კობა ლიკლიკაძე - ვეტერანების პრობლემა ხელკეტებით ვერ გადაიჭრება

კობა ლიკლიკაძე - ვეტერანების პრობლემა ხელკეტებით ვერ გადაიჭრება

"ინტერპრესნიუსმა" ვეტერანთა დაკავების ფაქტის შეფასება სამხედრო ჟურნალისტსა და ექსპერტს კობა ლიკლიკაძეს სთხოვა.

 

3 იანვარს გმირთა მოედანზე ვეტერანების აქცია სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს და აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს. რამდენად ლეგიტიმური იყო ვეტერანების მოთხოვნა და პოლიციის ქმედებაც?

- კანონის თანახმად, მომხდარის შეფასება გამიჭირდება. პოლიციას ნამდვილად აქვს უფლება, ნებისმიერი არასანქცირებული ღონისძიება დაშალოს და წესრიგის დამყარება უზრუნველყოს. მაგრამ ფორმას და დროს გააჩნია, გუშინ არც ერთი და არც მეორე სწორად შერჩეული არ იყო. აქციის დაწყებიდან შვიდი დღე იყო გასული და ისინი 6 იანვარს ისედაც აპირებდნენ დაშლას, რადგან გამაფრთხილებელი აქცია ჰქონდათ. რატომ დასჭირდათ ამის გაკეთება და ასეთი რეზონანსის გამოწვევა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რადგან პრობლემა, რომელსაც ვეტერანების სოციალური ადაპტაცია, მათი დასაქმება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანმრთელობის დაცვა ჰქვია, ხელკეტებით ვერ გადაიჭრება.

 

წლებია, ვაქვეყნებ სტატიებს იმის შესახებ, რომ სამხედრო პირების სამსახურიდან გაშვება ყოველგვარი კომპენსაციის, მათი გადამზადების, სოციალური ადაპტაციის, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზების გარეშე დაუშვებელია. ამას სჭირდება ფაქიზი სახელმწიფოებრივი მიდგომა: დასავლეთის ქვეყნებში არსებობს სპეციალური პროგრამები, რითაც ხელს უწყობენ ვეტერანების სოციალიზაციას, მათი შესაძლებლობების სხვა სფეროში გამოყენებას: ასწავლიან, თუ როგორ აკეთონ მცირე ბიზნესი, ჩაერთონ აგრარულ სფეროში. როგორც ხელისუფლება აცხადებს, საქართველოში ხომ იწყება ეკონომიკური აღმავლობის ახალი ეტაპი, დაასაქმონ ეს ადამიანები ამ ახალ პროექტებში. მით უმეტეს, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში ჩუმად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე ითხოვდნენ ყურადღებას, მიდიოდნენ კაბინეტებში, აკითხავდნენ ვეტერანთა დეპარტამენტს, პარლამენტარებს, სხვა ჩინოვნიკებს, სამწუხაროდ, მათ ყველამ წაუყრუა. ასე რომ, გამოსავალი არ არის აქციის ძალის გამოყენებით დაშლა, მით უმეტეს, რომ ამას ძალიან ცუდი რეზონანსი მოჰყვა, პრობლემა ხომ მაინც რჩება?!

 

მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს, საკანონმდებლო ორგანოს მართებთ დაფიქრება და ვეტერანებისთვის სპეციალური პროგრამების ამოქმედება, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი არც ისე ძვირი "სიამოვნებაა". შეიძლება, ეს ყველაფერი არასამთავრობო სექტორთან ერთად განხორციელდეს.

 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოში 10 ათასზე მეტი ვეტერანია. აქციაზე მყოფი მოშიმშილეებიც აცხადებდნენ, რომ მათ უკან ათასობი ადამიანი დგას. . .

- არა მგონია, რომ 10 ათასი ზუსტი ციფრი იყოს. ესეც დასათვლელია. პრობლემა ისიც არის, რომ არ მოხდა ამ ადამიანების ზუსტი აღრიცხვა, გარკვეული აუდიტი, რომელიც უფრო ნათელ სურათს დაგვიხატავდა. ვფიქრობ, ვეტერანთა დეპარტამენტს უნდა ჰქონდეს უფრო ზუსტი მონაცემები. კიდევ ერთი პრობლემა: ქართულ ჯარში დღესაც ხომ მსახურობენ ადამიანები და კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ისინიც ასეთ დღეში აღმოჩნდებიან. პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე თვალის დახუჭვა ყოვლად დაუშვებელია. ყველაზე ცუდი გამოსავალი კი ის არის, რაც გუშინ მოხდა.

 

შეიძლება თუ არა გუშინდელი ფაქტი არასწორ იდეოლოგიური ნაბიჯად შეფასდეს. მოქმედმა სამხედრო პირებმა დაინახეს, თუ როგორ მოექცა ხელისუფლება ადამიანებს, რომლემაც იბრძოლეს 1992-1993 წლებში და არმიას სულ მცირე 15 წელი შესწირეს?

- თქვენი შეკითხვა აბსოლუტურად სწორია. ნებისმიერ გონიერ ადამიანს, რომელიც ახლა ქართულ ჯარში მსახურობს, გაუჩნდება კითხვა, ხვალ რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება: ვთქვათ, მოვა ახალი ხელისუფლება და იტყვის, რომ არ ვაგებ პასუხს იმაზე, თუ რას დაპირდა წინა მმართველობა სამხედროებს. ნამდვილად ფსიქოლოგიურ დისკომფორტში არიან.

