ეკონომიკის ზრდის ტემპების ვარდნა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის

ეკონომიკის ზრდის ტემპების ვარდნა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის

ეკონომიკური ზრდის პროგნოზს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამცირებენ, ოღონდ ეს არ ეხება მარტო საქართველოს. არც ჩვენ მეზობლად და არც ევროპაში სახარბიელო ვითარება არ არის.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ STANDARD & POOR'S-მა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პოსტსაბჭოთა ქვეყნების (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი,საქართველო) ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშის მიხედვით, სუსტი საინვესტიციო კლიმატი, კერძო სექტორისკენ მიმართული რეფორმის არარსებობა და კორუფციის მაღალი დონე, რეგიონში ეკონომიკის ზრდას აფერხებს. S&P-ში მიაჩნიათ, რომ მხოლოდ საქართველოს გააჩნია დინამიური არასანავთობო სექტორი, რომელიც ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაშიც გააგრძელებს“.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მეზობლების ფონზე საქართველოს პროგნოზი არც თუ მთლად ურიგოდ გამოიყურება, თუმცა S&P-ს შეფასებით ის მაინც დაგეგმილზე ნაკლები იქნება. სარეიტინგო სააგენტოში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მშპ-ის ზრდა 2013 წლისთვის 3,5%-ს არ გასცდება.

STANDARD & POOR'S საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებად მიიჩნევს: ზომიერ სახელმწიფო ვალს, საშუალოვადიან პერსპექტივაში ზრდის ძლიერ პოტენციალს, ინსტიტუტების ხარისხის მზარდ გაუმჯობესებას და პოლიტიკური ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას.

სუსტ მხარებად კი მიიჩნევა: საგარეო რისკებისადმი დაუცველობის მაღალი დონე, ფულადი პოლიტიკის შეზღუდული მოქნილობა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის დაბალი დონე.

აღსანიშნავია, რომ წინა კვირაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, წელს 6%-იან ზრდას, სავარაუდოდ, ვერ მივიღებთ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5-დან 3%-მდე შეამცირა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც.

თუმცა, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ევრობანკის მიერ საპროგნოზო მაჩვენებლების 2%-ით შემცირება ეს ნორმალურია და ამაში საგანგაშო არაფერია.

„აქ საგანგაშო არაფერია, ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელსაც წინა მთავრობა ახმოვანებდა, არარეალური იყო”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. „მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით კი, ევრობანკმა პროგნოზი შეამცირა მთელ მსოფლიოში და ბანკის გათვლებით, საქართველოში უფრო მეტად მზრდი ეკონომიკა იქნება, ვიდრე ნებისმიერ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის კლებას ვარაუდობს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ფონდმა უკვე გააფრთხილა ევროპა, რომ კრიზისიდან გამოსვლის ტემპების შენელება არ შეიძლება და ყურადღება უნდა გამახვილდეს კვიპროსის კრიზისზე და იტალიის პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანაზე.

მთავრობაში ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, ინფრასტრუქტურის მშენებლობის ფონზე ეკონომიკა 8%-ითაც კი გაიზარდა, თუმცა ამ პროცესს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე გავლენა არ მოუხდენია.