„თუ მხოლოდ ვანო მერაბიშვილზე გაჩერდნენ, არ მგონია, ხალხი ამით კმაყოფილი დარჩეს“

„თუ მხოლოდ ვანო მერაბიშვილზე გაჩერდნენ, არ მგონია, ხალხი ამით კმაყოფილი დარჩეს“

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი დაკავებულია. მას ბრალი რამდენიმე სხვადასხვა საქმეში ედება, ეს არის დასაქმების პროგრამის ფარგლებში თანხების გაფლანგვა, სხვისი აგარაკის მითვისება, ასევე ბრალს წაუყენებენ გირგვლიანისა და 26 მაისის საქმეებში.

მერაბიშვილის დაკავების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი პოზიციები უკვე დააფიქსირეს, სააკაშვილმა უკრაინასთან გაავლო პარალელები და მერაბიშვილის დაკავება ტიმოშჩენკოს მაგალითს შეადარა.

დაიწყო თუ არა დაპირებული სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში, თუ ესეც დასავლეთის გაღიზიანების მორიგ საბაბად იქცევა ამ თემაზე ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.

ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ, წაყენებული ბრალი საკმარისი აღმოჩნდება ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, პარტიის გენერალური მდივნისა და ნაციონალთა პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის პასუხისგებაში მისაცემად?

- საბოლოო ბრალის ფორმულირება ჩემთვის ცნობილი არ არის, საუბარი იმაზეა, რომ უახლოეს მომავალში წაუყენებს ბრალს პროკურატურა. ჩვენ მოვისმინეთ, რომ საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს და პროკურატურა ედავება ადამიანების ფიქტიურ დასაქმებაზე. ასევე, გავიგეთ, რომ აგარაკზე სარემონტო სამუშაოები დაფინანსებული იყო ქვეყნის ბიუჯეტიდან. ამავდროულად, პროკურატურამ გვაცნობა, რომ შესაძლებელია, ბრალი წაუყენონ გირგვლიანის საქმესა და 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით, მაგრამ სმწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვიხილეთ საბოლოო ბრალის ფორმულირება. აქედან გამომდინარე, მიჭირს პასუხის გაცემა.

თუმცა, პროკურატურა, ალბათ, აცნობიერებს, ყოფილი პრემიერისა და პარტიის გენერალური მდივნის დაკავებას. აცნობიერებს იმას, რომ ახლა ნაცმოძრაობა ატეხავს ერთ ამბავს და ისე გააკეთებს, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილი იყოს მათი პრეზიდენტობის კანდიდატი. იტყვიან, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი დააკავეს იმიტომ, რომ ეშინია „ქართულ ოცნებას“ და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მყარი მტკიცებულებითი ბაზა ექნება პროკურატურას ამ საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოში.

დღეს საუბარი იმაზე, მყარია თუ არა პროკურატურის მტკიცებულება, ნაადრევია, ვინაიდან დღეს მოხდა მხოლოდ დაკავება. რამდენიმე საათში, როდესაც პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნით შევა სასამართლოში, იმ პროცესზე არ იქნება განხილული მტკიცებულებითი ბაზა. ჩვენი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ამ დროს სასამართლო იხილავს მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების საფუძვლებს და არჩევს აღკვეთი ღონისძიების რომელი ფორმა შეეფარდოს ბრალდებულს.

საფუძვილიანია თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებები, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია, ეს გამოჩნდება მხოლოდ არსებითი განხილვის დროს, როდესაც საზოგადოებას საშუალება ექნება, პროკურატურის პოზიცია გააანალიზოს.

შეიძლებოდა თუ არა მერაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება უფრო ადრე მიეღო ხელისუფლებას, ის საქმეები რაშიც ბრალი წაუყენეს, საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. გირგვლიანის საქმე იქნება ეს, დასაქმება თუ აგარაკის მითვისება - ლობჟანიძე პირდაპირ ეთერშიც კი ლაპარაკობდა, რომ მის აგარაკზე მერაბიშვილი ცხოვრობდა და როგორ აიძულებდნენ უცხოეთში მყოფს, საკუთარი აგარაკი დაეთმო...

- ალბათ, შესაძლებელი იყო. არ ვიცი, პროკურატურამ ამ ეტაპზე რა მტკიცებულებები მოიპოვა. ეს შესაძლებელი იქნება საქმის მასალების გაცნობის შემდეგ. გაირკვევა როდის ჰქონდა პროკურატურას მოპოვებულიმტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილს ბრალი ჰქონდა წაყენებული, იგივე, ითქმის ექსპერტიზის დასკვნებზე. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მოხდა გაანალიზება რა ზიანი მიაყენა თანამდებობის პირის მოქმედებამ ქვეყნის ბიუჯეტს თუ დათარიღებული იქნება თებერვლით ან მარტით, ბუნებრივია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაგვიანებულიც არის. თუ ექსპერტიზის პასუხები ახლახანს არის მიღებული, გამოდის რომ პროკურატურა უბრალოდ, ელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, რომ ქმედებისთვის სწორი კვალიფიკაცია მიეცა.

