„უნდა გავიაზროთ საქართველოს შესაძლებლობები, რას მოიტანდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, მაგრამ უპასუხისმგებლო ხალხი ამაზე არ ფიქრობს“

„უნდა გავიაზროთ საქართველოს შესაძლებლობები, რას მოიტანდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, მაგრამ უპასუხისმგებლო ხალხი ამაზე არ ფიქრობს“

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ამის ფონზე, საქართველოში არ წყდება „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების ურთიერთბრალდებები. ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ომის პროვოცირებასა და უკრაინიდან საქართველოში ისრების გადმოტანას ცდილობენ, ხოლო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე სათანადო ნაბიჯებს არ დგამს და შედეგიც შესაბამისია.

საერთო ჯამში, ვხედავთ, რომ ქვეყანაში ისედაც პოლარიზებული გარემო უფრო მეტად პოლარიზებული ხდება. იმისთვის, რომ საქართველოში ვითარება გამოსწორდეს და ქვეყანა უფრო ღრმა კრიზისში არ შევიდეს, არც ერთი მხარე შესაბამის ნაბიჯს არ დგამს, რაც პოლარიზაციის გაღრმავების პროცესს უფრო მეტად უწყობს ხელს.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები საერთაშორისო ასპარეზზე სწორია, ხოლო ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციულ განცხადებებს და ნაბიჯებს ვხედავთ.

„საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. უნდა გავიაზროთ საქართველოს შესაძლებლობები, რას მოიტანდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა. უპასუხისმგებლო ხალხი ამაზე არ ფიქრობს, ეს იქნებოდა საკუთარ ფეხში სროლა. ოპოზიციაში არის ძალიან არასერიოზულ ხალხი, რომელიც ცდილობს, ნებისმიერი მომენტი, მათ შორის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.

რუსეთს სანქციების დაწესება - არდაწესება ვერ შეაჩერებს. მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ამ ადამიანებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ?! ბევრი მიმართულებით, ეს იქნებოდა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი. საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს, თუმცა ოპოზიციის ნაწილიც ვერ უარყოფს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო მხარდამჭერი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში.

საქართველო მოქმედებს ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში გერმანიის ხელისუფლებასთან ერთად. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა გასაგებ ენაზე, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. ეს იყო მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენ ჩვენთვის საზიანო ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ან რატომ უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავისთვის საზიანო ნაბიჯები? პირველ რიგში, არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები, შემდეგ ნებისმიერი, სხვა მიმართულება“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან საუბარში.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამს, მეტიც, მისი განცხადებები და ქცევები ლოგიკაში არ ჯდება.

„ოპოზიციის წარმომადგენლები არ აკეთებენ დამაზიანებელ განცხადებებს, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ წარმოაჩინოს თითქოს, ოპოზიცია ესწრაფვის იმას, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. პირველ რიგში, ხელისუფლება ეწევა დესტრუქციულ პოლიტიკას, რომ როგორმე მოახდინოს ოპოზიციის დისკრედიტაცია, საუბარი მაქვს პროდასავლურ ოპოზიციაზე.

ერთია განცხადების გაკეთება ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მეორე - ამ განცხადებას უნდა მოჰყვეს ქმედებები. როდესაც მთავრობა აკრიტიკებს პრეზიდენტს, რომელიც ევროპას ეწვია, აქ ლოგიკა არ არის. საქართველოს სწორედ ახლა სჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო გააქტიურება და დასავლელი პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ სანქციები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის დაწესებული, არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ჯარი არ დატოვებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ტერიტორიებს. საუბარი უნდა იყოს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციაზე, არამედ საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიების დეოკუპაციაზეც. საქართველომ ამ მიმართულებით უნდა იბრძოლოს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

შესაბამისად, ვხედავთ, რომ პოლარიზებულია არა მარტო პოლიტიკური სპექტრი, არამედ საზოგდოებაც. არც პოლიტიკურ, არც ანალიტიკურ და არც საზოგადოებრივ წრეებში არ არის თანხმობა, რასაც ბოლო პერიოდში თუნდაც, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრაფვის.

ამის ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოუწოდა, რომ გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას ძალისხმევა. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე, ის არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გაკეთებული აქვს და ის კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაითავისოს და ამ არჩევანის შესაბამისად იმოქმედოს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გააკეთა და ამ კუთხით, წამყვანი როლი სწორედ საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას ეკისრება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას ყველა პოლიტიკური ჯგუფი გვერდით დაუდგეს იმისთვის, რომ ეს გზა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს.

Maverick ანალ ტიკტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის: რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამს, მეტიც, მისი განცხადებები და ქცევები ლოგიკაში არ ჯდება.

ეს ფლიდი ჩიტაძე, ნაცარასტების ჰანგებზე ჭიკჭიკებს და ნაცარასტების პარაშაში თავჩაყუდებული რასაც ბლუყუნებს, ყოველივეს პარაშის "სურნელი" ასდის!
2 წლის უკან
ლაზი ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ჩიტაძეს და მაჭუტაძეს ვინმე რამეზე, ოდესმე პასუხს მოთხოვს? ოპოზიცია ყოველთვის თავისუფალია პასუხისმგებლობისაგან და რაც მოესურვება იმას იტყვის. მისი საქმე კრიტიკა და ქულების დაგროვებაა, ხელისუფლების საქმე, საქმის კეთება.
2 წლის უკან