რუსეთიდან გაქცეულ „McDonald“-ს ახალი რუსული ბრენდი „Дядя Ваня“ ჩაანაცვლებს

რუსეთიდან გაქცეულ „McDonald“-ს ახალი რუსული ბრენდი „Дядя Ваня“ ჩაანაცვლებს

უკრაინაში ომი გრძელდება. როდის დასრულდება არავინ იცის. მსოფლიო რუსეთის პრეზიდენტის სამომავლო ნაბიჯებს ელოდება, რომელიც რთულად პროგნოზირებადია. არის საშიშროება, რომ ბატონმა პუტინმა ბრძოლის მოედანი სხვა ქვეყნებშიც გადაიტანოს. ამ მიზეზის გამო მსოფლიოს წამყვანი სამხედრო ანალიტიკოსები ხვალინდელი დღის პროგნოზისაგან თავს იკავებენ. ფაქტია ერთია, პუტინი მარცხს კატეგორიულად ვერ შეეგუება და, დიდი ალბათობით, სრულიად მსოფლიოს უფრო დიდი განსაცდელის წინაშე დააყენებს.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა რიგ ქვეყნებს თითი კიდევ ერთხელ დაუქნია - უკრაინას სამხედრო დახმარებას თუ გაუწევთ, პასუხს აუცილებლად გაგებინებთო.

ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაციები პუტინის მძიმე ავადმყოფობის შესახებ, „ნიუსები“ - „ვლადიმიროვიჩისა“ და რუსული სახელისუფლებო ელიტის ურალის მიწისქვეშა ბუნკერებში გადასახლების შესახებ, მაგრამ ეს გადაუმოწმებელი და მხოლოდ ვარაუდებზე დაფუძნებული ინფორმაციებია.

რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით „მოხალისეების“ შეგროვებას აქტიურად აგრძელებს. ცნობილი გახდა, რომ სირიის დიქტატორი ბაშირ ასადი რუსეთში უკვე 40 ათასი მებრძოლის გაგზავნას აპირებს. რუსეთში კი საკუთარი რიგების აქტიური შევსება ვაგნერის სამხედრო ჯგუფმა დაიწყო. თუ ამ „ორგანიზაციაში“ მოსახვედრად ადრე მკაცრი კონკურსი უნდა გაგევლოთ, დღეს მიღების პირობები უფრო „ლმობიერი“ გახდა და მხოლოდ ავტომატის გამოყენების უნარ-ჩვევების არსებობას ითხოვენ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა დახმარების თხოვნით ჩრდილოეთ კორეელ „კოლეგა“ კიმ ჩენ ინს მიმართა. თუ ამერიკელი ჟურნალისტის, სარა ჰარსტის მოწოდებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ოფიციალური ფხენიანისაგან პუტინმა კატეგორიული უარი მიიღო. უფრო მეტიც, ჟურნალისტს კიმ ჩენ ინის სიტყვებიც მოაქვს: „ჩვენთვის მეტისმეტად გიჟები ხართ!“.

რასაკვირველია, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების შესახებ ოფიციალურ რუსულ მასმედიას სიტყვაც არ დაუძრავს, რაც გასაკვირი სრულიადაც არ არის. აგერ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე დმიტრი პესკოვს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი რუსი გენერლების შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს. „კომენტარი“ იყო, ოღონდ შემდეგი სახის: „სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსმა უკრაინაში მყოფი რამდენიმე რუსი გენერალი შეიწირა. ვიმეორებ, კორონავირუსმა და არა საბრძოლო მოქმედებებმა“. მიდი და ასეთი პასუხის შემდეგ კედელს ცერცვი შეაყარე.

უკრაინას რუსეთთან დაპირისპირებაში მთელი მსოფლიო გვერდში უდგას. ომში ფიზიკურად მონაწილეობა ბევრ ჩვენთაგანს არ შეუძლია, ამიტომ ადამიანები უკრაინისათვის თანაგრძნობის გამოხატვას ყველა შესაძლო ხერხებით ცდილობენ.

ცნობილი გერმანული ჯგუფი „Rammstein“-ის სოლისტი ტილ ლინდემანი დილიდან საღამომდე ქალაქ ბერლინის მატარებლის სადგურზე იმყოფება და ახალჩამოსულ უკრაინელ ლტოლვილებს როგორც შეუძლია ისე ეხმარება, ზოგს თანხით, ზოგისთვის კი საცხოვრებელი ფართის მოძიებით. ეს ამბავი უკრაინელმა რეპერმა პოტაპმა გაავრცელა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა, რომელიც სატვირთო მანქანის საჭეს თავად მართავდა, უკრაინისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი პოლონეთში ჩაიტანა.

როგორ არ შეიძლება გერმანიის ქალაქ მოოსბურგში მცხოვრები, რვა წლის გოგონა მარია არ ვახსენოთ. პატარას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში მოუსმენია. მშობლების დახმარებით დაუცხვია გემრიელი ვაფლები და საკუთარი სახლის წინ დაუწყია მათი გაყიდვა.

მარიას კეთილი განზრახვა რომ გაუგიათ, მათ სახლთან მეზობლების რიგი დამდგარა. ვაფლის დასაგემოვნებლად ქალაქის მერი და პოლიციელებიც კი მოსულან. მთელი დღის მუშაობის შემდეგ, მარიას 450 ვაფლი დაუცხვია და უკრაინელი ბავშვებისთვის, ჯამში, 2100 ევრო შეუგროვებია.

