„როდესაც ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ამბობს - შემდეგი საქართველო, მოლდოვა იქნება და ჩვენ არაფრის თავი არ გვაქვს, ეს არის მავნებლობა - რუსეთს პირდაპირ უბიძგებს, მიდით, გააგრძელეთ ვიდრე რესურსი გეყოფათო“

„როდესაც ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ამბობს - შემდეგი საქართველო, მოლდოვა იქნება და ჩვენ არაფრის თავი არ გვაქვს, ეს არის მავნებლობა - რუსეთს პირდაპირ უბიძგებს, მიდით, გააგრძელეთ ვიდრე რესურსი გეყოფათო“

ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის შეფასებით, რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებები იქამდე არ შეჩერდება, ვიდრე ორი ქვეყნის ლიდერი ერთ მაგიდასთან არ დასხდებიან.

ამირან სალუქვაძე for.ge-თან ინტერვიუში იმასაც განმარტავს, თუ რატომ არ თანხმდება პუტინი ზელენსკისთან შეხვედრას.

რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებები 28 დღეა მიმდინარეობს. ომისთვის ეს პერიოდი არც ცოტაა და არც ბევრი, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან როდემდე შეიძლება რომ გაგრძელდეს?

- ყველაფერი დამოკიდებულია პირველი პირების შეთანხმებაზე. ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი ღიად აცხადებს და ის პუტინთან შეხვედრას ითხოვს. როგორც ჩანს, ქვედა დონეზე, მინისტრებისა და დელეგაციების დონეზე შეთანხმებები ვერ იქნა მიღწეული. როგორც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაციები, თითქოს ურთიერთშეხების წერტილები გამონახულია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც პირველი პირები იღებენ.

ამავე დროს არის ისეთი საკითხები, რომელთა მიღება-გადაწყვეტა ერთპიროვნულად პრეზიდენტებსაც კი არ შეუძლიათ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პრეზიდენტ ზელენსკის, რადგან ის მოთხოვნები, რომელიც თავიდან იქნა პუტინის მიერ გახოვანებული, ბევრი მათგანი შეუსრულებადი, ან რთულად შესასრულებელია.

კონკრეტულად შეუასრულებელ მოთხოვნებში რას გულისხმობთ?

- ჩვენ არ უნდა აგვერიოს ოპერაციის მიზნები და ის მოთხოვნები, რომლებიც პუტინმა წამოაყენა. 24 თებერვალს ოპერაციის მიზნებად მათ დაასახელეს დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. დენაციფიკაციაზე არ შევჩერდები. სხვადასხვა ვიდეოებს როცა ვაანალიზებთ, ყველა დასახლებულ პუნქტში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და როგორც თავად რუსები ამბობენ, ხდება გარკვეული ჯგუფების გამოვლენა, რომლებსაც ისინი ულტრანაციონალებად თვლიან.

რაც შეეხება დემილიტარიზაციას, ფაქტობრივად, ამას რუსეთი ახორციელებს. იერიშები უკრაინის სამხედრო ინფრასტურუქტურაზე მიაქვს - ეს იქნება აეროდრომები, მართვის პუნქტები და ა.შ.

თუმცა, არის კიდევ მოთხოვნები, რომელიც შეიძლება პირობებად დავასახელოთ და გარკვეული პირობების შემთხვევაში რუსეთი მზად არის ცეცხლი შეწყვიტოს. ანუ, ის ორი არის მიზანი, რომელიც სამხედრო ოპერაციას უკავშირდება. თუ ის მიზნები მიღწეული იქნება, რუსეთი ჩათვლის, რომ თავის მიზნებს მიაღწია. დავუშვათ, ხვალ თუ უკრაინის სამხედრო ინფრასტქუტურა სრულად იქნა განადგურებული, რუსეთის მხრიდან ერთი-ერთი მიზანი მიღწეული იქნება, მაგრამ რუსეთს შეუძლია ამ მიზნების მიღწევამდე, იმ პირობების შესრულების შემთხვევაში, რომელიც დამატებით იქნა გახმოვანებული, სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს. ეს პირობებია - ყირიმის ცნობა რუსეთის შემადგენლობაში, დონბასის ამ ორი წარმონაქმნის აღიარება, ნეიტრალური სტატუსი და ა.შ.

