავშირეები. დასავლეთის მხარდაჭერა აკეთებს ამ ყველაფერს, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად, რომ ჯერ იმ ქვეყნებმა შეცვალონ გადაწყვეტილება, რომლებსაც ჩვენი ტერიტორიები რუსეთმა აღიარებინა, შემდეგ კი მოვა დრო, როცა რუსეთიც დაიხევს ამ აღიარებისგან უკან. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.
სააკაშვილის განცხადებას, დღის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, ქართულ მხარეს სურდა, ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარების უკან წაღება დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შემდეგ საზეიმოდ განეცხადებინა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ისეთ მოწყვლად ქვეყნებში, რომლებიც, შეიძლება, ჩვენი ოპონენტების სამიზნეები აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი იყო ვანუატუს მაგალითი. რომელმაც 2011 წლის მაისში გადაწყვიტა აფხაზეთის დამოკიდებელ ერთეულად ცნობა და მასთან ურთიერთობა დაამყარა. მაშინ მათ უვიზო რეჟიმის შესახებაც კი განაცხადეს. ამის შემდეგ, ვანუატუში რამდენჯერმე მოხდა ხელისუფლების ცვლილება,“ - ამბობს ჯალაღანია.
აღსანიშნავია რომ, მიმდინარე წლის მარტში იმავე პრემიერ-მინისტრის მართველობის დროს, რომელმაც 2011 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, გაცხადდა სურვილი და მზაობა საქართველოსთან დიპლომატური ურთიერთობის დამყარების შესახებ. მაშინ ეს გადაწყვეტილება შეფასდა, როგორც გაუგებრობა.
ვანუატუს მიმართულებით კომუნიკაცია და ძალისხმევა გააქტიურდა, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 29 აპრილს, საქართველოს ელჩი ავსტრალიაში იმყოფებოდა ვანუატუზე, შეხვდა ვიცე პრემიერ-მინისტრს და საუბარი შეეხო იმ დეტალებს, რომელიც აუცილებელია ფორმალურად ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად.
ამასთან, როგორც დავით ჯალაღანია აცხადებს, საქართველოს ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვეულებრივ, ამ პროცედურას, ვანუატუს შემთხვევაში, დამატებოდა საქართველოს პოზიცია და წინადადება, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მომხდარიყო საერთაშორისოდ მიჩნეულ და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.
„როგორც მოგეხსენებათ, ეს პროცესი, როგორც ლეგალურ, ისე პოლიტიკურ შეფასებას საჭიროებს. ვანუატუს მხარემ გარკვეული დრო ითხოვა და რამდენიმე ხანში დიპლომატიური არხებით შეგვატყობინა, რომ ისინი ჩვენი ტექსტის ვარიანტს ეთანხმებოდნენ, ანუ აქ ხდებოდა არამარტო ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ქვეყნებს შორის, არამედ, ყოველგავრი სპეკულაცია რომ გამორიცხულიყო, ვანუატუ აღიარებდა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
მიმდინარე კვირეების განმავლობაში, ველოდებოდით ფორმალიზაციას აღნიშნული შეთანხმებისა, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვენი მისიების დონეზე უნდა მოხდეს ნიუ-იორკში, როგორც ეს ჩვეულებრივად ხდება ხოლმე. თქვენ იცით, რომ გასულ წელს რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან დაამყარა საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა და ეს ჩვეულებრივი პროცესია. თუმცა, ვანუატუს შემთხვევაში, შეიძლება, ვისაუბროთ საქართველოს საერთო წარმატებაზე.
