„სააკაშვილი უცხოეთში ანტიქართულ პროპაგანდას ეწევა“

„სააკაშვილი უცხოეთში ანტიქართულ პროპაგანდას ეწევა“

საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობას მასთან ერთად ვიზიტებში გაყოლას სთავაზობს. როგორც წესი, მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადებები რადიკალურად განსხვავდება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ქმედებებისგან. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ შენიშვნას არ ღებულობს, ვინაიდან, მიხელ საკააშვილი არ თანამშრომლობს ქვეყნის საგარეო უწყებასთან. შესაბამისად, მაია ფანჯიკის უწყებაში არ ფლობენ ინფორმაციას, რა შეხვედრებს მართავს ქვეყნის პირველი პირი და რა მიზანს ემსახურება მისი გახშირებული ვიზიტები.

მეტიც, სააკაშვილის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას არც ქვეყნის დიპლომატიურ კორპუსს აწვდიან. სააკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს, საქართველოს ელჩს აშშ-ში არჩილ გეგეშიძეს შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განუცხადა. საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, ელჩმა შესთავაზა, რომ მიიღებდა მონაწილეობას ყველა შეხვედრაში, რომელსაც პრეზიდენტი გამართავდა, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკანიანის განცხადებით, პრეზიდენტმა გეგეშიძეს უთხრა, რომ მისი მონაწილეობა შეხვედრებში არ სჭირდებოდა.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, არჩილ გეგეშიძე შესთავაზა, რომ მიიღებდა მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელიც პრეზიდენტს აქვს დაგეგმილი. მან პრეზიდენტისგან უარი მიიღო, რომ საელჩოს დასწრება არ სჭირდებოდა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ში სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ინტენსიურად მუშაობს, რათა დააკანონოს ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. მისი თქმით, რუსეთს საბოლოოდ მოუწევს დეოკუპაცია და გასვლა, მაგრამ თუ შეძლებს, რომ ბევრმა ქვეყანამ დააკანონოს ოკუპაცია, რა თქმა უნდა, ეს პროცესი რუსეთის თვალსაზრისით, შეუქცევადი გახდება. ამიტომ, ახლა, როგორც არასდროს, სააკაშვილის აზრით, საჭიროა დიპლომატიური ქმედებები.

„ჩვენ წინა წლებში გავაჩერეთ ჩვენი ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების პროცესი ამ ინტენსიური სიარულით და დიპლომატიით. აქ, აზიის ქვეყნების სამიტია და ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც ჩამოდის მთელი რიგი რისკის ჯგუფის ქვეყნები. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი დელეგაცია ჩამოვიდა და აქ არ არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

არადა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი დადის, უნდა დადიოდეს და კულუარებში მუშაობდეს იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩემში გაკვირვებას იწვევს, რატომ არ არის აქ საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათ მშვენივრად იცოდნენ ამ სამიტის შესახებ რამდენიმე თვით ადრე. მე ვფიქრობ, რომ მომავალში მეტი კოორდინაცია გვმართებს,“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე დღეში ის მიემგზავრება ეკვადორში, ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეკვადორი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იქაც ჩადიან სარისკო ჯგუფები, რომლებთანაც რუსეთი აქტიურად მუშაობს.

„ამიტომ, მე მინდა შევთავაზო, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, წამოვიდნენ ხოლმე ჩვენთან ერთად დელეგაციაში, რომ მარტო უმცირესობის წევრები არ ვატაროთ. მე მხოლოდ გამიხარდება და მივესალმები, თუ უმრავლესობის წარმომადგენლები წამოვლენ, იმიტომ, რომ ჩვენს პოზიციებში განსხვავება არ უნდა იყოს და ამ თემებზე ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ. ეკვადორში მაინც უნდა გამოსწორდეს ის სიტუაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლდეს პრეზიდენტს და უნდა მუშაობდეს საქართველოს საკითხებზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხელჩართულ დიპლომატიურ ბრძოლაში და აქ უმრავლესობა-უმცირესობა, პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებები არ უნდა არსებობდეს. ყველანი ქართველები ვართ და ყველანი საქართველოსთვის უნდა ვიბრძოდეთ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პრეზიდენტის ამ შენიშვნებს არ ღებულობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. რაც შეეხება არაკოორდინირებულობას, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადენით, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება. 

რაც შეეხება ეკვადორში ვიზიტს, ამაზე ზალკალიანი განმარტავს, რომ ეკვადორში ვიზიტს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გეგმავდა.

