„თითქოს რუსეთიდან ქალები და ბავშვები შემოდიან, სინამდვილეში, თბილისი სავსეა კარგად ნავარჯიშევი, ბრგე რუსი „ვაჟკაცებით“

„თითქოს რუსეთიდან ქალები და ბავშვები შემოდიან, სინამდვილეში, თბილისი სავსეა კარგად ნავარჯიშევი, ბრგე რუსი „ვაჟკაცებით“

დივერსანტები თუ ტურისტები? გამოუგზავნა თუ არა პუტინმა საქართველოს ტროას ცხენი რუსების და ბელორუსების სახით, რომლებიც ბოლო დღეებში საქართველოს მოაწყდნენ? მათ არ დაუგმიათ ომი არც უკრაინაში, არც საქართველოში, ფეისბუკზე ზოგიერთ მათგანს დღემდე პუტინის სურათები უდევს, მათ არ აწუხებთ ანწუხელიძეების, ტატუნაშვილების ტრაგედია, ქართული სოფლების აწიოკება აგვისტოს, თუ აფხაზეთის ომების დროს. უბრალოდ, მოდიან კომფორტისთვის, რომელიც სანქციების გამო დაკარგეს. ჩვენ კი ოკუპანტებს პატივით ვღებულობთ. ცხადია, არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა რუსებს შეახსენებენ, რომ მხოლოდ პუტინი არ არის ოკუპანტი და თავისი მდუმარებით თუ წახალისებით ომის თანამონაწილეები უბრალო რუსებიც არიან.

ოდესღაც სპარსელებისგან და თურქებისგან დაპყრობილ საქართველოში დამპყრობელი სპარსები და თურქები ასე იოლად ჩამოსვლას ვერ გაბედავდნენ, ვერც ჩვენი ტურიზმით ისიამოვნებდნენ, მაგრამ ახლა 21-ე საუკუნეა და ტოლერანტობას იოლად ვეფარებით. ვეფარებით ისე, რომ ვერც ვბედავთ, რუსებს ავუხსნათ, რომ საქართველო მათთვის კომფორტის სივრცე ვერ იქნება მანამ, სანამ რუსი დამპყრობელია.

რუსული დესანტის გადმოსხმა საქართველოში სწორედ სააკაშვილის მმართველობიდან იღებს სათავეს. აგვისტოს ომიდან ოთხი წლის თავზე სააკაშვილმა რუსებს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. არსებობს კადრები, რომლითაც მტკიცდება, პირადად როგორ დახვდა სააკაშვილი მისი სტუმართმოყვარეობით გაოცებულ რუსებს ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან და როგორ გადაიღო რუსებთან ფოტოები.

იმხანად ამ ადამიანებს ყოველგვარი შემოწმების გარეშე მოქალაქეობა მარტივად მიანიჭეს და დღეს ისინი სავარაუდო მეხუთე კოლონას აძლიერებენ. ამიტომაცაა, რომ ეს ადამიანები დღემდე ემადლიერებიან სააკაშვილს, რომელმაც საქართველოში მათ დასახლებაზე იზრუნა. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავი უძრავ-მოძრავი ქონება კაპიკებად ჩაიგდეს რუსებმა ხელში და არავინ აკონტროლებდა მათ.

დღეს უკვე ქართული სამაკლერო კომპანიები ვეღარ აუდიან მოზღვავებულ რუსებს, რომლებსაც საქართველოში ბინების ყიდვა და ქირაობა სურთ. იუსტიციის სამინისტროში რუსების რიგებია, რომლებიც ქონებას ირეგისტრირებენ საქართველოში. მხოლოდ ერთ სასტუმრო „მაგნოლიაში“, მთაწმინდაზე, უამრავი რუსი შესახლდა. რაც შეეხება ბინებს, ყველაზე მეტად რუსები თბილისსა და ბათუმს ეტანებიან. მხოლოდ ერთ საცხოვრებელ კომპლექს „ორბიში“ 15 ათას ბინას რუსეთის მოქალაქეები ფლობენ.

საქართველოში ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვა არ ღირს და ამაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. არის სხვა რეკომენდაციებიც, რომ „წესიერი რუსები“, თუკი ასეთებიც შემოდიან საქართველოში, ენგურთან და შიდა ქართლის მავთულხლართებთან მივიყვანოთ და ანტიპუტინისტური აქციის ჩატარება ვთხოვოთ.

უნდა მივიღოთ თუ არა ეს ადამიანები, რომ მომავალში რუსული დესანტი პრობლემად არ გვექცეს? რეალურად, ვინ არიან ისინი - რუს დიქტატორს გამოქცეულები, თუ პირიქით, რუსი დიქტატორის ნებართვით გამოგზავნილები? მათი მოზღვავება ხომ არ გამოიწვევს რუსოფობიას საქართველოში?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ რუსების ჩანერგვა თუ ხდებოდა, ეს ხდებოდა წლების განმავლობაში და არა მაინცდამაინც ახლა, უკრაინის ომის პარალელურად. პოლიტოლოგის შეფასებით, მეხუთე კოლონის გაძლიერება ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში არ ხდება. საეჭვოა, უკრაინის ომის პარალელურად რუსეთმა საქართველოში სასწრაფოდ დესანტი გადმოისროლა.

