მუშებმა ზესტაფონის ფერო გააჩერეს

მუშებმა ზესტაფონის ფერო გააჩერეს

საპროტესტო ტალღამ ჭიათურიდან ზესტაფონში გადმოინაცვლა, ოღონდ აქ მასშტაბები გაცილებით დიდია. ფეროშენადნობთა ქარხანა თანამშრომელთა გაფიცვის გამო სრულად გაჩერდა. ჯერჯერობით დათმობას არც გაფიცულები აპირებენ და არც საწარმოს ადმინისტრაცია.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მუშებმა რამდენიმე დღის წინ გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს, თუმცა ამას კომპანიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რის შემდეგაც ყველა თანამშრომელი გაიფიცა და ისინი მუშაობის განახლებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. მუშების მთავარი მოთხოვნა კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება და ხელფასების გაზრდაა.

გაფიცვაში 800-მდე ადამიანი მონაწილეობს. ისინი მოითხოვენ, შრომის ანაზღაურება გაიზარდოს 50%-ით. ღამით ნამუშევარი საათების ანაზღაურება გაიზარდოს 20%-ით და ხელი მოეწეროს იმ კოლექტიური მოლაპარაკების პროექტს, რომელზეც მხარეები შეთანხმებული არიან. 

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ გაფიცვის მიზეზი ადმინისტრაციის მიერ მოლაპარაკებების გაჯანჯლება გახდა, რომელსაც იგი საქართველოს მეტალურგიულ, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირთან აწარმოებდა.

„საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა, თამაზ დოლაბერიძემ მოლაპარაკებების სხვადასხვა ეტაპზე რამდენჯერმე სთხოვა გენერალურ დირექტორს, ვოლოდიმირ ლოზინსკის იმ მოტივით, რომ დროზე მომხდარიყო შეთანხმებაზე ხელმოწერა. თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელობა ამ საკითხს სერიოზულად არ მოეკიდა და შედეგად დღევანდელი გაფიცვა მიიღო“, - აცხადებენ პროფკავშირებში. 

ფეროს მუშებმა დაკარგეს ჯერ მარტის, ხოლო შემდეგ კი აპრილის საპრემიო თანხები.

„კოლექტიური ხელშეკრულების პროექტიც, მემორანდუმის პროექტიც და საპრემიო დებულების პროექტიც ჩემი მომზადებულია, ადმინისტრაციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებზე დაყრდნობით. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ პროცესი დიალოგის ფორმატში დარჩენილიყო, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელზე გადაბიჯებაც არ შეიძლება.

ზესტაფონის ფეროში ღირსეული ადამიანები მუშაობენ, ისინი ნახევარი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ მოლაპარაკებების შედეგებს, მაგრამ ცხადი შეიქნა, რომ რამდენ მეტ თვეს გაიწელებოდა პროცესი, იმდენ თვეზე მუშახელი პრემიას ვერ აიღებდა, სწორედ ეს იყო გაჯანჯლების ძირითადი მიზანი. კომპანიამ მიიღო ახალი მოთხოვნა მუშებისგან, შრომის ანაზღაურების 50%-ით მატება. ყოველივე აქედან გამომდინარე, უნდა თუ არ უნდა კომპანიას, მოლაპარაკებები გაფიცვის ფონზე მოუწევთ, გაფიცვა არ შეწყდება მანამ, სანამ არ შედგება ხელმოწერილი დოკუმენტი“, - აცხადებს დოლაბერიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. 

საწარმოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაკა კვარაცხელიას ინფორმაციით, მხარეები ხელშეკრულებებზე შეთანხმდნენ, თუმცა პროფკავშირებმა მათზე ხელმოწერა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს.

„საწარმო ულტიმატუმის რეჟიმში მოლაპარაკებების გაგრძელებას არ გეგმავს. მუშებს განაცდურ დღეებზე ხელფასი არ დაერიცხებათ“, - განმარტავს მაკა კვარაცხელია.

საღამოს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაფიცული თანამშრომლები დროებით დაიშალნენ, თუმცა ისინი სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნებიან, ხოლო საპროტესტო აქციას დილიდანვე განაახლებენ.

„თუ საწარმოს ხელმძღვანელობისთვის ულტიმატუმით საუბარი მიუღებელია, ჩვენთვის ტყუილებით საუბარია მიუღებელი“, - აცხადებენ თანამშრომლები.