რუსეთის პოლიტიკური გასროლა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობის დასაძაბად, რომელშიც აქტიურ როლს რადიკალური ოპოზიცია იკისრებს

რუსეთის პოლიტიკური გასროლა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობის დასაძაბად, რომელშიც აქტიურ როლს რადიკალური ოპოზიცია იკისრებს

რას ნიშნავს გრიგორი კარასინის განცხადება, რომ „ჩვენს ურთიერთობებს ნათელი მომავალი აქვს“. რატომ დასჭირდა ახლა, ომის დროს, კარასინს ამის თქმა და რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს?

კონფლიქტოლოგები და საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კარასინი პროვოკაციაზე მიდის, რაც სხვადასხვა მიმართულებითაა გამიზნული. მათი აზრით, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ საქართველოს და რუსეთს, მით უმეტეს ამ ომის პერიოდში, რაიმე ნათელ მომავალზე საუბარი შეეძლოს. მეორეც, რუსები საქართველოს წინააღმდეგ მუქარას არ ერიდებიან და შესაბამისად, კარასინის ნათქვამი სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული. ხელისუფლებამ კი ამის უარსაყოფად უფრო მკვეთრი განცხადებები უნდა გააკეთოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა გაიხსნა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა ორივე მხრიდან, გარდა ამისა, მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „გორჩაკოვის ფონდი“ და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი. მონაწილეებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი შეხვდა. როგორც კარასინმა განაცხადა, რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია „შეუმჩნეველი არ დარჩენია“. მან რუსეთ-საქართველოს შესახებ აღნიშნა, რომ „ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი“.

„პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ტრადიციულ მეგობრებს, არსებული ურთიერთობა ხასიათდება ურთიერთდახმარებით. რუსეთი მხარს უჭერს ყველა საკითხისადმი მშვიდ მიდგომას. ვინც ჩვენ გვეპყრობა სამართლიანად და ღიად გველაპარაკება, ის მეგობრად დარჩება“, - განაცხადა კარასინმა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართულ-რუსულ საექსპერტო წრეებს შორის შეხვედრა, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა, კერძო ინიციატივა იყო და მასში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები არანაირი ფორმით არ მონაწილეობდნენ.

როგორც აბაშიძე ამბობს, არსებულ ვითარებაში, მსგავსი ვიზიტი არ იყო მიზანშეწონილი და მართებული.

„ეს გახლავთ კერძო ინიციატივა, რომელიც განხორციელდა ერთ-ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით. სახელმწიფო სტრუქტურები არანაირი ფორმით ამ ინიციატივაში არ მონაწილეობენ. ასე რომ, ყველა კითხვით ამ ვიზიტის თაობაზე, მათ შორის, დეტალებზე უმჯობესია მიმართოთ აღნიშნული ჯგუფის წევრებს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში ასეთი ვიზიტი იყო მართებული ან მიზანშეწონილი. ამასთან, ამ ვიზიტის საკითხი ე.წ. პრაღის ფორმატში ან რაიმე ორმხრივ ფორმატში არ განხილულა. ბოლო შეხვედრა ე.წ. პრაღის ფორმატში გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მოსკოვში გამართულ დისკუსიას დაესწრო გრიგორი კარასინი, მან ისაუბრა, მათ შორის პრაღის ფორმატის თაობაზე“, - განაცხადა აბაშიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა და არც ერთი შექება, არც ერთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს:

„როცა რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთდება პოლიტიკური განცხადებები, ამას პირველი საქართველოში ყოველთვის ეხმიანება და აიტაცებს ხოლმე „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალური ოპოზიციური ბანაკი და, შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ საქართველოს შიდა პოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები. მე მოველი, რომ ამ განცხადების შემდეგ უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მართული მედია იქნება გატაცებული ამ საკითხით და ძალიან ბევრ განცხადებებს გააკეთებენ. სინამდვილეში არც ერთი ასეთი შექება, არც ერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი გახლავთ ოკუპირებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ კარასინის განცხადება გარკვეულ პროვოკაციას ემსახურება, რომლის საშუალებითაც მას უნდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ეჭვები გააჩინოს. მენაღარიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ომის პერიოდში მსგავსი შეხვედრები დაუშვებელია და ხელისუფლებამ ხაზგასმა ამაზე უნდა გააკეთოს. მისივე აზრით, კარასინი ორი მიმართულებით ცდილობს, რომ ჩვენი ხელისუფლება დააზიანოს.

