„ვინც ნეიტრალიტეტის მსჯელობაში მონაწილეობს, ის უბრლოდ თვალში ნაცარს აყრის საზოგადოებას“

„ვინც ნეიტრალიტეტის მსჯელობაში მონაწილეობს, ის უბრლოდ თვალში ნაცარს აყრის საზოგადოებას“

„ნატო-ს სამიტზე, კარგი იქნება, თუკი ქართული დელეგაცია გამოვა და იტყვის, რომ ჩვენთანაც იგივე პრობლემებია, რაც უკრაინაში ხორციელდება ახლა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საგანგებო სამიტი 24 მარტს, ბრიუსელში გაიმართება და მას ალიანსის წევრი სახელმწიფოთა ლიდერები დაესწრებიან. ამ სამიტთან დაკავშირებით, თქვენ პირადად რა მოლოდნი გაქვთ, თუნდაც ჩვენთან მიმართებაში?

- მოლოდი მაქვს, რომ ამ სამიტზე საქართველო არ იქნება აქტიური. კარგი იქნება, თუკი ქართული დელეგაცია გამოვა და იტყვის, რომ ჩვენთანაც იგივე პრობლემებია, რაც უკრაინაში ხორციელდება ახლა. საქართველომ მოუწოდოს ნატო-ს, რომ ყველა მის გადაწყვეტილებაში გაითვალისწინოს საქართველოს ინტერესებიც. თუკი პირობითად, რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე იქნება საუბარი, გაითვალისწინოს ის, რუსეთი რამდენად ასრულებს იმ პირობებს, რომელიც თავის თავზე აიღო 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ჯარები უნდა გაეყვანა საქართველოს ტერიტორიიდან.

თხოვნა უნდა იყოს და მოთხოვნაც, რომ ნატო-მ ახლა მაინც მეტად გაითვალისწინოს საქართველოს ინტერესები, ნატო-ს მიერ განხორციელებულ პოლიტიკაში. ეს კარგი იქნებოდა, თუმცა, ეჭვი მეპარება საქართველოს ხელისუფლება ამაზე წავიდეს, შეახსენოს მსოფლიოს ეს ყველაფერი.

ამავე დროს, რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. ვიცით, რომ რუსეთმა ასევე აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, მსოფლიო მოსთხოვს უკან წაიღოს ეს აღიარება. არავის გავახსენდებით, თუ ჩვენ არ ვილაპარაკეთ ამაზე.

ვიცით, რომ პოლონეთი რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის ემზადება. ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს და რეალურად, რა ნაბიჯებს უნდა ვდგამდეთ?

- პოლონეთში შეიძლება შეიჭრას, მაგრამ საქართეველოში შემოჭრილია. საქართველოში უკვე დგანან, რაც უნდოდათ ის უკვე აიღეს. შესაბამისად, არიან მშვიდად, წყნარად. ჩვენ ახლა გვაქვს შანსი, რუსეთის ამ შემოჭრაზე მსჯელობა განვაახლოთ და გავიყვანოთ რუსეთის ჯარი ჩვენი ტერიტორიიდან. დღეს გვაქვს შანსი, გამოვასწოროთ 2008 წლის შედეგი.

„ქართული ოცნება“ რეგულარულად, საჭიროა თუ არა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს, რომ მათ შანსები გაუშვეს 2008 წელს. ხელისუფლებას დღეს აქვს შანსი გამოასწოროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებული შეცდომები და არ აკეთებენ ამას, ამით ემსგავსებიან „ნაციონალურ მოძრაობას.“ ამიტომ, მათ არ ექნებათ არანაირი მორალური უფლება, როდესაც საომარი მოქმედებები დასრულდება და უკრაინა რაღაცით დაკმაყოფილდება, აკრიტიკოს „ნაციონალური მოძრაობა“. ის დღეს შანსს უშვებს, გამოასწოროს მდგომარეობა. პროცესია დასაწყები, რუსეთთან დეოკუაციაზე საუბარია საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინასთან დამარცხდება, საქართველოს დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა რამე შეიცვალოს?

- ეს დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო. „ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია გადავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში. კარგი იქნება, თუ დიალოგს დაიწყებენ ცხინვალთან და სოხუმთან. შერიგების პროცესი სულ სხვა არის, გრძელვადიანი და ხანგრძლივია, მაგრამ ამ კონტექსტში, დღეს სხვა რაღაცებია გასაკეთებელი - დასავლეთს უნდა შევახსენოთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ახლაა საჭირო დეოკუპაციაზე საუბარი.

რაც შეეხება სამხედრო შეიარაღებას, მნიშვნელოვანია თუ არა, პოლონეთის მსგავსად, ჩვენც მომზადების პროცესში ვიყოთ?

- ჩვენ შესაბამისი შეიარაღება უნდა გვქონდეს, რომ გავუმკლავდეთ იმ ამოცანებს, რაც გვაქვს. საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება საოკუპაციო ჯარები და უნდა გვქონდეს მზაობა, როგორ გავუმკლავდეთ მათ, თუკი განახორციელებენ რაღაც აქტიურობას. ხომ უნდა ვუპასუხოთ რაღაცით, თუ ფარ-ხმალს დავყრით და გავიქცევით? თუ უნდა ვუპასუხოთ, გვჭირდება შესაბამისი შეიარაღება.

ასევე მინდა გკითხოთ ნეიტრალიტეტზე, რასთან დაკავშირებითაც ბოლო დღეებია აქტიური საუბარი მიდის...

- სხვადასხვა ნეიტრალიტეტია სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ორჯერ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ გვინდა გავწევრიანდეთ ნატო-ში და ორივე აქტი სამართლებრივია. ნატო-ზე უარის თქმა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნეიტრალიტეტს, მაგრამ სანამ ნატო-ში მივდივართ და რეფერენდუმი ამას გვავალდებულებს, მანამდე ნეიტრალიტეტზე საუბარი არის უმსგავსობა და ხალხის მოტყუება. ვინც ნეიტრალიტეტის მსჯელობაში მონაწილეობს, ის უბრლოდ თვალში ნაცარს აყრის საზოგადოებას.

ჯარჯი ჰმ
2 წლის უკან