რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლება პოლიტიკურ ომს საქართველოს წინააღმდეგ აწარომებს. იმ საქართველოს წინააღმდეგ, რომელის ტერიტორიების 20% ოკუპრებულია და ამ ტერიტორიებს რუსეთის ორი სამხედრო ბაზა დარაჯობს. ამის მიუხედავად, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის თბილისში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. საქართველომ მიიღო უკრაინელი დევნილები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა სასტუმროში ცხოვროვენ.
ეს მაშინ, როდესაც რუსულ ბომბებს გამოქცეულ აფხაზეთიდან დევნილებს და მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებს არ ახსენდებათ უკრაინის ხელისუფლების მხარდაჭერა, თუ არ ჩავთვლით რუსთაველის გამზირზე გამართულ კონცერტზე მდგარ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტს ვიქტორ იუშენკოს. ომში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.
უკრაინის მოქმედი ხელისუფლება რომ საქართველოს მიმართ არახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ, რომელმაც თავს უფლება მისცა და საქართველო მხოლოდ იმიტომ გააკრიტიკა, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა საქართველოს გადაწყვეტილება შეაქო. „თბილისი - იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?“, - წერს ოლეგ ნიკოლენკო „ტვიტერზე“ ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც საქართველოს საგარეო უწყება ყავს მონიშნული.
საინტერესოა, რატომ არ შერცხვა უკრაინის ხელისუფლებას მაშინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები კიევის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, უკრაინის სააპელაციო სასამართლოში სასწრაფო წესით ჩაინიშნა სასამართლო პროცესი და საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილ, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძეს, პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მუხაძის საქართველოში ექსტრადირება გამორიცხულია.
უკრაინის სასამართლომ იხელმძღვანელა უმძმეს დანაშაულებში ბრალდებული მუხაძის ჩვენებით, რომ „სამშობლოში იგი იდევნებოდა თავისი ანტირუსული შეხედულებების გამო, ასევე ქართველი ოლიგარქებისა და კრიმინალიტეტის მხრიდან განიცდიდა ზეწოლას“. „ქილერა“ საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე არის ბრალდებული და მათ შორის არის პატიმრის წამების საქმე.
პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლების „მთავარი რეფორმატორია“ - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სასაჯელს საქართველოში იხდის. უკრაინის ანტიკორუფციულ განვითარებაზე ზრუნავს გიზო უგლავა; უკრაინის გენერალურ პროკურატურაში რჩებიან დავით საყვარელიძე და ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ასევე ჩართულია მოლაპარაკებების პროცესში; უკრაინის საშემოსავლო სექტორი ჩაბარებული აქვს გიორგი ცხაკაიას;
საბაჟო სტრუქტურებზე პასუხისმგებელია გია გეწაძე; უკრაინის პრეზიდენტის მარჯვენა ხელია დავით არახამია, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის რწმუნებულია რუსეთთან მოლაპარაკების ნაწილში. ასევე, ომის პარალელურად, პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა, ძებნილი გია ლორთქიფანიძე, რომელიც 2016 წლამდე ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. უკრაინის ხელისუფლების სახე არიან: კოხტა კოდუა და ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალის ლიდერები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან და რომელთა ყველა ქმედება, სამწუხაროდ, დაკავშირებულია ერთი და იგივე მცდელობასთან - საქართველო ჩათრეულ იქნას ომში.
„სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. არიან კონკრეტული ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან და ეს საფრთხეებს ქმნის. ეს არის პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი, რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, რომელიც არის დღემდე რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე და ის არ მოიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრებულ იქნა საქართველოში ქურდულად შემოპარვის შემდეგ.
ამას ემატება გია ლორთქიფანიძე, რომელიც ახლა დაწინაურდა და თუ არ ვცდები, კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე გახდა. ანუ, არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იკავებენ მაღალ თანამდებობას უკრაინის ხელისუფლებაში და ისინი ამავდროულად არიან ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეებს ქმნის და არა მარტო სამომავლო საფრთხეებს შეიცავს, ამის შედეგები ჩვენ უკვე ვიხილეთ კონკრეტულ მაგალითებზე.
