სამართლის უსამართლოდ აღსრულების ლაბირინთები

სამართლის უსამართლოდ აღსრულების ლაბირინთები

მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებს განიხილავს, რამაც სამართლიანობის აღდგენის მოსურნე საზოგადოების ნიჰილიზმი გამოიწვია. ხალხი უკვე დაუწერელი კანონის აღსრულებაზე ფიქრობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საზოგადოებამ კარგად იცის, რომ 2004-2012 წლებში უსამართლობის დაკანონება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებით არ შემოიფარგლებოდა და დანაშაული სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ საქმეებზეც ვრცელდებოდა.

მართალია, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში იყო ნორმები იმის თაობაზე, რომ კომისიას განეხილა საჩივრები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის კანონპროექტი მხოლოდ ერთი კატეგორიის საქმეებს შეეხება. ამის მიზეზად იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა მოსაზრებას ასახელებს, მათ შორის, იმასაც, რომ  შესაძლოა, ბიუჯეტისთვის ეს მძიმე ფინანსური ტვირთი ყოფილიყო.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, კომისიამ მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე შეტანილი საჩივრები უნდა განიხილოს. ხოლო, თუ დადგება გარკვეული შედეგი, შემდეგ შესაძლოა, სამოქალაქო გზითაც შეიტანოს საჩივარი მოქალაქემ.

კანონპროექტი უკვე გადაეგზავნა ვენეციის კომისიას, დასკვნას ივნისის შუა რიცხვებისთვის ელოდებიან. იქამდე კონსულტაციები გაგრძელდება სამოქალაქო სექტორთან.

კანონპროექტის მიხედვით, მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია  სისხლის სამართლის საქმეებს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მომჩივანს კანონით გათვალისწინებული ყველა სასამართლო ინსტანცია ამოწურული აქვს. გამონაკლისს  საპროცესო შეთანხმებები წარმოადგენს, რომლის დროსაც მომჩივანმა კომისიას საკმარისი მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს, რომ საპროცესო შეთანხმება მუქარის, მოტყუების ან ძალადობის შედეგად იქნა დადებული.

კომისია  მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირების საჩივრებს განიხილავს. რაც შეეხება ნაკლებად  მძიმე დანაშაულების საქმეებს, პირს შეუძლია კომისიას საჩივრით მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართოს, თუ ამ დანაშაულისათვის მას სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა და მან რეალურად მოიხადა ასეთი სასჯელი.

საქმის განხილვის შედეგად კომისია მართლმსაჯულების ხარვეზის არსებობის, ან არ არსებობის შესახებ დასკვნას აქვეყნებს. თუ კომისიამ მართლმსაჯულების ხარვეზის არსებობა დაამტკიცა, მომჩივანს ორი თვის ვადაში  შეუძლია სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

უკვე ცნობილია, რომ კომისია ცხრა წევრისგან დაკომპლექტდება და მათ პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობა სამი წლის ვადით აირჩევს. კომისიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს იურიდიული განათლება. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. კომისიაში საჩივრის შეტანა შესაძლებელი იქნება მისი პირველი ოფიციალური სხდომის ჩატარებიდან სამი თვის ვადაში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე კანონპროექტში შეტანილ ამ უკანასკნელ ცვლილებებს არ ეთანხმება. კოჟორიძის თქმით, მათი მოთხოვნა იყო, გაზრდილიყო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მიმართვის შესაძლებლობა, თუმცა რეალურად, ამის საწინააღმდეგო რამ მოხდა.

„დღევანდელ კანონპროექტში საერთოდ არის ამოღებული სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაზე მიმართვიანობა, რასაც, ცხადია, მხარს არ ვუჭერთ“, – განაცხადა კოჟორიძემ და ამასთან, კომისიის წევრთა რაოდენობის ცხრამდე შემცირების გადაწყვეტილებაც გაუმართლებლად მიიჩნია, რომელიც სამწლიან პერიოდში ათასობით მოქალაქის საქმის შესწავლას ვერ აუვა.

ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა სამართლებრივ-კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამერბერგმა აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია არ უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკურ მიზნებს და ამ კომისიის წევრები არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები ან რომელიმე პარტიის წარმომადგენლები.

„ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული, უნდა ჰქონდეთ საქმეების გადახედვის აუცილებლობა“, - აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.

For.ge დაინტერესდა, როგორ აღდგება ქვეყანაში სამართლიანობა, თუკი უკანონო განაჩენების გადახედვა ამ ეტაპზე მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს შეეხება?! სამწლიანი ლოდინის შემდეგ კი, თუ საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული წესით დაზარალებულებისთვისაც მოიცლის, ხომ არ დაგვიანდება, რადგან ე.წ. კეთილსინდისიერ მყიდველებზე კიდევ უფრო წარმატებით განხორციელდება უკანონოდ ჩამორთმეულის გასხვისება.

პოლიტიკური ექსპერტი, იურისტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებით არ უნდა შემოფარგლულიყო, რადგან ეს ხალხის მოტყუებაა. მეტიც, ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რადგან, როდესაც ადამიანებს ქონებას ართმევდნენ, არ ართმევნდნენ მხოლოდ სისხლის სამართლის წესის გამოყენებით, უფრო ხშირად ადმინისტრაციული და სამოქალაქო წესით ართმევდნენ ქონებას და ბიზნესს. ამიტომ გაუგებარია, რატომ გადაწყვიტეს ამ ვერსიის ამოღება, რადგან პირვანდელ ვარიანტში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებიც ფიგურირებდა.

ამასთან, კახა კახიშვილის თქმით, მასში კითხვებს ბადებს ამ კომისიის პერსპექტივაც, რადგან ძალიან ბევრი საქმის განხილვას ცხრა კაცი ვერ უზრუნველყოფს. მით უფრო, რომ ეს რვა თვის განმავლობაში ვერ შეძლო პროკურატურამ, მთელი თავისი აპარატით.

„თუ ამ კომისიას არ ექნება სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედებების განხორციელების უფლება და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ განაჩენებით შეისწავლონ საქმეები, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნება კომისიის საქმიანობას, ხოლო, თუ დაავალებს პროკურატურას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, მაშინ კანონმდებლობაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვადა, რა ვადაში იქნება ვალდებული პროკურატურა, შეასრულოს კომისიის დავალება. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ ჩიხს, როდესაც მთელი განცხადებები, რომლებიც დღეს არის პროკურატურაში და შსს-ში, გადამისამართდება ამ კომისიისკენ, კომისია ვერაფერს გააკეთებს და უფლებაშელახულ ადამიანს ეტყვის, მე საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების საშუალება არ მაქვს და ისევ პროკურატურას უნდა დავავალოო. ასე ივლის ხალხი ერთი უწყებიდან მეორეში და საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გარდაუვალია“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

ამასთან, გამოსავალს  ცალკე პროკურატურის შექმნაში ხედავს, რომელიც დაექვემდებარება მხოლოდ მთავარ პროკურორს და არა მის რომელიმე მოადგილეს. თანაც, დეპარტამენტში უნდა იმუშაონ ისეთმა პროკურორებმა, რომელთა მიმართაც კითხვები არავის ექნება.

გარდა ამისა, პოლიტიკური ექსპერტი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვიღაცის პასუხისმებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რადგან არ არსებობს დანაშაული, სადაც დამნაშავე არ არის.

მისი თქმით, ეს დიდ თანხებთან არ იქნება დაკავშირებული, 50-კაციანი კარგად უზრუნველყოფილი დეპარტამენტი ბევრად ეფექტური იქნება. რაც შეეხება კომპენსაციებს, რის გამოც ახალმა ხელისუფლებამ თავი შეიკავა სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების გადახედვაზე, კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ, როგორც წესი, არცერთ სახელმწიფოს არ სურს კომპენსაციის გაღება.

