ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს აშანტაჟებს. მისი თქმით, უმჯობესია, უკრაინას მისცენ ისეთი იარაღი, როგორიც ახლა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ მათი გაგზავნა საქართველოს, მოლდოვასა და პოლონეთისთვის. რუსეთთან საომარ დაპირისპირების წინაშე მყოფი უკრაინა დასავლეთმა მარტო არ დატოვა, როგორც ეს 2008 წელს საქართველოს შემთხვევაში მოხდა. იმის მიუხედავად, რომ დღეს უკრაინას გვერდში უდგას მთელი ცივილიზებული სამყარო, პრეზიდენტი ზელენსკიმ რატომღაც საქართველო ამოიღო მიზანში და უკრაინის ძნელბედობის ჟამს საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისთვის იცლის.
იმის მიუხედავად, რომ ევროპის ქვეყნები და მათ შორის აშშ ღიად ამბობს უარს ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში, მათ შორის უარს ამბობენ შეუერთდნენ დაწესებულ სანქციებს, მაგალითად მოლდოვა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ისრაელი, უკრაინის ხელისუფლებას ამ ქვეყნებიდან ელჩები კონსულტაციისთვის არ გაუწვევია. ვოლოდიმერ ზელენსკიმ ეს ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან მიმართებაში. უკრაინის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.
როდესაც სანქციებზე ვლაპარაკობთ, ერთია, რომ საქართველოს მხრიდან სანქციებზე მიერთება არა რუსეთს, არამედ თავად საქართველოს მოსახლეობას დააზიანებდა. მეორე მხრივ, როგორც ვხედავთ, ვერც დასავლეთის მხრიდან გამოცხადებულმა სანქციებმა ვერ იქონია გავლენა ომის დასრულებაზე.
„სანქციები პუტინს ვერ შეაჩერებს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ისინი“, ჯერ კიდებ სანქციების სრულად ამოქმედებამდე აცხადებდა ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.
უკრაინის პრეზიდენტის გაბუტვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ რომ გაუგებარია, ეს ცხადია, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. ომიდან ერთი თვის თავზე საქართველოს მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი. ასევე, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს გაეწიათ დახმარება. ისინი უზრუნველყოფილი არიან როგორც საცხოვრებლით, ასევე უზრუნველყოფილია მათი გადააგილების ხარჯები. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპაზე შეუძლია საქართველოს, რომელიც ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და რუსეთთან საომარ ვითარებაში იმყოფება.
რაც შეეხება მოხალისეების გაგზავნას, ეს ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას, რაც კარგად იცის ოპოზიციამ, მაგრამ ამის მიუხედავად ხელისუფლებას ბრალს სდებენ, თითქოსდა რუსეთის დაკვევით მოქმედებს. ეს მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნები და მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ და ნატოს მოკავშირეები უკრაინაში რუსეთთან არ იომებენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ მოუწოდა ამერიკელ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინაში გამგზავრებაზე ფიქრობენ, რომ ეს არ გააკეთონ: „ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობდით, მოვუწოდებდით ამერიკელებს, რომლებიც უკრაინაში იყვნენ, დაეტოვებინათ ეს ქვეყანა და ამერიკელებს, რომლებიც მოგზაურობაზე ფიქრობდნენ, არ გამგზავრებულიყვნენ... მათთვის, ვისაც სურს, უკრაინასა და მის ხალხს დაეხმაროს, ამის განხორციელების ბევრი გზა არსებობს, მათ შორის მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დახმარებით, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე მუშაობენ“, - განაცხადა ბლინკენმა.
უკრაინაში ჩასულ მცირე რაოდენობის ბრიტანელ მოხალისეებს ქვეყანაში დაუყოვნებლივ დაბრუნებისკენ მოუწოდა ბრიტანეთის არმიის ხელმძღვანელმა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პერსონალს ეკრძალება უკრაინაში გამგზავრება, ხოლო უკრაინაში ჩასულ სამხედრო პერსონალს დისციპლინური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ნატოს არც ერთი ქვეყანა არ ფიქრობს მოსკოვის შეჭრის მოგერიებაში აქტიურად ჩართვას.
