„ნატოს მხრიდან დახმარება ძალიან კარგია, მაგრამ პუტინი ასე ადვილად არაფერს დათმობს - მან რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა გადაწყვიტოს, მისი ყველა რესურსი ამოწურული უნდა იყოს“

„ნატოს მხრიდან დახმარება ძალიან კარგია, მაგრამ პუტინი ასე ადვილად არაფერს დათმობს - მან რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა გადაწყვიტოს, მისი ყველა რესურსი ამოწურული უნდა იყოს“

შესაძლოა თუ არა ნატოს დახმარებამ რუსეთ-უკრაინის ომის ბედი გადაწყვიტოს და გამარჯვების ისარმა უკრაინის მხარეს გადაიწიოს? რას მისცემს უკრაინას ნატოს მიერ გაწეული სამხედრო დახმარება და რამდენად დგას ახლა მსოფლიო ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე? რა ელის საქართველოს, რომლის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოტელბერგმა ისაუბრა.

როგორც ცნობილი ხდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამხედრო ძალების მზადყოფნის საგანგებო რეჟიმზე გადადის და ალიანსის ტერიტორიაზე სრულ მზადყოფნას აცხადებს - რუსეთ უკრაინის ომის დაწყებიდან, ზუსტად 1 თვის შემდეგ,

ნატოს წევრი ქვეყნების საგანგებო შეკრება 24 მარტს კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდა. ალიანსის ლიდერმა, ნატოს უპრეცედენტო მზადყოფნის დეტალებზე, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღეს ალიანსმა გადაწყვიტა, რომ უკრაინას მეტ სამხედრო დახმარებას გაუწევს, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის უპრეცედენტო სანქციების დაწესებას და გავაძლიერებთ რუსეთის შეკავებას და თავდაცვას. მოკავშირეებმა დაამტკიცეს 4 ახალი საბრძოლო ჯგუფი ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, რასაც ემატება 4 უკვე არსებული - ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში. ამრიგად, ჩვენ ახლა 8 საბრძოლო ჯგუფი გვაქვს ბალტიის ზღვიდან, შავ ზღვამდე.

გარდა ამისა, მოკავშირეები მიაწვდიან დამატებით დახმარებას უკრაინას, რათა ამ ქვეყანამ უფრო ეფექტურად დაიცვას თავი. მათ შორის არის ანტისატანკო დანადგარები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და დრონები. ასევე, კიბერუსაფრთხოების სისტემები და აღჭურვილობა, რათა უკრაინამ თავი დაიცვას ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნატოს პასუხისმგებლობაა არ დაუშვას კონფლიქტის ესკალაცია, რაც უფრო მეტ ნგრევასა და მსხვერპლს გამოიწვევს. სტოლტენბერგმა ისაუბრა რუსული საფრთხის რისკის ქვეშ მყოფ საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინაზეც.

„მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა ყველა პარტნიორის მიმართ, რომლებიც რუსეთის ჩარევის გამო, რისკის ქვეშ არიან, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მიმართ. ჩვენ ევროკავშირთან ერთად, მათ უნდა დავეხმაროთ სუვერენიტეტის დაცვასა და მდგრადობის გაძლიერებაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობს, ამიტომაც უკრაინას თავდაცვითი იარაღებით დაეხმარებიან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინის მხრიდან ქიმიურ საფრთხეებზე ალაპარაკდა, ეს ნაცნობი მეთოდია, როცა რუსეთი საკუთარ სურვილებს სხვას აბრალებს. რუსეთი პრეტექსტს ქმნის, ის ემზადება, რომ შესაძლოა, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი გამოიყენოს. ჩვენ მსგავსი ქმედებები ვნახეთ წარსულშიც. ნებისმიერი ქიმიური იარაღის გამოყენება შეცვლის ომის გარემოებას და სიტუაციას. რუსეთს მძიმე შედეგები დაუდგება. ეს არა მხოლოდ უკრაინას შეეხება, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებსაც. რუსეთმა ნატოს ტერიტორიაზე სოლსბერიში გამოიყენა ამ ტიპის იარაღი. მან ქიმიური იარაღი სირიის მოსახლეობაზე გამოიყენა. რუსეთს გააჩნია ეს ქიმიური იარაღი და ვიცით, რომ ის ამით მანიპულირებს. მან თქვა, რომ შესაძლოა, გამოიყენოს ეს იარაღი, ამიტომ საჭიროა მალე ამ ომის დასრულება და სიტუაციის განმუხტვა. ჩვენ მხარს დავუჭერთ და მივაწოდებთ უკრაინას შესაბამის დანადგარებსა და აღჭურვილობას, რომ ბირთვული საფრთხეები იქნეს თავიდან აცილებული.

მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მივაწოდეთ ისეთი აღჭურვილობა, რითაც თავს დაიცავენ ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ქიმიური იარაღის საფრთხეებისგან. ეს მოიცავს იარაღის გამოვლენას, წვრთნებს დაბინძურების შესახებ და კრიზისის მენეჯმენტს. ჩვენმა ტოპ სამხედრო მეთაურმა გენერალმა ვოლტერსმა უკვე გაააქტიურა ნატოს რადიოლოგიური, ბიოლოგიური, ატომური და ქიმიური თავდაცვის ელემენტები. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ასე რომ, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს უკრაინის მხარდასაჭერად და ჩვენი წევრი ქვეყნების დასაცავად“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი და საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ნატოს მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო ძალის დახმარების გაზრდა მოსალოდნელი იყო და შექმნილ სიტუაციაში ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ბატიაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამით უკრაინა რუსეთისთვის კიდევ უფორ მეტი ძალებით წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს. ეს კი ამ მომენტისთვის სასიცოცხლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა.

„ეს დახმარება უკრაინას მისცემს საშუალებას, რომ ომის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ბოლო დღეების განმავლობაში ამის ნიშნები აშკარაა. მეორე - ჩვენ დავინახეთ ის, რომ ნატო აღმოსავლეთის ფლანგს აძლიერებს და აღმოსავლეთ ევროპის ოთხ ქვეყანაში ნატოს ბაზების გაზრდა დააანონსა. ასევე ვნახეთ განცხადება საქართველოს და ბოსნია-ჰერცოგოვინასთვის დახმარების გაძლიერებაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ექნება საშუალება თანამედროვე ნებისმიერი იარაღი მიიღოს, რომ თავი დავიცვათ. თუკი რუსეთიდან საფრთხე წამოვიდა, ჩვენს ქვეყანას მისი მოგერიების უნარი ექნება. ეს ჩვენი უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაზე დასავლეთში რომ კონსენსუსი არსებობს, ძალიან კარგია“, - ამბობს ბატიაშვილი.

მისივე თქმით, ნატო ახლა თავს უშუალო საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისგან იმ მოტივით იკავებს, რომ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყოს. ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთი არ რისკავს ბოლომდე, რადგანაც პუტინს აქვს ბირთვული იარაღი, რომლითაც მუდმივად იმუქრება. ამიტომ ეს საფრთხე რეალურია და ამ რისკების გათვალსიწინებით, ნატო კატასტროფისგან თავის არიდებას ცდილობს. თუ რუსეთი ამ იარაღს გამოიყენებს, მას ნატო იგივე ქმედებით უპასუხებს. ეს კი მსოფლიო კატასტროფას ნიშნავს.

„რუსეთი ახლა უკრაინის ყველა ფრონტზე აგებს. მას არც ერთი ხელმოსაჭიდი შედეგი არა აქვს. კრემლს უკვე იმედი გადაწურული აქვს და ამას მათ განცხადებებში ვხედავთ. ისტერიაში მყოფი რუსული სამხედრო ინსტებლიშმენტი არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. რუსები სირიიდან 16 000 მებრძოლის ჩამოყვანით იმუქრებოდნენ და ბოლოს 1000 კაცი ძლივს შეკრიბეს. ამიტომ ეს არის ზღვაში წვეთი და რუსეთმა აღარ იცის დამატებით სამხედრო ძალა საიდან მოიყვანოს. სულ უფრო და უფრო გამოიფიტება, არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკურადაც“, - ამბობს ბატიაშვილი.

რაც შეეხება ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის შესაძლო სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას, რომელსაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი განსაკუთრებულად გაუსვა და ჩინეთი გააფრთხილა, მსგავსი დახმარება არ განახორციელოს, ბატიაშვილის თქმით, ჩინეთმა კარგად იცის, რომ რუსეთს თუკი რაიმე სახის დხამარებას გაუწევს, ის სანქციბის ქვეშ მოხვდება. ამიტომ მის ინტერესებში ეს ნამდვილად არ შედის. ამიტომ ანალიტიკოსი ნაკლებად ვარაუდობს, რომ რუსეთს ჩინეთი დახმარების ხელს გაუწვდის.