„დედამიწის ზურგზე არ არსებობს ისეთი ხელისუფალი, რომელსაც სურს წინა მთავრობის მიერ ჩადენილი უკანონობის გამო კომპენსაციის გადახდა, მაგრამ ეს არის დემოკრატიული ხელისუფლების ვალდებულება. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმაოდ კარგად მოირგეს ძველი ხელისუფლების სკამები. ამიტომ მათი პასუხისმგებლობაც უნდა იკისრონ. თუ სახელმწიფოს კომპენსირების თანხები არ აქვს, ამიტომაც არ უნდა გამოცხადდეს უპირობო ამნისტია. თუ კონკრეტული თანამდებობის პირის ბრალეულობა გამოიკვეთება, გამოძიებას უნდა მიეცეს საშუალება, დაზარალებულს შესთავაზოს მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ისინიც გათავისუფლდებიან სასჯელისგან. მაშინ კორუმპირებული თანამდებობის პირების ნაცვლად სახელმწიფო კი არ გადაუხდის კომპენსაციას დაზარალებულებს, არამედ დამზარალებელი საპროცესო შეთანხმებით თვითონვე მოურიგდება დაზარალებულს კომპენსაციაზე. დღეს კი საუბრობენ, რომ თურმე ყველა მათგანი სისტემის მსხვერპლია, არადა, სხვის ხარჯზე გამდიდრებული ადამიანი მსხვერპლი ვერ იქნება“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

სამართალმცოდნეობის დოქტორი, ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებით დაზარალებულები სამართლიანობის აღდგენას იმსახურებენ. თუმცა აქ მთავარია სახელმწიფოს შესაძლებლობები.

„ყველაფრის ერთად გაკეთებას იოსებ სტალინიც ვერ ახერხებდა, ჯერ კოლექტივიზაციით იწყებდა, შემდეგ ინდუსტრიალიზაციით. ამიტომ ამ ეტაპზე ერთბაშად ამის გაკეთება დაუძლეველ სირთულეებს უკავშირდება, რადგან დიდი მატერიალური ზარალი განიცადეს ადამიანებმა. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა ეს ქონება კეთილსინდისიერი შემძენის ხელშია გადასული, გამოიცვალა რამდენიმე მესაკუთრე და, ვისაც ახლა უპყრია სხვისი რესტორანი ან ბინა, უკვე კეთილსინდისიერი მესაკუთრეა. ამ დროს მომჩივანი ამბობს, რაში მაინტერესებს, ვინ არის ამის მესაკუთრე, კომპენსაცია მომეცითო. ეს რომ გადავიყვანოთ თანხებში, შესაძლოა, მილიარდებამდეც ავიდეს“, - აცხადებს მინდია უგრეხელიძე.

ამდენად, მიიჩნევს, რომ ეტაპობრივად უნდა განვითარდეს მოვლენები და უფრო მწვავე სისხლის სამართლის საკითხებით დაიწყოს. ეს კი სულაც არ ნიშნავს უარს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე. მისი თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სხვა ქვეყნებშიც (მათ შორის, დიდ ბრიტანეთში) სწორედ სისხლის სამართლის კომისიები არსებობს. ამიტომ ამ საქმეს შედარებით უფრო გვიან მოევლება  და მას ცალკე სპეციალისტების გუნდი დასჭირდება. აჩქარებამ კი შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი სირთულეები წარმოშვას.

აქედან გამომდინარე, მინდია უგრეხელიძე ხალხის აღშფოთების მორიგ ტალღას ელის, თუმცა მიიჩნევს, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, ადამიანებთან შეხვედრა უნდა შედგეს, რათა სამართლის მომლოდინე ხალხი დამშვიდდეს, რომ შედარებით გვიან მათი საქმეებიც გადაიხედება. თუმცა საბოლოოდ ეს ადამიანები არ უნდა მოატყუონ.

ექსპერტი გოგი ხუციშვილი ეთანხმება კახა კახიშვილის მოსაზრებას. მისი თქმით, პარადოქსია, რომ ხალხი სქესობრივი უმცირესობების საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად უფრო იცლის, ვიდრე წართმეული ქონების და საკუთარი უფლებების დასაცავად.

„საოცარ პასიურობას იჩენს ჩვენი საზოგადოება საკუთარი უფლებების დაცვის დროს, მაშინ, როცა შეიძლება სრულიად უმნიშვნელო თემის გამო მთელი ძალისხმევა ჩადონ. ამ დროს მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა საკუთრების უფლებების ხელყოფის, ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს. რატომღაც პარლამენტსა და მთავრობას ელოდებიან, რომ იქ გადაწყდეს ეს საკითხები, მაშინ, როცა საზოგადოებამ თავად უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებით. ეს გამაოგნებელია“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.