„ცირკი მოაწყვეს და იყვნენ კლოუნები“

„ცირკი მოაწყვეს და იყვნენ კლოუნები“

შესაძლოა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყოს. საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას სთავაზობს - „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება საქართველოს მთელ საზღვარზე გავრცელდეს და საზღვრის ერთიანი რეჟიმი არ დაირღვას.

ნაციონალები წინადადებით გამოდიან, რომ კანონის პირველად დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმა გავრცელდეს არა მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ შესულ მოქალაქეებზე, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, პროექტზე გამართული დებატების მიზანი - არც პოლიტიკური კაპრიზია, არც საპროცედურო ომი და არც შიდა საპარლამენტო ძალის დემონსტრირების სურვილი, არამედ ის, რომ საქართველოს ორი სხვადასხვა ტიპის საზღვარი არ ჰქონდეს.

„თუ ადამიანი საქართველოს საზღვარს - დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთზე უკანონოდ გადაკვეთს, ამისთვის ის მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმას გადაიხდის, თუმცა, თუ ადამიანი საქართველოს ნებისმიერ სხვა საზღვარს გადაკვეთს, ამას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვება. მარტივად რომ ვთქვათ, ლარსის პუნქტში, ერთი და იმავე საზღვრის დარღვევა კრიმინალად ითვლება, ხოლო ფსოუზე ისეთივე სამართალდარღვევად ითვლება და ისე ჯარიმდება, როგორც მანქანით ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა. ეს არის არასწორი, რადგან ამით რუსეთის ლოგიკას ვაღიარებთ, რომ საქართველოს საზღვარი ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთებზე ნაკლებად ღირებულია, ვიდრე დანარჩენი პერიმეტრი“, - აცხადებს ბაქრაძე.

ექსსპიკერის შეფასებით, საზღვრის ერთიანი რეჟიმი უნდა დაწესდეს და პირველ გადაკვეთაზე ჯარიმა უნდა იყოს.

„ჩვენი ამოცანა ადამიანების დაკავება და დაპატიმრება არ არის, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ საზღვარი იყოს ერთიანი და ოკუპირებული ტერიტორიები ისეთივე საზღვარი იყოს, როგორც ეს არის წითელი ხიდი, ლარსი ან სხვა მონაკვეთი. ჩვენთვის მთავარია, რომ ქართულ საზღვარს შორის განსხვავება არასოდეს დაფიქსირდეს“, - აღნიშნავს ბაქრაძე.

საპარლამენტო უმრავლესობა ნაციონალების შეთავაზებას აბსურდს უწოდებს და უმცირესობას საკანონმებლო ორგანოში ცირკის მოწყობაში ადანაშაულებს.

როგორც for.ge-ს მმართველი ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა, ელემენტარული ანა-ბანაა, რომ ოკუპაციის კანონი მთელ საზღვარს არ განსაზღვრავს.

მისი თქმით, თუ კანონით გათვალისწინებული რეგულაციები სრულიად საზღვარზე გავრცელდება, ლავროვის ინტერესი მაინც დაკმაყოფილებული იქნება და ნაციონალებისთვის - არაფერი იცვლება.

„თუ კანონი სრულ პერიმეტრზე გავრცელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ საზღვრებზე რომლებზეც ოპოზიციონერები წუხან, რეგულაციები აღარ გავრცელდება?! რატომ არის ეს საპირისპირო არგუმენტი?! ამას სხვა საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება და მათ ორასჯერ უთხრეს, რომ ყველა საზღვარზე გავრცელდება-ო, მაგრამ ამას სხვა ინიციატივა სჭირდება. ფაქტია, რომ მათ არგუმენტების მოსმენა არც უნდათ და თან, არც სხვა რამ ესმით. თავისთავად, ეს შემოთავაზება აბსურდია და მათ ეს კანონი კი არ აღელვებთ, არამედ ცირკის მოწყობა სურთ. ცირკი მოაწყვეს და იყვნენ კლოუნები“, - განუცხადა for.ge-ს ხიდაშელმა.

რეინტეგრაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ უმცირესობა საკანონმდებლო ინიციატივას მიზანმიმართულად ხელს უშლის, რომ რამენაირად ის პროცესი არ დაიძრას, რომელიც მათი წარუმატებელი პოლიტიკის შედეგად მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც for.ge-ს ციხელაშვილმა განუცხადა, ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს, რომ პროცედურული ომი აწარმოოს.

„გულწრფელად ვისურვებდი, რომ უმცირესობას ასეთი აღტკინებით ის გახარებოდა, რომ სამშვიდობო პროცესში ახალი ნაბიჯები გადადგმულიყო. ეს საკანონმდებლო ინიციატივა პატარა ნაბიჯია, მაგრამ ეს პატარა ნაბიჯი იმისთვის იდგმება, რომ სამშვიდობო პროცესი დაიძრას. მთელი დღეა, ცილისწამება ისმის და ისინი არგუმენტებს არ ისმენენ, მაგრამ ამ წინადადებას არც არგუმენტი სჭირდება. პოლიტიკური შედეგები გვაქვს, რომლებიც წინა ხელისუფლებამ აწარმოა და იმას სჯა-ბაასი არ სჭირდება, რომ ეს იყო მათთვის ერთ-ერთი წარუმატებელი პროცესი. დღევანდელი ხელისუფლება გართულებული პროცესებიდან იმას ცდილობს, რომ სამშვიდობო პროცესს ახალი დინამიკა შესძინოს და ამის საშუალება უნდა მოგვცენ“, - განუცხადა for.ge-ს ციხელაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკითხზე პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა, ცვლილებების მეორე მოსმენისას მოხდება.

პარლამენტში, უკვე მეოთხე სასესიო დღეა, რაც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ნაციონალების მიერ წამოწყებული საპროცედურო ომის გამო, ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება ვერ ხდება. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი ყველა პროექტი უკვე გავლილია, დღეს, უმრავლესობა ინიციტივის მიღებას შეძლებს, რომლის თანახმადაც, კანონის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება.

მთავრობის მიერ მომზადებული პროექტით, პირველ შემთხვევაში, პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სფეროდან გადატანილია ადმინისტრაციული სამართლის სფეროში.

ამასთან, ცვლილებებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დადგება - თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ ჩაიდინა.

კანონში უცვლელი რჩება ის პუნქტი, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევიდა/შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ მიიღებს საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას.