რომან აბრამოვიჩს და უკრაინელ სამშვიდობო მომლაპარაკებლებს სავარაუდო მოწამვლის სიმპტომები აღმოაჩნდათ. ინფორმაციას The Walls Street Journal ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მათ მოწამვლის ნიშნები სწორედ კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ აღმოაჩნდათ. რომან აბრამოვიჩს და უკრაინული დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს ისეთი სიმპტომები განუვითარდათ, როგორიცაა თვალების სიწითლე, მუდმივი და მტკივნეული ცრემლდენა და კანის აქერცვლა სახისა და ხელების არეში. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ბრიტანული მედიასაშუალება წერს, სავარაუდოდ, მოწამვლის მიზანია რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის და ომის შესაძლო დასრულების ჩაშლა. გამოცემა აბრამოვიჩთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსი ოლიგარქისთვის უცნობია ვინ იმოქმედა მათ წინააღმდეგ. ბრიტანული მედიის ცნობით, ექსპერტები აცხადებენ, რომ რთულია იმის დადგენა, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული სიმპტომები - ეს შეიძლება ყოფილიყო ქიმიური ან ბიოლოგიური ტიპის მოწამვლა ან ელექტრომაგნიტური გამოსხივების რადიაციული შეტევა.
Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, აბრამოვიჩმა შუამავლის როლში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა. რომან აბრამოვიჩის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი მიმდინარე თვის დასაწყისში სავარაუდოდ მოწამლეს, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ ვინ იყო კიდევ სამიზნე და რა იყო სავარაუდო მოწამვლის წყარო. მაგრამ აქვე დასძენს, რომ რუსი ოლიგარქი გააგრძელებს მოლაპარაკებებს უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად ომის დასასრულებლად.
თავად უკრაინელ მომლაპარაკებლებს მოწამვლის ფაქტი არ დაუდასტურებიათ. რუსტემ უმეროვი, რომელიც ერთ-ერთ სავარაუდო დაზარალებულად არის მოხსენიებული, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საზოგადოებას მოუწოდებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
„მე კარგად ვარ. ეს არის ჩემი პასუხი ყველა გავრცელებულ ყვითელ ამბავზე. გთხოვთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. მიმდინარეობს ასევე საინფორმაციო ომი“, - წერს რუსტემ უმეროვი.
„ბიბისის“ ცნობით, აბრამოვიჩთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ ის მოლაპარაკებებში მას შემდეგ ჩაერთო, რაც დახმარება სთხოვეს. როგორც ირკვევა უშუალოდ ვლადიმერ პუტინის თანხმობით, აბრამოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს შეხვდა, რათა მხარეებს შორის შემდგარიყო მოლაპარაკებები. ამის შემდეგ აბრამოვიჩი თურქეთში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტ ერდოღანის მრჩეველს შეხვდა.
როგორც ცნობილია, უშუალოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესოს, რადგან აბრამოვიჩმა შესაძლოა ხელი შეუწყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
რა მოხდა და რომელი ქვეყნის ინტერესში შედიოდა რუსი ოლიგარქის ჩამოშორება, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტერორისტული აქტის შემცველი ქმედება, რომლის მიზანს, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, წარმოადგენდა ის, რომ რეალურად ეს პროცესი, ანუ მოლაპარაკება არ უნდა დაწყებულიყო. ან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შედეგი არ უნდა ჰქონოდა.
„ეს არის პოლიტიკური და სამხედრო დაზვერვის მიმართულებით განხორციელებული ქმედება და ზოგადად, ასეთი პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობს, რომელშიც სპეცსამახურები მონაწილეობენ. ცალსახად იმის თქმა, რომ ამ წუთში ვისაუბროთ აქტის მაორგანიზებელ რომელიმე სახელმწიფოზე, ეს ძალიან ძნელია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით რეალური ინტერესები იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც პირდაპირ, ან ირიბად მონაწილეობენ ამ საომარ მოქმედებებში.
რამდენადაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რეალურად ჩვენ მესამე მსოფლიო ომის პირობებში ვიმყოფებით. მართალია, ორი სახელმწიფოს მოქმედება ჩანს, მაგრამ ირიბი კუთხით და ზოგჯერ პირდაპირ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა არის ჩართული ამ კონფლიქტში, როგორც იარაღის მიწოდების, ისე პროპაგანდის და კომპრომეტაციის თვალსაზრისით. ძალიან დიდ მასშტაბებთან გვაქვს საქმე და ყველაზე ცუდი ის არის, რომ კიდევ უფრო გააქტიურდა ერთი მიმართულება, რომ საქართველო ჩართული იქნას ამ კონფლიქტში“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.
კითხვაზე, რომელი ქვეყნის ხელწერა იკვეთება, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ ეს შეიძლება იყოს ყოფილი, ან მოქმედი სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებიც ფინანსური წრეების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან და მოქმედებენ მათი კარნახით. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ცალსახად მარტო სახელმწიფო ინტერესებზე არ უნდა ვისაუბროთ.