ნამდვილად ვერ გამოვტოვებთ ტურინის „იუვენტუსის“ საფეხბურთო კლუბის ღირსეულ საქციელს. წინა კვირას ტურინული კლუბის ოცკაციანი დელეგაცია, ორი ავტობუსით უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე ჩავიდა და ოთხმოცი ლტოლვილი უკრაინელი ბავშვი, მშობლებთან ერთად იტალიაში წაიყვანა. „იუვენტუსის“ პრეზიდენტის ანდრეა ანიელის განცხადებით, ომის დასრულებამდე ტურინული გუნდი ბავშვებსა და მშობლებს ყველაფრით უზრუნველყოფს.

ეს - მსოფლიოში. ამ დროს თავად რუსეთში რა ხდება? მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პუტინს უმღერის და ეთაყვანება, განსხვავებულად მოაზროვნე მცირე ნაწილი კი ქვეყანას ტოვებს.

თიკა კანდელაკი, ოლეგ გაზმანოვი, გრიგორი ლეპსი, პოლინა გაგარინა, ტიმატი და არაერთი ე.წ. „შოუ ვარსკვლავი“ პუტინს მხარს ღიად უჭერს. ამ დროს გვყავს რუსეთში „შერისხულად“ გამოცხადებული ლეგენდარული ჯგუფი „აკვარიუმის“ ლიდერი ბორის გრებეშნიკოვი.

ეს ის გრებეშნიკოვია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პუტინის რუსეთის შესახებ შემდეგი სიტყვები განაცხადა: - „ნახევარი სიცოცხლე სხვადასხვა აკრძალვებში გავატარე. ჩვეულებრივი მოვლენაა, მე ხომ რუსეთში ვცხოვრობ. გამომივლია წინა საუკუნის 70-ანი და 80-იანი წლები. რაც დღეს რუსეთში ხდება, სრული მარაზმია, მაგრამ არ მიკვირს. მუდმივი აკრძალვები და უსასრულო სამხედრო კონფლიქტები ჩემი ქვეყნის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ამ აკრძალვებისა და საბრძოლო დაპირისპირებების ჭეშმარიტ მიზეზებს ვერავინ ხსნის“.

ასეთი მსჯელობა ამ მძიმე დროს სამშობლოს ღალატიაო და რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა ბორის გრებეშნიკოვისათვის ყველა სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა მოითხოვეს. ამისი „ინიციატორი“ „ხალხის რჩეული“, პარტია „ედინაია რასიას“ დეპუტატი ეკატერინა სტენიაკინა გახლდათ. მისი თქმით, ყველა იმ მსახიობსა თუ ხელოვანს, რომლებმაც ამ პერიოდში რუსეთის წინააღმდეგ გააკეთეს განცხადებები და მხარი დაუჭირეს უკრაინას, აუცილებლად უნდა ჩამოერთვათ სახელმწიფო ჯილდოები და ორდენები.

რუსეთი კი უკვე არაერთმა ხელოვანმა და მსახიობმა დატოვა. მათი დიდი ნაწილი ისრაელში დამკვიდრდა. ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის წყვილის შემდეგ ამ ქვეყანაში დაფუძნდა მსახიობი და სცენარისტი სემიონ სლეპაკოვი. ისრაელში საცხოვრებლად გადავიდა მომღერალი ჟასმინი. ამ ქვეყანაში აგრეთვე იმყოფებიან ქსენია სობჩაკი, ანდრეი მაკარევიჩი და ჟურნალისტი ალექსანდრე ნევზოროვი. გავრცელდა ცნობა, რომ ისრაელის მოქალაქეობის მიღება სურდა ოლეგ გაზმანოვსაც, მაგრამ საბოლოოდ გადაიფიქრა, მოსკოვში დაბრუნდა და „ლუჟნიკების“ სტადიონზე პუტინს საქვეყნოდ უმღერა.

მომღერალი ზემფირა და მისი მეგობარი, რეჟისორი რენატა ლიტვინოვა პარიზში დაფუძნდნენ. ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა დროებით დუბაიში დასახლდა. მსახიობი ემანუილ ვიტორგანი ლატვიაში წავიდა. ამ ქვეყანაში იმყოფება ვიტორგანის კოლეგა ჩულპან ხამატოვაც. ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

და რუსეთი? ვინ რჩება პუტინის ქვეყანაში? ვინ და „ბიძია ვანია“.

რამდენიმე დღის წინ „საინტერესო ნიუსი“ გავრცელდა: „რუსეთში ახალი სავაჭრო მარკის რეგისტრაცია დაიწყეს. „Дядя Ваня“ - ასე ჰქვია ახალ რუსულ ბრენდს, რომელიც გაქცეულ „McDonald“-ს ჩაანაცვლებს. ამ სახელწოდებით მოსკოვსა და რუსეთის დიდ ქალაქებში სწრაფი კვების ობიექტები, კაფეები და რესტორნები გაიხსნება. მოსკოვის მერიამ გრანტების გამოყოფა უკვე დაიწყო“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

leviko ალა პუგაჩოვა როცა ცოლად მიყვებოდა ფილიპას მაშინ ჩვენთან სამოქალაქო ომი იყო და ის კიდევ მშვენიერ ქორწილს მართავდა და სულაც არ ანაღვლებდა ჩვენი ხალხი და რა ხელოვანია ალა ისიც ჯერ საკითხავია
2 წლის უკან