ამ ქმედებებიდან რაც ჩამოვთვალე, ზელენსკი ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს ვერც ნეიტრალურ სტატუსს, ვერც ყირიმის აღიარებას. ეს ძალიან რთულად შესასრულებელია და ზელენსკი ვერ გამოვა და ვერ იტყვის, რომ ის აღიარებს ყირის ანექსიას. ან გამოვიდეს ერთპიროვნულად და თქვას, რომ ის ცნობს ორ ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთის შემადგენელ ნაწილად, რთულად შესასრულებელია. ეს რომ გააკეთოს, ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას გამოიწვევს. ეს რუსეთს ძალიან კარგად ესმის, მით უმეტეს, ეს თუ ზელენსკისთვის შეუსრულებელია, რა თქმა უნდა, მისი ქვედა ეშელონებისთვისაც, რომლებსაც მოლაპარაკებებზე აგზავნის, მით უმეტეს შეუძლებელია. ცეცხლის შეწყვეტას ორი მხარე აქვს - ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილება, მეორე კი სამხედრო გადაწყვეტილება, ანუ ბრძოლის ველზე რომელი მხარეც მოიპოვებს უპირატესობას, მას ექნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ზეწოლის უფლება.

უკრაინის დახმარებაში ნატო და ამერიკა უნდა იყოს წამყვანი. ეს უნდა ხდებოდეს სწრაფად, რადგან ბრძოლის ველზე ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება. სამწუხაროდ, უკრაინის სასარგებლოდ არ იცვლება. მარიუპოლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჰუმანიტარულ კატასტროფასთან ერთად, სერიოზული პრობლემაა წინააღმდეგობის გაწევის მხრივაც, რადგან მატერიალური ფასეულობების შევსება არ ხდება. ეს დღეები მარიუპოლისთვის და იქ მყოფი მებრძოლეებისთვის უმძიმესი იქნება.    

თქვენ ახსენეთ, რომ ორი ლიდერის შეხვედრა არის მთავარი. ჩვენ ვხედავთ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკი თანახმაა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრას არ თანხმდება. რატომ არ თანხმდება პუტინი შეხვედრას, რაც იმას გულისხმობს, რომ საომარი მოქმედებები არ შეჩერდება?

- ვფიქრობ, პუტინი ზელენსკის იქამდე არ შეხვდება, ვიდრე იმ მოთხოვნებს არ დაიკმაყოფილებს, რომელიც ჩამოვთვალე. ვიდრე ამ მოთხოვნებზე წინასწარ მისთვის სასურველ პასუხებს არ მიიღებს, იქამდე ის მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება. რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ მათ არ სჭირდებათ შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს რუსეთის ოფიცილალური პოზიციაა და ეს პოზიცია ლავროვმა გააჟღერა.

თუმცა, მეორე მხარეც არის - თუ უკრაინამ დასავლეთიდან დახმარება დროულად მიიღო, მაშინ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. საკმაოდ დიდი დახმარების გაწევაა საჭირო, თუნდაც საჰაერო თავდაცვის მხრივ და ამ საკითხების გადასაწყვეტად მეტი ოპერატიულობაა საჭირო. ასევე თანამედროვე შეიარაღებითაც უნდა დაეხმარონ. რუსეთი თანამედროვე საარტილერიო სისტემას იყენებს, ამიტომ უკრაინასაც ანალოგიური ესაჭიროება. დღეს რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა, დაიწყო შეტევის წინ საკმაოდ სერიოზული საარტილერიო მომზადება, ანუ, არტილერიით ყველაფერს ანადგურებს და შემდეგ მიიწევს წინ.

გასაგებია, რომ ყირიმი ანექსირებულია და ომის დაწყებამდე დონბასის რეგიონი რუსეთმა აღიარა. ახლა აფხაზეთსა და ცხინვალის პარალელი რომ გააკეთოთ, პუტინს უკრაინის კიდევ რომელი რეგიონის ოკუპაცია სურს, რომელიც მისთვის სტრატეგიულად არის მისაღები?

- ამ საკითხებზე რაც ნაკლებს ვისაუბრებთ, მით უკეთესი იქნება. ეს საკითხები დახურულ კარს მიღმა სასაუბროა. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ ყველაფერს. ანალოგიურს ვამბობდი 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, თუმცა არ ისმენდნენ.

რატომ არ შეიძლება საუბარი, იმიტომ რომ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს თუ სხვა მიზეზებია?

