„ნაურუ რუსეთს სამხედრო დახმარების გაწევას დაჰპირდა. ის მზადაა რუსეთის დასახმარებლად 100 კონა მშვილდ-ისრით დატვირთული 12 კანოე გააგზავნოს“

„ნაურუ რუსეთს სამხედრო დახმარების გაწევას დაჰპირდა. ის მზადაა რუსეთის დასახმარებლად 100 კონა მშვილდ-ისრით დატვირთული 12 კანოე გააგზავნოს“

უკრაინაში მიმდინარე სამამულო ომი ერთგვარ პოზიციურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რუსული სამხედრო ძალები გამოიფიტა, წინ ვერ იწევს და ქალაქების გაპარტახებაზეა გადასული. უკრაინა თავს იცავს და ხშირ შემთხვევაში ელვისებურად იჩხვლიტება, ტერიტორიების ნაწილს ათავისუფლებს და მოწინააღმდეგის სამხედრო შეიარაღებას მიწასთან ასწორებს. იბრძვის მარიუპოლიც, რომელსაც ქალაქი უკვე პირობითად შეიძლება რომ ეწოდოს. მარიუპოლის დაცვა გარკვეულწილად 2015 წლის ქალაქ დონეცკის აეროპორტის თავდაცვას წააგავს, როდესაც „კიბორგებად“ მონათლულმა რამდენიმე ასეულმა უკრაინელმა მებრძოლმა ჩონჩხად გადაქცეული შენობა-ნაგებობები რამდენიმე თვის განმავლობაში დაიცვა.

დიდი აურზაურია რუსულ მმართველ წრეებში. უკრაინის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დაზვერვები დროდადრო აქვეყნებენ ინფორმაციებს, რომ პუტინის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება, „განაწყენებული და გაღარიბებული“ რუსი ოლიგარქები ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის ლიკვიდაციას გეგმავენ. „დიადი ვლადიმირი“ კი დანებებას არ აპირებს და ბირთვული და ატომური იარაღის გამოყენებას აპირებს.

დანამდვილებით ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა და საზღვარგარეთ წავიდა.

გაკვირვებას იწვევს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუს ერთგვარი გაუჩინარებაც. რუსულ საინფორმაციო სივრცეში შოიგუ უკანასკნელად 11 მარტს გამოჩნდა, როდესაც თურქ კოლეგა ჰულუსი აკმართან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. იმავე დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრი ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა. 18 მარტს კრემლის ოფიციალურმა ვებგვერდმა შოიგუს სახელი ოფიციალურად ახსენა და განაცხადა რომ მინისტრს პუტინთან შეხვედრა ჰქონდა. ეს იყო და ეს. 18 მარტის შემდეგ სერგეი შოიგუ არსად ოფიციალურად აღარ გამოჩენილა.

როდესაც „გაუჩინარებული მაღალჩინოსანის“ შესახებ კითხვა დმიტრი პესკოვს დაუსვეს, ამ უკანასკნელმა „ჩვეულ ტრადიციას“ არ უღალატა: - „რით ვერ გაიგეთ, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრი „ოპერაციას“ პირადად ხელმძღვანელობს და სად აქვს დრო საინფორმაციო საშუალებებში სხვადასხვა კომენტარების გასაკეთებლად“.

დმიტრი პესკოვი რამდენიმე დღის წინ CNN-ს ესაუბრა და მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ დაზაფრა: - „ჭკვიანად იყავით, თორემ ატომურ ბომბს გამოვიყენებთ“. ამ დროს მისი 24 წლის ქალიშვილი ელიზაბეტა თავს მსოფლიოს მოქალაქედ მიიჩნევს: - „რუსეთისათვის დაწესებული სანქციები უსამართლო და არაგონივრულია. ძალიან გამიკვირდა, რადგან უცნაურია სანქციების დაწესება 24 წლის ადამიანზე, რომელიც არაფერ შუაშია არსებულ ვითარებასთან. ვნერვიულობ, რადგან მიყვარს მოგზაურობა და მიყვარს სხვადასხვა კულტურა. მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ“. მართლა უცნაურია, ქალიშვილს მსოფლიო უყვარს და მოგზაურობა იტაცებს, ამ დროს მამამისი ამ „საყვარელ“ მსოფლიოს ატომურ და ბირთვულ იარაღს უმიზნებს.

ამჟამინდელ რუსეთში ბევრი ალოგიკური მოვლენა ხდება. „უკრაინაში ამერიკელები ქმნიან იარაღს, რომელიც ზოგიერთი ეროვნების ქალების რეპროდუქციულ ფუნქციებსა და იმუნიტეტზე მოქმედებს. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისთვის უკვე საიდუმლო არ არის, რომ პენტაგონის მიერ ჩატარებული ამ ბიოექსპერიმენტების მიზანი, რომლებიც უკრაინელებზე და სხვა სლავებზე ტარდება, არის „ეთნიკური იარაღის“ შექმნა, რომელიც რუსეთის ფედერაციის რუსი ეროვნების მოსახლეობის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ეს იარაღი გარკვეული ეროვნების ქალების რეპროდუქციულ ფუნქციაზე და იმუნიტეტზე მოქმედებს, რაც იწვევს ალერგიას ტრადიციული კერძების მიმართ და ისეთ დაავადებებს, რომლებიც ერის იმუნიტეტის დაქვეითებასა და ომის გარეშე მის მოსპობას იწვევს“, - განაცხადა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ აშშ-ის დაფინანსებით უკრაინის ბიოლაბორატორიებში ისეთი ინფექციები იქმნებოდა, რომელთა გადატანა შემდეგ რუსეთში ფრინველების და ღამურების მეშვეობით ხდებოდა. ამერიკელი სპეციალისტები ცდილობდენ ისეთი ბიოაგენტების შექმნას, რომელიც ამორჩევით გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებს მიაყენებს ზიანს.

