ვარშავაში საკუთარი მიმართვა ამერიკის პრეზიდენტმა პირველი, პოლონელი რომის პაპის, იოანე პავლე მეორის ფრაზით დაიწყო. „ჩვენ არ ვართ შეშინებულები!“, - ამ სიტყვების ციტირებით, ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ერთიანობას გაუსვა ხაზი.
„თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ იცხოვრონ უიმედობისა და სიბნელის სამყაროში. ჩვენ სხვანაირი მომავალი გვაქვს, ნათელი, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული. იმედისა და სინათლის, წესიერებისა და ღირსების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების. ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაიცვას ჩვენი თავისუფლება და ღმერთმა დაიცვას ჩვენი არჩევანი...
არც კი იფიქრო, ნატოს ტერიტორიის ერთ სანტიმეტრზეც კი გადმოსვლა... ამერიკული ძალები ევროპაში არ არიან იმისთვის, რომ კონფლიქტში ჩაერთონ რუსულ ძალებთან. ამერიკული ძალები აქ არიან ნატოს მოკავშირეების დასაცავად“, - თქვა ჯო ბაიდენმა და, როგორც ვნახეთ, რუსეთი მკაცრად გააფრთხილა.
ამერიკის პრეზიდენტის ფრაზამ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენა-არდარჩენის შესახებ, როგორც ჩანს, დაბნეულობა გამოიწვია პოლიტიკურ წრეებში, რასაც უმალ მოყვა ამერიკის-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება: „აშშ-ს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია. ბაიდენმა თქვა - არ შეიძლება ვლადიმერ პუტინმა ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს კი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - რუსეთის პრეზიდენტს არ უნდა მიეცეს უფლება, ომი აწარმოოს უკრაინის ან სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ“.
უკრაინაში კი მოვლენები ისევ დრამატულად ვითარდება. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს აკრიტიკებს და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად უფრო მეტ დახმარებას სთხოვს. მისი ამ პოზიციის მიუხედავად, უკრაინის მეგობრებს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანება და სანქციების დაწესება, ომის შეჩერების წინაპირობად მიაჩნიათ. თეთრი სახლის ლიდერი დარწმუნებულია, რომ პუტინი დემოკრატიას ვერ დაამარცხებს.
აშშ უკრაინისთვის ფინანსურ მხარდაჭერასაც განაგრძობს. სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს. ამ თანხით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო შეძლებს უზრუნველყოს საზღვრის უსაფრთხოება, შეინარჩუნოს სამოქალაქო სამართალდამცავი ფუნქციები და დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამთავრობო ინფრასტრუქტურა.
ყოფილი სახელწმიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება საკმაოდ პრინციპული და მწვავე იყო. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამერიკა უკრაინას ყოველთვის მხარს უჭერდა, მაგრამ განცხადებებში შედარებით მოზომილები იყვნენ. გუშინ კი ბაიდენის განცხადებამ ყველანაირ სიფრთხილეს წერტილი დაუსვა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.
„ბაიდენმა პირდაპირ თქვა, რომ ამერიკა არც ერთი წუთით უკან არ დაიხევს. უკრაინას ნებისმიერ შემთხვევაში დაეხმარება და ნატოს მხარში ყველანაირად ამოუდგება. რუსეთი გააფრთხილა და გასაგებად აუხსნა, რომ თუ ადრე ილუზია ჰქონდათ, ტყეში სადმე ერთ, ორ ბომბს ჩამოაგდებდნენ და ხმას არავინ გასცემდა, ძალიან ცდებიან. ბაიდენმა პუტინს პირდაპირ უთხრა, არავითარი რაკეტა და ბომბი, თუნდაც ეს ნატოს რომელიმე ქვეყნის ტყესა და მინდორში იყოს ჩამოგდებული.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომ უკრაინის გვერდით გამარჯვებამდე ვიქნებით. მართლაც, ახლა უკრაინას ძალიან უჭირს. მართალია გამაოგნებლად იბრძვიან, მაგრამ რუსებს ჟანგიანი ტანკები უფრო მეტი აქვთ. მან თავის სტრატეგიულ ამოცანებს ვერ მიაღწია და დროის გაწელვას შეეცდება. პუტინი პოზიციურ ბრძოლებზე გადავიდა და ნელ-ნელა სანტიმეტრებით უკრაინის შუაზე გაჭრას შეეცდება. ბაიდენმა სწორედ ეს შეტყობინება გააკეთა, რომ ეს ომი დღეს და ხვალ არ დასრულდება, ამიტომაც ბაიდენმა მოუწოდა ყველას, რომ ამისთვის მზად უნდა იყვნენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, უკვე ნათელია, რომ რუსეთმა ბრძოლის ახალი სტრატეგია აირჩია. ძალების რაღაცა ნაწილი ტერიტორიებიდან გაიყვანა. შეიარაღების გადაჯგუფება მოახდინა. ის აპირებს, რომ კიევს გვერდი აუაროს და პირდაპირ ოდესისკენ ჩავიდეს. კონფლიქტოლოგი კი მიიჩნევს, რომ ეს პუტინს ძალიან ძვირად დაუჯდება, ბევრ ჯარისკაცს დაკარგავს.
„პუტინმა ახლა გადაწყვიტა, რომ უკრაინა შუაზე ჩაჭრას. აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილი ტომარაში მოაქციოს. კიევს ვერ იღებს, ამიტომაც გეზი ოდესისკენ აიღო. თუმცა რუსებს იქ ძალიან ცუდი სიტუაცია დაუდგებათ. აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხი ბრძოლას განაგრძობს და პარტიზანულ ბრძოლებში რუსები უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდებიან. პარტიზანული ბრძოლა უკრაინელებს არ ესწავლებათ. მათი ბაბუები პარტიზანულ ბრძოლებში ყველაზე გამოცდილები იყვნენ. სწორედ ამ ფორმით ჰიტლერის ფაშისტური არმია დაამარცხეს. ყველა ხვდება, რომ რუსეთმა ეს სტრატეგია აირჩია. ამიტომ ბაიდენი მზად არის, რომ უკრაინას ამ ხანგრძლივ ომში გაჰყვეს.
როდესაც რეიგანმა გორბაჩოვს მიმართა გერმანიაში ბერლინის კედელი დაენგრია, კიდევ იმედი ჰქონდათ, რომ რუსებთან საუბარი შესაძლებელი იყო. ახლა ბაიდენის გამოსვლიდან კარგად ჩანდა, რომ პუტინთან კომუნიკაცია წარმოუდგენელი გახდა. რეიგანი გორბაჩოვს „მკვლელს“ და „ყასაბს“ არ ეძახდა. ამ იმედმა მაშინ გაამართლა და ამერიკამ ის მიიღო, რაც უნდოდა. პუტინთან კი საუბარი ზედმეტია. მას ლაპარაკი არ ესმის. ამიტომ ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი დახმარებით უკრაინას პუტინის რეჟიმის ჩამოშლა შეუძლია. ბაიდენის განცახდება ძალიან ძლიერი იყო და იმედიც მაქვს, რომ ამერიკა ქმედით ნაბიჯებსაც გადადგამს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
დიპლომატი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ ჯო ბაიდენის მიმართვა ვლადიმერ პუტინის გამოსვლებისგან სრულიად განსხვავებული იყო. ბადრიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ორი ლიდერის გამოსვლაში კონტრასტი რადიკალურად განსხვავებულია. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჯო ბაიდენი პირდაპირ უკრაინის საზღვართან 80 კილომეტრში მდებარე ქალაქში ჩავიდა და იქ ლტოლვილები პირადად მოინახულა. ეს კი საკმაოდ ღია განაცხადია, რომ ამერიკას რუსეთის არ ეშინია და უკრაინის გვერდით არის.
„ერთი თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დასავლეთი ასეთი ერთიანი იქნებოდა და ამერიკის პრეზიდენტი პუტინს ამ ლექსიკით მოიხსენიებდა. გერმანიის კანცლერს, შოლცს ერთი თვის წინ წაროუდგენლად მიაჩნდა, რომ გერმანულ იარაღს სხვა ქვეყანას მიაწვდიდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. უკარინამ ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო გერმანული იარაღები მიიღო. უკრაინას უზარმაზარი სამხედრო და პოლიტიკური დახმარება გაუწიეს, როგორც დასავლეთმა, ასევე ამერიკამ.
ჩვენ, უკრაინაც და საქართველოც ვცდილობთ, როგორც დასავლეთს, ასევე ამერიკას ავუხსნათ, რომ პუტინის ავტორიტარულმა რეჟიმმა შესაძლოა, მათთან კონფრონტაცია დაიწყოს. რუსეთი მათ მტრად აღიქვამს და დასავლეთი ამის აცილებას ცდილობს. ბაიდენის გამოსვლა საკმაოდ მწვავე და ძალიან ზუსტი იყო. ალბათ, ამ განცხადებასაც არავინ ელოდა. ამერიკაც და ევროპაც ცდილობს, რომ ახლა რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში არ აღმოჩდნენ. არც უკრაინისთვის იქნება კარგი, თუ მესამე მსოფლიო ომი მათ მიწაზე დაიწყება“,-ამბობს დიპლომატი.
მისივე თქმით, ახლა რუსეთი იძულებულია, რომ უკან დაიხიოს და პუტინმა საკუთარი გეგმების გადაწყობა დაიწყო. ასევე ძალიან საეჭვოა თავდაცვის მინისტრის და გენშტაბის უფროსის გაუჩინარება. როგორც დიპლომატი ვარაუდობს, პუტინს მათთან პრობლემები აქვს.
„როგორც ჩანს, პუტინმა თავი მოტყუებულად იგრძნო. ის ფიქრობდა, ატყუებდნენ ან თავს იტყუებდა, რომ ომს სამ დღეში მოიგებდა. თუმცა ყველა ხედავს, რომ რუსეთმა სრულიად ღიად გამოცხადებული გეგმა კატასტროფულად ჩააფლავა. პირდაპირი სიტყვებით თქვეს, რომ კიევის აღება თურმე არ უნდოდათ. არადა თვეზე მეტია კიევის ალყას ცდილობენ და არ გამოსდით. კიევის გარშემო დამწვარი ტექნიკის ნაკრძალია. ახლა დავაკვირდეთ, ტერმინები - „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ რუსების ლექსიკიდან გაქრა, რაც ნიშნავდა უკრაინის ხელისუფლების შეცვლას და ქვეყნის განიარაღებას. რეალურად, პუტინის გეგმა ასეთი იყო, რომ ის აღმოსავლეთ უკრაინას დაიკავებდა და ამ ნაწილზე პრორუსულ ხელისუფლებას დატოვებდა. ეს მათი განცხადებებიდან ვიცით. ახლა კი მიზნების კორექტირება ხდება იმ ფონზე, როცა პუტინს ყველა ამოცანა ჩაეშალა“, - ამბობს ბადრიძე.