ამის მაგალითი იყო, პირველ რიგში, ელჩის გაწვევა, ასევე თვითმფრინავის შემთხვევა, გახსოვთ, რომ აქეთა მხრიდან იყო „ნაცმოძრაობა“ ჩართული და იქითა მხრიდანაც „ნაცმოძრაობა“ იყო ჩართული, ანუ ის ადამიანები, რომლებიც იქ არიან ხელისუფლებაში. ყველა ეს ქმედება, რომელიც არის ალოგიკური და პროვოკაციული, სამწუხაროდ, დაკავშირებულია ერთი და იგივე მცდელობასთან - საქართველო ჩათრეულ იქნას ომში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის ხელისუფლება რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ომშია ჩართული, ამის შესახებ საუბრობ ანალიტიკოსები. დავით ქართველიშვილის განცხადებით, დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს აწარმოებს. როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას აწარმოებდნენ სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან.
„უკრაინა! წლების განმავლობაში, მცირეწლოვანი შვილების უდანაშაულო მამებს მაგიდაზე „გასკოჩილს“ რომ „აქათმებდნენ“, მათი მფარველი რომ ხარ დღემდე! კოხტა კოდუა, ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძე, რომ თურმე პოლიტიკური ნიშნით დევნილები არიან, არ გრცხვენიათ!? საქართველოში ფაშისტური რეპრესიული რეჟიმის არქიტექტორი, ქართულ ღირსებაზე მონადირე და მისი გამანადგურებელი, ქვეყნის საკონცენტრაციო ბანაკად გადამქცეველი, კრიმინალი, ზურაბ ადეიშვილი რომ გყავთ თქვენი ე.წ. „მართლმსაჯულების“ გამპრავებლად, არ გრცხვენიათ?!“, - მიმართავს უკრაინის მმართველ ელიტას დავით ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და მასში, რა თქმა უნდა, უკრაინა გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობა უკვე საქართველოსთვის იქნება სამარცხვინო.
„არ არის შემთხვევითი, რომ მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ სადებუტატო დელეგაცია უკრაინაში რადას სხდომებს ესწრება. არ არის შემთხვევითი, „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტაცია ომის პირობებში თათბირებს რომ ატარებდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, ანდრეი ერმაკთან. არ არის შემთხვევითი, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბოლო დღეები დღე და ღამეს ათენებს პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რაღაცა პასქვილებს წერს და ეს სამარცხვინო პასქვილი გააჟღერა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ, რომელმაც შეარცხვინა საქართველო, შეარცხვინა საქართველოს ხელისუფლება. შეარცხვინა მაშინ, როდესაც ერთი კიევის ოდენა, უდიდესი ეკონომიკური პრობლემების პირობებში მყოფი პატარა ქვეყანა რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს უკრაინისთვის. პარტიული კუთვნილების მიუხედავად თითოეული ქართველის კარია ღიაა უკრაინიდან დევნილების მისაღებად. ათასობით ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება შიმშილისა და სიცივის ზღვარზე მყოფი მოსახლეობისთვის.
მაშინ, როდესაც კიევის სასურსათო მაღაზიები დაცარიელებულია და არ მიმდინარეობს მოსახლეობის კვებითი პროდუქტებით მომარაგება. აი, ამ სიტუაციაში მათ სცალიათ იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ომი აწარმოონ. მაგრამ ეს ის ომია, რომელსაც აწარმოებდნენ წლების განმავლობაში, როდესაც კიევიდან ხდებოდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმების დაწერა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ძებნილი „ნაციონალების“ შეფარებას და უკრაინის ხელისუფლებაში დაწინაურების მთავარი ვერსიაც ის არის, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა „რუსმა ოლიგარქმა“. მისი თქმით, სააკაშვილი ცხრა წელია ამ მოდელს ამუშავებს და სწორედ, ეს მოდელი განაპირობებს სააკაშვილის და მისი პარტიის მიმართ სიმპატიებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
„ანუ, ვისაც რუსეთის მიმართ აგრესია აქვთ, იმათ სააკაშვილი აღქმული ჰყავთ რუსეთთან მებრძოლ პერსონად. 2012 წელი წარმოუდგენიათ როგორც 2008 წლის პოლიტიკური ვერსია. მათი ამაში გადარწმუნება, ალბათ, ადვილი არ არის, მაგრამ უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს, იმიტომ რომ 2008 წლის ომის მერე მიშამ ასეთი მოდელი შესთავაზა საზოგადოებას - „მე ვარ დავითი, რომელიც გოლიათს ვებრძვი“. დავითის და გოლიათის მოდელი დიდხანს ცოცხალი იყო დასავლეთში.