გარეული ფრინველებისა და განსაკუთრებით ბატების თემას ცნობილი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვიც შეეხო. „გლობალური შეტევა რუსულ ცივილიზაციაზე გარეული ბატებით, რომლებიც დავირუსებული იყვნენ მხოლოდ სლავების ამომწყვეტი შტამით“, - განაცხადა მიხალკოვმა.

ცუდადაა რუსეთის საქმე. ქვეყანას სასწრაფო შველა ესაჭიროება, მის ლიდერებსა და ამჟამინდელი რუსული საზოგადოებრივი განწყობილების შემქმნელებს კი, ალბათ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში იზოლირება არ აწყენდათ.

საღად მოაზროვნეები „დიად ქვეყანაში“ დარჩენილები არიან, თუ რასაკვირველია იმ 15 ათასს დაკავებულებში არ შედიან, რომლებმაც გაბედეს და უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია გააპროტესტეს.

რამდენიმე დღის წინ რუსი ხელოვანების ჯგუფმა ვლადიმერ პუტინის მისამართით ერთობლივი წერილი გაავრცელეს, სადაც ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ლიდერს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე. წერილის ავტორები არიან ოლეგ ბასილაშვილი, ალისა ფრეინდლიხი, ევგენი მირონოვი და სხვები, სულ 70-მდე კულტურის სფეროს წარმომადგენელი.

„ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს გვახსოვს, რა არის ომი. ბევრი ჩვენგანის ოჯახის წევრი შეიწირა მეორე მსოფლიო ომმა. ჩვენში ომის მეხსიერება გენეტიკურადაა დალექილი და ეს უმძიმესი ტვირთია. მოგიწოდებთ, სასწრაფოდ შეწყვიტოთ საომარი მოქმედებები, დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან. პატივი ეცით უმაღლეს ღირებულებებს“, - ასეთია ამ წერილი-მოწოდების შინაარსი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი BBC-ის ჟურნალისტს ესაუბრა. ინტერვიუს ერთი ნაწილი რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის მოსვლასა და ამ მოვლენაში რუსული ინტელიგენციის ბრალეულობას დაეთმო.

„პუტინის აღზევების გამო დანაშაულისა და პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია. მხოლოდ საკუთარ თავზე არ მოგახსენებთ. საუბარი მაქვს ადამიანთა იმ წრეზე, რომელშიც ათეული წლებია ვტრიალებ და ინტელიგენციას ეძახიან. წინა საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც რუსეთი ტოტალიტარული რეჟიმისაგან ბოლოსა და ბოლოს გათავისუფლდა, მე და ჩემი წრის წარმომადგენლებმა მოღვაწეობა საკუთარ პროფესიულ საქმიანობებში გავაგრძელეთ. მოულოდნელად გაგვიჩნდა საშუალება, რომ საყვარელი საქმიანობა ცენზურისა და აკრძალვების გარეშე გვქონოდა. რუსეთის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მოკლედ რომ გითხრათ, ამ ცხოვრებაში კარგად და რიგიანად მოვეწყვეთ. ამის ნათელ მაგალითად მეც გამოვდგები. ყოველივე ამის შედეგად ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ჩავუგდეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში ჭუჭყიანი მეთოდების გამოყენებას არ თაკილობდნენ. ქვეყანა მათ დარჩათ და მისი მართვაც დაიწყეს. როდესაც გამოვფხიზლდით და მწარე რეალობის წინაშე აღვმოჩნდით, უკვე დაგვიანებული გახლდათ. რასაკვირველია, დამნაშავეები ვართ. რუსეთი ჩვენი სამშობლოა, იქ ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ. ჩვენი უყურადღებობითა და პირადი ეგოიზმით პუტინის რუსეთი - „პუტინლენდი“ ჩამოვაყალიბეთ. პუტინის აღზევებაში რუსულ ინტელიგენციას ვადანაშაულებ. თავის დროზე პასიურები რომ არ ვყოფილიყავით, დღევანდელი მოცემულობისათვის შეიძლება თავი აგვერიდებინა“, - განაცხადა ბორის აკუნინმა.

ბორის აკუნინი და მისი მსოფლმხედველობის მსგავსი რუსი კულტურის მოღვაწეები არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებენ, მაგრამ პუტინის მძიმე საომარი მანქანა უკვე ბოლომდე დაქოქილია. რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოს მასშტაბით უკრაინაში საომრად „მოხალისე-დაქირავებულებს“ ეძებს, უახლოეს დღეებში კი, დიდი ალბათობით, თავად რუსეთში საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს. ამ ფონზე ერთგვარი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც გინდათ დაიჯერეთ და გინდა „ფეიქად“ მონათლეთ.

„ნაურუ რუსეთს სამხედრო დახმარების გაწევას დაჰპირდა. ის მზადაა რუსეთის დასახმარებლად 100 კონა მშვილდ-ისრით დატვირთული 12 კანოე გააგზავნოს“.