 

საქართველოს ყველა უწყებას უნდა ჰქონდეს ინსტიტუციური მეხსიერება: გინდა თუ არა, მოვალე ხარ ადამიანის წინაშე, ვინც სხვადასხვა დროს გაუშვი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში სამხედრო ამოცანის შესასრულებლად, თუნდაც ავღანეთსა და ერაყში, წარმოიდგინეთ, ვიღაცამ რომ თქვას: კაცო, ვიღაცამ რომ ჯარისკაცი გაუშვა ავღანეთში, ეს ჩემი პრობლემა სულაც არ არისო. ან ის თავდადებული ადამიანები, ახლა ავღანეთში რომ მსახურობენ, ვთქვათ, ჩამოვიდნენ 2-3 წლის შემდეგ და ისინიც საზოგადოებისგან გარიყონ. ეს განცდა გუშინ დაკავებულ ვეტერანებს ნამდვილად ჰქონდათ.

 

გაიხსენეთ ის პროვოკაციაც: ეროვნული გვარდიის დაღუპული მებრძოლების სურათები ვინც ჩამოხსნა სტენდიდან და სარდაფში გადაყარა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. იმ ფოტოებს შორის იყო დეპუტატ სოსო ქუთათელაძის ძმის, ბესო ქუთათელაძის სურათიც. ახალგაზრდა ჩინოვნიკი რომ მოდის და ასე ექცევა ადამიანთა ხსოვნას, სულ მცირე, ადმინისტრაციული სასჯელით არის დასასჯელი.

 

ბევრი საუბრობს, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქართულ არმიაში ძალიან დიდი წმენდა დაიწყო; რომ სამხედროებმა უცხო ქვეყნის საჯარისო შენაერთებში გადაინაცვლეს, სამხედროთა "წმენდა" პერმანენტულ ხასიათს იღებს

- არის პროცესი, რომელიც გარდაუვალია. ბრიტანეთიც კი, რომელიც კონსერვატორული ქვეყანაა, იძულებული გახდა, 5000 სამხედრო გაეთავისუფლებინა და შტატი შეემცირებინა როგორც არმიაში, ისე - ფლოტსა და ავიაციაში, ეს სულ ახლახან მოხდა. თუმცა, მომხდარის გამო ისინი ქუჩაში არ აღმოჩენილან და სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ქართულ სახელმწიფოსაც უნდა ესმოდეს, რომ საქმე ეხება პროფესიონალ სამხედროს, რომელმაც მთელი ცხოვრება ამ საქმეს შესწირა და მნიშვნელოვანი სოციალური ადაპტაცია სჭირდება სამხედრო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ.

 

სამხედროთა მარგინალიზება საშიშია, ამ პროცესში ფსიქოლოგები ერთვებიან. არტილერისტები, ქვეითები, სნაიპერები, სხვა სამხედრო სპეციალისტები მთელი ცხოვრება მტრის მოსაგერიებლად ემზადებიან და ერთ დღესაც სახელმწიფო მათზე უარს ამბობს. ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთი ადამიანი მარგინალი გახდეს. რაც მითხარით, ამაზე ბევრი ინფორმაცია არ მაქვს: მხოლოდ ის ვიცი, რომ ერაყში კერძო უსაფრთხოების ფირმების ჩამოყალიბებაში 100-ზე მეტი ქართველი სამხედრო ჩაერთო, რადგან ანაზღაურება ძალიან მაღალი იყო. თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი: შემცირებების ტალღა, რომელიც 2004 წელს დაიწყო, ადრე თუ გვიან მათაც შეეხებოდათ და წინასწარვე დაიჭირეს თადარიგი.

 

სამხედროთა გათავისუფლების პრობლემა ყველგან არსებობს: არ მინდა მაინცდამაინც რუსეთს შევადარო, მაგრამ იქაც დაწყებულია ეს პროცესი: გახსოვთ ალბათ შორეული აღმოსავლეთის ერთ-ერთი ნაწილის სამხედროთა გამოსვლები. მათ ნაწილს იმიტომ აუქმებდნენ, რომ რუსეთის არმია ბრიგადულ სისტემაზე გადადის. სხვაგანაც მსგავსი პროცესები მიმდინარეობს.

 

ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები უნდა დააკვირდნენ, რომ არ მოხდეს ვეტერანების და, ზოგადად, ყოფილი სამხედროების გარიყვა და გათიშვა საზოგადოებისგან; უნდა შესთავაზონ სპეციალური პროგრამები, ვინც არ მიიღებს ამ შეთავაზებას, აღმოჩნდება მარგინალი და მას თავად ვეტერანთა საზოგადოება გარიყავს.

 

ახლა ყველაფერი არეულია და ვერავინ ვერავის ვერ ცნობს. ახლა ისე გამოდის, რომ რადგან სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ყველა ვეტერანი მართალია. არადა, შეიძლება ყველა ვეტერანი მართალი და სუფთა წარსულის მქონე არ იყოს. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც კი ეს სოციალური პროგრამები ამოქმედდება, ვეტერანები თავად ამოვლენ თვითმარგინალიზების უფსკრულიდან. გუშინდელმა აქციამ უნდა დააფიქროს ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, რომ დროულად და უმტკივნეულოდ მოხდეს ამ პრობლემების გადაჭრა.