„მას, როგორც ჩანს, განზრახვა აქვს, რომ ომის პერიოდში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გარკვეული კამპანია ააგოროს. ერთის მხრივ ის ცდილობს, რომ დასავლეთს გაუგზავნოს სიგნალი, თითქოს ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან რაღაცა დახურულ კარს მიღმა კომუნიკაციას და თანამშრომლობას ცდილობს. აჩენს გარკვეულ ილუზიას, თითქოს საქართველოსა და რუსეთს შორის რაღაცა დონის თანამშრომლობა შედგება. ეს ყველაფერი რუსული ხელწერაა, რომელიც მხოლოდ პროვოკაციის მატარებელია. კარასინს მეორე მხრივ კი ქართველი ხალხის გაღიზიანება სურს. ოპოზიციას მისცეს საბაბი, რომ ამ თემით მანიპულირება შეძლოს. მათ კი მოსახლეობაში უკმაყოფილების გამოწვევით პირადი ინტერესები ნახონ. ჩვენს ქვეყანაში დაძაბულობის და დაპირისპირების მუხტი რუსეთს აწყობს.

ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების დაზიანების მიზნით კეთდება. ამიტომ მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ამ შეხვედრაზე წავიდნენ. რა მიზანი ჰქონდა და მართლა რეალურად თუ სჯერათ, რომ ასეთი შეხვედრებით რუსეთსა და საქართველოს შორის რაღაცა დიალოგი შეიძლება გაჩნდეს? ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ უფრო მკვეთრი და მკაფიო განცხადებები გააკეთოს, არ მისცეს რუსეთს იმის საშუალება, რომ მის მიმართ ვინმეს ეჭვი გაუჩნდეს. კარასინმაც კარგად იცის, რომ მათთან ჩვენი ხელისუფლებიდან არავინ არაფრის მოლაპარაკებას არ აპირებს. ამიტომ ეს მხოლოდ გამიზნული განცხადებებია, რომელიც უკვე აღვნიშნე რასაც შეიძლება ემსახურებოდეს“, - ამბობს მენაღარიშვილი for.ge-სთან.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი ფიქრობს, რომ რუსეთის და კერძოდ კარასინის ამ განცხადებაში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ჩანს - ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. კონფლიქტოლოგი for.ge-სთან ვარაუდობს, რომ კარასინი ამით უკრაინის და საქართველოს დაპირისპირებას ცდილობს. ეჭვს მიზანმიმართულად აჩენს და უნდა უკრაინის ხელისუფლებას აფიქრებინოს, რომ ომის დროს საქართველოს ხელისუფლება მათთან თითქოს ურთიერთობის დალაგებას ცდილობს.

„რუსეთი დიდი ხანია საქართველოს და უკრაინას შორის განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობს. საქართველოს ხელისუფლების ქმედება ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ყველა საერთაშორისო განცხადებას, დეკლარაციას, ინიციატივას საქართველო უერთდება და ბოლო გაეროს რეზოლუციასაც ხელი მოაწერა. ოთხ, დასავლურ ევროპულ ქვეყანას შორის, ერთი საქართველოც იყო. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ძალიან კარგი ნაბიჯებია, მაგრამ ხმამაღალი განცხადებების ფონზე, უფრო ფრთხილია. საჯარო დეკლარილების დონეზე ხელისუფლება დიდად არ არის აქტიური. კომენტარებში და განცხადებებში ცოტას მოისუსტებს. ჩემი აზრით, აქ ის მომენტია, რომ დეკლარილებულად საქართველო ყველა საერთაშორისო განცხადების აქტიური ხელმომწერია, მაგრამ ის რასაც რეალითპოლიტიკა ქვია, ამ სიტუაციაში უფრო უკან ვიხევთ. ნუ, ეს არის, როგორც ჩანს, ხელისუფლების ტაქტკია, რომლითაც ცდილობს, რომ 2 სკამზე იჯდეს და გარკვეული მანიპულირებით ქვეყნისთვის სასურველი შედეგი ჰქონდეს. აი, ეს არის ზუსტად ის, რის გამოყენებასაც კარასინი უკრაინის და საქართველოს დასაპირისპირებლად იყენებს. ის ამ განცხადებით აჩენს ილუზიას, თითქოს ჩვენს ხელისუფლებას რუსეთთან კოლაბორაცია ჰქონდეს“, - ამბობს კონფლიქტოლოგი for.ge-სთან.