„მთავრობა აქტიურად არ უჭერს მხარს ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც სურთ, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას უკრაინაში... რა თქმა უნდა, მესმის ადამიანების გრძნობების და ემოციების, რომლებიც ამ კონფლიქტს უკავშირდება, რადგან საერთაშორისო პოლიტიკაში არ მახსენდება დრო, როდესაც განსხვავება სწორსა და არასწორს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, ასეთი ცხადი ყოფილიყოს... ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა. ვფიქრობ, ნებისმიერი ნატო-ს წევრისთვის რუსეთთან კონფლიქტში აქტიურად ჩართვა ძალიან დიდი ნაბიჯია, რომელზეც არც ერთი წევრი არ ფიქრობს“, - განაცხადა ჯონსონმა.
გარდა იმისა, რომ უკრაინაში მოხალისეებს არ აგზავნის, მათ შორის არც თვითმფრინავებს აგზავნის პოლონეთი. როგორც პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ აღნიშნა, ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს.
„უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს. ჩვენ არ ვუერთდებით ამ კონფლიქტს. ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე. ჩვენ არ ვაპირებთ თვითმფრინავების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ნატო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში სამხედრო ფორმით ჩარევას არ აპირებს.
„მოქალაქეები ყოველდღე შეშფოთებული მწერენ: იქნება ჩვენთან ომი? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება, იყოს: 80 წლის განმავლობაში ჩვენ თავიდან ავიცილეთ წარმოუდგენელი რამ, ეს ასე უნდა დარჩეს! ნატო არ გახდება ომის მხარე უკრაინაში“, – წერს ოლაფ შოლცი.
როგორც ცნობილია, 3 მარტს უკრაინის მთავრობამ გერმანიის ფედერალურ თავდაცვის სამინისტროს სიტყვიერი ნოტა გაუგზავნა, სადაც ითხოვდა სხვადასხვა ტიპის იარაღს.
მოთხოვნები მოიცავდა ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს, საარტილერიო სისტემებს, თვითმავალ ჰაუბიცებს, საბრძოლო თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს. ასევე, სიაშია მსუბუქი საზენიტო სისტემები, სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავები. ასევე, ისრაელმა არ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა ჩაფხუტებისა და თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე.
ამის მიუხედავად, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც აქციები ეწყობა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოს სიდიდით მეორე არმიასთან ომში საქართველო როგორმე ჩაერთოს. საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომლის ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს მოხალისეების გაგაზავნას, მათ შორის ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს.
ოპოზიცია ითხოვს, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს, მათ შორის ითხოვენ სავიზო რეჟიმის დაწესებას, ეს მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ შემოიღო რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. მაშინდელმა ხელისუფლებამ არათუ სანქციები დაუწესა რუსეთს, არამედ 2008 წლის 10 აგვისტოს, დილის 5 საათზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ენგურჰესის“ გასხვისების თაობაზე რუსეთთან კაპიტულაციის პირობების მქონე მემორანდუმი გააფორმა, რომლის შინაარსი დღემდე უცნობია. გარდა ამისა, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მმართველობაში აღმოჩნდა სტრატეგიული ობიექტები.
სწორედ ამ ოპოზიციის ძალისხმევით 2008 წლის შემდეგ საქართველო ოკუპაციის ქვეშ არის. თბილისიდან 45 კილომეტრში დგას უახლოესი რუსული შენაერთი, მათ შორის აფხაზეთშიც.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი გაერთიანება, როგორიც არის ნატო, კატეგორიულ უარს აცხადებს ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში, ოპოზიცია ღიად და დაუფარავად მოქმედებს იმისათვის, რომ ქვეყანა ჩართოს ამ კონფლიქტში.
„სხვათა შორის, ამის შესახებ კარგად თქვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა - „ჩვენ უდიდეს პატივეს ვცემთ უკრაინელ ხალხს, რომლებიც იცავენ ნატოს რუსეთისგან“. ეს არის ის ფუნქცია და გეოპოლიტიკური დანიშნულება, რომელითაც ჩვენ ღირებული ვართ გარკვეული გეპოლიტიკური ძალებისათვის, ასევე გარკვეული გეპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფულს იღებენ იმაში, რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ. საერთოდ არ აინტერესებთ როგორი იქნება შედეგები. ფაქტობრივად, მოქმედებენ იმ მიმართულებით, რომ საქართველო ჩაერთოს ომში. ის, რომ ომი ჩვენთვის გამოიწვევს სრულიად კატასტროფულ შედეგებს, ეს ამ ადამიანებს არ აინტერესებთ. უბრალოდ, ზომბირებული არიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ფასდება შედეგით. შესაბამისად, შედგების თვალსაზრისით, საქართველოდან მოხალისეების გაგზავნა და მათ შორის სანქციებზე შეერთება, უშედეგო იქნება საქართველოსთვის.
„უკრაინისთვის შეიძლება იყოს შედეგიანი, თუკი საქართველო ჩაერთვება რუსეთთან კონფლიქტში და რუსეთს მოუწევს ძალების განაწილება. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ასეთი გაუმჟღავნებელი სურვილი არსებობდეს. საქართველოს ოპოზიციას არ უდგას ეს ამოცანა, არ აინტერესებს. მას უნდა რომ პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდეს, დანარჩენი ხომ არ აინტერესებს.
პუტინი, რომელიც ბუნკერშია, ეძებს საბაბს. გავიხსენოთ მისი განცხადება - ვინც ხელს შეუწყობს უკრაინას, მტრად ჩავთვლიო. დიდ ქვეყნებს ვერ ერევა, ამერიკასთან საომრად ვერ მიიწევს, მაგრამ პატარა ქვეყანას შეიძლება ეს მიზეზი მოსდოს - უკრაინას ეხმარებოდითო. მით უმეტეს, რომ ზელენსკი და მისი გარემოცვა ცდილობენ საქართველო ჩართონ ამ კონფლიქტში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსის ვაჟა ბერიძის შეფასებით, ის ვინც ამბობს, რომ ქვეყანა სანქციებს უნდა შეუერთდეს, მას თავისი ხედვა, გათვლა და პრაგმატული ინტერესები აქვს. კონსტრუქცია, რომელსაც მსჯელობისას აგებენ ე.წ. პოლიტიკური სპექტრის პროდასავლური ფრთა, აბსოლუტურად გასაგებია ანალიტიკოსისთვის, რომლის განცხადებით, ამ ძალას ამ ქვეყანაში სამართლიანი და ობიექტური გზით ხელისუფლებაში მოსვლა არ შეუძლია.
„სხვა რა დარჩენიათ გარდა იმისა, რომ გააკეთონ აპელირება სოლიდარობაზე. სერიოზული ინტერესები დევს სასწორზე. ჩვენი დასავლური არჩევანი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის არჩევანია და თითოეული ჩვენთაგანი უჭერს ამ არჩევანს მხარს, მაგრამ არის ნაწილი ჩვენი საზოგადოებისგან, რომელიც ამ ურთიერთობიდან დიდ სარგებელს ღებულობს. ეს არის უზარმაზარი გრანტები, შემოსავლები, რომელსაც დაკარგავენ, თუ ამ ყველაფრის ნიველირება მოხდება. ბუნებრივია, რომ ამ შემოსავლების დაკარგვა არ უნდათ.
ისე წარმოაჩენენ, რომ ესენი არიან დასავლეთზე ორიენტირებულები და სხვა დანარჩენი ოცნებობს რუსულ ჩექმაზე, რაც სინამდვილეში ასე არ არის. პოლიტიკური პროცესია და ამ პროცესის ნაწილია სანქციებთან შეერთება, ან არ შეერთება. არსებითად, ჩვენ შეერთებული ვართ სანქციებს, ყველანაირად ვდგავართ დასავლეთის გვერდით. ოკუპაციის შესახებ კანონი ბევრი თვალსაზრისით ამას ითვალისწინებს.