„რად უნდა რუსეთს ასეთი შეფარული დესანტი, ისე ვერ შემოდის საქართველოში? სანქციებს დაუწესებს დასავლეთი ამის გამო რუსებს, თუ დასჯის მათ იმისთვის, რომ მეხუთე კოლონას აძლიერებენ სხვა ქვეყნებში? მიუხედავად ამისა, რუსების უკონტროლო შემოსვლა მაინც საფრთხის შემცველია. აქ მხოლოდ დემოგრაფიულ ვითარებას არ ვგულისხმობ. ჩვეულებრივ, ჩვენ შევდივართ მძიმე სიტუაციაში. ჯერ ამას იმდენად ვერ ვგრძნობთ, ხვალ და ზეგ უფრო დავინახავთ. მთელი მსოფლიო, ფაქტობრივად, საომარ რეჟიმშია, ეს არ არის რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს ცხელი ომი და ამაში ჩართულია არა მარტო მთელი დასავლეთი, არამედ იაპონია, ავსტრალია, კორეა, მეტ-ნაკლებად ყველა განვითარებული ქვეყანა. ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომია, ოღონდ ჰიბრიდული, შერეული, ცივი ომისა და ცხელი ომის ნაზავი, რაღაც ასეთი კონგლომერატი. ეს ბუნებრივად გამოიწვევს ეკონომიკურ ვარდნას მთელ მსოფლიოში, მით უმეტეს, საქართველოში, რადგან უკრაინა და რუსეთი ჩვენი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ, უკრაინაში ახლა გაგანია საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და რომელ ვაჭრობაზეა საუბარი?“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, გაუგებარია, რა ბედი ელის რუსეთში დარჩენილ ჩვენს მოსახლეობას, ფულადი გზავნილები ისევ ჯიბით უნდა გადმოიტანონ, ანუ 90-იან წლებს უნდა დავუბრუნდეთ? ცხადია, ეს გარკვეულ დაძაბულობას შექმნის საქართველოშიც, ეკონომიკურ ვითარებას გააუარესებს, ინფლაციას მოამატებს და ფასების ზრდა დაიწყება. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, ეძებენ ხოლმე „დამნაშავეს“. ასე რომ, რუსების და ბელორუსების ძალიან დიდი ნაკადი თუ შემოვა, ამან რუსოფობია შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ შემოდის საქართველოში. კონტროლირებადი და რეგულირებადი უნდა იყოს ეს პროცესი. ხელისუფლებამ ის მაინც უნდა გააკეთოს, შემოსვლის წინ დეკლარაცია შეავსებინოს, ვინ არის, რას წარმოადგენს, რამდენ ხანს აპირებს აქ ყოფნას და რა საქმიანობას აპირებს ეს ადამიანი.

ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ახლა ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსეთიდან ქალები და ბავშვები შემოდიან, სინამდვილეში, მარტო ქალები და ბავშვები არ შემოდიან.

„დედაქალაქი სავსეა კარგი ნავარჯიშევი, ბრგე ვაჟკაცებით. რუსების შემოსვლა დიდი ხანია დაწყებულია, ისინი მხოლოდ ახლა არ შემოდიან, რუსულნომრიანი მანქანები დიდი ხანია, მოძრაობენ საქართველოში, რუსები საკმაოდ შეძლებულები არიან, რაღაცას საქმიანობენ, ბიზნესები უნდათ, ქონება უნდათ. ჯერ ვითომ ტურიზმის სახით შემოვიდნენ, მერე იყო ბაიკერები, მოტოციკლებით დადიოდნენ აქ, პანდემიის დროსაც გაუღეს მათ კარი და შემოუშვეს, აფეთქდა კიდეც პანდემია ბათუმსა და შავი ზღვისპირეთში. ისეთი კანონმდებლობაა, რომ ვინც მათ უბატონოდ ხმას გასცემს, დაისჯება“, - აცხადებს აკია ბარბაქაძე.

დემოგრაფი ანზორ სახვაძე მიიჩნევს, რომ დემოგრაფიული ასპექტი რუსების და ბელორუსების შემოსვლას ნაკლებად აქვს, რადგან ისინი იმ რაოდენობით არ შემოსულან, რომ ჩვენს დემოგრაფიაზე აისახოს. კაცმა არ იცის, როდის დამთავრდება ომი უკრაინაში, შეიძლება ხვალ დამთავრდეს, ან ერთი კვირის შემდეგ. თანაც, რუსების გამრავლების ტემპი ქართველების გამრავლების ტემპზე ნაკლებია. ასე რომ, დემოგრაფიულად ისინი საქართველოს მოსახლეობას ვერ გადაასწრებენ.

„განა რამდენი უნდა შემოვიდეს, რომ თითქმის 4 მილიონამდე ადამიანზე მეტნი გახდნენ რუსები? ეს წარმოუდგენელია თვალსაწიერ მომავალში და დემოგრაფიული ეფექტი ამ მოვლენას არ ექნება. რაც შეეხება იმას, შემოსული რუსები დივერსანტები არიან თუ არა, ვინ რა სულისკვეთების არის, კეთილმოსურნეა თუ არა, ეს სპეცსამსახურებმა უნდა დაადგინონ. მათ შუბლზე არ აწერიათ, ტერორისტები არიან თუ არა“, - გვითხრა ანზორ სახვაძემ.

მისივე აზრით, უნდა დავაკვირდეთ, რა კონტინგენტი ჩამოდის საქართველოში. თუ ჩამოდის ბავშვიანი ოჯახი, ეს სხვა მდგომარეობაა, თუ ჩამოდის ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, შეიძლება ჯარს არიდებდეს თავს. ხვალ რა მოხდება და გამოიყენებს თუ არა პუტინი მათ, არავინ იცის. განა ერთი თვის წინ ვინმე მოელოდა, რომ ომი დაიწყებოდა უკრაინაში? ყველაფერი კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება.