„როგორ ფიქრობთ, დავუშვათ, დამთავრდა ომი უკრაინაში და რუსეთმა არ დაიკავა ქალაქები, რუსეთი უკვე დაკავებულ ტერიტორიებს უკრაინას დაუბრუნებს? ან კიდევ უკრაინას ამ ეტაპზე იმის უნარი გააჩნია, რომ დაკარგული ტერიტორიები უკან დაიბრუნოს?!“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის თავზე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო „უძლეველობის თვე“, როგორც ამას უკრაინის თავდაცვის მინისტრი უწოდებს? იმის გათვალისწინებით, რომ ორი სლავი ხალხი გადაჰკიდა ერთმანეთს და საკუთარი არმიის უსუსურობა აჩვენა, პუტინი დარწმუნდებოდა თუ არა უკრაინაში ომის სრულ აბსურდულობაში?
- უკრაინაში ომიდან ერთი თვის თავზეც, მე მგონი, პუტინს არ სჯერა, რომ ეს ომი აბსურდულია. რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ერთთვიანი შედეგები და ისე აქვთ წარმოჩენილი ფაქტები და მიმართულება, თითქოს ომი რუსებს უკვე მოგებული აქვთ. როგორც ვხვდები, მხარეები რაღაც-რაღაცებს უკვე ათანხმებენ, შეიძლება სამშვიდობო ხელშეკრულებაზეც მალე გავიდნენ. რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთთვიან გამოქვეყნებულ შედეგებს, ცხადია, ეს რუსეთის შიდა საზოგადოებაზეა გათვლილი, რომ ისინი დააჯერონ, ტყუილად არ ვიომეთ და დიდ შედეგებზე გავედითო.
ეს ჰგავს სააკაშვილის მიერ აგვისტოს ომში დამარცხების „გამარჯვებად“ წარმოჩენას?
- დაახლოებით ასეა. თუმცა სააკაშვილისგან განსხვავებით, რუსულ მონაცემებთან მიმართებით მთლად სკეპტიკურად არ ვარ განწყობილი. სამწუხაროდ, ჟურნალი „თაიმსიც“ ადასტურებს, რომ უკრაინელებსაც რესურსი უკვე ეწურებათ. რუსებმა დაწერეს, 1300 ადამიანია მოკლული რუსული მხრიდანო, 3000 დაჭრილიაო, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, რუსების მარტო მეექვსე არმიას, რომლის სარდალიც შოიგუმ გადააყენა არაპროფესიონალიზმისთვის, 2000 კაცი მოუკვდა, აქედან 300-მდე წვევამდელი. სხვათა შორის, „კომსომოლსკაია პრავდაშიც“ ცენზურას გაეპარა, რომ 9000 დაღუპულია რუსული საოკუპაციო ძალების, დაჭრილები რამდენია, ალბათ, ორჯერ მეტიო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს მონაცემები იმის მაუწყებელი ხომ არ არის, რომ პუტინს შელამაზებით აწვდიან დაღუპულთა ოდენობას?
- მე მგონი, პუტინმა რეალური მონაცემები უკვე იცის. უბრალოდ, ეს პოლიტიკური პიარია. დღეს პუტინის რეიტინგი, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მაღლა ავიდა, ოფიციალური სოციოლოგიური მონაცემებით ადასტურებს, რომ რუსი მოსახლეობის 74% მხარს უჭერს უკრაინაში შეჭრის ოპერაციას. როგორც ამბობენ, პუტინის მხარდაჭერის რეიტინგი 80%- მდე ავიდა. ეს არც არის გასაკვირი, რუსეთში დარჩენილი რუსული საზოგადოება ისე იყო მოწამლული ინფორმაციით, რომ უკრაინაში ნაცისტები არიან, რომ ნატო აპირებს რუსეთზე თავდასხმას, რომ ეს არის ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა, მე არც მიკვირს ის შედეგები, რაც პუტინს საკუთარ საზოგადოებაში გააჩნია. ვისაც ლიბერალური შეხედულებები ჰქონდა, მათ დატოვეს რუსეთი და წავიდნენ, ესეც პუტინისთვის დადებითი მომენტია. როგორც სტალინმა დაარტყა ტროცკის, იგი გააძევა და მერე მიაყოლა მისი მომხრეები, პუტინიც იმეორებს სტალინის მეთოდს. თუ სტალინმა გამოიყენა კიროვის მკვლელობა, მიიღო კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ და ტროცკი დაამარცხა 1927 წელს მეათე პარტიულ ყრილობაზე, ასევე მოიქცა პუტინი, ოღონდ პუტინმა გამოიყენა ომი, რომ ოლიგარქები და ის ადამიანები ჩამოეცილებინა, რომლებიც მას დისკომფორტს უქმნიდნენ. პუტინის კულტია სტალინი, ის კოპირებს სტალინს, ცდილობს, გახდეს მეორე სტალინი. ახლა ჩვენთან სტალინის კულტის შემოღება და განვითარება რომ ხდება, ესეც ერთგვარი რუსული დაკვეთა მგონია. რუსული პროპაგანდისტული მანქანა მუშაობდა რუსეთის შიგნით მოსახლეობის გასატეხად, იმ ფსიქოლოგიური ნარატივის წარმოსაჩენად, რაც აშკარად გამოჩნდა უკრაინასთან მიმართებით, ყოველდღიურად ხდებოდა სოლოვიოვის გადაცემების „RTR“- ზე გაშვება, თოქ- შოუები „NTV“- ზე, „ORT“- ზე, ამ გადაცემების ბადის 60% ეთმობოდა უკრაინის თემას, უკვე გასაგები იყო, რომ პუტინი ემზადებოდა უკრაინის ომისთვის. შიდა მოხმარებისთვის იტყობინებოდნენ, რომ უკრაინელები იყვნენ ნაცისტები და მტრები, გარე მდგენელი კი იყო, ნატო აპირებს ჩვენს დაპყრობას და ჩვენზე თავდასხმას. ლამის ნატო გათანაბრებული იყო ნაცისტური გერმანიის ჰიტლერის დონემდე, ამანაც იმოქმედა რუს საზოგადოებაზე.
ახლა მთელი მსოფლიო უნდა ელოდოს იმ პერიოდს, როცა პუტინის კულტი დაიგმობა რუსეთში, როგორც ეს მოხდა ხრუშჩოვის დროს, როცა დაიგმო სტალინის კულტი? თუ რუსი ხალხის მენტალობიდან გამომდინარე, პუტინი წავა და პუტინი 2 მოვა?
- ბუნებრივია, პუტინი წავა და მოვა სხვა პუტინი, პუტინმა ისეთი სისტემა შექმნა, როგორც სტალინმა, რომ ერთმანეთს ენაცვლებოდა ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, ანდროპოვი. დიდი განსხვავება არც ყოფილა სტალინსა და ხრუშჩოვს შორის, ხრუშჩოვმაც სისხლში ჩაახშო 1956 წელს საქართველოს პროტესტი და ბირთვულ კატასტროფამდე მიიყვანა საქმე, რომ არა კენედის კეთილგონიერება და სიბრძნე, რომელიც ეპოქალური პოლიტიკოსი იყო, მან მსოფლიოს ააცილა მაშინდელი არმაგედონი. თორემ დღეს ჩვენ ვიქნებოდით სულ სხვა გარემოში.
რომც მოვიდეს პუტინის შემცვლელი, ფაქტობრივად, ის ისევ პუტინის ანალოგი იქნება და ეს ნიშნავს, რომ ჰააგას არც არასდროს გადასცემენ პუტინს?
- პუტინს ჰააგა ნაკლებად ადარდებს. ხომ ხედავთ, ჰააგაში პუტინის წინააღმდეგ შევიდა სარჩელი და ჰააგამ თქვა, ომი შეწყდეს და დაველოდოთ შედეგებსო. უკრაინაში ჰააგის ტრიბუნალის პროკურორი იყო ჩასული, მოიარა მთელი უკრაინა, ნახა ეს უბედურება, დაბრუნდა უკან და რა მერე? - არაფერი. ჯერჯერობით პუტინის რეჟიმი არ განიცდის რაიმე პრობლემას. ბაიდენმა სწორად თქვა, ეკონომიკური სანქციები ასე მალე ვერ იმოქმედებს, არ არის ისე, რომ უცებ მოხდება პუტინის რეჟიმის დამხობა.