სხვათა შორის, ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტით რომ ისარგებლა მერაბიშვილმა, სამართალდამცველებმა ის არ დააკავეს...

- ჩემი აზრით, მაშინ პასპორტის საქმე ინსპირირებული იყო სწორედ ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრების მხრიდან, რომ პროკურატურას დაეკავებინა და შემდეგ ეთქვათ, ეს პასპორტი ოფიციალურად იყო გაცემული სხვა გვარზე, გარკვეული რეგულაციების გათვალისწინებითო.

ვფიქრობ, ამ თემის საერთოდ იგნორირება უნდა მოეხდინა პროკურატურას, რადგან ეს თემა მერაბიშვილმა გამოიყენა და უფრო მეტად გამოიყენებდა ნაცმოძრაობა მისი დაკავების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის პირველ დღეებში, მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება თითქმის დაწმუნებული იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პუტინის ძალა მოვიდა.

ვფიქრობ, რომ დაემტკიცებინათ კიდეც ამ პასპორტის სიყალბე, ეს იყო ნაკლებად მძიმე დანაშაული და ვანო მერაბიშვილის პროცესი დაემსგავსებოდა ახალაიას პროცესს, რომელთან დაკავშირებითაც დღესაც ბევრი კითხვის ნიშანია, ახალაიას მიმართ კი უფრო მძიმე საქმეებზე კვლავ არსებობს ეჭვები.

სააკაშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, სასამართლო მერაბიშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებს, რაშია ის დარწმუნებული, რომ სასამართლო კვლავ ნაცმოძრაობის ინტერესებს იცავს?

- ძალზე საინტერესო პასაჟია. ნაცმოძრაობაში ძალზე სერიოზული დუღილია. ნაწილი ვანო მერაბიშვილს დაუპირისპირდა, რადგან თვლიან, რომ მერაბიშვილი თანამშრომლობდა დღევანდელ ხელისუფლებასთან როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე ახლა და ამიტომ ჰქონდა მას ინდულგენცია.

გავიხსენოთ ახალაიების მინიშნებები, თეა თუთბერიძის განცხადება, - რატომ არ დგება ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი და ა.შ.

ანუ, საქმე გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ პროცესთან - თუ სასამართლო არასაპატიმრო აღკვეთ ღონისძიებას შეუფარდებს ვანო მერაბიშვილს, გამოდის, რომ დაკავება ყველაზე მეტად სწორედ მერაბიშვილს აწყობდა, რადგან ამ დაკავების შემდეგ იმ ნაწილს თანაგუნდელებისას, რომლებიც გამყიდველობაში ადანაშაულებდნენ, ეტყვის, როგორ იყო გამყიდველი, როდესაც ისიც დააკავეს - ანუ საკუთარ თავს „გაიპრავებს“ და უფრო წონიან ფიგურად იქცევა პარტიის შიგნით.

თუ მერაბიშვილი არ გაუშვეს და ბრალდებები სერიოზული იქნება, მაშინ, როგორც ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა - ანალოგიური საქმეზე უგულავას პასუხისგებაში მიცემა იყო მოთხოვნილი, მაგრამ სასამართლომ განაცხადა, რომ ფორმალური საფუძველიც კი არ არსებობდა საერთოდ, აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისთვის, პატიმრობაზე და გირაოზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი.

ვინაიდან ჯერ კიდევ არსებობს ეჭვი, რომ სასამართლო ნაცმოძრაობის ბერკეტს წარმოადგენს, თუ სასამართლო გაუშვებს მერაბიშვილს, იმის მიუხედავად, როგორც პროკურატურა აანონსებს, ყველა პუნქტი მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და შესაძლოა, საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება შესაბამისად არგუმენტირებულიც იყოს პროკურატურის მხრიდან, მაშინ ეს მხოლოდ მერაბიშვილის იმიჯზე აისახება საკუთარ პარტიაში. ეს ნაცმოძრაობასაც შეუწყობს ხელს, რადგან პარტიაში განხეთქილებაა და ერთმანეთთან სერიოზულად დაპირისპირებულები არიან.

ანუ, ნაციონალები შეეცდებიან წინასაარჩევნოდ კოზირები დაიმარაგონ? ნაკლებ სავარაუდოა ეს ხელისუფლების ინტერესში ყოფილიყო...

- ყველაფერი გამოჩნდება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას. თუ უგულავას სცენარი გათამაშდა ან არასაპატიმრო ღონისძიება შეეფარდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაამყარებს მერაბიშვილის პოზიციებს პარტიის შიგნით და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც ექნებათ იმის ფიქრის საფუძველი, რომ პროკურატურამ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ დამოუკიდებელმა სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა.

ისიც ითქვა, რომ მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი 17 მაისის გადასაფარად დააკავეს, რამდენად არგუმენტირებულია ნაციონალთა ამგვარი განცხადებები?

- თუ იმ კუთხით განვიხილავთ, რომ იმ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვის უაპელაციოდ მხარს უჭერდნენ სააკაშვილსა და ნაცმოძრაობას, მაშინაც კი, როდესაც საკუთარი ხალხის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ, ამ ფაქტს ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენებენ.

ცოტა უცნაურად მიმაჩნია, როგორ შეიძლება მოხდეს 17 მაისის მოვლენების გადაფარვა ვანო მერაბიშვილის დაკავებით, როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ ისედაც ბევრი ახსნა-განმარტება მოუწევს ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ დაარწმუნოს, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებას მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდა.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ნაცმოძრაობა და მისი სატელიტი არასამთავრობოები, ალბათ, უკვე სხედან კომპიუტერებთან და მთელი მსოფლიოს მასშტაბით წერენ, როგორი ვერაგი ხელისუფლება მოვიდა და როგორ უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს.

თუმცა ჯანსაღი არასამთავრობოებისთვის პროკურატურის ეს გადაწყვეტილება კარგად იქნება გასაგები და მათთვის კითხვის ნიშნები არ იარსებებს.

სააკაშვილმა უკვე გაავლო პარალელი უკრაინასთან და ტიმოშჩენკოს დაპატიმრებას შეადარა მერაბიშვილის დაკავება, გაიზიარებს ამ პოზიციას დასავლეთი თუ მეტ გონიერებას გამოიჩენს, გაქვთ პროგნოზი?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ გამოიყენებს თემას და ვინ როგორ იმუშავებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თუ საგარეო უწყებამ ვერ მოახერხა ობიექტური ინფორმაციის მიტანა საერთაშორისო სტრუქტურებამდე, მაშინ ისევ და ისევ ნაცმოძრაობა გამოიყენებს საკუთარი პიარისთვის.

თუ პროკურატურის არგუმენტები იქნება ძალიან მყარი და კითხვის ნიშნები არ დარჩება, მოვლენები სხვა მიმართულებით წარიმართება. ამის გარდა, ვიცით, რომ ჰამერბერგიცა და საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლებიც თანამშრომლობენ პროკურატურასთან, ამდენად, ასე ადვილად უკრაინასთან პარალელებს ვერ გაავლებენ.

ტიმოშჩენკოსთან დაკავშირებით იმიტომ გაჩნდა კითხვები, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრით, უკრაინაში მოსულია პრორუსული მთავრობა და რეალურად, ტიმოშჩენკოს საკითხით მანიპულირებენ უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასთან.

დარწმუნებული ვარ, იუშჩენკოს დროს რომ მომხდარიყო მისი დაკავება, ამდენი კითხვები არ გაჩნდებოდა, ისე, როგორც არ ჰქონდა კითხვები დასავლეთს  სააკაშვილის ხელისუფლებასთან შევარდნაძის ჩინოვნიკების უსაფუძვლო დაკავებასთან, ქონების წართმევასთან, წამებასა და ქრთამის გამოძალვასთან დაკავშირებით.

საზოგადოება დიდი ხანია ელოდება სამართლიანობის აღდგენას, თუ მერაბიშვილს ძალიან მალე გაათავისუფლებენ, როგორც ამას სააკაშვილი ვარაუდობს, საზოგადოების როგორი რეაქცია შეიძლება ვიხილოთ? ვიცით, რომ საზოგადიება ძალიან გაღიზიანებულია ამ მიმართულებით ხელისუფლების ნელი ტემპებით...

- სამართლიანობის აღდგენა შეიძლება განვიხილოთ ორი კუთხით, ერთი, რომ თანამდებობის პირების საკითხი დადგეს - ვინც გეგმავდა და ვინც ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ ქმედებებს, მეორე მომენტია შელახული უფლებების აღდგენა.

არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის დაკავებით მთელი საზოგადოება აღფრთოვანდება და იტყვის, რომ სამართლიანობა აღდგა.

პირველ რიგში, ადამიანები საკუთარი შელახული უუფლებების აღდგენას, წართმეული ბიზნესისა და ქონების დაბრუნებას ელოდებიან, ზოგიც კომპენსაციას იმის გამო, რომ უკანონოდ იჯდა ციხეში. ხალხის უფლებები 9 წლის განმავლობაში ირღვეოდა, როდესაც ნაცმოძრაობა მხოლოდ საკუთარ და არატრადიციული ორიენტაციის მქონეთა უფლებებს იცავდა. თუ მხოლოდ ვანო მერაბიშვილზე გაჩერდნენ, არ მგონია, ხალხი ამით კმაყოფილი დარჩეს.