PSP-ს დამფუძნებელი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „შრომის კოდექსი“ ძალიან ნედლია და მას ფრაქცია - „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ მხარს კვლავ არ დაუჭერს.
მართალია, აღნიშნული ფრაქცია უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასა და ვეტოს დაძლევაშიც დაეხმარა, თუმცა, „შრომის კოდექსი“ ის საკითხია, სადაც ბიზნესმენებით დაკომპლექტებული ფრაქცია მმართველი ძალის დახმარებას არ აპირებს და ხელისუფლებას მოუწოდებს ცენტრისტული კოდექსი მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ ოქრიაშვილის ფრაქციამ „შრომის კოდექსს“ პრობლემები გასულ სასესიო კვირას შეუქმნა, როდესაც ცვლილებები მეორე მოსმენით ჩავარდა. კერძოდ, 17 მაისის პლენარულ სხდომაზე, მმართველმა ძალამ საკანონმდებლო ინიციატივის გატანისთვის საკუთარი ხმების მობილიზება ვერ უზრუნველყო, ხოლო ოქრიაშვილის ფრაქციამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და მთავრობის ინიციატივა 72 ხმით ჩავარდა, რადგან კვორუმი 74 იყო.
როგორც for.ge-ს კახა ოქრიაშვილმა განუცხადა, რიგი დეპუტატები კარგი იურისტები და კარგი ექიმები არიან, თუმცა, ისინი მოწყვეტილნი არიან რეალობას - თუ როგორ კეთდება ბიზნესი.
კანონმდებელის განმარტებით, მისი ფრაქცია კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით სამ რეგულაციას ეწინააღმდეგება.
„მთავარი შენიშვნები პროფკავშირებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ცვლილებებით, დაშვებულია, რომ ბევრი პროფკავშირი შეიქმნას. დამსაქმებელმა რა უნდა გაკეთოს, რომელსაც საქმე 50 პროფკავშირთან ექნება, საქმე ვაკეთოთ თუ მათ ველაპარაკოთ?! ასევე, ვითხოვთ, რომ ხელშეკრულების გაფორმება უნდა იყოს მინიმალური ერთი წელი და ზემოთ, ოღონდ მხარეების შეთანხმებით, რადგან უვადო არაფერია. არსებულ რედაქციაში კომპრომისი იყო მონახული და ჩაიწერა, რომ სამი წლის შემდეგ იყოს უვადო. ჩავთვალოთ, რომ ეს კომპრომისულია და დავეთანხმეთ. ამას გარდა, ვითხოვდით, რომ 40 საათის სამუშაოს შემდეგ, მხარეთა შეთანხმებით, ზეგანეკვეთურზე ყოფილიყო საათობრივი ანაზღაურება ან მეტი, მაგრამ მათ ჩაწერეს, რომ უნდა იყოს აუცილებლად მეტი. ყველაფერზე შევთანხმებოდით, პროფკავშირებთან დაკავშირებით, რომ წასულიყვნენ დათმობაზე“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ცენტრისტული კოდექსი უნდა მიიღოს, რომლითაც, დასაქმებულის უფლებები იქნება დაცული, ხოლო დამსაქმებელს ზედმეტად თავი არ ეტკინება.
„ბიზნესმენები ვართ და ვიცით თუ რა შექმნის პრობლემებს. დავითაშვილი კარგი იურისტია, ხუნდაძე კარგი ექიმი და მათ პატივს ვცემ, მაგრამ მათ წარმოდგენა არ აქვთ როგორ კეთდება ბიზნესი. მოწყვეტილები არიან რეალობას და ამიტომ, ნედლი კანონი გააკეთეს. ეს ხალხი იურისტები არიან და ქაღალდებში ცხოვრობენ. ძალიან მიხარია, რომ „შრომის კოდექსი“ ჩავარდა და რა თქმა უნდა, თუ არსებული რედაქცია არ შეიცვლება, მას მხარს არ დავუჭერთ. წარმოიდგინეთ, კოდექსში არ დევს ის რეგულაცია - თუ რა ხდება, როდესაც უკანონო გაფიცვაა. ამ მუხლის ჩადება აუცილებელია, რადგან სასამართლოს დადასტურების შემდეგ, კომპანიას ხარჯებს ვინ აუნაზღაურებს?! დაკარგული თანხების ანაზღაურება ხელფასიდან უნდა ხდებოდეს, რადგან ქვეყანას უკანონო გაფიცვების ტალღამ რომ გადაუაროს, ქართულ ეკონომიკას რა მოუვა?! როგორც ბიზნესმენი ვფიქრობ, ხალხი თუ როგორ დავასაქმო, მათ კი, პროფკავშირებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეკომენდაციები მისცენ და ესენი იმაზე ზრუნავენ, საერთაშორისიო ორგანიზაციებს როგორ ასიამოვნონ“, - განუცხადა for.ge-ს ოქრიაშვილმა.
კახა ოქრიაშვილისგან განსხვავებით, „შრომის კოდექსს“ უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი მხარს უჭერს და ამბობს, რომ არსებულ რედაქციაში ძალიან ბევრი საკითხი უკეთესობისკენ შეიცვალა.
„თავდაპირველი ვარიანტი ძალიან მძიმე იყო. ვფიქრობდი, რომ უმრავლესობა ამ კანონპროექტს მიიღებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ძალების მობილიზება ვერ მოხერხდა. ალბათ, ეს საკითხი მომდევნო სასესიო კვირას გადაწყდება“, - აცხადებს დეპუტატი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ საზოგადოება „შრომის კოდექსის“ მიღებას ელოდება, რომელიც იმის გარანტი იქნება, რომ ამ ქვეყანაში შრომის უფლებები იქნება დაცული.
„უმრავლესობა მოწადინებულია, რომ ეს კანონი დროულად იქნეს მიღებული“, - აცხადებს დეპუტატი.
გაურკვეველია, საპარლამენტო უმრავლესობა გაითვალისწინებს თუ არა ბიზნესენთა შენიშვნებს, რადგან პროექტის მუხლობრივი განხილვა მეორე მოსმენისას მოხდა. პარლამენტი „შრომის კოდექსზე“ მესამე მოსმენით მომავალ სასესიო კვირას იმსჯელებს.