ელემენტარულად, სანქციებზე შეერთებით რას იღებს და რას კარგავს ქვეყანა, რა საფრთხეები მოჰყვება ამას? ეკონომიური თვალსაზრისით, საქართველო უფრო დაზარალდება, თუ რუსეთი? ბოლოს და ბოლოს, თუ საუბარია უსაფრთხოებაზე და ქვეყნის პერსპექტივაზე, ეკონომიკაც უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ეკონომიკა თუ დაგენგრევა თავზე, შესაბამისად, სუვერენიტეტიც ჩამოიშლება. ამაზე არავინ საუბრობს და საუბრობენ იმაზე, რომ აი, ჩვენ შევუერთდეთ სანქციებს. ბატონებო, ამ სანქციებს დიდი ხანია შეერთებული ვართ“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.
კითხვაზე, რატომ არ დაუწესა რუსეთს ემბარგო 2008 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ მაშინ ასე უნდოდა სააკაშვილს და მის უკან მდგომ პერსონებს, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ფულს გარკვეულ ეტაპზე სუნი არ ჰქონდა.
„მოგეხსენებათ, რომ მთელი ობიექტები რუსებს გადასცეს. სააკაშვილმა და მისმა ეკონომიკურმა მრჩეველმა ბენდუქიძემ ერთად გააკეთეს ეს ყველაფერი. დაქცეულ ეკონომიკას და ნაომარ საქართველოს აწყობდა რუსი ტურისტები, გადაატრიალა „პლასტინკა“ და ცალმხრივად გახსნა ქვეყანა რუსი ვიზიტორებისთვის. დღეს სხვა სიტუაციაა.
მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე არ შევუერთდებოდი სანქციებს, იმიტომ რომ მიმაჩნია, პოზიტივი აქედან ნაკლებია, ვიდრე ნეგატივი და საფრთხეები რასაც ქვეყანა მიიღებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძე.
სამეხედრო ექსპერტის ამირან სალუქვაძის განცხადებით, უკრაინის ომი პირველი არ არის, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მისი თქმით, დღეს ყველა ცდილობს უშუალო დაპირისპირებაში არ შევიდეს რუსეთთან, განსაკუთრებით ნატო, რადგან ომის შედეგებიდან გამომდინარე, ერთ ან მეორე მხარეს არ მოუწიოს ბირთვული იარაღის გამოყენება და არ გადაიზარდოს ყველაფერი მესამე მსოფლიო ომში.
„ამ ხალხის სამხედრო კვალიფიკაციაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ელემენტარული ცოდნა და უნარი თუ გააჩნიათ იმისათვის, რომ რეალურად შეაფასონ ყველაფერი? ელემენტარულია, ომში უნდა ჩაება მაშინ, როდესაც შენთვის ხელსაყრელი პირობებია და არა მტრისთვის. რითი აფასებენ, რომ ჩვენთვის დღეს ხელსაყრელი პირობებია? მეორე მხარეა მორალი. ომია უკრაინაში, ნადგურდება უკრაინის მოსახლეობა, მათ შორის ინფრასტრუქტურა და ჩვენ აქედან ვსაუბრობთ, რომ აი, საქართველოს ახლა აქვს შანსი. ნუთუ ეს მორალის მაღალი სტანდარტია?! ჩვენ რისკის ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენ, დღეს ვიმკით იმ სამი ომის უმძიმეს შედეგებს. საქართველოს შუაგულში დგას საოკუპაციო ძალა, მეორე ძალა დგას დასავლეთით. საქართველოს იზოლაციაში მოქცევა რუსეთს არ გაუჭირდება როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან. ზღვის ჩაკეტვის შემთხვევაში რა საპირწონე არსებობს პარტიორების მხრიდან? თურქთიდანაც კი ვერ უზრუნველვყოფთ ლოჯისტიკას და ეს ზუსტად 2008 წლის ომის შედეგებია.
ჩვენ გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვიყავით 2008 წლის ომამდე. მაშინდელ ხელისუფლებას დღეს უხარია ომი უკრაინაში და პირველი რა განცხადებაც გააკეთეს, იყო ის, რომ აი, ნახავთ, შესაძლებელი იყო რუსეთის აგრესიის აცილება? შესაძლებელი იყო, ალბათ, ამისკენ რაიმე ნაბიჯები რომ გადადგმულიყო, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ. რამდენი წელია ვაანალიზებ ამ ყველაფერს და ამ ნაბიჯებს ვერ ვხედავ მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.