იმ ჩამონათვალში, რა დანაშაულის გამოც ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ედება ბრალი, რატომღაც არ მოხვდა ყალბი პასპორტის საქმე და როგორც თავის დროზე იურისტები აცხადებდნენ, რამდენიმე თვის წინ ყალბი პასპორტით ხელში აეროპორტში ვანო მერაბიშვილის დაკავება სამართალდამცველთათვის პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა შს სამინისტრომ მერაბიშვილი საზღვარზე უპრობლემოდ გაატარ-გამოატარა.
თავის დროზე, როდესაც მერაბიშვილს ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს, იურისტები აცხადებდნენ, რომ მისი დაკავებისათვის საკმარისი საფუძველი არსებობდა. უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლიდა, რომ ვანო მერაბიშვილი აეროპორტშივე, ყალბი პასპორტით უნდა დაეკავებინათ.
„არ ვიცი, რა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება, - გაეტარებინათ ბატონი მერაბიშვილი. არ მესმის რატომ არ მოხდა მყისიერი რეაგირება. იმედი ვიქონიოთ, რომ მხოლოდ ნამუსზე ასაგდები სიტყვები, რომ ვანო მერაბიშვილს უნდა ეყოს ვაჟკაცობა და აღიაროს, არ დარჩება ახალი შს მინისტრის პროზაულ ფრაზად და სამართლებრივი მოქმედებები გაგრძელდება ამ საკითხის ბოლომდე მისაყვანად. საზოგადოებას ეცოდინება, ზუსტად რა მოხდა აეროპორტში, როდესაც პრეზიდენტი და მისი ამალა მიემგზავრებოდნენ ერევანში“, - აცხადებდა დიმიტრი ლორთიფანიძე.
რაც შეხება დანაშაულს, ლორთქიფანიძე მაშინვე ამბობდა, რომ სახეზე იყო სსკ 362-ე მუხლით განსაზღვრული სისხლის სამართლებრივი ქმედება, ასევე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
პოლიტიკური ექსპერტები კი თვლიდნენ, რომ სავარაუდოდ, ახალმა ხელისუფლებამ აეროპორტში მერაბიშვილის არდაკავებით კიდევ ერთ სკანდალს აარიდა თავი, რადგან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე დასავლეთის მხრიდანაც მუდმივად ისმოდა, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა პოლიტიკური დევნა ხდებოდა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მაშინვე დაიწყო.
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი. თუმცა შს სამინისტროს ინფორმაციით, მან პრაქტიკულად, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. თავი აარიდა კონკრეტულ კითხვებს. მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომელიც სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მივიდა. დელეგაცია ერევანში მიემგზავრებოდა.
საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინვე გააკეთა განმარტება, რატომ არ დააკავეს მერაბიშვილი. პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განმარტებით, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურმა მაშინვე დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობის ფაქტზე, თუმცა იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა.
იმავე საღამოს, 23.00 საათზე უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა.
თავად ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა და მან ყალბი პასპორტის შესახებ არაფერი აცოდა. თუმცა, ალბათ, ძალზე საინტერესო იქნებოდა, გამოძიებას მოეკვლია, ლევან მაისურაძის სახელით ხორციელდებოდა თუ არა რაიმე ოპერაციები, თუნდაც ფინანსური. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვარია, ალბათ, მაინც შესაძლებელი იქნება მოძიება, რა ქონებას ფლობს იგივე ლევან მაისურაძე საქართველოში ან უცხოეთში. თუ გასულ წელს შს მინისტრმა მერაბიშვილმა მსგავსი დოკუმენტი მართლაც დაამზადა, ცხადია, საამისოდ საკმაოდ სერიოზული საფუძველი უნდა ჰქონოდა და ეროვნულ პასპორტს არჩევნებში ნაცმოძრაობისთვის ერთი ზედმეტი ხმის მისაცემად არ დაამზადებინებდა ყოფილ სამოქალაქო რეესტრის უფროსს, გიორგი ვაშაძეს.