მისივე თქმით, დავით უსუფაშვილს ბილეთებიც ჰქონდა აღებული და სასტუმროც დაჯავშნილი, თუმცა გუშინ გაირკვა, რომ პრეზიდენტი მიდის ეკვადორში და აქედან გამომდინარე, უსუფაშვილი აღარ გაემგზავრება. საგარეო საქმეთა სამინისტოროდან კი ამ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დაესწრება.

„ჩვენ არ გვესწავლება კულუარებში და საჯაროდ მუშაობა. საგარეო სამინისტორს გარდა საპარლამენტო უმრავლესობაც მზად არის გაჰყვეს პრეზიდენტს ვიზიტად. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს შეხვედრებზე დასწრებაზე უარი განუცხადა“, - განაცხადა ზალკანიანმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ დღეს სააკაშვილი ქვეყნის გარეთ ეწევა ანტიქართულ საქმიანობას და სწორედ, ამიტომ არ სურს მასთან ერთად შეხვედრებზე მონაწილეობას ღებულობდნენ ელჩები, რომლებიც მოქმედ ხელისუფლებასთან ასოცირდებიან.

„სავარაუდოა, რომ ამ შევედრებზე სააკაშვილი ისეთ რამეებს ამბობს, რისი მოწმეები და საქართველოში ამბის ჩამომტანი არ უნდა, რომ ჰყავდეს. გეგეშიძე ასეთ შეხვედრებზე არ ახლავს სწორედ იმიტომ, რომ ელჩი ჩამოიტანს სააკაშვილის საუბრის დეტალებს. როგორც წესი, სააკაშვილი ბოლო ხანებში უცხოეთში ანტიქართულ პროპაგანდას ეწევა. საჯარო განცხადებებში, რომელსაც ის აკეთებს უცხოეთში, როგორც წესი, ყოველთვის კრიკიტულია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. ბუნებრივია, ასეთივე იქნება ის დახურულ შეხვედრებზეც.

რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილი ვიზიტებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აყენებს საქმის კურსში, ამასაც თავისი მიზეზი აქვს. კერძოდ, წესით სამინისტრო სვამს კითხვას - რა არის ვიზიტის მიზანი და მას შემდეგ ვიზიტის მომსახურეობისთვის გამოყოფს კონკრეტულ თანამშრომელს.

პრეზიდენტს კი ასეთი „თვალი“ არ აწყობს,“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ამ პათოსს იზიარებს, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი და აცხადებს, რომ სააკაშვილს ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო არ გაუკეთებია მას შემდეგ, რაც იგი გამოვიდა აღიარებით, რომ მისი გუნდი არჩევნებში დამარცხდა.

„როგორც ჩანს, მას ძალიან მკაფიო დაკვეთა აქვს საკუთარი პარტიისგან და საკმაოდ შეზღუდულია თავის უფლებამოსილებებში. ახლა, იგი უბრალოდ, თავს იმართლებს იმ განცხადებისთვის, რომელიც მან გააკეთა და ცდილობს, რომ თავადვე მისავე გუნდმა არ მოისროლოს ის პოლიტიკიდან.

დარწმუნება ქართული საზოგადოების, რომ ტაილანდში მისი ვიზიტი იყო აუცილებელი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გაუჭირდება. ვერც იმას დავიჯერებ, რომ სექსუალური უმცირესობის ინტერესების დასაცავად ჩავიდა ტაილანდში. ის ეწვევა ანტიქართულ საქმიანობას და პარალელურად, რომ გარკვეული აგიტაცია მოახდინოს სექსუალური უმრავლესობის მისწრაფებებზე,“- ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე კი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ, 78-ე მუხლის მიხედვით პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობაში მთავარი მოქმედი პირია. თუმცა, რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ექსპერტი ამბობს, რომ ეს უშუალოდ მიეკუთვნება საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას და შესაბამისად, აუცილებელია, რომ უნდა მოხდეს კოორდინაცია.

„კოაბიტაცია ვერ მუშაობს სრული დატვირთვით, როგორც ეს უნდა მუშაობდეს. მათ შორის, საგარეო პოლიტიკის სფეროში. მითუმეტეს, როდესაც შეხვედრები იგეგმება იმ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომელთანაც პარალელურად, რუსეთი აწარმოებს მოლაპარაკებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანას სჭირდება საერთაშორისო თანადგომა და ამიტომაც მგზავრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ესწრება სხვადასხვა შეხვედრებს,“ - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.