პოლონეთში უკრაინის ელჩის, ანდრეი დეშჩიცას განცხადებით, პოლონეთის ხელისუფლება რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება, რადგან არის გარკვეული შიში. როგორც ელჩმა აღნიშნა, პოლონეთს კარგად ესმის რუსეთის მხრიდან მომავალი ყველა საფრთხე. იმის ფონზე, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი მორიგი აგრესიის თავიდან აცილების მიზნით, ერთგვარ მზადებას იწყებს, ისმის შეკითხვა, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და რეალურად, რა კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა დგამდეს?!
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველოსთან მიმართებაში პოტენციური საფრთხეების შესახებ საუბრობენ. ამასთან, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში აქტიური დისკუსია მიდის იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება თავდაცვითი შეიარაღების და აღჭურვილობის შეძენით უნდა იყოს დაკავებული, ასევე თავდაცვითი ძალების გაძლიერებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ გარკვეული მზადება მას შემდეგ უნდა დაწყებულიყო, რაც რუსეთმა სამხედრო შეტევა მიიტანა უკრაინაზე. მენაღარიშვილი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში შესაბამის უწყებებს და პირებს მსგავსი სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ.
„ვფიქრობ, რომ პოლონეთი თავის საკითხში ჩქარობს, რადგან რუსეთს თეორიულადაც კი, არავითარი შანსი არ გააჩნია პოლონეთში შეჭრის. როდესაც რუსეთი მსგავს საომარ მოქმედებას იწყებს, მაშინ ყველა სახელწიფომ, რომელიც რუსეთის მეზობლად მდებარეობს, უნდა იფიქროს იმის თაობაზე, როგორ გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, ყველა შესაძლო მიმართულებით. ხმაურისა და ზედმეტი ემოციების გარეშე საჭიროა გადახედოს თავის გეგმებს. იმედი მაქვს, რომ მსგავსი სამუშაო საქართველოშიც კეთდება მის მიერ, ვისაც ეხება. შეიძლება საჯაროდ, ნაკლები ინფორმაცია იყოს წამოწეული ამ სამუშაოს შესახებ.
რუსეთმა არა მხოლოდ მიზანს ვერ მიაღწია, მას საერთოდ ჩაეშალა გეგმები იმ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც დაისახა. მისი არმია აღმოჩნდა სრულიად უუნარო, რასაც რუსეთი გეგმავდა, განეხორციელებინა. დღეს ბევრი განზომილებით, რუსეთი განიარაღებულიც კი აღმოჩნდა. როგორც ვიცით, მან ფინეთს სთხოვა სამხედრო აღჭურვილობის შევსებაში დახმარება, რადგან მას არ აქვს საკმარისი მარაგები. ჩვენთვის ცნობილია, რომ მობილიზაცია ხდება რუსი სამხედროების ყველაგან, სადაც კი ისინი იყვნენ - ტაჯიკეთის ბაზიდან დაწყებული, აფხაზეთსა და ცხინვალში განთავსებული ბაზების ჩათვლით. სომხეთიდან სამეხდრო კონტიგენტი უკვე წაიყვანეს უკრაინაში.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა კატასტროფული შედეგების მომტანი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. თუ ამას დავუმატებთ მის წინაღმდეგ ამოქმედებულ უპრეცენდენტოდ მკაცრ სანქციებს, რომელიც რუსეთის ეკონომიკას, პრაქტიკულად, ანგრევს, რუსებისთვის საერთო სახელმწიფოებრივი კატასტროფა სულაც არ არის შორი პერსპექტივა. ეს არის ის, რასაც რუსეთმა უგუნური და სისხლიანი პოლიტიკით მიაღწია“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში.
ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საქართველო, რეალურად, საგანგებო რეჟიმზე უნდა იყოს გადასული. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მნიშვნელოვანია დასავლეთის მხრიდან, უკრაინის საკითხთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების თემაც განიხილებოდეს.
„უსაფრთხოების ძალები, რომელიც თავდაცვით უსაფრთხოების სფეროზე არიან პასუხისმგებლები, უფრო საგანგებო რეჟიმზე უნდა გადავიდნენ, რადგან დღეს საქართველოს სჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია. ასევე, აუცილებელია სამხედრო წვრთნების გავლა, თავდაცვითი მიმართულებით გარკვეული ძალების მობილიზება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს.
მთავარი საკითხი კი არის ქართული დიპლომატიის მაქსიმალური ამოქმედება, რომ დასავლეთი დაარწმუნონ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემები განიხილებოდეს ერთ სიბრტყეში, თუნდაც უკრაინის პრობლემებთან ერთად. რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები გაუქმდება, თუკი რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებას შეწყვეტს. იგივე წინაპირობა უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებითაც.
რაც შეეხება პოლონეთის საკითხს, ამ სახელმწიფოში შეჭრა რუსეთის ინტერესში ნამდვილად არ შედის, რადგან ამ შემთხვევაში, ნატო ვალდებული იქნება ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში. თუნდაც, ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეჭრასაც კი ვერ გაბედავს, მით უმეტეს, როდესაც უკრაინასთან ბრძოლის ფარგლებში, მას არ აქვს საკმარისი რესურსი. ბუნებრივია, გაუჭირდება პოლონეთში შეჭრა, თანაც პოლონელი მოსახლეობა არანაკლებია უკრაინის მოსახლეობაზე.
საქართველო, სამწუხაროდ, გაცილებით მოწყვლადია ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სამხედრო შემოჭრა რუსეთს არ დასჭირდეს, მაგრამ გამოაცხადოს, რომ იერთებს ე.წ. სამხრეთ ოსეთს. რაც უფრო ეფექტურად იმუშავებს სანქციები, მით უფრო უეფექტო იქნება რუსეთი. დე ფაქტო ვითარება არ შეიცვლება, თუ რუსეთმა გამოაცხადა, რომ იერთებს „სამხრეთ ოსეთს“. ეკონომიკურმა ბერკეტებმა დროთა განმავლობაში რუსეთი უნდა აიძულოს წავიდეს დათმობაზე“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ანდრეი დეშჩიცამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიიღეს კანონი თავდაცვის შესახებ, რომელიც პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს. ამასთან, მისი თქმით, რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას და ეწევა პროპაგანდას, თითქოს პოლონეთს დასავლეთ უკრაინის აღება სურს. თუმცა, ამას არანაირი საერთო აქვს რეალობასთან.
„პოლონეთის მთავრობას ესმის, რომ სჯობს უკრაინას დაეხმაროს და რუსული ჯარების პოლონეთის საზღვრებთან მიახლოება თავიდან აიცილოს. რეალობა ისაა, რომ პოლონელები ეხმარებიან უკრაინასა და უკრაინელებს, მათ, ვინც პოლონეთში ჩავიდა. ეს არის უპრეცედენტო დახმარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რუსი ერი, ომის დროს, უკრაინელ და პოლონელ ხალხს შორის ერთმანეთისადმი რწმენას ვერასდროს იტანდა“, - აღნიშნა დეშჩიცამ.
თუ გაბედა და უკრაინაში შევიდა, სხვა რამეს კი გამოკრავს ხელს.
ხახოლებს ლიახები მასკალებზე მეტად სძულთ და თუ მიუტრიალდნენ, არც რუსები დააკლებენ იარაღს და დახმარებას.