„ქვეყანა რომელიც 21-ე საუკუნეში ომს იწყებს და ბავშვებს კლავს, იმისთვის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენად საგანგაშოა, ვერ გეტყვით“

„ქვეყანა რომელიც 21-ე საუკუნეში ომს იწყებს და ბავშვებს კლავს, იმისთვის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენად საგანგაშოა, ვერ გეტყვით“

საქართველომ სტრასბურგში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო.

 „2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია, რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ დაახლოებით 3 ათასიდან 4 ათასამდე საჩივარს. სტარსბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციებეული რეფორმების შედეგია, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ წარმატებას თავისი აქტორები ჰყავს და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ჩართული იყო აღნიშნულ საქმეში და ამავდროულად განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი აღნიშნულ გამარჯვებაში. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა გულშემატკივარს. სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ აუცილებლად ერთად ვიზეიმებთ მიზნით გამარჯვებას“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

იურისტი მირიან ნიკოლაძე, for.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ ეს საქართველოსთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, იურისტი ვერ გვინკონკრეტებს, ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვის შემდეგ, სტრასბურგის გადაწვეტილება როგორ აღსრულდება.

მირიან ნიკოლაძე: ძალიან კარგი ამბავია, უბრალოდ, სათანადო პროცესებია გასავლელი. როგორც ქართულ სამართალწარმოების სისტემაშია, იქ ისე მარტივად არ არის. თითოეული ეტაპი თუ არ გაიარე, ბუნებრივია, სასურველ შედეგამდე ვერ მიხვალ. მით უმეტეს, მორალურად აგრესორის წინააღმდეგ გამოტანილი ყველა ასეთი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა. ვულოცავ ქართველ ხალხს, მაგრამ ჯერ ეს კიდევ საბოლოო გადაწყვეტილება არაა.

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლოს გადაწყვეტლებას, დაუშვებლად ცნობა უარს ნიშნავს. დაშვებულად ცნობა კი ნიშნავს, რომ განხილვას ექვემდებარება და შესაძლებელია ამ საჩივრის საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილება.

სამართლებრივად ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ეს რუსეთისთვის კიდევ ერთი მარცხია. თუმცა, ქვეყანა რომელიც 21-ე საუკუნეში ომს იწყებს და ბავშვებს კლავს, იმისთვის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენად საგანგაშოა, ვერ გეტყვით. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსეთისთვის სულ ერთია, რადგან დაკისრებულ სანქციებს არ ასრულებენ, წაყენებულ მოთხოვნებზე უარს ამბობენ და, ზოგადად, ასეთი პოზიცია აქვს.

ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 საჩივარი დაუშვებლად კი სცნო, მაგრამ სამართლებრივად შესაძლებელია გასაჩივრება?

- სტრასბურგის განაჩენი არსად არ საჩივრდება. საბოლოო გადაწყვეტილებაა, დაუშვებლად მიიღო და შესაბაისად სამართლებრივად პირღიები დარჩნენ.

შეუძლიათ ახლიდან შეიტანონ საჩელი?

- იგივე თემატიკაზე რაზეც საჩივარი ჰქონდათ მომზადებული იყო კონტრპოზიცია და არ იყო რეალური საჩივრები მოქალაქეების მხრიდან. ეს მოხდა ორგანიზებულად და სახელმწიფომ გაუკეთა მენეჯმენტი, რათა მხოლოდ ერთი მხრიდანარ ყოფილიყო შეტევა. ასე რომ ვთქვათ, ზრდილობისთვის შეტანილი საჩივრები იყო. სტრასბურგმა რუსეთის ლიდერის აზრი დაინახა და მიხვდა, რომ არ უნდა განეხილა.

თქვენს კითხვას, რომ დავუბრუნდე, იმავე კონვენციის მუხლების დარღვევაზე სარჩელს ვერ შეიტანენ. ცოტა შეცვლილი ფორმით შესაძლებელია.

რუსეთი ამ თვალსაზრისით ვეღარაფერს იზამს. დედამიწაზე არ მეგულება არც ერთი სამართლებრივი დაწესებულება, სადაც შეიძლება რუსეთმა რამე დაამტკიცოს. რა უნდა დაამტკიცოს?!-ომის დამწყებმა მხარემ რა უნდა მოიოქმედოს?! საქართველოში იყო და რამდენი მსხვერპლი მოიტანა, უკრაინა არის და ყველა ვხედავთ, იქ რას აკეთებს. ამ ქვეყანამ რა უნდა მოიგოს, წამოუდგენელია.

აქვე ისიც უნდა ითქვას, სახელმწიფო, რომელიც ყოველდღე ბავშვებს აპატიმრებს იმის გამო, რომ პოზიცია არ გამოხატონ, მისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება არაფერს წარმოადგენს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საქმის გარდა, საქართველოს წინააღმდეგ 154 სარჩელია, პატარა ქვეყნისთვის 154 საჩივარი რამდენად ბევრია და რამდენად საზიანოა?

- საქართველოს მოქალაქე საქართველოს რომ უჩივის, ისიც საქართველოს წინააღმდეგ არის განწყობილი. რაც შეეხება ქვეყნის იმიჯის დაზიანებას, აღნიშნული საჩივრები ამაზე არ იმოქმედებს, უბრალოდ სტატისტიკაა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისისუფლების პერიოდთან პარალელს თუ გავავლებთ, იმ პერიოდში 3 ათასი საჩივარი იყო ხოლმე და ახლა კი შეუდარებლად ნაკლებია. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, რომ სტრასბურგში იჩივლოს და რატომ არ უნდა გამოიყენოს?! შეიძლება ნორვეგიასა და დანიას იმდენი მომჩივარი არ ჰყავდეს, მაგრამ ჩვენნაირი ქვეყნისთვის კატასტროფაც არაა.