ამიტომ იყო, რომ დასავლეთის ქვეყნებში სააკაშვილი აღიქმებოდა რუსეთთან მებრძოლ რაინდად და ბევრი მას მხარს უჭერდა. კარგი ფორმულა იპოვა, რომელსაც სთავაზობს თავის პარტნიორებს. სამწუხაროდ, დეტალებში არავინ შედის, რა წესრიგი ჰქონდა საქართველოში - რუსული, თუ ევროპული ტიპის? ვის გადასცა ომის მერე სტრატეგიული ობიექტები? როგორ იქცეოდა ომამდე და როგორ აწესრიგებდა ტერიტორიებს საიმისოდ, რომ ომში წაგების მერე დიდი ნაწილი დარჩენოდათ რუსებს და ა.შ.
ეს ხომ დეტალებია, რომელზეც არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ეს ის მნიშვნელოვანი დეტალებია, რომელიც ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, ვისაც აბრალებენ, რომ პუტინის მონები ხართო, უნდა დაასაბუთონ, ვინ არის პუტინის მონა და ვინ არა. ჯერჯერობით, ხელისუფლების ეფექტურობა ამ მხრივ ძალიან დაბალია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოს ვაჟა ბერიძის განცხადებით, საქართველოს მიმართ უპატივცემულობის პირველი სიმპტომები გაჩნდა ჯერ კიდევ პოროშენკოს დროს, რომელიც აგდებულად ეკიდებოდა საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, საქართველოდან დევნილ და ძებნილ პოლიტიკურ ფიგურებს, ზოგს მისჯილს და ზოგს მიუსჯელად თბილად აბინავებდა და თანამდებობებზე ნიშნავდა. მისი თქმით, სწორედ მაშინ იყო საჭირო ცალსახა და მძაფრი პროტესტის გამოთქმა.
„ზელენსკიზე ძალიან კრიტიკულად ვილაპარაკებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ომი დამთავრდება, იმიტომ რომ ომში მყოფ ადამიანზე საუბარი არ მიმაჩნია მართებულად, მაგრამ მას ასე მიაჩნია - „რას ჰქვია, მე ასე მინდა და გამოვიყენებ სააკაშვილს, ადეიშვილს, ლორთქიფანიძეს და საერთოდ ვინ არის საქართველო, ხმას რომ იღებს. რაც მე მინდა, იმას გავაკეთებ“. ერთი მხრივ, მართლაც უყოყმანო და მტკიცე პიროვნებაა, შეიძლება ეს კარგია ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, მაგრამ ის რა მესიჯებს აძლევს დასავლეთს და ცდილობს ომში მის ჩაბმას, ეს უკვე სხვა თემაა.
რამდენჯერაც თქვა, რომ ცა დაგვიცავითო, იმდენჯერ უთხრეს რუსეთთან ომი არ გვინდაო, მაგრამ მაინც იგივეს იმეორებს და ფაქტობრივად, ღიად მოუწოდებს აშშ-ს და დასავლეთს თუნდაც ატომურ დაპირისპირებამდე მივიდეთ, მოდით, დამიცავით, მომეხმარეთო. აბა, საქართველოს რა ანგარიშსს გაუწევს, მით უმეტეს რომ ყველანაირი გამართლება აქვს, ომში მყოფი ქვეყანაა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკის ბრალია ის, რაც ხდება. ახლა უკვე ამ პროცესზე ზემოქმედების უფლება ჩვენს სახელმწიფოს სამწუხაროდ, არ აქვს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძემ.
მე ვფიქრობ როცა იქნება თვალები აეხილება ზელენსკის!
საინტერესოა, რა ბედი ეწია უკრაინაში საზღრის დარღვევის ამ ეპიზოდზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს?