„ხუდონჰესის” წინააღმდეგ სვანების პროტესტი სწრაფად მატულობს

„ხუდონჰესის” წინააღმდეგ სვანების პროტესტი სწრაფად მატულობს

ხაიშისა და მიმდებარე სოფლებში პროტესტმა სულ უფრო იმატა.  მოსახლეობამ გუშინ მესტიაში მორიგი საპროტესტო აქცია გამართა.  ისინი “ხუდონჰესის” მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას გაითვალისწინონ მათი მოთხოვნა, რათა არ მოხდეს “ხუდონჰესის” მშენებლობის დაწყება.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ საკუთარი სახლ-კარის დატოვება, რასაც ხაიშისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

სოფელ ხაიშში თვე არ გავა, რომ “ხუდონჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია არ გაიმართოს. 2 კვირის წინ კი დაბის მოსახლეობამ, იქვე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წმინდა გიორგის ხატთან ფიცი დადო, რომ ჰესის მშენებლობას შეეწინააღმდეგებიან და არ დაუშვებენ მის აშენებას.

მაისის დასაწყისში აღდგომის შემდეგ, ხაიშის წმინდა გიორგის ეკლესიაში შვიდი თემის მცხოვრებნი ჩავიდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ “ხუდონჰესის” მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ხაიში და მთლიანად სვანეთი საფრთხის წინაშე დადგება.

“ხუდონჰესის” მშენებლობით წყლით დაიფარება მთლიანად სვანეთი, მათ შორის, ჩვენი სალოცავები და ის ეკლესია, რომელიც მეთორმეტე საუკუნეშია აშენებული და ჩვენამდე მხოლოდ ნანგრევებმა მოაღწია. ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით აღადგინა ეს სალოცავი.

გარდა ამისა, წყლით დაიფარება ჩვენი წინაპრების საფლავები.  “ხუდონჰესის” მშენებლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ხაიშის მოსახლეობას, არამედ მთლიანად სვანეთს და საქართველოს. ჩვენ ხატზე დავიფიცეთ, რომ შევეწინააღმდეგებით აქ “ხუდონჰესის” მშენებლობას. ჩვენ ფიცს არ გავტეხავთ”, - აცხადებდნენ ხაიშში მცხოვრები სვანები.

ფიცის დასადებად დაბა ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მხოლოდ მამაკაცები მივიდნენ. თითო ოჯახიდან თითო მამაკაცი. ფიცის დადების ცერემონიალი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ამასობაში საქართველოს მთავრობის სხდომაზე “ხუდონჰესთან” დაკავშირებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ხათუნა გოგალაძის თქმით, საუბარია საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტზე, რომელიც საქართველოს მთავრობას, შპს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს, შპს “ენერგოტრანსს”, “ტრანსელექტრიკა ლიმიტედსა” და “ტრანსელექტრიკა ჯორჯია ლტდ”-ს შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას შეეხება.

“ცვლილები გარკვეულწილად ტარიფს უკავშირდება, ქვეყნისათვის უფრო მომგებიან პოზიციაში ჩაყენებას. თუმცა, საერთოდ, მემორანდუმისა და ასეთი ხელშეკრულებების ნაკლი ის გახლავთ, რომ ქვეყანას გარკვეულ ვალდებულებებს ანიჭებს. რაღაც ჩარჩოებში აქცევს იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ამ პროექტის განხორციელება”, - განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.

მისივე თქმით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა თუკი მსგავს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჯერ ყველაფრის შესწავლა, გაანალიზება მოხდება და ამის შემდეგ დაიდოს ხელშეკრულება ან მემორანდუმი.

“ჩვენი პოზიციით, ყველანაირი შესწავლა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული”, - აღნიშნა გოგალაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ მისთვისაც და მთავრობის ნებისმიერი წევრისათვის მოსახლეობის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.

“ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ, მთავრობის ნებისმიერი წევრისათვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის აზრს. განსაკუთრებით კი, ხაიშის მოსახლეობისას, რომლებიც პროექტის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ყველაზე მეტად დაზარალებულ ჯგუფს შეიძლება მიეკუთვნებოდნენ”, - აღნიშნა გოგალაძემ.