„ჩინეთი ყოველთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის და ნაკლებად მოსალოდნელია რუსების გამო ამდენად გარისკოს. მაქსიმუმ, ამ მომენტისთვის რაც შეიძლება გააკეთოს, ეს საკვები პროდუქტების გაგზავნაა, რაც რეალურად არსებულ ვითარებას არ შეცვლის. საბრძოლო ტექნიკის გაგზავნას ის არ აპირებს, რადგან კარგად იცის, რომ ამას ფარულად ვერ გააკეთებს და არ დაიმალება. ამიტომ ჩინეთს გაცხადებული რაც აქვს, იმ ხაზს გააგრძელებს. რუსეთი მარტოა დარჩენილი, ლუკაშენკოს თუ არ ჩავთვლით. ისეთი ერთგული მოკავშირეც კი, როგორიც სირიის მმართველი ასადია, მხოლოდ 1000 კაცის გაგზავნა შეძლო. ამიტომ დასავლეთის დახმარება ახლა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამაც შესაძლოა ომის ბედი რადიკალურად შეცვალოს“, - ამბობს ბატიაშვილი.

კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის თქმით, არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ვლადიმერ პუტინი ასე ადვილად რამეს დათმობს. კანაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან სერიოზულად მხოლოდ მაშინ დაჯდება, როცა მისი რესურსები აბსოლუტურად ამოწურული იქნება, ამას კი დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, ის ნატოს მხრიდან გაცხადებულ სამხედრო შეიარაღებით დახმარებას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ომი მალე არ დასრულდება და არავინ იცის რელურად პუტინი რას მოიმოქმედებს.

„ნატოს მხრიდან გაკეთებული დახმარება ძალიან დროული და კარგია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პუტინი ასე ადვილად არაფრის დამთმობი არ არის. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია რომ ხვალ და ზეგ შესაძლოა ომი დასრულდეს. მან რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა გადაწყვიტოს, მისი ყველა რესურსი ამოწურული უნდა იყოს. ამას კი, სამწუხაროდ, დრო უნდა.

აშკარაა, რომ მიუხედავად ამ დანაკლისებისა, სანქციებისა, რუსეთი არ აპირებს დღეს და ხვალ ამ საომარი მოქმედებების შეჩერებას. გულუბრყვილო იქნება იმის ვარაუდი, რომ რუსეთი არ ემზადებოდა ასეთი სცენარისთვისაც, როგორც ჩანს, ეს ომი გაგრძელდება, შედეგი, დიდწილად თუ არა, 90-95%-ით დამოკიდებული იქნება, თუ რაოდენ შეძლებენ უკრაინელები ამ მხნეობის შენარჩუნებას, რომელიც აქამდე ჰქონდა“,-ამბობს კანაშვილი.

მისივე თქმით, ზელენსკისა და პოლიტიკური მმართველობისთვის სულ უფრო რთული გახდება და ზეწოლა უფრო გაიზრდება იმ ფონზე, როცა რუსეთი გადავა კიდევ უფრო აგრესიულ ქმედებებზე და მოსახლეობის დაბომბვაზე, როგორც ბომბავს მარიუპოლს, ჩერნიგოვს, ირპენს და ა.შ.

„პუტინი ყველაფერს გააკეთებს და ყველაფერზეა წამსვლელი. მისგან ნებისმიერი სახის პროვოკაციაა მოსალოდნელი. მას მნიშვნელოვანწილად უკან დასახევი გზა მოეჭრა. ახლა ისეთი სახის ხელჩასაჭიდი სჭირდება, რასაც გამარჯვებად გაასაღებს. თუ რუსეთი ამ ომში დამარცხდა, შეიძლება იმპერიის გენერაციის რღვევა დაიწყოს, ანუ რუსეთში, ცალსახად, დიდი ალბათობით, შეიძლება დაიწყოს დეინტეგრაციული პროცესები. იმის იმედი, რომ პუტინი რამე სახის დათმობებზე მარტივად წავა, არ უნდა გვქონდეს, ეს ილუზიაა, რუსეთის შემჩერებლები უკრაინელები და ის მოხალისეები არიან, რომლებიც იქ ჩადიან, ასევე შეიარაღება. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს.

როგორც ჩანს, ყველაფერი განგრძობითი კონფლიქტისკენ წავა, რამდენ თვეზე შეიძლება იყოს საუბარი, ცოტა რთულია, ერთადერთი, ახლა მთავარია, ეს ღია კონფლიქტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს არ გაცდეს, რადგან ჩვენ წავალთ ესკალაციისკენ, მესამე მსოფლიო ომისკენ თუ არა, გაცდება ამ რეგიონს და მერე შეიძლება ბევრი სხვა ძალაც ჩაითრიოს, რაც იქნება აბსოლუტური კატასტროფა“, - ამბობს კანაშვილი.