„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილ მინისტრს ნიკა რურუას სახელმწიფო დაცვა მოეხსნათ. დაცვის გარეშე დარჩენილთა ჩამონათვალი დავით ბაქრაძესა და სხვა პირებსაც შეეხება.
მთავრობას უკვე მომზადებული აქვს განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, დასაცავ პირთა სიას პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობა შეადგენს. ასე რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაცვის გარეშე დარჩება რამდენიმე პირი, რომლებიც დღემდე პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი დაცვით სარგებლობდნენ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით ბესტავაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში შესული ცვლილებების თანახმად, პერსონალური დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ახლანდელი განკარგულებით კი, განისაზღვრა დასაცავ პირთა ნუსხა. შესაბამისად, იმ პირებს, რომლებიც არ მოექცნენ ამ რეგულაციაში, იურიდიულად მოეხსნათ პერსონალური დაცვით სარგებლობის უფლება.
„საკითხი მარტივადაა. თავის დროზე, პრეზიდენტის მიერ მიღებული წინა რედაქციის შესაბამისად, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო. კერძოდ, მაშინ ამ ადამიანებმა საქართველოს პრეზიდენტს განცხადებით მიმართეს, რადგან მათი განვილილი პროფესიული საქმიდან გამომდინარე, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რისკები არსებობდა. ამიტომ ითხოვდნენ პერსონალური დაცვის დანიშვნას, რაც თავის დროზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა. თუმცა ამის შემდეგ კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა და ეს პრეროგატივა გადაეცა საქართველოს მთავრობას. ამიტომ უკვე მთავრობის მიერ ხელმეორედ დამტკიცდა დასაცავ პირთა ნუსხა“, - აცხადებს დავით ბესტავაშვილი.
მისი თქმით, ეს სია პერსონიფიცირებული არ გახლავთ და აქ არის არა გვარების, არამედ თანამდებობების ჩამონათვალი. მაგალითად, საქართველოს მთავრობის ამ განკარგულებით, დასაცავთა კატეგორიაში შედიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უცხოური დიპლომატიის მისიების ხელმძღვანელები და ა.შ.
დღემდე ამ ადამიანების პერსონალური დაცვის უზრუნველყოფისთვის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯებოდა სპეცსამსახურებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. თუმცა, რა თანხა დაიზოგა ამ ადამიანებისთვის დაცვის სამსახურის გაუქმებით, დავით ბესტავაშვილი ვერ აკონკრეტებს.
სამხედრო ექსპერტი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ჩამონათვალის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური იცავს პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, პატრიარქს და ა.შ. ჩვეულებრივ დეპუტატს კი დაცვის სამსახური არ იცავს, თუ მას შესაბამისი დაცვის საჭიროება არ აქვს.
თეონა აქუბარდიას თქმით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ნიკა რურუა ნუსხაში მითითებულ თანამდებობის პირებს არ განეკუთვნება და, ადრინდელი დროისგან განსხვავებით, მას ეს სტატუსი აღარ აქვს. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, დღეს იგი ერთი ჩვეულებრივი ფიზიკური პირია და ოპიზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. ამიტომ ნორმალურია მათთვის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ჩამოშორება და ამის უკან პოლიტიკური გადაწყვეტილება არ დგას.
„დღევანდელი მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, რატომ უნდა ჰყოლოდა ოპოზიციური პარტიის ლიდერს - მერაბიშვილს სახელმწიფო დაცვა?! ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია ეს გადაწყვეტილება. მერაბიშვილსა და რურუას შეუძლიათ, კერძო დაცვა აიყვანონ. მეტიც, ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია, გადაიხადოს შესაბამისი თანხა და ამის შემდეგ იგი გახდება დაცვის ობიექტი. მით უფრო, ნაცმოძრაობა დღეს პარლამენტში მეორე პოლიტიკური ძალის სახითაა წარმოდგენილი და მათ ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება ეძლევათ. ამიტომ არა მგონია, ვანო მერაბიშვილს გაუჭირდეს პარტიის ფინანსებით დაცვის უზრუნველყოფა. დამისახელეთ რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატი წინა ხელისუფლებიდან, რომელსაც ჰქონოდა სახელმწიფო დაცვით სარგებლობის უფლება ან ამის პრეცენდენტი ყოფილიყო. ასეთი რამ არ მომხდარა“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი აქამდე იყო ქვეყნის პრემიერი, ამიტომ იმ თანამდებობაზე მას უნდა ჰყოლოდა დაცვა და ჰყავდა კიდეც ეს სამსახური, დღეს კი ის ოპოზიციური პარტიის გენმდივანია და ამის საჭიროება არ არსებობს. მეტიც, ეს არის სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა.
ექსპერტი აცხდებს, რომ დაცვის სამსახურიდან კოლოსალური თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა და ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. მეტიც, მისი თქმით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა დაცვის სამსახურში ძალიან ბევრი ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი მალხაზ ვახტანგაშვილი გაოცებულია, რატომ უნდა ჰყავდეს ამა თუ იმ პარტიის გენერალურ მდივანს პირადი დაცვა?! მისი თქმით, ასეთი პრეცენდენტი, სავარაუდოდ, არც სხვა ქვეყნებში იქნება, რომ ყველა პარტიის გენერალური მდივანი სახელმწიფოს მიერ პირადი დაცვით იყოს უზრუნველყოფილი.