აქვე, მინდა აღვნიშნო, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების როლი, რომლებიც ძალზედ დიდ მხარდაჭერას გვიცხადებდნენ საერთაშორისო არენაზე, იმ ქვეყნების მისამართით, რომელთანაც დიალოგში ხაზგასმით აღნიშნავენ სამართლისა და საერთაშორისო პრონციპების განუხრელი დაცვის აუცილებლობას. ამდენად, ეს ფაქტი ნამდვილად სასიხარულო და მისასალმებელია, თუმცა, თუ ვიქნებით ძალიან პედანტები დიპლომატიური და იურიდიული თვალსაზრისით, მე ვისურვებდი, რომ ამაზე ჩვენ უფრო ხმამაღლა და საზეიმოდ გაგვეცხადებინა უშუალოდ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოქმის ხელმოწერის შემდეგ,“ - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ვანუატუს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ შემთვევაშიც იგივე გააკეთონ, რასაც უკვე ორი წელია ადგილი აქვს.
„არის ბევრი კითხვის ნიშანი. იმიტომ, რომ ვანუატუში ხელისუფლების ცვლილება ხშირი მოვლენაა. ჯერ კიდევ 3 თვის წინ მორიგმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ვანუატუს ოფიციალურად არც უღიარებია აფხაზეთი და თუ ასეთი დოკუმენტი არსებობდა, უკან გაიტანდა ამას. მერე, საპირისპირო განცხადება გააკეთა ვანუატუს წარმომადგენელმა გაეროში. მაშინაც კი, ვითომ, ვანუატუმ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და მაშინაც გამოჩნდა ერთი ჩინოვნიკი იმავე ხელისუფლებიდან, რომელიც ამბობდა, რომ აღიარება არ მომხდარა.
ოფიციალური დოკუმენტი აღიარებასთან დაკავშირებით, თითქოსდა არსებობს, მაგრამ ეს დოკუმენტი რატიფიცირებული არ იყო იქაური საკანონმდებლო ორგანოს მიერ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ მიხეილ სააკაშვილმა მიაღწია იმას, რომ ეს საკითხი დამთავრდა და დამთავრდა ამ ფორმით, მაშინ ძალიან კარგი. სხვათა შორის, ეს არც არის გასაკვირი. ტაილანდიდან გვეუბნებოდა სააკაშვილი, რომ აქ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უნდა იყვნენო. არადა, ადრე თვითონვე თქვა, რომ საგარეო საკითხებს თვითონვე მიხედავდა. ამიტომ, თუ ასეთი კეთილი საქმე გააკეთა, ძალიან კარგი,“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
ექსპეტი სოსო ცისკარიშვილი კი მიიჩნევს, რომ ამას რაიმე სახელმწიფოებრივ ინტერესებთან კავშირი არ აქვს.
„რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ რომელიმე კუნძულოვან სახელმწიფოზე, ვინ მოახერხა და ვინ არ მოახერხა, რომ არაღიარების პოლიტიკა შემდგარიყო, ამას პრეზიდენტს ნუ დავაბრალებთ. რადგან, ვიცით როგორ ხდებოდა აღიარების პოლიტიკა. იქ რუსეთი იხდიდა ფულს, როდესაც აღიარების თემაზე ზოგიერთ უსუსურ სახელმწიფოში პრაქტიკულად არის გარკვეული სისტემა, რომელიც უფრო ემსგავსება სავაჭრო თემას, ვიდრე პოლიტიკას.
რასაკვირველია, უბრალოდ, პრეზიდენტის თანხმობაა საჭირო, რომ ამა თუ იმ ჯუჯა სახელმწიფოს ხელი გაუმართოს საკუთარი პოლიტიკის მხარდასაჭერად. არაფერი დიდი დიპლომატია, აქ საჭირო არაა. ტოტალიზატორის მსგავსი მოვლენა გახლავთ და თავად უნდა განსაზღვროს საზოგადოებამ, რა შეიძლება პირადად გაეკეთებინა ვანუატუსთვის სააკაშვილს, თუ არა დიდი დაშოშმინება იმ კუთხით, რისი მოლოდინიც ჰქონდათ ამ ძალიან საინტერესო ერის ხელისუფლებას,“ - განმარტავს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.