უკრაინის დედაქალაქის სკოლებში დღეიდან ონლაინ სწავლა განახლდება. როგორც კიევის მერი აცხადებს, ეს იქნება უფრო ადაპტირებული არსებულ პირობებთან. ასევე, გამოყენებულ იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმები სტუდენტებისთვის. ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი ამოცანაა ქალაქმა იცხოვროს და იმუშაოს თუნდაც ასეთი მკაცრი საომარი მდგომარეობის პირობებში.
უსაფრთხოების გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე ისაუბრა რუს ჟურნალისტებთან ვრცელ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, რომლის განცხადებით, ეს იყო რუსეთისთვის მთავარი პრინციპული პუნქტი, სწორედ ამიტომ დაიწყეს ომი. მისი თქმით, ეს საკითხი სიღრმისეულად დამუშავებულია, თუმცა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს უბრალო ქაღალდი ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსად, არამედ ეს ქაღალდი სერიოზულ შეთანხმებად გადაიქცეს.
„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. ეს იყო პირველი პრინციპული პუნქტი რუსეთისთვის რამდენადაც მე მახსოვს და ასევე, რამდენადაც მახსოვს, სწორედ ამიტომ დაიწყეს ომი. ამიტომ ეს პუნქტი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიაა და ვინაიდან ისინი აცხადებენ, რომ ეს გარანტიაა ასევე მათთვისაც, მე შემიძლია ეს გავიგო და განვიხილო“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
შედგება თუ არა რუსეთ-უკრაინას შორის კონსენსუსი ეს დღეს გამოჩნდება. უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 28-30 მარტს თურქეთში გაიმართება. შეგახსენებთ, ამ დრომდე მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა ბელარუსის საზღვართან. პარალელურ რეჟიმში მხარეები მართავდნენ მოლაპარაკებებს ონლაინ რეჟიმშიც.
ოფიციალური ანკარა ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მიუღებელია, მაგრამ პრინციპულად ეწინააღმდეგება დასავლეთის სანქციებს. შესაბამისად, თურქეთმა საკუთარ თავზე აიღო მხარეებს შორის იყო შუამავალი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში ექვსიდან ოთხ პუნქტზე მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. დიალოგის შუამავალი ქვეყნის ლიდერის განცხადებით, ისევ შეუთანხმებელი რჩება დონბასისა და ყირიმის სტატუსი.
„თავდაპირველად, უკრაინა ჩამოკიდებული იყო ამ საკითხზე, მაგრამ მოგვიანებით, ზელენსკიმ დაიწყო საუბარი, რომ შესაძლოა, უარი თქვას ნატო-ს წევრობაზე. კიდევ ერთი საკითხია რუსულის ოფიციალურ ენად მიღება. ეს ზელენსკიმაც აღიარა. რუსული არის ენა, რომელზეც თითქმის ყველგან საუბრობენ უკრაინაში. არც ამ ეტაპზეა პრობლემა.
კვლავ რჩება ტერიტორიული დავების საკითხი დონბასსა და ყირიმზე. რუსეთთან კომპომისებთან დაკავშირებით რეფერენდუმის საჭიროებაზე ზელენსკის განცხადება „გონივრული ლიდერობა“ იყო. ზელენსკიმ თქვა, რომ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ეხება უსაფრთხოების გარანტიებს ქვეყანაში, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და არა მხოლოდ მისი მიერ“, - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, მაგრამ ერდოღანის განცხადება უარყო უკრაინულმა მხარემ.
მაშ ასე, მსოფლიო ყურადღება ახლა ანკარისკენ არის მიმართული, სადაც მომდევნო სამი დღის განმავლობაში თურქეთის თანამონაწილეობით შედგება შეხვედრა. რა ფორმატში შედგება შეხვედრა და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას უცნობია, თუმცა გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პირადად დაადასტურა რომან აბრამოვიჩის ჩართულობა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესში.
ამავე წყაროს ინფორმაციით, პუტინის თანხმობით, აბრამოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს შეხვდა, რათა მხარეებს შორის შემდგარიყო მოლაპარაკებები. როგორც ირკვევა რომან აბრამოვიჩი რამდენიმე დღის წინ თურქეთში იყო ჩასული, სადაც პრეზიდენტ ერდოღანის მრჩეველს შეხვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, აბრამოვიჩი მისი კაპიტალის სწორედ თურქეთში გადატანას ცდილობს და ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რასაც აბრამოვიჩი მოლაპარაკებებში მონაწილეობის სანაცვლოდ ითხოვს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მზადაა, ის რუსი ოლიგარქები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია დაწესებული, ქვეყანაში მიიღოს მანამ, სანამ მათი ბიზნეს საქმიანობა იქნება საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოებში.
„ჩვენ განვახორციელეთ გაერო-ს მიერ დამტკიცებული სანქციები. თუ რუსეთის რომელიმე მოქალაქეს სურს თურქეთში ჩამოსვლა, შეუძლიათ, ჩამოვიდნენ. თუ რომელიმე ოლიგარქს უნდა ბიზნესის დაწყება თურქეთში და თუ ეს ბიზნესი ლეგალურია, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაშინ მე ამას განვიხილავ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
„The Wall Street Journal“-ის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესოს, რადგან აბრამოვიჩმა შესაძლოა ხელი შეუწყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. სწორედ აბრამოვიჩისთვის დაგეგმილი სანქციები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც პრეზიდენტმა ბაიდენმა კონსულტაციები გამართა უკრაინის პრეზიდენტთან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციებით დაზარალებულ რუს ოლიგარქებს ვლადიმერ პუტინის შეჩერება სურთ, რადგან უკრაინაში შეჭრი გამო რუსეთსა და კონკრეტულ ბიზნესმენებზე დაწესებულმა სანქციებმა, რუსი მილიარდერების ქონება მძიმედ დააზარალა.