„ჩვენ ვსაუბრობთ ორ სახელმწიფოზე, ეს არის უკრაინა და რუსეთის ფედერაცია, რომლებშიც საკმაოდ დიდი ინტერესები გააჩნიათ მაღალი ფინანსური შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებში მნიშვნელოვან ზეგავლენას ფლობენ და მათ შორის მართავენ პოლიტიკურ პროცესებს. დაინტერესებული მხარე არის ის, რომელსაც სურს კონფლიქტის განგრძობადობა.
ამ კონფლიქტში არის არა მარტო პოლიტიკური ინტერესები, არამედ ამ კონფლიქტში ჩადებულია სამხედრო და ეკონომიკური ინტერესები. ასე რომ, ამ ყველაფრის ერთმანეთთან ბმა, შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება კიდევ დიდ ხანს უნდა გაგრძელდეს. აქ საუბარი არის დიდ ფინანსებზე, მათ შორის იარაღის არა მარტო ლეგალური, არამედ არალეგალური ბაზრების უწყვეტი მუშაობისათვის საკმაოდ ხელსაყრელ სიტუაციაზე.
მოვლენის ორგანიზებაში ჩართული შეიძლება იყოს ყველა ის სახელმწიფო, რომელიც ირიბად არის ჩაბმული ამ კონფლიქტში და ელოდება სარგებელს. მაგრამ, ცალსახად უნდა მივანიშნოთ იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს ფინანსური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც რეალურად, გარკვეულ და მნიშვნელოვან პროცესებს მართავენ მსოფლიოში.
ანუ ე.წ. მესამე ხელისუფლება, რომელიც რეალურად უხილავია, მაგრამ მათ გარეშე პრაქტიკულად, არც პოლიტიკური და არც სხვა სახის პროცესი მსოფლიოში არ მიმდინარეობს. ასე რომ, მოწამვლის ფაქტები საომარი კონფლიქტის ფონზე მოსალოდნელია. როგორც რუსეთის ფედერაციის ასევე უკრაინის მმართველ წრეებში არ არის გამორიცხული, რომ ანალოგიური სახის ქმედებები განხორციელდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
სახელმწიფო და კორპორაციური უშიშროების სპეციალისტ-ანალიტიკოსი თენგიზ ენდელაძე ამბობს, რომ სპეცსამსახურების გარეშე ასეთი რამ არ ხდება. შესაბამისად, ვარაუდობს, რომ ამ საქმის უკან დგას იმ ქვეყნის, ან ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებსაც არ აწყობთ ომის დროულად დამთავრება.
„ომი რომ მალე არ დამთავრდება, ეს ცხადია. ვფიქრობ, რომ არც რუსეთს და არც უკრაინას ომის გახანგრძლივება არ აწყობს. სხვათა შორის, არც თურქეთს აწყობს. ვიფიქროთ ვის აწყობს? აწყობთ იმათ, ვინც მოიყვანა და ვისთანაც კავშირშია ზელენსკი. კავშირზე რომ არის ფაქტია. ისეთი განცხადებები ვრცელდება და ჩემი აზრით, ზოგჯერ ნაადრევად, რაც ეჭვებს ბადებს. დიდი უმრავლესობა ფეიკებია. წარმუდგენელი რაღაცეები იწერება.
რაც შეეხება ამ ფაქტს, შეიძლება თვითონ უკრაინის სპეცსამსახურებმაც გააკეთეს. უკრაინაშიც არიან ასეთი ძალები და რუსეთშიც. არ გამოვრიცხავ, რომ თურქეთშიც არიან და ამერიკაში ხომ არიან და არიან. ბაიდენის გამონათქვამებს თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, ზოგჯერ ის პროვოცირებას უკეთებს რუსეთს. მისი განცხადება, რომ 2 დღეში აიღებენ კიევს, ეს პროვოცირება არ არის? ასე რომ, თუ დასჭირდებათ, მშვენივრად გამოიძიებენ აბრამოვიჩის და ასევე ორი უკრაინელის მოწამვლის საქმეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ენდელაძე.
მაშინ, როდესაც რუსეთის ანგარიშზეა ლიტვინენკოს ისტორია, ნავალნი, სკრიპალები, მათ შორის ვიქტორ იუშენკოს მოწამვლის საქმე, ენდელაძე არ გამორიცხავს, რომ აბრამოვიჩის და ორი უკრაინის მოწავლის უკან რუსეთი იდგეს.
„არაფერსგამოვრიცხავ, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რუსეთმა 2017 წელს საერთოდ გააუქმა ბიოლოგიური იარაღი, მაგრამ აშშ-ს მთლიანად არ გაუუქმებია, მესამედი დატოვეს და ეს, ალბათ, უფრო ბიოლოგიური იარაღია. რაც შეეხება იმათ, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველა დაკავშირებული იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან, თანამშრომლები იყვნენ. საერთოდ სპეცსამსახურებში მიღებულია, როცა კაცი სამშობლოს ღალატობს სპეცსამსახურის პოზიციიდან, მას ფიზიკურად ანადგურებენ, კლავენ. ეს არა მარტო რუსეთის დაზვერვას ახასიათებს. ეს ფაქტი ჰქონია აშშ-ის და მათ შორის ინგლისის დაზვერვას“, - განაცხადა თენგიზ ენდელაძემ.