- ომი რომ მიმდინარეობს ამის გამო არა, იმიტომ რომ სახელმწიფო ომის თავიდან ასაცილებლად მუშაობს, ამ დროს შიგნით მიდის ომის ყიჟინა - უნდა შევხედოთ რა ხდება და უნდა დავინახოთ, რომ საფრთხე რეალურია. ჩვენს სახელმწიფო კურს ხელი უნდა შევუწყოთ, რათა როგორმე მოხდეს ომის თავიდან აცილება. ის, რომ ბომბი თავზე დაგვეცემა და მოვკვდებით, ამაზე საუბარს საზოგადოებისთვის სიკეთე არ მოაქვს. საუბარი იმაზე უნდა იყოს, რომ რუსეთს არ აქვს საბაბი, საქართველოს რაიმე პრეტენზია წაუყენოს. ვიცით, ჯონსონისა და ვიღაცების განცხადებები არ გვჭირდება. რამდენი ვინმე რამეს დააბრეხვებს, ჩვენ ამ რიტორიკაში არ უნდა ავყვეთ.

ანუ, როდესაც დასავლეთიდან კეთდება განცხადებები, რომ უკრაინის შემდეგ შეიძლება რუსეთმა იერიში საქართველოზე და მოლდავეთზე მიიტანოს, არასწორად კეთდება თუ არასწორი ინტეპრეტაციით კეთდება?

- არასწორი განცხადებებია. ბორის ჯონსონის განცხადებები აბსურდულია. არა მხოლოდ ჯონსონის, ყველასი, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, მავნებელია. მხოლოდ საკუთარ მოსახლეობაზე და საკუთარ პარტიულ რეიტინგებზე ფიქრობენ, მეტი არაფერი. ჩვენთვის ეს ძალიან საზიანოა, როდესაც ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ შემდეგი საქართველო, მოლდოვა იქნება და ჩვენ არაფრის თავი არ გვაქვს, ეს არის მავნებლობა და უსუსურობის აღიარება. რუსეთს პირდაპირ უბიძგებს, მიდით, გააგრძელეთ ვიდრე რესურსი გეყოფათ. ამას სჯობს, ჯონსონმა სარკოზივით იქით-აქეთ იფრინოს, კიევ-მოსკოვს, მოსკოვ-კიევს შორის და როგორმე იქ დახურულ კარს მიღმა ილაპარაკონ. 30 წელია ნატოში ვერ გვიღებენ და იქ ილაპარაკონ და გადაწყვიტონ.

როგორ ფიქრობთ, დასავლელი ლიდერები მხოლოდ განცხადებებით და ბრიფინგებით რატომ შემოიფარგლებიან და რატომ არიდებენ თავს უკრაინაში ან მოსკოვში ჩასვლას?

- უკრაინის ომის დაწყებამდე არ ვიცი, მათ რა გეგმები ჰქონდათ და ახლა რატომ არ ჩადიან. ეს არის კონსპირაციის სფეროდან და არ მინდა ამ კონსპირაციის სფეროში შევიდე. რუსეთი წლებია დასავლურ განწყობებს აზიანებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ დასავლეთს ამ ომის აცილება შეეძლო. საკითხებია, რომელიც მაგიდასთან არის გადასაწყვეტი. როდესაც ხედავ, რომ თავზეხელაღებულ ლიდერთან გაქვს საქმე, ტაქტიკა უნდა შეცვალო და სხვა ტაქტიკა უნდა აირჩიო.     

Maverick უკომენტაროდ!
100% სიმართლეს ამბობს!
2 წლის უკან
ლაზი უკრრაინის გარდა, საკუთარ თავს ყველა მაქსიმალურად იცავს. ტაქტიკის შეცვლა საჭირო არ არის. სხვისი ხელით ნარის გლეჯა, ყოველთვის მომგებიანია.
2 წლის უკან
ილია გთხოვთ მიპასუხოთ - შარვალჩახდილი ბრძოლის გარდა, სხვა რის თავი გვაქვს?
2 წლის უკან
არაგველი641 ახლა ის მდგომარეობაა, რომ ზელენსკი და პუტლერი უკვე არაფერს აღარ წყვეტენ!
2 წლის უკან
ჯარჯი ობიექტური მსჯელობაა
2 წლის უკან
ლევან91 ვინაა ეს კაცი? თან ექსპერტიო :( რეებს ბოდავთ ამხელა კაცი? ბორის ჯონსონია არასწორი და შენ ხარ სწორი? ამისთანები იძახდნენ აგვისტოს ომზეც აცილება შეიძლებოდაო და ახლაც იგივეს ბოდავს. რუსს უნდოდა ომი და მიიღო კიდეც, მაგ დროს ვერავინ აიცილებს ომს, თუ არა და უნდა დანებდე და მიუერთდე მაშინ რუსეთს. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას და თქვენ თუ გინდათ კარი ღიაა, საღორე ყველას დაგიტევთ
2 წლის უკან