მაგრამ საეჭვოდ არ გეჩვენებათ, რომ შოიგუ უცნაური სიმპტომებით იყო გაუჩინარებული? ზოგი ფიქრობდა, რომ ის მოწამლეს.
- შოიგუ მაინცდამაინც ისედაც არ იყო ღია პოლიტიკოსი და ყოველთვის ერიდებოდა პიარს. მით უმეტეს, ახლა ომია, ომის პერიოდში რუსებს აქვთ ჩაკეტილი სისტემა, თავდაცვის მინისტრი და გენშტაბი არ ჩანს ასეთ დროს, ჩანს სპიკერი, ასევე, გამოდის პესკოვი და აკეთებს განცხადებებს. რუსეთს ასეთ დროს ყოველთვის ჰქონდა ფარდა ჩამოფარებული, რუსი მოხელეები და პიარი შორს არის ერთმანეთისგან. შოიგუ პუტინის ერთ- ერთი დასაყრდენი ძალაა, პუტინმა შოიგუ რომ მოიცილოს, მაშინ პუტინზე ერთ ფსონსაც არავინ არ დადებს.
არც იმის გჯერათ, რომ პუტინი ბუნკერში იმალება, რომ ის ურალს აფარებს თავს?
- არ ვიცი, ეს შეთქმულების თეორიაა. არა მგონია, ურალში იყოს.
პუტინი ხვდება, რომ მას ორ სცენარს უმზადებს დასავლეთი - მისი ნახვა ან ჰააგაში სურთ, ან მოკლული. ეს ნიშნავს, რომ პუტინს დასაკარგი არაფერი აქვს, ის ამ ომიდან დამარცხებულად გასვლას არ შეეგუება და შეიძლება ყველაფერზე წავიდეს?
- ცხადია, დამარცხებას არ შეეგუება, პუტინმა თავის არმიას დაუსახა ვადა 7 მაისამდე. პუტინმა რაც საქართველოში გააკეთა, ეს ვარიანტი გაიმეორა უკრაინაში. საქართველოში პუტინის იდეა იყო, მოეხდინა სამხედრო ინტერვენცია. მან დაიკავა დასავლეთ საქართველო, გაანადგურა სამხედრო კომუნიკაციები, სამხედრო საზღვაო ძალების შეიარაღება, მოსპო ჩვენი მთავარი სამხედრო შენაერთების ნაწილები. ის, რაც პუტინმა გააკეთა, სააკაშვილმა დაუდასტურა, როცა გააუქმა სამხედრო საჰაერო ძალები და სამხედრო საზღვაო ძალები. შეიარაღება ჩვენ აღარ გვქონდა, იარაღს არავინ გვაწვდიდა, ბევრი იარაღი ჩაუვარდა მტერს, რუსეთმა მოახდინა ცხინვალის და აფხაზეთის ოკუპაცია. დაახლოებით იგივე ხდება უკრაინაშიც. რუსეთი იკავებს დონბასის ტერიტორიას, დაიკავა ხერსონის ტერიტორია, რომელიც მიაბა ყირიმს და ამით ყირიმი პირდაპირ დააკავშირა მატერიკულ რუსეთს. აქამდე ერთგვარი ანკლავი იყო ყირიმი და არ იყო დაკავშირებული რუსეთის სხვა რეგიონებთან, ეს პრობლემა მოხსნა. ანუ ხერსონის ტერიტორიით სახმელეთო კომუნიკაცია დაამყარა როსტოვის ოლქსა და ყირიმის ანექსირებულ ტერიტორიას შორის. ახლა შეეცდება, შავი ზღვის აკვატორიაზეც აუკრძალოს უკრაინას გასვლა. ეს ნიშნავს, რომ პუტინი ანადგურებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და მის დემილიტარიზაციას ახდენს. რაც 2008 წელს პუტინმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, როდესაც გაუნადგურა საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები, სამხედრო საჰაერო ძალები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები იმავე რიტორიკას იყენებს უკრაინის მიმართ, ოღონდ უკრაინაში მაკრო დონეზე.
აგვისტოს ომის დროსაც თბილისში შემოსვლის შესაძლებლობა ჰქონდა პუტინს, მაგრამ არ შემოვიდა, თბილისსაც ბლოკირება გაუკეთა დასავლეთის მიმართულებით, ახლაც კიევის ბლოკირება მოახდინა. პუტინს ასეთი მიდგომა აქვს, გაურკვეველია, მას რა სურს, მაგრამ დაახლოებით პუტინს უნდა ის, რაც მან საქართველოში გააკეთა, შეასუსტა ჩვენი სამხედრო პოტენციალი, მართალია, ჩვენ მაშინ არ მოგვთხოვა ნატოზე უარის თქმა, მაგრამ ახლა პუტინს გაეზარდა მადა და უკრაინისგან ითხოვს ნეიტრალიტეტის სტატუსს, დემილიტარიზაციას. პუტინი პირდაპირ ამბობს, ჩვენ მოვახდინეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული განადგურება.
თუკი ეს მოცემულობაა, ეს ნიშნავს, რომ პუტინს ზელენსკისთან მოლაპარაკებაც არ აინტერესებს?
- ახლა უკვე აინტერესებს მოლაპარაკებები. რუსული მხარე უფრო აკეთებს აქცენტს მოლაპარაკებებზე, ვიდრე უკრაინელები. ახლა პუტინს დარჩა, ოდესაში შეიყვანოს ძალები, ოდესიდან გავიდეს დნესტრისპირეთის მიმართულებით, ფაქტობრივად, მოლდოვაზეც შექმნას ერთგვარი ფანტომის ფენომენი, დაიკავოს ნიკოლაევი, ოდესა, დონბასი, მოუსპოს უკრაინას ზღვაზე გასასვლელი აზოვის და შავი ზღვის მიმართულებით, ამით ნატოს არ მისცეს საშუალება, გამოიყენოს უკრაინის სანაპირო ზოლი. რუსეთს თურქეთთან ყოველთვის შეეძლება მოლაპარაკება და როგორ არის მოლაპარაკებული თურქეთთან, ეს გასაგებია. შეიძლება, ჩვენც შეგვიზღუდოს შესაძლებლობები და ნატოს დაუტოვოს მხოლოდ რუმინეთის და ბულგარეთის საზღვაო აკვატორია. პუტინს უნდა, ნეიტრალიტეტის მეშვეობით ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით შეაჩეროს, გააკეთოს ბუფერული ზონა ნატოსა და რუსეთს შორის და უკრაინის შეიარაღებული ძალები აღარ იყოს ისეთი მასშტაბის, როგორც მანამდე იყო. ხერსონის და ყირიმს მიიერთებს, დონბასს და სეპარატისტულ რეგიონებს კი სავაჭროდ გამოიყენებს.
აქამდე ბევრ ადამიანს შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ უკრაინა რუსეთს ომს უგებდა, სამაგიეროდ, დასავლეთი აგებდა რუსეთთან. ნატოს რისი გაკეთება შეუძლია, რომ პუტინის ეს ზრახვები შეაჩეროს?
- უკრაინა რომ ომს უგებს რუსეთს, ეს უფრო ხმამაღალი განცხადებაა, ყოველ შემთხვევაში, უკრაინა რუსეთს საომარ ჟინს უკლავს, რუსეთს მოუწია სცენარის შეცვლა. რუსეთს ჰქონდა სულ სხვა სცენარი, მას სურდა, უკრაინელების ხელით ჩამოეგდო ზელენსკის ხელისუფლება, მას სურდა უკრაინაში მცირე ძალებით შეჭრა გადაეყვანა უკრაინის სამოქალაქო ომის რელსებზე, დაეპირისპირებინა უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა ზელენსკის კანონიერი ხელისუფლებისადმი. ეს რომ ვერ შეასრულა და უკრაინის პოლიტიკური ნება ვერ გატეხა, გადავიდა საქართველოს სცენარის გადათამაშებაზე. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ პუტინი იგებს, მას სულ სხვა განწყობა ჰქონდა და სულ სხვა სიტუაცია დახვდა უკრაინაში. როცა ამხელა სუპერსახელმწიფო ხარ, გლობალური გავლენის ცენტრი ხარ და, ელემენტარულად, მეზობელ სახელმწიფოში არ შეგიძლია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც შეეხება დასავლეთს, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას, სულ ახლახანს სამიტი ჩატარდა და რისი გაკეთებაც შეეძლოთ, რაც მაქსიმუმი იყო, დასავლეთმა უკვე ღიად თქვა. ცას არავინ დაუკეტავს უკრაინას და მხოლოდ იმ იარაღს მისცემენ, რასაც დაჰპირდნენ. აქ მსუბუქი ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი, უკრაინას კი სჭირდება საკმაოდ სერიოზული შეიარაღება, საშუალო შეიარაღება და მძიმე შეიარაღების ელემენტები. უკრაინამ რუსეთი შეაჩერა, აჩვენა გმირობის მაგალითები. როგორც ფინეთმა კბილი წაატეხა სტალინს და უჩვენა, რომ ფინეთი ფინეთია, მაგრამ მერე ფინეთმა თავისი ტერიტორიის ნაწილი დაკარგა.
როგორ ფიქრობთ, დავუშვათ, დამთავრდა ომი უკრაინაში და რუსეთმა არ დაიკავა ქალაქები, უკვე დაკავებულ ტერიტორიებს უკრაინას დაუბრუნებს?! უკრაინას ამ ეტაპზე იმის უნარი გააჩნია, რომ დაკარგული ტერიტორიები უკან დაიბრუნოს, გადავიდეს შეტევაზე და დაიბრუნოს თავისი მიწები? დონბასელი სეპარატისტები მოტივირებულად იბრძვიან, მათთვის უკრაინელი ნაციონალისტები გაქანებული მტრებია. ყველაზე ეფექტურად, რუსების აგრესიის პირობებში, დონეცკელმა სეპარატისტებმა იბრძოლეს. ისინი უკრაინელებს დაუთმობენ ტერიტორიას? ან ყირიმელები დათმობენ რამეს? ღმერთმა ქნას, ეს ტერიტორიები უკრაინელებმა დაიბრუნონ, მაგრამ უკრაინელებსაც გამოელიათ რესურსები. რუსებმაც სერიოზული დარტყმა მიიღეს, მაგრამ დანაკარგი მათთვის არაფერს ნიშნავს. სტალინმა სამი დივიზია დაკარგა, ერთი არმია ფინეთთან დაკარგა, მაგრამ მერე რა? ვიმეორებ, კრემლის ცინიზმმა გამაოცა, 1300 კაცი დავკარგეთო. ეს ალოგიკურობა და თავხედობაა რუსეთის მხრიდან. სამწუხაროდ, უკრაინას არავინ ეხმარება. სწორად თქვა ზელენსკიმ, უკრაინას რომ დახმარებოდა დასავლეთი და ცა ჩაეკეტა, უკრაინის არმია ბევრს მიაღწევდა, იმ ტერიტორიის დეოკუპაციას მოახდენდა, რომელიც რუსეთმა დაიკავა. უკრაინა არაფრით არ ჩამოუვარდება რუსეთს თავისი პოტენციალით. თუ რუსეთში 140 მილიონი ადამიანია, უკრაინაში ცხოვრობს 45 მილიონი ადამიანი. სამხედრო პოტენციალი უკრაინასა და რუსეთს შორის ერთი სამთანაა. თანაც, ისინი თანაბარი ფსიქოლოგიური ტიპაჟები არიან, ერთნაირი საბრძოლო სულისკვეთება, განათლება, ერთნაირი იარაღი აქვთ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის პერიოდში უკრაინელები და რუსები ერთად რომ იბრძოდნენ, ავღანეთში საბჭოთა არმიამ ომი არ წააგო. დასახული მიზანი მაშინ საბჭოთა არმიამ შეასრულა. ჩვენთანაც სამოქალაქო ომი რომ იყო, ეს ომი არ მთავრდებოდა, სანამ ედუარდ შევარდნაძემ რუსების დახმარება არ ითხოვა და რუსი დაქირავებულები არ შემოიყვანა. იგივეა უკრაინაშიც, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს ფრე ვარიანტი შეიძლება ვუწოდოთ. ვერც უკრაინამ დაამარცხა რუსეთი და ვერც რუსეთმა უკრაინა - საბრძოლო ფრე არის.